ცხოვრება წმინდისა მოწყალისა და მართლისა ფილარეტისა
მცირე აზიაში, პაფლაგონიის მხარეს, სოფელ ამნინში, ცხოვრობდა წმიდა ფილარეტი. იგი იყო შთამომავლობით გალატიელი და კეთილშობილის გვარისა. წმიდა ფილარეტი სიყრმიდგანვე განსწავლული იყო თავისის მშობლებისაგან კეთილსა და ღვთის სათნო ცხოვრებაში. მის მამას ერქვა გიორგი, დედას კი – ანა; მეუღლედ ჰყავდა თეოზია, რომელსაც აუარებელი სიმდიდრე მოჰყვა მზითვად.
ღმერთმა აკურთხა წმიდა ფილარეტი ისე, როგორც ერთხელ მართალი იობი. მიანიჭა შვილნი, განუმრავლა სიმდიდრე. მისი ოჯახი სავსე იყო დოვლათით და მთელს თავის მხარეში უდიდეს და უწარჩინებულეს კაცად ითვლებოდა.
თავისი ვაჟისა და ასულთა მშვენიერება უფრო ამკობდა და აორკეცებდა მის მდიდრულსა და ბედნიერს ცხოვრებას.
ჰფლობდა რა ასეთს აუარებელს სიმდიდრეს, ერთხელ მოაგონდა საწყალი, ღარიბი და გაჭირვებული ხალხი; დაფიქრდა, წარმოიდგინა მათი ყოფა, მათი საცოდაობა, აღეძრა ძლიერი სიბრალული და სთქვა: „განა იმისათვის მომცა ღმერთმა ესოდენი ქონება, რომ მარტო მე დავსტკბე ამ ჩემის სიმდიდრითა? ნუთუ მოვალე არ ვარ, რომ ეს ღვთის მოცემული სიმდიდრე გავუყო ღარიბსა, ქვრივსა, ობოლსა, უცხოსა და გლახაკსა; ესე იგი იმათ, რომელთაც ძმასა და მეგობარს უწოდებს უფალი საშინელს განსჯის დღეს წინაშე ანგელოსთა და კაცთა? რაში გამომადგება ეს ამოდენა სიმდიდრე იმ საშინელს განსჯის დღეს, როდესაც ყველა, ვისაც წყალობა არ გაუცია, დასჯილ და გასამართლებულ იქნება. ჩემი აქაური ქონება იქ ხომ უკვდავ საჭმელ-სასმელად არ გადამექცევა და კარგი ტანსაცმელი – უხრწნელ სამოსლად? არა და არასოდეს არა, იმიტომ, რომ თვით მოციქულმა ბრძანა: ჩვენ ამ სოფელში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთო. მაშ, რაკი ასეა, სჯობს, ეს ჩემი სიმდიდრე გავუყო ღარიბთა და გლახაკთა, და ღმერთიც არ დამაგდებს არც მე და არც ჩემს ცოლ-შვილსა”.
ამგვარად ნეტარი ფილარეტი შეიქმნა ისეთი მოწყალე ღარიბთა და გლახაკთა, როგორც მამა თავისის საყვარელის შვილებისა: მშივრებს აჭმევდა, შიშველთ აცმევდა და უცხოთა და უსახლკაროთ თავის სახლში ბინას აძლევდა. ყველა ღარიბი და საწყალი, გაჭირვების დროს, მას მიმართავდა და იგიც, რასაც სთხოვდნენ, ხარი იქნებოდა, ცხენი, სახედარი, ტანსაცმელი, თუ პური, ყველაფერს სიხარულით და სიყვარულით აძლევდა მთხოვნელთ.
მაგრამ აგერ, მოაღწია დრომ წმიდა ფილარეტის ღვთისაგან გამოცდისამ. ფილარეტი თანდათან გაღარიბდა, თუმცა ამ დროსაც კი არა სცხრებოდა და შველასა და დახმარებას უწევდა გაჭირვებულებს.
ერთ განსაცდელს მოემატა მეორე, უფრო უარესი განსაცდელი. იმ მხარეს, სადაც წმიდა ფილარეტი ცხოვრობდა, დაეცნენ ისმაიტელნი, ააოხრეს და ააწიოკეს იქაურობა; მათმა საზარელმა ხმამ ყველას შიშის ზარი დასცა. წმიდა ფილარეტის მრავალი მოსამსახურე ტყვედ წაიყვანეს, ჯოგი საქონლისა თან წაასხეს. გაღარიბდა წმიდა ფილარეტი; მთელის სიმდიდრისგან დარჩა მხოლოდ წყვილი ხარი, ერთი ძროხა, ერთი ცხენი და თითო მოსამსახურე კაცი და დედაკაცი. მისი ბაღი და ადგილები მისმა მეზობელ-მემამულეებმა ჩაიგდეს ხელში, ზოგი ძალით, ზოგიც ნებით. დარჩა ერთადერთი სახლი, რომელშიაც თვითონ ცხოვრობდა და ერთიც საყანე. მართალი ფილარეტი კი ითმენდა; ერთხელაც არ წარმოუთქვამს ღმრთის შესახებ საყვედური და განაგრძობდა ისევ მოწყალების გაცემას.
ერთს დღეს წმიდა ფილარეტმა წაიყვანა უღელი ხარი და წავიდა მიწის სახვნელად. ძალიან გახარებული იყო და ამბობდა: ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო... მადლობა ღმერთს, რომ დღეს მეც მეღირსა ამ მცნების შესრულებაო.
ამ დროს იქვე ახლოს ფილარეტის ერთი მეზობელი გლეხი საყანესა ხნავდა, უეცრად ხარი წაექცა და მოუკვდა. გლეხმა მორთო საცოდავად ტირილი, უფრო იმისთვის, რომ ხარი მისი არ იყო, მეზობლისგან ეთხოვნა. ამ დროს მოაგონდა მოწყალე ფილარეტი და გაიფიქრა:
– რომ არ გაღარიბებულიყო ჩვენი მოწყალე და ბატონი ფილარეტი, წავიდოდი, ვსთხოვდი და ერთის მაგიერ, ორს ხარს მომცემდაო, მაგრამ ეხლა თვითონაც გასაწყლებულია და სხვებს რაღას შეეწევაო. წავალ-კი მაინც, ვეტყვი ჩემს უბედურებას, სიტყვით მაინც მანუგეშებს და მწუხარებას შემიმსუბუქებსო.
აიღო ჯოხი, წავიდა წმიდა ფილარეტთან, მდაბლად თავი დაუკრა და თვალცრემლიანმა უამბო თავისი უბედურება. მოწყალე ფილარეტს შეებრალა საცოდავი გლეხი, გამოხსნა მაშინვე უღლიდგან ხარი, მისცა და უთხრა:
– აი, ძმაო, წაიყვანე ეს ხარი, განაგრძე მუშაობა და მადლობა შესწირე ღმერთსა.
– ბატონო ჩემო, – მიუგო გლეხმა – დიდი სიკეთეა ჩემთვის შენი მოწყალება, მაგრამ თავის ტოლს ხარი როგორ მოვაშოროთ? ამასთან ამის სამაგიერო ხარიც არა გყავს.
– წაიყვანე, ძმაო, რასაც გაძლევ და წადი მშვიდობით, უთხრა წმიდა ფილარეტმა: მე კიდევ მყავს სახლში მეორე ხარი.
გლეხმა დიდი მადლობა გადაუხადა და წაიყვანა ხარი. წმიდა ფილარეტმა კი გამოხსნა უღლიდგან მეორე ხარიც, გაიწყო მხარზე სახნავი იარაღი და გასწია სახლისკენ. როცა მიუახლოვდა ეზოს კარს, მეუღლემ ჰკითხა:
– სად არის მეორე ხარი?
წმიდა ფილარეტმა უპასუხა:
– როცა დავიღალე, დავისვენე და ხარები საბალახოდ გავუშვი. შემდეგ მოვნახე და ერთი ვეღარ ვიპოვნე. არ ვიცი, დაიბნა სადმე, თუ წაიყვანა ვინმემ.
ცოლი გაჯავრდა და თავისი შვილი გაგზავნა ხარის მოსაძებნად. ყმაწვილი მაშინვე წავიდა და თავის ხარს თავზედ წაადგა. ხარი უღელში ება ერთ გლეხს და მიწას ხნავდა. ყმაწვილი განრისხდა და შეჰყვირა:
– როგორ გაბედე ჩვენი ხარის უღელში შებმა?! გამოხსენი ეხლავე და მომეცი, თორემ მაგგვარს ქცევას ქურდობად ჩაგითვლიო.
– ნუ ჯავრობ, ძეო წმიდის კაცისავ, – უთხრა გლეხმა – ეგ ხარი თვითონ მამაშენმა მიწყალობა თავისი საკუთარის ხელით.
ყმაწვილს შერცხვა, სახლშივე დაბრუნდა და ყველაფერი თავის დედას უამბო. დედამ ტირილი მორთო და ყვედრება დაუწყო თავის მეუღლეს. ბოლოს გოდებითა და თმის წეწვით მივარდა წმიდა ფილარეტს და დაუყვირა:
– გულქვაო კაცო! გინდა, რომ ამდენი ხალხი შიმშილით დაგვხოცო? ჩვენმა ცოდვამ გვიყო, რომ დღეს ცარიელი დავრჩით ჩვენის წინანდელის სიმდიდრისაგან. ღმერთმა, როგორც ცოდვილთა მოწყალემ, შეგვარჩინა უღელი ხარი, რომ ამით მიწა გვეხნა და თავი გაგვეტანა როგორმე. შენც წინათ მდიდრულად და კმაყოფილებით ცხოვრობდი და არც მუშაობა გჭირდებოდა. დღეს კი ამ სიღარიბეში ჩავარდი, შრომა გეზარება და სახლში მოსვენებით ყოფნა გსურს. შენ მადლის გულისათვის კი არ მიგიცია ის ხარი, არამედ იმიტომ, რომ უქმად და უშრომელად ჯდომა გინდა სახლში. შენ იქნები პასუხისმგებელი ღმერთთან, რომ მაგ სიზარმაცით მე და ჩემი შვილები შიმშილით უნდა ამოვწყდეთ.
– ღმერთი კი რაღას გვიბრძანებსო! უპასუხა დამშვიდებით წმიდა ფილარეტმა: მიჰხედეთო, – ბრძანებს იგი – ფრინველთა ცისათა, რომელნი არცა სთესვენ, არცა მკიან და არცა შეიკრიბიან, ხოლო მამა თქვენი ზეციერი ზრდის მათ ჩვენ კი არ გამოგვზრდის ღმერთი? იგი ერთის წილ ასის მიგებას დაჰპირდა მათ, რომელნიც მისთვის, ანუ სახარებისთვის გლახებს შეიბრალებენ და მოწყალებას მისცემენ. დაფიქრდი, დედაკაცო, თუკი ერთის ხარის მაგიერ ღვთისგან ასს მივიღებთ, მაშ, რაღად უნდა ვნანობდეთ იმას, რაც ღვთის გულისთვის ღარიბებს მივეცით!
ასეთი სიტყვებით დაამშვიდა წმიდა ფილარეტმა თავისი მეუღლე და იმასაც ხმა აღარ ამოუღია.
ამ ამბიდან ხუთი დღის შემდეგ, წმიდა ფილარეტის ნაჩუქარს ხარს ძოვების დროს ბალახში რაღაც შხამი მოჰყვა და უეცრად მოკვდა. გლეხს დიდი მწუხარებისგან აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს მივიდა წმიდა ფილარეტთან, დაუვარდა წინ და უთხრა:
– ბატონო ჩემო, ძლიერ დამნაშავე ვარ შენსა და შენის შვილების წინაშე, იმისათვის, რომ ხარი თავისს ტოლს მოვაშორე. ამიტომაც მართლმსაჯულმა ღმერთმა აღარ მომახმარა შენგან წაყვანილი ხარი. იგი ბალახსა სძოვდა, რაღაც შხამი მოჰყვა და მოკვდა.
წმიდა ფილარეტს ხმაც არ ამოუღია. მაშინვე მოჰგვარა მეორე ხარი, მისცა გლეხს და უთხრა:
– წაიყვანე, ძმაო და წადი; მე მაინც შორს წასასვლელი ვარ და არ მინდა მუშა ხარი უქმად მყავდეს.
გლეხმა წაიყვანა ხარი და უკვირდა წმიდა ფილარეტის ასეთი გარდამეტებული მოწყალება.
როცა წმინდა ფილარეტის მეუღლემ და შვილებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ძლიერ შეწუხდნენ და ტირილი დაიწყეს. შვილები ამბობდნენ, რომ მამაჩვენი შეუბრალებელი კაცია, არ ზოგავს ჩვენს უკანასკნელ სარჩოს და სხვებს აძლევსო. უღელი ხარი გვყავდა ნუგეშად, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით და ისიც კი სხვას მისცაო.
წმიდა ფილარეტმა ატირებული შვილები რომ დაინახა, უთხრა:
– შვილებო, რისთვის სწუხხართ და მეც მაწუხებთ? რად მიწოდებთ შეუბრალებელს და რად ჰფიქრობთ, ვითომ თქვენი შიმშილით დახოცვა მინდოდეს? თქვენ არ იცით და მე კი ერთს ალაგას იმდენი სიმდიდრე მაქვს, რომ ასი წელიწადი რომ იცოცხლოთ და არაფერი გააკეთოთ, მაინც საკმაო იქნება.
ამ დროს წმიდა ფილარეტის ქყვეყანაში მეფის ბრძანება გამოვიდა, რომ ყველა მეომარი გასულიყო ჯარში მტერთან საბრძოლველად. ჯარში გამსვლელი ვალდებული იყო კარგი საომარი იარაღი ჰქონოდა და ორი ცხენი ჰყოლოდა. ჯარში ჩარიცხეს აგრეთვე ერთი ღარიბი კაცი, სახელად მუსილი. მუსილს ერთი ცხენი ჰყავდა და ისიც წინა დღით, სანამ ჯარში გაიწვევდნენ, უეცრად მოუკვდა. ღარიბმა მუსილმა არ იცოდა რა ექნა, რადგან ფული არ ჰქონდა, რომ სხვა ცხენი ეყიდა. ისევ წმიდა ფილარეტს მიმართა და უთხრა:
– გთხოვ შემიბრალო. ვიცი, რომ შენც ღარიბი ხარ და ერთის ცხენის მეტი არ გყავს, მაგრამ მაინც, ღვთის გულისათვის, წყალობა მიყავი, შენი ცხენი მე მომეცი და ამით გადამარჩინე ჯარის უფროსის ცემისაგან.
– წაიყვანე და წადი მშვიდობით, უთხრა წმიდა ფილარეტმა; მხოლოდ იცოდე, იმიტომ კი არ გაძლევ ცხენს, რომ ჯარის უფროსის ცემას გადაგარჩინო, მე გაძლევ მხოლოდ ღვთის მოწყალების გულისთვის.
ეხლა წმიდა ფილარეტს დარჩა მხოლოდ ძროხა თავისის ხბოთი, ერთი სახედარი და რამდენიმე თავი სკა. ამ დროს ერთმა ღარიბმა შეიტყო, რომ ფილარეტი ასეთი მოწყალეაო, მივიდა და უთხრა:
– ძლიერ მსურს შენის ჯოგიდან ერთი ხბო მომცე, რომ ამით შენი კურთხევაც თან გამომყვეს. ვიცი, შენი ნაჩუქარი ყოველთვის ნაკურთხი იქნება და ის ოჯახი, რომელ ოჯახშიც შენი ნაჩუქარი შევა, კურთხეული და გამდიდრებული შეიქმნება.
მოწყალე ფილარეტმა სიხარულით მისცა მთხოვნელ კაცს ხბო და უთხრა:
– გაკურთხოს, ძმაო, ღმერთმა და გაგიმრავლოს ყოველივე შენის სურვილისამებრ.
ღარიბმა მადლობით თავი დაუკრა ამ მართალ კაცს და წაიყვანა ხბო. მაგრამ ძროხამ ხბო რომ ვეღარ დაინახა თავის ახლოს, საცოდავად ბღავილი მორთო და მთელი სახლობა შეაზარა. მეტადრე წმიდა ფილარეტის მეუღლე შეწუხდა ძალიან და მაშინვე ცრემლითა და საყვედურით თავის ქმარს მიმართა:
– შენ ძროხაც კი არ შეიცოდე და შეუბრალებლად გააშორე ხბო თავის დედას. მერე ვის რა სიკეთე მოუტანე მაგით? ჩვენც ტყუილად შეგვაწუხე და იმ კაცსაც ვერა შეჰმატე რა, იმიტომ, რომ ხბო უდედოდ ვერ გასძლებს და მალე მოკვდება, ძროხა ხომ უხბოოდ საცოდავად მოიწყენს.
– მაგას კი მართალს ამბობ, რომ ვერ მოვიქეცი კარგად, უპასუხა წმიდა ფილარეტმა.
მაშინვე გაეკიდა ხბოს წამყვანს და დაუწყო ძახილი:
– დაბრუნდი და ხბოც უკანვე მოიყვანე; იმიტომ, რომ ძროხა საცოდავად ბღავის და მოსვნებას არ გვაძლევს!
ღარიბი კაცი დაბრუნდა და ასე ეგონა, რომ ხბოს უკანვე მართმევენო. როცა ძროხა და ხბო ერთად შეიყარა, ხბო მაშინვე ძუძუს მივარდა, დაუწყო წოვა და შიშობდა, რომ კიდევ აღარ მოეშორებინათ. წმიდა ფილარეტის მეუღლეს ძალიან გაუხარდა ხბოს უკანვე დაბრუნება. მართალი ფილარეტი კი ისევ ღარიბ კაცს მიუბრუნდა და უთხრა:
– ძმაო, ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ცოდვა ჩაიდინე ხბოსა და ძროხის გაშორებითაო და მართალსაც ამბობს; ამიტომ წაიყვანე ისევ ორივე, ხბოცა და ძროხაც და წადი. ღმერთმა გაგიმრავლოს ისე, როგორც მე გამიმრავლა ოდესმე.
– ღარიბმა კაცმა წაიყვანა ორივე და მართლაც ღმერთმა აკურთხა მისი ოჯახი და განუმრავლა საქონლის ჯოგი.
არ გასულა დიდი ხანი, რომ იმ მხარეს, სადაც წმიდა ფილარეტი ცხოვრობდა, შიმშილობა ჩამოვარდა და წმიდა ფილარეტსაც შემოაკლდა საზრდო. ადგა, წაიყვანა თავისი ერთადერთი სახედარი და წავიდა შორს, ერთ თავის მეგობართან, გამოართვა სესხად ექვსი ფუთი ფქვილი, აჰკიდა სახედარს და სიხარულით დაბრუნდა სახლში.
როცა წმიდა ფილარეტი სახლში მივიდა და ცოტა მოისვენა, ამ დროს კარებზედ გლახა მოადგა და ერთი საცერი პური სთხოვა. წმიდა ფილარეტის მეუღლე ამ დროს ფქვილს სცრიდა.
– მიეცი, ერთი ფუთი ფქვილი ამ ჩემს ღარიბს ძმას, – დაუძახა ცოლს მოწყალე ფილარეტმა.
– თავი დამანებე! – უპასუხა ცოლმა: ჯერ ჩვენ დავირიგოთ თითო ფუთი, მე, ჩემმა შვილებმა და მოსამსახურემ და რაც გადარჩება, ვისაც გინდა, იმას მიეცი.
– მე კი აღარ მაძლევ წილს? – ჰკითხა ფილარეტმა.
– შენ ხომ ანგელოზი ხარ და არა ხორციელი, – უპასუხა ცოლმა, – რა საჭიროა შენთვის საზრდო? რომ გდომებოდა, არც ისურვებდი ნასესხის პურის სხვისთვის მიცემას.
წმიდა ფილარეტმა ერთის მაგიერ ორი ფუთი ფქვილი ჩაჰყარა ტომარაში და გლახას მისცა.
– ბარემ მესამე ფუთიც მიეცი, რა გენაღვლება, მაინც ხომ ბევრი გვაქვს! – უთხრა გაჯავრებით ცოლმა.
წმიდა ფილარეტმა მესამე ფუთიც მიუწყო მათხოვარს და გაისტუმრა.
მალე გაუთავდათ ნასესხი პურიც. წმიდა ფილარეტის მეუღლემ ისესხა მეზობლისგან ნახევარი პური, ხარშო გააკეთა, შვილებს მოუყარა თავი და დაიწყეს ჭამა; მოხუცი ფილარეტი არც კი მოჰგონებიათ.
წმიდა ფილარეტის ასეთი გაღარიბება გაიგო ერთმა მისმა მდიდარმა მეგობარმა და გამოუგზავნა ორმოცი ფუთი ფქვილი, ოთხს აქლემზე აკიდებული და თან შემდეგი წერილი მოსწერა: „საყვარელო ჩვენო ძმაო, კაცო ღვთისაო! გიგზავნი ორმოცს ფუთ პურს შენ და შენს სახლობას და როცა გაგითავდებათ, კიდევ გამოგიგზავნით ერთ ამდენს. შენ მხოლოდ ილოცე და ევედრე ღმერთს ჩვენთვის“.
წმიდა ფილარეტმა სიხარულით მიიღო გამოგზავნილი პური და შემდეგ შეჰღაღადა ზეცას:
– გმადლობ შენ, ღმერთო, რომ არ დამიტევე და არა უგულებელს მყავ მონა და მსასოებელი შენი.
ყველა გახარებული იყო ასეთი საჩუქარით. მეუღლემ მშვიდად და წყნარად უთხრა წმიდა ფილარეტს:
– მოგვეცი, რამდენის ღირსიც ვიყოთ, ჩვენი წილი პური, ჩემი, ჩემის შვილებისა და ისიც, რაც მეზობლისაგან ვისესხე. შენც აიღე შენი და როგორც გენებოს, ისე მოიხმარე.
წმიდა ფილარეტმა გაანაწილა პური, თავისთვის ხუთი ფუთი დაინარჩუნა და ისიც ორ დღეში სულ გლახებს დაურიგა. ცოლი ხელახლა გაწყრა და გაგულისდა, ასე რომ ქმართან პურის ჭამაც კი არღარ მოისურვა. ჩუმად ამზადებდა თავისსა და თავის შვილებისთვის საჭმელს და ჩუმადვე სჭამდნენ. ერთხელ, როცა პურს ასე ფარულად შეექცეოდნენ, მივიდა მათთან წმიდა ფილარეტი და უთხრა:
– შვილებო, მიმიღეთ მეცა, თუ მამასავით არა, ისე მაინც, როგორც სტუმარი და უცხო კაცი.
იმათ ამ სიტყვებზე გაიცინეს და მიიწვიეს წმიდა ფილარეტი. პურის ჭამის დროს ცოლმა ჰკითხა:
– როდის გვაჩვენებ შენს დაპირებულს საუნჯეს? ან იქნება მაგ ტყუილის დაპირებით სასაცილოდ გვიგდებდე და გვაჯავრებდე! თუ მართალია, რაღას უყურებ, გამოაჩინე, რომ ვიყიდოთ საზრდო და პურიც წინანდებურად ერთად ვჭამოთ.
– მოითმინეთ კიდევ, უპასუხა წმიდა ფილარეტმა.
ამასობაში სიღარიბე თანდათან ემატებოდათ. დარჩათ მხოლოდ რამოდენიმე თავი სკა. გლახაკნი კიდევ მიდიოდნენ. წმიდა ფილარეტს სხვა რომ აღარაფერი გააჩნდა-რა მიდიოდა სკასთან, იღებდა თაფლს და იმით ისტუმრებდა გლახებს. თავის სახლობასა და თავის თავსაც იმითვე ასაზრდოებდა. მალე ესეც გამოელიათ და დარჩათ მხოლოდ ერთადერთი თავი სკა. ამ დროს მოვიდა კიდევ ერთი გლახა. წმიდა ფილარეტი მაშინვე სკისკენ გაეშურა, მაგრამ ეს სკაც ფილარეტის სახლობას ადრევე სულ ერთიანად დაეცარიელებინა. მოწყალე ფილარეტმა გაიძრო ზემო შესამოსელი, მისცა გლახას და დაბრუნდა სახლში.
– სამოსელი რა უყავი? – ჰკითხა მეუღლემ, ნუთუ ისიც გლახას მიეცი?
– სკასთან ვიყავი და იქ დამრჩაო, უპასუხა წმიდა ფილარეტმა.
მაშინვე გააგზავნა დედამ შვილი სამოსლის მოსატანად, მაგრამ ყმაწვილი ცარიელი დაბრუნდა. მეუღლემ თავისი ტანსაცმელი დაარღვია და წმიდა ფილარეტს სამოსელი შეუკერა.
იმ დროს ბერძენთა სამეფოს განაგებდა დედოფალი ირინა, თავისი შვილი კონსტანტინეთი. როცა კონსტანტინე სრულწლოვანი შეიქმნა, მთელს სახელმწიფოში ამორჩეული კაცები გაგზავნეს და დაავალეს, რომ კონსტანტინესთვის შესაფერი, კარგი ოჯახისა და კარგი ხასიათის სასძლო ეშოვნათ. ამ მინდობილობის შესასრულებლად გაგზავნილმა კაცებმა მრავალი ქალაქი და სოფელი მოიარეს და ბოლოს მოვიდნენ პაფლაგონიის სოფელ ამნინში.
ამ სოფელში შესვლის დროს შორიდანვე დაინახეს წმიდა ფილარეტის მაღალი და მშვენივრად ნაგები სახლი. იფიქრეს, ამ სახლში უთუოდ მდიდარი ვინმე უნდა ცხოვრობდესო და უბრძანეს მოსამსახურეთ, რომ იქ წადით და ყველაფერი მოგვიმზადეთო. მაგრამ ამ დროს ერთმა მათ შორის მყოფმა სამხედრო კაცმა თქვა:
– ბატონებო! იქ წასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეგ სახლი გარედან სჩანს მხოლოდ კარგი, შიგნით კი ცარიელია და ერთი ღარიბი და საწყალი მოხუცი ცხოვრობს.
მეფის კაცებმა არ დაუჯერეს და მაინც გაგზავნეს მოსამსახურენი. წმიდა ფილარეტმა რომ დაინახა იმისკენ მიმავალი უცხო კაცნი, წინ გაეგება, მდაბლად თავი დაუკრა, დიდის სიხარულით მიიღო და უთხრა:
– ღმერთმა მოგიყვანათ თქვენ ჩემთან და ღირსი გამხადა თქვენის სტუმრობისა.
შემდეგ მიირბინა თავის მეუღლესთან და უთხრა:
– ამ შორიდგან მოსულს ღირსეულს კაცებს კარგად უნდა გავუმასპინძლდეთ. მე ისინი ძლიერ შემიყვარდა.
– რითი უნდა გავუმასპინძლდეთ? დაეკითხა მეუღლე. ცხვარი ჩვენ არ გვყავს და ქათამი. ერთი ხარშოა, რომლითაც თავი გაგვაქვს და ისიც უერბო. ერბო და ღვინო კი აღარც კი მახსოვს, როდის იყო ჩვენს ოჯახში.
– შენ ცეცხლი დაანთე, უთხრა წმიდა ფილარეტმა, დაალაგე ზემოთ ოთახები; ჩვენი წინანდელი სასადილო ოთახი კარგად გასწმინდე, გაასუფთავე აგრეთვე სპილოს ძვლის სასადილო მაგიდაც და ღმერთი, როგორც ყოველს ხორციელს აძლევს საზრდოს, ისე ჩვენც მოგვცემს, რომ შევიძლოთ ამისთანა წარჩინებულ კაცების პატივისცემა.
მეუღლემ მსწრაფლ შეასრულა ყოველივე ნათქვამი.როცა ეს ამბავი გაიგეს იქაურმა უფროსმა და უხუცესმა კაცებმა, მაშინვე გამოუგზავნეს წმიდა ფილარეტს ზოგმა ცხვარი, ზოგმა ბატკანი, ზოგმა ქათამი, მტრედი, ღვინო, პური და სხვა, რათა ღირსეულად დახვედროდა დიდებულ სტუმრებს.
წმიდა ფილარეტის მეუღლემ დაამზადა სხვადასხვა საჭმელი და გაამწკრივა სუფრაზე. როცა მეფის კაცნი სანადიმოდ შეიკრიბნენ, გაოცებული შეიქმნენ: ღარიბი კაცი, ასეთი და ამოდენა სპილოს ძვლის მაგიდა სად გაგონილაო, ფიქრობდნენ ისინი. მაგიდა მრგვალი იყო და ისე ბრწყინავდა, როგორც ოქრო. უცხო კაცთ უფრო წმიდა ფილარეტის სტუმართმოყვარეობა აკვირვებდათ. სტუმრებს თავზედ დასტრიალებდნენ და ემსახურებოდნენ ფილარეტის შვილიშვილნი. მათ შორისვე ერია ფილარეტის შვილი იოანეც.
– მეუღლე არა გყავს? ჰკითხა წმიდა ფილარეტს ერთმა მეფის კაცთაგანმა.
– როგორ არა, ბატონო, მყავს და აი, ეს ვაჟებიც ჩემი შვილნი და შვილიშვილები არიან.
– სთხოვე, რომ შენი მეუღლეც შემოვიდეს. წმიდა ფილარეტმა მოუწოდა მეუღლეს. სტუმრებმა ჰკითხეს:
– ქალები არა გყავთ?
– ჩემს უფროს ქალსა სამი ქალიშვილი ჰყავს, უპასუხა წმიდა ფილარეტმა.
– სთხოვე, რომ ისინიც შემოვიდნენ. ჩვენ მეფის ბრძანება გვაქვს, რომ ყველა გასათხოვარი ქალი უნდა ვნახოთ და მეფის შესაფერი სასძლო ამოვირჩიოთ.
– ეგ ჩვენ არ შეგვეხება, ბატონო, უპასუხა წმიდა ფილარეტმა. თქვენ პურ-ღვინო მიირთვით, ილხინეთ და შემდეგ მოისვენეთ, დილით კი, რაც ღვთის ნება იყოს, ის ასრულდეს.
მეორე დღეს დილაადრიანად, მოუწოდეს მეფის კაცებმა წმიდა ფილარეტს და უთხრეს:
– უბრძანეთ, რომ შემოვიდნენ აქ ის ქალნი.
– რაკი ბრძანებთ, ბრძანებას ავასრულებ, – უპასუხა წმიდა ფილარეტმა, – მხოლოდ გთხოვთ, ინებოთ და თქვენ თვითონ ნახოთ ისინი.
მეფის კაცნი შევიდნენ მათთან. ახალგაზრდა ქალები წყნარისა და მშვიდობიანის სახით დაუხვდნენ უცხო კაცებს და მდაბლად თავი დაუკრეს. მეფის კაცნი გაოცებულნი შეიქმნენ მათის ნახვით. მეტადრე იმათში მშვენიერი სანახავი იყო მარიამი.
– მადლობა ღმერთს, ვპოვეთ ის, რასაც ვეძებდით, სიხარულით წამოიძახეს მეფის კაცებმა: ერთი ამათგანი ღირსი შეიქმნება მეფის სძლობისა და ვერც შევხვდებით სხვაგან ამათზე უკეთესსაო.
იმავე დღეს მოუწოდეს წმიდა ფილარეტის მთელს სახლობას, რიცხვით ოცდაათ სულამდე და გაემგზავრნენ სტამბოლს. ამათ თან მიჰყავდათ აგრეთვე ათამდე სხვა ქალწული ქალიც. ამ არჩეულ ქალებში ერია ერთი კარგი შეხედულების ქალი, გამოჩენილის კაცის გერონტიას ასული. როცა მიუახლოვდნენ მეფის სასახლეს, მარიამმა მიმართა თავის ამხანაგ ქალებს და უთხრა:
– ჩვენ ყველანი ერთის აზრითა ვართ შეკრებილნი და მივდივართ მეფესთან. ამისათვის პირობა შევჰკრათ: რომელსაც ღმერთმა ჩვენში ქვეყნის დედოფლობა აღირსოს, იმან მოგვიგონოს სხვები და შემწეობა და მოწყალება აღმოგვიჩინოს.
სილამაზით თავმომწონე გერონტიას ასულმა უპასუხა:
– ცხადი უნდა იყოს თქვენთვის, რომ ჩემს მეტი ვერავინ ეღირსება მეფის სძლობას. იმიტომ, რომ მე ყველაფრით უკეთესი ვარ თქვენზე: გვაროვნებითაც, სილამაზითაც და ჭკუითაც. თქვენ კი, არ ვიცი, რისი იმედი გაქვთ. მარტო ერთი სილამაზე ხომ არა კმარა, რომ მეფის მეუღლე შეიქმნეთ.
მშვიდსა და წყნარს მარიამს ამ სიტყვებზე ხმა აღარ ამოუღია და თავის თავი ღმერთსა და წმიდა ფილარეტის ლოცვას მიანდო.
როცა მივიდნენ სასახლეში, მეფის ბრძანებისამებრ, უნდა თითოეულად წარედგინათ მეფის გამგებელის სტავრიკისათვის. ყველაზე უწინ წარუდგინეს გერონტიას ასული. სტავრიკმა შენიშნა ამ ქალის ამპარტავნული სახე და უთხრა:
– საუცხოვოა შენი სილამაზე, მაგრამ მეფის მეუღლეობას კი ვერ შეძლებო. მისცეს სამეფო საჩუქარი და გაისტუმრეს.
ყველაზე ბოლოს წარუდგინეს მარიამი; იგი მიჰყავდა წმიდა ფილარეტს თავისის ხელით და თან მიჰყვბოდა მთელი იმისი სახლობაც. იმათის ნახვით ყველანი გაოცებულნი შეიქმნენ. სრულიად წყნარი და ღვთის ნებაზე გულმინდობილი მარიამი იდგა მეფის კრებულის წინაშე. ქალწულებრივის მორცხვობისგან სახე გაწითლებული ჰქონდა და თვალები ძირს დაეშვა. მეფე აღტაცებაში მოიყვანა მარიამის საუცხოვო შეხედულებამ და აირჩია თავის სასძლოდ. იმისი მეორე დაც მეუღლედ წაიყვანა ერთმა დიდებულმა და წარჩინებულმა კაცმა.
მალე გადაიხადეს სამეფო ქორწილი. მეფე გახარებული და სრულიად ბედნიერი იყო ასეთი სასძლოს შეხვედრით. დიდი პატივი მიაპყრო წმიდა ფილარეტს და მთელს მის სახლობას თავისის მეფურის წყალობით. მრავალი ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვა, ტანისამოსი, სახლი და მამული აჩუქა. დიდიდგან პატარამდე ყველანი დააჯილდოვა და დაასაჩუქრა. ბოლოს ეამბორა მეფე წმიდა ფილარეტს, აქო მისი და მისის სახლობის კეთილმსახურება და გაისტუმრა თავის მიერ ნაჩუქარს სახლსა და მამულებში.
წმიდა ფილარეტის სახლობას ეხლა მოაგონდა აღთქმული საუნჯე, აღიარეს თავისი დანაშული მართალი კაცის წინაშე და უთხრეს:
– გვაპატიე, რომ ისე ცუდად გეპყრობოდით და დავცინოდით შენ მიერ გლახაკთა განკითხვა-სიბრალულსა. ეხლა დავრწმუნდით, რომ ნეტარი კაცი ყოფილხარ და ამასთან ვინც გლახას განიკითხავს და სამადლოს გასცემს, ღმერთი ერთს ასად მიაგებსო.
წმიდა ფილარეტმა მადლობა შესწირა ღმერთს, ბოლოს მიმართა თავის სახლობას და უთხრა:
– მოისმინეთ! გავაკეთოთ ერთი კარგი სადილი და მოვიპატიჟოთ მეფე და იმისი დიდებულნი.
შენი ნება იყოსო, უპასუხეს.
როცა ყველაფერი დაამზადეს, წმიდა ფილარეტმა მიიარ-მოიარა ახლომახლო ადგილები, შეჰკრიბა ორასამდე გლახა, დააყენა თავის სახლის ცოტა მოშორებით, შემდეგ მივიდა სახლში და იკითხა:
– აბა, შვილებო, მზადა გაქვთ ყველაფერი? მეფე და იმისი დიდებულნი მოდიან.
მზად გვაქვსო, უპასუხეს.
წმიდა ფილარეტმა მაშინვე ანიშნა მოშორებით მდგარს გლახებს, შეიყვანა თავის სახლში, ყველა თავ-თავის ადგილას დასხა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. წმიდა ფილარეტის სახლობა კი ეხლა მიხვდა, რომ მეფე ნიშნავდა თვით ღმერთს, ხოლო მისი დიდებულნი კი გლახებსა და საწყლებს. ყველას გაუკვირდა, რომ წმიდა ფილარეტი ისეთს დიდებას ეღირსა, დედოფლის პაპა შეიქმნა და კიდევ არ ივიწყებს მოწყალების გაცემას და გლახაკთა სამსახურსო.
ჭეშმარიტად ღვთის კაცი და ნამდვილი ქრისტეს მოწაფეაო, ამბობდა ყველა. წმიდა ფილარეტმა უბრძანა თავის შვილსა და შვილიშვილებს, რომ თავს დასდგომოდნენ გლახებს და ემსახურნათ. შემდეგ მიჰმართა ყველას და უთხრა:
– აი, შვილებო, ხომ ხედავთ, ღმერთმა იმდენი სიმდიდრე მოგცათ, რამდენსაც თქვენ არასოდეს არ მოელოდით. მე, ღვთის მოწყალებაზე დაიმედებულმა, აღგითქვით ერთხელ ეს სიმდიდრე და დღეს ასრულდა კიდეც.
– ჭეშმარიტად შენ ღვთის კაცი ხარ და წინდაწინვე სცნობ ყველაფერს, უპასუხა ცრემლმორეულმა სახლობამ. ჩვენ კი უგუნურნი ვიყავით და ამიტომ გეპყრობოდით ისე ურიგოდ. მაგრამ ახლა კი გევედრებით, ნუღარ მოიგონებ ჩვენს დანაშაულს.
– შვილებო! უთხრა წმიდა ფილარეტმა: ღმერთი უხვი და მრავალმოწყალეა. იმან ჩვენ მიერ გაცემული მოწყალება ერთი ასად მოგვაგო. თუ გინდათ დაიმკვიდროთ საუკუნო ცხოვრება, თვითოეულმა თქვენგანმა გადადეთ ამ ღარიბებისათვის ათ-ათი ოქრო და ღმერთიც ამ თქვენს შესაწირავს ისე მიიღებს, როგორც მიიღო ერთხელ ორი წვლილი ქვრივის დედაკაცისა.
კარგად გამასპინძლების შემდეგ წმიდა ფილარეტმა დაურიგა გლახებს თითო ოქრო და გაისტუმრა. რამდენიმე ხნის შემდეგ მოუწოდა თავის შვილებსა და მეუღლეს და უთხრა:
– მსურს გავყიდო მეფისგან ნაბოძები ჩემი სანაწილო ქონება. თუ გინდათ, თქვენ იყიდეთ და ფული მომეცით. თუ არ იყიდით, გლახებს დავურიგებ ჩემს სანაწილოს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ დედოფლის პაპად ვიწოდები.
წმიდა ფილარეტის სახლობამ დააფასა იმისი წილი ქონება და იყიდა სამოც ლიტრა ოქროდ. მოწყალე ფილარეტმა ეს ფული მიღებისთანავე სულ ერთიანად ღარიბ ხალხს დაურიგა.
ხელმწიფემ და დედოფალმა რომ გაიგეს წმიდა ფილარეტის ასე უხვად მოწყალების გაცემა, ძალიან ესიამოვნათ და მრავალი სიმდიდრე გამოუგზავნეს საწყლებისთვის დასარიგებლად. მოწყალე ფილარეტმა გააკეთა სამი ფულის საცავი, თანასწორი და ერთმანეთის მსგავსი. ერთში ოქრო ჩაყარა, მეორეში – ვერცხლი და მესამეში შავი ფული. ეს ყუთები ჩააბარა სარწმუნო ხაზინადარს კალისტეს და უთხრა: როცა მათხოვარნი მოვლენ, მოწყალება დაურიგეო.
– რომელი ყუთიდან მივცე, – ჰკითხა კალისტემ.
– მაგას თავად ღმერთი გვიჩვენებს, – უპასუხა წმიდა ფილარეტმა, რადგან იმან უწყის გაჭირვება ყოველის კაცისაო.
წმიდა ფილარეტს არ უყვარდა ძვირფასი სამოსლის ტარება და ამისთვის მეფის სასახლეშიაც ყოველთვის სადა ტანისამოსით მიდიოდა. როცა ეტყოდნენ, კარგი ტანისამოსი ჩაიცვიო, იგი უარს ამბობდა და ამ პასუხით ისტუმრებდა: მე იმისთვისაც მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ჩემისთანა საწყალ კაცს დედოფლის პაპობა მაღირსაო.
წმიდა ფილარეტი მეტად თავმდაბალი კაცი იყო და არ ესიამოვნებოდა, როცა ვინმე რომელისამე ხარისხოვანისა და დიდკაცის სახელს უწოდებდა. იგი თავის თავს „ამნინიელ ფილარეტად“ უწოდებდა.
ატარებდა რა ამგვარ წმიდასა და კეთილს ცხოვრებას, წმიდა ფილარეტს მოუახლოვდა დრო გარდაცვალებისა. ეს დრო წინდაწინვე ამცნო მას ღმერთმა. ამისთვის, კარგად ყოფნაშივე, წაიყვანა ფარულად ერთი თავისი სანდო მოსამსახურე და მივიდა სატახტო ქალაქის როდოლფის ერთ მონასტერში, სადაც სცხოვრობდნენ კეთილმსახურნი ქალწულ-მონაზონნი; ჩააბარა მათ წინამძღვარს მრავალი ოქრო და ვერცხლი მონასტრის სასარგებლოდ, გამოსთხოვა თვისთვის სამარხი ადგილი და უთხრა:
– მარტო თქვენ გაცნობებთ ამას, სხვებს კი ნუ ეტყვით ნურაფერს. მე, ღვთის ნებით, რამდენისამე დღის შემდეგ უნდა გარდავიცვალო. გთხოვთ, რომ ჩემი უნდო გვამი მიაბაროთ მაგ სამარეს. წმიდა ფილარეტმა თავისი მოსამსახურეც გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.
გავიდა მცირეოდენი ხანი. მოწყალე ფილარეტმა, თუ რამ კიდევ დარჩენოდა თავისი საკუთრება, სულ ერთიანად დაურიგა გლახებს და მერე ლოგინად ჩავარდა. ცხრა დღის შემდეგ დაიბარა მთელი თავისი სახლობა და უთხრა:
– შვილნო ჩემნო! იცით, დღეს წმიდა მეფე მიწოდებს თავისთან და უნდა წავიდე; თქვენ კი უნდა დაგტოვოთ.
იმათ ეგონათ, რომ ქვეყნიურს მეფეზე ამბობსო და უპასუხეს: – დღეს ყოვლად შეუძლებელია შენი იქ წასვლა, რადგან ძალიან ავად ხარ.
– ჩემი წამყვანელნი მზად არიან, რომ წარმადგინონ მეფის წინაშე.
ამ სიტყვების შემდეგ მიხვდა წმიდა ფილარეტის სახლობა, რომ იგი ზეციერს მეუფესთან წასვლისას ამბობდა და საშინელი ტირილი და გოდება დაიწყეს; სტიროდნენ ისე, როგორც იოსები და იმისი ძმები თავის ძმის იაკობის გარდაცვალების დროს, მაგრამ წმიდა ფილარეტმა ხელით ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ და ამასთან ეს სიტყვები წარმოსთქვა:
– შვილნო! თქვენ იცოდით და ჰხედავდით ჩემს ცხოვრებას. მე, თვით ღმერთმაც უწყის, სიყმაწვილიდანვე ვიყავი მიმდევარი ასეთი ცხოვრებისა. ყოველთვის ჩემის ნაშრომით ვცხოვრობდი და სხვისას არასოდეს არ შევხებივარ. სიმდიდრეს, ღვთისგან მონიჭებულს, არასოდეს არ ავუმაღლებივარ. ამპარტავნებას შორს ვუდექი, სიმშვიდე შევიყვარე და მახსოვდა სიტყვა მოციქულის პავლესი, რომ მდიდარი სიმდიდრესა შინა არ უნდა ამაღლდესო. ბოლოს სიღარიბეშიაც ჩავვარდი, მაგრამ ამასაც არ შეუცვლია ჩემი გული ერთხელაც არ წარმომითქვამს საყვედური ღვთის შესახებ. ვიცოდი ამ სასჯელს ღმერთი ჩემი სიყვარულისთვის მივლენდა და მეც, მართალი იოსებისავით, მადლობას ვსწირავდი. ღმერთმა კი, ამგვარი ჩემი მოთმინებისათვის, ხელახლად აღმამაღლა და დამანათესავა მეფესა და მთავართან გარნა ამ პატივსაც არ ავუმაღლებივარ და სიყვარული სიმშვიდისა და სიმდაბლისა ყოველთვის ღრმად მქონდა დამარხული გულში. სიმდიდრე, რომელიც მეფემ მიბოძა, არ შემინახავს, გლახებსა და ღარიბებს დავურიგე და ამგვარად ღვთის მოცემული ღვთის საქმისთვის მოვიხმარე. ამისთვის, საყვარელნო, ჩემნო გევედრებით და გთხოვთ, მომბაძოთ და ისე მოიქცეთ, როგორც მე ვიქცეოდი. თუ კიდევ ამაზე მეტს მოიმოქმედებთ, მაშინ უფრო მეტ ნეტარებასაც დაიმკვიდრებთ.
ნუ ჰზოგავთ და ნუ გენანებათ ეს წარმავალი სიმდიდრე, არამედ ეს ყოველივე იმ სოფლისათვის მოიხმარეთ და გამოიყენეთ. ნუ დასტოვებთ ამ სოფელში თქვენს სიმდიდრეს, რომ, ამ თქვენ მიერ დატოვებული სიმდიდრით არ დასტკბნენ თქვენი მტერნი და მოძულენი. ნუ დაივიწყებთ უცხოთა, განამართლეთ ქვრივნი, შეეწიეთ ობოლთა, მიხედეთ უძლურთა და საპყრობილეში მყოფთა. სხვისას ნურას ინდომებთ, ნურავის დასჩაგრავთ. მოერიდეთ სხვის ავად ხსენებასა და მტრისა, თუ მეგობრის წახდენა ნუ გაგეხარდებათ. მიცვალებულნი დამარხეთ და მოიხსენიეთ ხოლმე ეკლესიაში. მე უღირსიც მომიხსენეთ თქვენს ლოცვებში, სანამ არ გადახვალთ საუკუნო ცხოვრებაში.
როცა წმიდა ფილარეტმა ეს სასარგებლო დარიგება გაათავა, თავისს შვილს იოანეს უთხრა:
– მომიყვანე აქ შენი შვილები.
როცა იოანემ წარმოუდგინა თავისი შვილები, წმიდა ფილარეტმა უწინასწარმეტყველა და იოანეს პირველ შვილს უთხრა:
– შენ შორეულის ნათესავისაგან მოიყვან მეუღლეს და კეთილი ცხოვრება გექნება.
მეორეს უთხრა:
– ოცდაოთხს წელს დაჰყოფ მონაზონად და შემდეგ მიიცვლები უფლისადმი.
ესევე უთხრა მესამესაც და რაც სთქვა, ისე ასრულდა კიდეც.
მოვიდნენ მასთანვე იოანეს ასულნიც და სთხოვეს კურთხევა. წმიდა ფილარეტმა აკურთხა და უთხრა:
– თქვენც ქალწულებასა და წმიდა ცხოვრებაში განატარებთ თქვენს სიცოცხლეს, შემდეგ მიიცვლებით უფლისა მიმართ და დაჯილდოებულნი იქნებით მისგან.
როგორც სთქვა, ისე აუხდათ ამათაც: ორივენი წავიდნენ სატახტო ქალაქის ერთს, ღვთისმშობლის სახელობაზე აგებულ დედათა მონასტერში და თორმეტი წლის მარხვისა და მოღვაწეობის შემდეგ, ორივენი ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ.
წმიდა ფილარეტი გარდაცვალებამდე შეევედრა ღმერთს თავის მეუღლისა, შვილებისა, ნათესავებისა და მთელის ხალხისათვის; შემდეგ სიყვარულით აღსავსემ დაიწყო გალობა ფსალმუნის სიტყვებისა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო”. წარმოსთქვა აგრეთვე ლოცვა უფლისა „მამაო ჩვენო” და როცა მიაღწია სიტყვებამდე: „იყავ ნება შენიო“, აღაპყრო ხელი და მიარბარა სული უფალს. წმიდა ფილარეტი ოთხმოცდაათის წლისა გარდაიცვალა.
როცა მეფემ და დედოფალმა გაიგეს წმიდა ფილარეტის გარდაცვალების ამბავი, დაუყონებლივ გამოეშურნენ თავიანთი ამალით მონასტერში. ყველანი სტიროდნენ და გლოვობდნენ, ამბორს უყოფდნენ გარდაცვალებულის გვამს და მრავალ მოწყალებას გასცემდნენ იმის სულის მოსახსენებლად.
დასაფლავების დროს, ხომ საზღვარი არ ჰქონდა ხალხის ტირილსა და გოდებას. ურიცხვი გლახა და ღარიბი შეიყარა ქალაქებისა და სოფლებიდგან და გარს შემოეხვივნენ ამ მართალის კაცის გვამს. ყველა იმას სცდილობდა, რომ მიახლებოდა როგორმე მიცვალებულს. მათი ტირილი და გოდება ზეცას ადიოდა.
– ოჰ ღმერთო! ამბობდნენ ისინი: რისთვის წაგვართვი ეს ჩვენი მამა და მასაზრდოებელიო!
ამ დროს მოვიდა აქ ერთი ღარიბი, სახელად კოვკოვოსი. ეს კაცი ხშირად იღებდა მოწყალებას წმიდა ფილარეტისგან. კოვკოვოსი სულით ავადმყოფი იყო. როცა დაინახა, რომ მიცალებულს მიასვნებდნენ, მაშინვე მივარდა ცხედარს და ისე მაგრად ჩასჭიდა ხელი, რომ ვეღარ მოაშორეს. როცა გვამი სასაფლაოსთან მიასვენეს, ამ დროს კოვკოვოსი უეცრად მიწაზედ დაეკვეთა, შემდეგ ისევე წამოდგა, განთავისუფლდა სნეულებისგან და ადიდებდა ღმერთსა. ეს სასწაული რომ იქ მყოფთა იხილეს, ისინიც აქებდნენ, ადიდებდნენ და მადლობას სწირავდნენ ღმერთსა.
წმიდა ფილარეტი დაასაფლავეს იმ დედათა მონასტერში, რომელიც თვითონვე ჰქონდა წინდაწინ არჩეული და გამოთხოვილი.
მიცვალებულის დასაფლავების შემდეგ ნეტარი თეოზია, წმიდა ფილარეტის მეუღლე, დაბრუნდა თავის სამშობლოში პაფლაგონიაში და რაც რამ მეფისგან ნაბოძები ჰქონდა, სულ სპარსელების მიერ აოხრებულის ეკლესიების განახლებას მოახმარა; განამდიდრა მრავალი ეკლესია, დააარსა მონასტრები და ააგო უცხოთა, სააწყალთა და ავადმყოფთა თავშესაფარნი. ბოლოს ისევ კონსტანტინეპოლს დაბრუნდა დედოფალ მარიამთან და იქ გაატარა თავისი დანარჩენი სიცოცხლე ღვთის მსახურებაში. გარდაცვალებისას დაასაფლავეს წმიდა ფილარეტის გვერდით.