ტექსტისთვის

„ანდერძი იონა მონოზონ-ხუცესისა“ – ამ ძეგლის გამოცემა ეფუძნება ხუცეს-მონაზონ იონა ხელაშვილის დღემდე ცნობილ ერთადერთ ავტოგრაფულ ნუსხას, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში S 388 ნომრითაა დაცული. ეს ნუსხა ტექსტის სქოლიოებში ლიტერით არ აღვნიშნეთ; წყაროს მითითებისას გამოყენებულია უშუალოდ ხელნაწერის ნომერი - S 388. ტექსტში, მრგვალ ფრჩხილებში, მითითებული გვაქვს შესაბამისი მონაკვეთის ადგილმდებარეობა ხეც-ის S 388 ხელნაწერში, კერძოდ, გვერდის ნომერი, რაც მკითხველს, საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს, ტექსტის ესა თუ ის ადგილი დედნის მიხედვით ადვილად გადაამოწმოს. გთავაზობთ S 388-ის მოკლე აღწერილობას: კრებული; ავტოგრაფი; 420 გვ.; 26,5x22; ქაღალდი; მუყაოს ყდა; მხედრული; XIX საუკუნის 30-იანი წლები; აქვს ჭვირნიშანი: 1-2 გვერდებზე ნიშანი: 31. 9-10 გვერდებზე ნიშანი: 18. 363-364 გვერდებზე ნიშანი: 18. 367-368 გვერდებზე ნიშანი: 31. ამგვარი სურათია ხელნაწერის თითქმის ყველა გვერდზე, ამდენად, ქაღალდის წარმოების თარიღია: 1831 წელი. დაუწერელია: 2, 81-100; 105; 108; 185; 186; 203; 230-232; 250, 267, 268, 289, 338-339, 351-420 გვერდები. ეს ხელნაწერი მოიცავს ხუცეს-მონაზონ იონას მიერ შექმნილ მრავალ ნაშრომს. დაინტერესების შემთხვევაში მკითხველს შეუძლია აღწერილობის სრული ვერსია ნახოს S ფონდის აღწერილობის წიგნში. მე-3-4 გვერდებზე წარმოდგენილია იონა ხელაშვილის თხზულებათა სია, რომელშიც სულ 30 დასახელების ნაშრომია ჩამოთვლილი. აღნიშნულ ჩამონათვალს სრულად წარმოვადგენთ, ვინაიდან „ანდერძი იონა ხუცეს-მონაზონისა“-ს ტექსტში თავად ავტორს აქვს ჩამოწერილი მის მიერ შექმნილი ლიტერატურული თხზულებები. ამდენად, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, სურვილის შემთხვევაში, ერთმანეთს შეადაროს თხზულებათა ეს ორი სია და გამოავლინოს მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები. I. ღმრთისმეტყუჱლება სამნაწილედი II. ქადაგება კჳრიაკეთა და დღესასწაულებთა III. კატეხიზმო ვრცელი IV. კუალადცა ვრცელი კატეხიზმო V. მესამე მცირე კატეხიზმო VI. ჶსალმუნთ განმარტება VII. მოსეს ხუთის წიგნის განმარტება VIII. ისო ნავეს და მეფეთი განმარტება IX. იობის წიგნის განმარტება X. იგავის განმარტება სამი წიგნითურთ XI. ისო ზირაქის წიგნის განმარტება XII. ათთექუსმეტთა წინასწარმეტყუჱლთა წიგნის განმარტება XIII. ასოთა და გუამთა განმარტების წიგნი XIV. ალჶა-ჳიტა ანბანზედ ასხმული წიგნი XV. ათი მცნებისა და ცხრა ნეტარების წიგნი XVI. მეფის ძის იოანეს ოცდა ათოთხმეტი შეკითხვის წიგნი XVII. ღმრთის სიყვარულის წიგნი XVIII. ქართულსა ენასა ზედა წირვა და ლოცვის მოსმენის წიგნი XIX. ორენა კაცის აკრძალჳს წიგნი XX. იონა მოხუცებულის წიგნი XXI. წიგნი წყლულებისა XXII. წიგნი ამაოებისა XXIII. წიგნი ქორწინებისა XXIV. წიგნი ნაშთთა განმარტებისა XXV. წიგნი უხრწნელისა საზრდელისა XXVI. იფქვლ ღუარძლის განმარტების წიგნი, რომელ არს იფქვლი ცხონებული კაცნი, ხოლო ღუარძლი არს წარწყმედილი კაცნი XXVII. კაცის ცნობის წიგნი XXVIII. არავინ წინასწარმეტყუჱლი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა XXIX. ლექსიკონი შავათ დაწერილი XXX. სიბრძნის საძიებელი წიგნი გამოცემის სქოლიოებში განვმარტეთ თანამედროვე მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვები და გამოთქმები. ტექსტში ასევე მითითებულია წმინდა წერილიდან მოტანილი ამონარიდების შესაბამისი მუხლები. მრგვალ ფრჩხილებში ჩასმული მითითება აღნიშნავს, რომ ციტატა წმიდა წერილის ტექსტს სიტყვასიტყვით შეესაბამება, ხოლო კუთხოვან ფრჩხილებში ჩასმული - რომ შესაბამისი მონაკვეთი წმიდა წერილის ტექსტთან მხოლოდ შინაარსობრივ-თემატურ თანხვედრაშია. იონა ხელაშვილის ანდერძს დაწერის დრო არ ერთვის, რის გამოც მისი შექმნის ზუსტი თარიღის დადგენა დამატებით კვლევას საჭიროებს. ნაწარმოების ტექსტში ავტორი ანტონ II-ს გარდაცვლილად მოიხსენიებს. ანტონ II 1827 წელს გარდაიცვალა, შესაბამისად, „ანდერძის“ შექმნის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი შეგვიძლია 1827 წლით განვსაზღვროთ. მეორე მხრივ, იონა ხელაშვილი 1837 წელს გარდაიცვალა, რის საფუძველზეც ნაწარმოების შექმნის ქრონოლოგიურ ჩარჩოდ 1827-1837 წლები შეიძლება განისაზღვროს. დათარიღების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია S 388 ხელნაწერის ქაღალდის ჭვირნიშანი, რომელზეც 1831 წელია დაფიქსირებული. აღნიშნული მონაცემი დამატებით არგუმენტს წარმოადგენს ხელნაწერისა და, შესაბამისად, „ანდერძის“ ქრონოლოგიის დასადგენად, თუმცა თავისთავად ვერ იქნება ნაწარმოების შექმნის ზუსტი თარიღის დამდგენი საფუძველი. იონა ხელაშვილის თხზულებებს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: ხშირად სიტყვებს, რომლებსაც „არს“ ზმნა ერთვის, იგი დეფისით წერს. მაგრამ ტექსტში გვხვდება შემთხვევებიც, როდესაც ისინი ერთმანეთისგან გათიშულია. ჩვენ მიერ მომზადებულ ტექსტში ეს სტილისტური თავისებურება შევცვალეთ მისი უკეთ აღქმის მიზნით და ყველგან დეფისის გარეშე წარმოვადგინეთ. „დიდ-ფრიადი“ ხელნაწერში ხან დეფისით წერია, ხან - მის გარეშე. ჩვენ მიერ მომზადებულ ტექსტში ის ყველგან დეფისით წარმოვადგინეთ. ხუცეს-მონაზონ იონა ხელაშვილის ანდერძი არა მარტო სულიერი თვალსაზრისით არის საინტერესო, არამედ ის შეიცავს ავტობიოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებსაც, რომლებიც ამდიდრებს ხუცეს-მონაზონ იონა ხელაშვილის ცხოვრებისეულ და შემოქმედებით პორტრეტს და ახალ ცნობებს სძენს საქართველოს ისტორიას. ბიოგრაფიული ცნობები I. გთავაზობთ ამონარიდს იონა ხელაშვილის თხზულებიდან, იგი თავის სასულიერო-ლიტერატურულ ნამუშევრებს თვითონვე წარმოგვიდგენს: „ესერა მსახურმან თქუჱნ მღვდელთა და მოწაფეთა თქუჱნთა ერისამან, 1. დავწერე ღმრთისმეტყუჱლება სამნაწილედი; 2. ქადაგება წმიდა დღეებისა, რომელ არიან კვირიაკენი და დღესასწაულთა დღეები; 3. კატეხიზისი ვრცელი; 4. მცირე კატეხიზისი; 5. ასორმეოცდაათისა ფსალმუნთა გასაღები მჰსგავსი განმარტებისა; 6. წმიდა მოსეს ხუთისა წიგნებისა გასაღები; 7. ისო ნავეს წიგნის გასაღები; 8. იობის წიგნის გასაღები; 9. იგავისა წიგნი ეკლესიასტე და ქება ქებათა გასაღები; 10. ისო ზირაქის წიგნისა გასაღები; 11. ისაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა, დანიელისა და ათორმეტთა წინასწარმეტყუჱლთა წიგნებისა გასაღები; 12. ასოთა და გვამისა განმარტების წიგნი; 13. ალფავიტა ანბანთა ჩუჱნთა ზედა განმარტება ღმრთისა ცნობისა და მეორე არსთი; 14. ათისა მცნებისა და ცხრა ნეტარებისა განმარტება; 15. მეფის ძის იოანეს ოცდაათოთხმეტნი შეკითხვის წიგნი; 16. ღმრთის სიყვარულის წიგნი; 17. ქართუჱლთა ქართულსა ენასა ზედა წირვა-ლოცვის მოსმენის წიგნი; 18. ორენა კაცისა აკრძალვის წიგნი; 19. იონა მოხუცებულის წიგნი; 20. წყლულების წიგნი ხოლერისა და სხვადასხვა ვნებაებისა; 21.წიგნი ამაოებისა; 22. წიგნი ქორწინებისა; 23. წიგნი ნაშთთა გასაღები; 24. უხრწნელისა საზრდელის წიგნი; 25. იფქვლისა და ღვარძლისა წიგნი, იფქვლი, რომელ არიან ცხონებულნი კაცნი, და ღვარძლნი – წარწყმედილნი; 26. კაცთა ცნობის წიგნი, თუ რაჲ არიან კაცნი; 27. არავინ წინასწარმეტყუჱლნი შეწყნარებულ არიან მამულსა თჳსსა, ესეცა დიდი ყოვლადი წიგნი არს; 28. მესამე კატეხიზისი; 29. მელქისედეკის მღვდელობის ცნობის წიგნი; 30. ლექსიკონი ვრცელი დავწერე უფალმან განაგოს წარმართება; 31. ქრისტეს მოყვარის განსამჴნობელი წიგნი; 32. ლოცვათა ძლიერებისა ცნობისა წიგნი, ესერა რიცხვით ოცდაათორნი, და წიგნი ესე, და სამნი წიგნნი მაკაბელთი, გამოვკრიბენ რჩეულნი სასოებანი და მჴნეობანი ძუჱლისა აღთქმისა სჯულისა დამცველნი წმიდა მოწამეთი“. ეს მონაკვეთი ავტორის მრავალმხრივი სამწერლო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ავტობიოგრაფიული წყაროა. იგი საკუთარ ნაშრომებს 32 ძირითად ერთეულად ჩამოთვლის და უმატებს: „წიგნი ესე, და სამნი წიგნნი მაკაბელთი“. რაც საერთო ჯამში 34 წიგნს მოიცავს, რასაც შემდგომ თვითონვე აღნიშნავს ტექსტში. ჩამონათვალი მოიცავს ღმრთისმეტყველებას, სადღესასწაულო ქადაგებებს, სამ კატეხიზისს, ფსალმუნთა და ბიბლიურ წიგნთა განმარტებებს, ანბანისა და ასოთა სიმბოლიკის კვლევას, ათი მცნებისა და ცხრა ნეტარების განმარტებას, ლექსიკონს, ლოცვებს, ქორწინებისა და ადამიანის ბუნების საკითხებს, ასევე ხოლერისა და სხვადასხვა სნეულების შესახებ ნაშრომს. განსაკუთრებულია ქართული ენისა და წირვა-ლოცვისადმი მიძღვნილი წიგნი. ჩამონათვალში წარმოდგენილია როგორც საღმრთისმეტყველო-ეგზეგეტიკური, ისე ფილოსოფიური, ლექსიკოგრაფიული, ეთიკური და პრაქტიკული ხასიათის ნაშრომები. ეს თვითაღრიცხვა ადასტურებს ავტორის ინტენსიურ და მრავალმხრივ მწიგნობრულ საქმიანობას და გვაძლევს საშუალებას, მისი ინტელექტუალური ინტერესები და საგანმანათლებლო პროგრამა უშუალოდ ავტორისავე ცნობაზე დაყრდნობით აღვადგინოთ. II. „უფალო, აკურთხე ნიკოლოს ცხებული მონარხი ჩუჱნი, რომლისა სუფევასა ქუჱშე დავწერე ესე წიგნი და აღვრიცხენ წიგნებიცა დაწერილნი შინაგან ოცდასამთა წელთა ოცდაათოთხნი“. ეს ჩანაწერი ზუსტ ბიოგრაფიულ ქრონოლოგიურ ცნობას გვაწვდის: ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემული წიგნი შექმნა ნიკოლოზის მეფობის დროს და რომ შინაგან, ანუ ოცდასამი წლის განმავლობაში, ოცდათოთხმეტი წიგნი დაუწერია. ეს ცნობა ადასტურებს ავტორის ხანგრძლივ და ინტენსიურ სამწერლო მოღვაწეობას და საშუალებას იძლევა მისი შემოქმედებითი დრო კონკრეტულ ქრონოლოგიურ ჩარჩოში განვიხილოთ. III. „უფალო, აკურთხე და აცხონე კეთილისმყოფელნი ჩემნი მოყვასნი და ნათესავნი, და მტერნი და მოძულენი და მდევარნი, და მაჭირუჱბელნი და მომძულებელნი მწყევარნი, და იგინიცა, რომელთაცა ორნი ეკკლესიანი მიმიღეს, შემდგომად პირუჱლისა მეორეცა და რომელსა შინა გმსახურებ მაღალსა, ესე მესამე არს, ღმერთო, ღმერთო, ცხოვრებაო ჩემო“. ეს ჩანაწერი ავტორის ბიოგრაფიისთვის მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს. იგი ლოცვაში იხსენიებს არა მხოლოდ თავის „კეთილისმყოფელთ, მოყვასთ და ნათესავთ“, არამედ „მტერთ, მოძულეთ, მდევნელთ, მაჭირვებელთ და მომძულებელთ მწყევართაც“, რაც მიანიშნებს მის ცხოვრებაში არსებულ დაპირისპირებებსა და წინააღმდეგობებზე. გან­საკუთრებით საყურადღებოა ცნობა იმ პირებზე, „რომელთაცა ორნი ეკკლესიანი მიმიღეს“ – აქ „მიმიღეს“ გულისხმობს ეკლესიების წართმევას, ჩამორთმევას. ამგვარად, ავტორი აღნიშნავს, რომ მას ორ ეკლესიაში მოუხდა მსახურების შეწყვეტა, რის შემდეგაც მსახურება განაგრძო მესამე ეკლესიაში: „რომელსა შინა გმსახურებ მაღალსა, ესე მესამე არს“. ეს ცნობები მნიშვნელოვან მასალას იძლევა ავტორის სასულიერო ბიოგრაფიის, მისი მსახურების ადგილების ცვლილებისა და იმ წინააღმდეგობების დასადგენად, რომლებიც მის საეკლესიო საქმიანობას ახლდა. IV. წინამდებარე ტექსტი საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ავტორის ოჯახური გარემოს, განათლებისა და ინტელექტუალური ჩამოყალიბების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. ტექსტი იწყება მშობლების, აღმზრდელებისა და სულიერი მოძღვრების მოხსენიებით: „უფალო, აცხონე საუკუნოდ მშობელნი ჩემნი და აღმზრდელნი და სულიერნი მოძღვარნი“. ამ ფორმულირებიდან ჩანს, რომ ავტორი საკუთარი ჩამოყალიბების პროცესში ერთმანეთისგან განასხვავებს სამ ძირითად გარემოს – ოჯახს, აღმზრდელებსა და სულიერ მოძღვრებს. განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს მეფეთა ჩამონათვალს: ირაკლი, გიორგი და მონარხი ალექსანდრე. ავტორი მათ პირდაპირ უკავშირებს საკუთარ აღზრდასა და განათლებას და აღნიშნავს, რომ მათი „გასავლებითა“ და ხელშეწყობით მიიღო ცოდნა. ამ ცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორის ბიოგრაფიული გარემოს რეკონ­სტრუქციისთვის, რადგან იგი მიუთითებს, რომ ავტორის განათლება მხოლოდ კერძო ან მონასტრული ინიციატივის შედეგი არ ყოფილა და მის ჩამოყალიბებაში სამეფო კარის წარმომადგენლებსაც გარკვეული წვლილი ჰქონდათ. ავტორი საუბრობს ახალი და ძველი აღთქმის შესწავლის აუცილებლობაზე, ღმრთისმეტყველებისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე. ფილოსოფია უნდა იყოს სწორი მიმართულებით შესწავლილი და გამოყენებული. ის უნდა ემსახურებოდეს ღმრთისმეტყველებას. ამგვარად, ტექსტი გვიჩვენებს განათლების პროგრამას, რომელიც აერ­თიანებდა ბიბლიურ-საღმრთისმეტყველო ცოდნასა და ფილოსოფიურ აზროვნებას. ავტობიოგრაფიული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად განათლების მიღების პროცესის აღნიშვნა: ავტორი საკუთარ ინტელექტუალურ ჩამოყალიბებას კონკრეტულ პირებთან – მშობლებთან, აღმზრდელებთან, მოძღვრებთან და სამეფო მფარველებთან – აკავშირებს. V. „უფალო, აცხონე ჩემგან შეწირულებთა ხატთა და ჯვართა დასებისთა ძლით მომხსენებელნი წმიდა ეკკლესიაებთა შინა მქისიყისასა, რომელთა ზედა წარსაგებელნი შევიძინე წირვითა და ლოცვითა პეტრე დიდისა ქალაქსა შინა სამთა მეფეთა ძეებთა და ასულებთაგან. ესე იგი ირაკლი მეფისა, გიორგი მეფისა და სოლომონ მეფისა იმერეთისა და უფროსღა დედოფალთაგან: ანნასა, მარიამისა და ნინა მენგრელიისა, სულიერ ასულთა ჩემთაგან. ეგრეთუჱ თან ცხოვრებულთა თავადთა, აზნაურთა და მონათა და მხევალთა ქართუჱლთა, იმერთა და მენგრელთაგან ჩემდა დამოწაფებულთა, რომელთაგანთა უმრავლესთა შეისვენეს და რომელნიმე ცოცხალ არიან მცირედნიღა რიცხვნი, დავშთით მწირ-მსხემნი ლმობათა შინა, მგლოვარენი გულითა“. ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ მღვდელ-მონაზონ იონას ხატები და ჯვრები შეუწირავს ქიზიყში მოქმედი ეკლესიებისთვის, რომლებიც მას პეტერბურგში ცხოვრების დროს შეუძენია. ავტორს ახლო ურთიერთობა ჰქონია ქართველ მეფეებთან, დედოფლებთან, თავად-აზნაურებსა და მსახურებთან. იგი განსაკუთრებით იხსენიებს ირაკლი, გიორგი და სოლომონ მეფეებს, ასევე დედოფლებს ანნას, მარიამსა და ნინას. VI „ესერა არათუ ბიბლიატიკა ქონიესთ წინაპართა ჩემთა, არამედ არცაღათუ ღრამმატიკა უსწავლიათ, გარნა უცხოვრიათ უმდიდრეს სწავლულთასა“. მოცემული ციტატა ავტობიოგრაფიული ხასიათის ცნობას შეიცავს, რადგან ავტორი თავისი წინაპრების განათლებისა და ცხოვრების წესის შესახებ გვიამბობს. იგი აღნიშნავს, რომ მის მშობლებს არა მხოლოდ ბიბლიოთეკა არ ჰქონიათ, არამედ გრამატიკაც კი არ უსწავლიათ, თუმცა სწავლულებზე ღირსეულად უცხოვრიათ. ამ სიტყვებით ავტორი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის ღირსება და სიბრძნე მხოლოდ წიგნიერი ცონით არ მოიპოვება და განისაზღვრება. წინაპართა მაგალითზე იგი წარმოაჩენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ზნეობრივ სიძლიერესა და სულიერ სიმდიდრეს, რომლებიც მართლმადიდებელი რწმენითა და ღმრთისმოსავი ცხოვრებით არის განპირობებული და ადამიანისათვის თეორიულ ცოდნაზე მეტად მნიშვნელოვანია. ისტორიული ფაქტები I. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც ცნობებს გვაწვდის ავტორის ეპოქაში ქართული წიგნისა და განათლების მდგომარეობის შესახებ: „როსიელთა ქონანთ წიგნნი პირუჱელნი და საშუალნი და შემდგომნი, უმეტეს სამეოცდაათი ათასნი, ეგრეთუჱ ბერძენთა და თითოეულთა ენებთა და თესლებთა ქრისტიანეთა, და თჳთ განბნეულთა სომეხთაცა ვგონებ უუმეტეს ათასთა რიცხვთა აქვნდესთ, ხოლო ჩუჱნ ქართუჱლთა კნინღა და ხუთასისა რიცხვისა ძნიად იპოებოდეს, დაფარულნი აქა და იქი სახლებთა შინა, მღვდელთა და აზნაურთასა და ვაჭართასა, რომელნი შიშნეულებენ ყდიდამ ყდამდისი აღმოკითხვასა, რათა არა დაუძუჱლდეთ კალმით დაწერილნი“. ავტორი აღნიშნავს, რომ რუსებს ჰქონდათ სამოცდაათ ათასზე მეტი წიგნი, ხოლო ბერძნებსა და სხვა ქრისტიან ხალხებსაც მნიშვნელოვანი რაოდენობის წიგნები ჰქონდათ. სომხებთან იგი წიგნების რაოდენობას ათასზე მეტს ვარაუდობს, მაშინ როდესაც ქართველებთან ხუთასამდე წიგნის პოვნაც კი ძნელიაო. ქართული წიგნები გაფანტული ყოფილა მოსახლეობაში - მღვდლების, აზნაურებისა და ვაჭრების ოჯახებში. ავტორი გვიყვება რომ ადამიანები ერიდებოდნენ წიგნის აქტიურ გამოყენებას, რათა ხელნაწერი წიგნები „არ დაუძველდეთ“ და არ დაზიანებოდათ. მისი შეფასებით, წიგნების სიმცირემ ცოდნის გავრცელებაც შეაფერხა: „სიბრძნენიცა იყვნენ დაფარულ, და ბრძენნი კაცნი - მშიერ“. ტექსტი ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიისა და განათლების მდგომარეობის საინტერესო წყაროს წარმოადგენს. II. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ქართული ხელნაწერი წიგნების დაცული კოლექციებისა და მათი გავრცელების გეოგრაფიის შესახებ: „გარნა შენ, განმკითხველი და დამწუნებელი, უადრეს დამიწდები უყეთა შინა და წიგნები შენგან დაწუნებულნი მქადაგებელად სოფლისა ეგებიან, ვითარცა პირუჱლისა უფლისა ანტონი სამგზის ნეტარისა და არხიერთი ვარლაამისა და გაიოსისა, დავით რეკტორისა და მღვდელ-მონოზონ იოსტოსისა და მრავალთა მათ მწიგნობარ-მწერალთა ჩუჱნთი, და წმიდა ბიბლიატიკა, რომელნი დაუნჯებულ არიან მთაწმიდისა ივერიის მონასტერსა შინა და იეროსალიმსა და გელათს, დავით გარეჯის მონასტერს შინა და წმიდა წინამორბედის მონასტერსა შინა, და მღვდელთა და აზნაურთა სახლებთა შინაცა, და თჳთ როსეთისა ბიბლიატიკოთა არხივებთა შინა არიან დადებულ ქართულნი წიგნები, ეგრეთუჱ ევროპიისა ბიბლიატიკოებთა არხივებთა შინა თითოეულთა ქონანთ დადებულ და უფროსღა ანგლიასა და სულებთა მპარავთა ლათინთაცა ქონანთ წიგნები ჩუჱნნი თჳსსა ბიბლიატიკოთა შორის დადებულ“. ავტორი მოიხსენიებს ქართველ სასულიერო და მწიგნობარ მოღვაწეებს - ანტონ I-ს, არქიერებს – ვარლაამსა და გაიოზს, დავით რექტორს, მღვდელ-მონოზონ იოსტოსს და სხვა მწიგნობრებსა და მწერლებს. იგი ასევე მიუთითებს ქართულ ბიბლიურ და საეკლესიო წიგნთა მნიშვნელოვან საცავებზე ათონის ივერიის მონასტერში, იერუსალიმში, გელათში, დავითგარეჯის მონასტერსა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. ქართული წიგნები დაცული ყოფილა მღვდელთა და აზნაურთა სახლებშიც. გან­საკუთრებით საყურადღებოა ცნობა რუსეთის ბიბლიოთეკებსა და არქივებში, აგრეთვე ევროპის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული წიგნების შესახებ. ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული წიგნები ჰქონდათ ანგლიასა და ლათინებსაც, რომელთა ბიბლიოთეკებში ისინი იყო დაცული. ეს ცნობა ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის საერთაშორისო გავრცელების ადრეულ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ. III. „უფალო, აცხონე ოთხნი იგი არხიერნი, ბუნებით ქართუჱლნი, აქარე შესუჱნებულნი, და კაცი იგი უნეტარესი მამათმთავარი მეორე ანტონი და სამნი არხიმანდრიტნი და რვანი მღვდელნი, რომელთაგან ორნი მღვდელნიღა ცოცხალ არიან და მესამე მონაზონ-ხუცესი, ესე ფრიად მგლოვიარე მომხსენებელი ტკბილთა სიტყვათა დაძინებულთასა, ვითარ ორთა მიტრაპოლიტთა ნოვგორადისა – ამბროსი ნეტარისა და მიხაილისა, რომელსა ყოველთა მათ დაძინებულთა სიყვარულნი აღტყინებულნი ამკვნესარებენ გულსა ჩემსა და ადნობენ ნაწლევთა ჩემთა და ამწარებენ სასასა ჩემსა. დავჭნები დღე და ღამე მსგავსად თივა-ყვავილთა. ვაიმე, რამეთუ განმიგრძდა მწირობა ჩემი წუთიერსა სოფელსა შინა, რომელსა ვსურვიელობ მიწიერისა გვამისა ჩემისა აღსრულებასა, მიწათა შინა გიორგიისასა, უკეთუ უნდეს უფალსა და ვცხონდე, რამეთუ მისი არს ქუჱყანა ყოველგან სავსებითურთ“. მოცემული ტექსტი მნიშვნელოვანი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მასალაა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სასულიერო ცხოვრების, ქართველ სამღვდელო პირთა რუსეთის ეკლესიაში მოღვაწეობისა და ეროვნული მეხსიერების შესასწავლად. იგი მიცვალებულთა მოსახსენებელი ტექსტის ფორმით არის წარმოდგენილი, ამასთანავე შეიცავს კონკრეტულ ცნობებს როგორც მოხსენიებულ პირთა რაოდენობისა და იერარქიული სტატუსის, ისე ავტორის ისტორიული და პირადი მდგომარეობის შესახებ. ტექსტის დასაწყისში მოხსენიებულია ოთხი არქიერი (მღვდელთმთავარი), რომელთაც ავტორი განსაკუთრებულად განსაზღვრავს როგორც „ბუნებით ქართუჱლთ“ და რომლებიც „აქარე შესუჱნებულნი“ არიან. მათ შემდეგ იხსენიება „კაცი იგი უნეტარესი მამათმთავარი მეორე ანტონი“, ანუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (1762–1827). მისი რუსეთში ყოფნა უშუალოდ უკავშირდება 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის გაუქმებას და ქართული ეკლესიის იმპერიულ საეკლესიო სისტემაში მოქცევას. ტექსტში ანტონის „მამათმთავრად“ მოხსენიება ცხადყოფს, რომ მისი საპატრიარქო სტატუსი ავტორის საეკლესიო მეხსიერებაში კვლავ უცვლელია. შემდეგ ავტორი მოიხსენიებს სამ არქიმანდრიტს, რვა მღვდელსა და ერთ მონაზონ-ხუცესს. განსაკუთრებით საყურადღებოა ცნობა, რომ მათგან ორი მღვდელი იმ დროისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რაც ტექსტის შექმნის ქრონოლოგიის დასადგენად დამატებით მნიშვნელოვან მონაცემს წარმოადგენს. ამგვარად, ტექსტში სულ მცირე თექვსმეტი ქართველი სასულიერო პირია მოხსენიებული: კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II, ოთხი მღვდელთმთავარი, სამი არქიმანდრიტი, რვა მღვდელი და ერთი მონაზონ-ხუცესი. ქართველ სამღვდელო პირებთან ერთად ავტორი იხსენებს ნოვგოროდის ორ მიტროპოლიტს - ამბროსისა და მიხაილს. მნიშვნელოვანია ავტორის პირადი განცდა ემიგრაციაში ყოფნისას: „განმიგრძდა მწირობა ჩემი“. რუსეთში ყოფნა და სამშობლოსგან ფიზიკური დაშორება მისთვის მძიმეა. შემდეგი ავტორისეული სიტყვები: „მიწათა შინა გიორგიისასა“ დაკრძალვა - გამოხატავს საქართველოსთან სულიერ, ეროვნულ და ისტორიულ კუთვნილებას. წინამდებარე გამოცემა არა მარტო საინტერესო, არამედ მეტად სასარგებლო იქნება მკითხველისთვის. ასევე ხელს შეუწყობს იონა ხელაშვილის სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას, მისი შემოქმედების მნიშვნელობის გააზრებას და სამომავლო კვლევების გაღრმავებას. გიორგი კალანდაძე