შესავალი
გამომცემლისგან
საქართველოს უძვირფასეს სულიერ და კულტურულ საგანძურს წარმოადგენს მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნილი და სათუთად შემონახული სასულიერო-ლიტერატურული მემკვიდრეობა. მასში ასახულია ჩვენი დიდი წინაპრების ნაფიქრ-ნააზრევი, სულიერი გამოცდილება, ცოდნა, მსოფლმხედველობა და სამშობლოსადმი უანგარო დამოკიდებულება. დაუღალავი შრომითა და თავგანწირვით შემოგვინახეს მათ საუკუნეების განმავლობაში მამული, ენა და სარწმუნოება, რასაც საკუთარი ცხოვრების უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევდნენ. მათთვის სამშობლოს სამსახური განუყოფელი იყო ღმრთისმსახურებისგან, ხოლო ქართული სიტყვის, წიგნისა და სარწმუნოების დაცვა – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისგან. სწორედ ამ სულიერი პასუხისმგებლობის წყალობით იქცა ქართული მწიგნობრული ტრადიცია ჩვენი ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმტკიცეს საფუძვლად.
სამწუხაროდ, ამ მდიდარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე მეცნიერულად შეუსწავლელია, ხოლო მრავალი ტექსტი – ფართო საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელი. მათი გამოვლენა, აკადემიური შესწავლა, გამოცემა და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ეროვნული კულტურისა და ისტორიული მეხსიერების დაცვა და გაძლიერება ქვეყნის სულიერი და საზოგადოებრივი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ქართველ მწიგნობართა პატრიოტიზმით, ღმრთისა და სამშობლოს სიყვარულით შექმნილი ტექსტების თანამედროვე მკითხველისთვის გაცნობა ხელს შეუწყობს ეროვნული ცნობიერების გაღრმავებას და იმ ფასეულობათა გააზრებას, რამაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის სიმტკიცე და გადარჩენა.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხუცესმონაზონ იონა ხელაშვილის (1779-1837) ცხოვრება და შემოქმედება. იგი იყო გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე, მწიგნობარი და მოაზროვნე, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე უფლისა და სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა. იონა ხელაშვილმა შექმნა ორმოცზე მეტი სასულიერო-ლიტერატურული ნაშრომი, რომელთა უმრავლესობა დღემდე შეუსწავლელი და გამოუქვეყნებელია. მისი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სასულიერო მწერლობის, არამედ ეროვნული აზროვნების, ისტორიული მეხსიერებისა და XIX საუკუნის ქართული ინტელექტუალური კულტურის შესასწავლად.
იონა ხელაშვილის ცხოვრება დაემთხვა იმ ეპოქას, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული არსებობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა. იგი დაიბადა სოფელ ვაქირში და განათლება მიიღო ერეკლე II-ის ხელშეწყობით. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისა და ქართული სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, როდესაც სამეფო კარი რუსეთში გადაასახლეს, იონა ხელაშვილი გადასახლებულ სამეფო ოჯახს გაჰყვა.
1809 წელს იონა ხელაშვილმა სწავლა დაიწყო რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის სასულიერო აკადემიაში, ფილოსოფიისა და ღმრთისმეტყველების ფაკულტეტზე. სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა დოსითეოზმა იგი მღვდლად აკურთხა. შემდგომში იონა ხელაშვილი ანა დედოფლისა და ერეკლე II-ის შვილებისა და შვილიშვილების მოძღვარი გახდა. ამგვარად, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ დაუკავშირდა როგორც ქართულ სასულიერო და მწიგნობრულ ტრადიციას, ისე იმ სამეფო ოჯახის ისტორიას, რომლის წარმომადგენლებთან ერთად მან სამშობლოს ფარგლებს გარეთ გააგრძელა უფლის მსახურება და ლიტერატურული შემოქმედება.
გარდა საღმრთისმეტყველო-ლიტერატურული ღირებულებისა, მღვდელ-მონაზონ იონას ნაშრომები საინტერესოა ისტორიული წიაღსვლებით, რომელშიც მჟღავნდება მისი სამოქალაქო პოზიცია და შეიცავს საინტერესო ცნობებს იმდროინდელი საზოგადოების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ნაშრომია „ანდერძი იონა მონოზონ-ხუცესისა“, რომლის ტექსტი პირველად ქვეყნდება წინამდებარე გამოცემაში. ტექსტის პუბლიკაცია ეფუძნება ნაწარმოების ერთადერთ შემორჩენილ ავტოგრაფს, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციაში S 388 ნომრითაა დაცული.
„ანდერძი იონა მონოზონ-ხუცესისა“ განსაკუთრებული მნიშვნელობის ლიტერატურული ძეგლია, როგორც იონა ხელაშვილის სულიერი და ინტელექტუალური სამყაროს, ისე მისი ეროვნული და პატრიოტული მსოფლმხედველობის შესასწავლად. ნაშრომში ასახულია იმ ადამიანის სულიერი გამოცდილება და შეხედულებები, რომლისთვისაც ღმრთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება ცხოვრების მთავარი მიზანი იყო. ამიტომ ტექსტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც სასულიერო-ლიტერატურული ძეგლი, არამედ როგორც წყარო ქართველი მწიგნობრის ეროვნული თვითშეგნების, ზნეობრივი იდეალებისა და სამშობლოსადმი მსახურების გასააზრებლად.
შემოთავაზებული გამოცემის მიზანია, მკითხველთა და მკვლევართათვის ხელმისაწვდომი გახადოს იონა ხელაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი ნაშრომი და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი შეჰმატოს ქართული სასულიერო-ლიტერატურული მემკვიდრეობის სამეცნიერო მიმოქცევას. ეს გამოცემა ნაწილია იონა ხელაშვილის მდიდარი შემოქმედების აკადემიური შესწავლისა და გამოქვეყნების ფართო სამუშაოსი, რომლის გაგრძელებაც დაგეგმილი გვაქვს ეტაპობრივად. ვიმედოვნებთ, რომ „ანდერძი იონა ხუცეს-მონაზონისა“ სათანადო ინტერესს აღძრავს მკვლევართა შორის და ხელს შეუწყობს ამ დიდი ქართველი მოღვაწის ლიტერატურული მემკვიდრეობის უკეთ შესწავლას.
ტექსტი მეცნიერულად შეისწავლა და გამოსაცემად მოამზადა
გიორგი კალანდაძემ
რედაქტორი
ექვთიმე კოჭლამაზაშვილი
კონსულტანტი
ზურაბ კალანდაძე
საგამომცემლო ჯგუფი
მაია ჯანგიძე, ნათია გვიმრაძე