გარეჯის მრავალმთის უდაბნო
გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსი ჩვენი ქვეყნის სულიერებისა და ისტორიული სიმტკიცის ამსახველი, საგანმანათლებლო, სამხატვრო და ლიტერატურული შემოქმედების უძველესი კერაა. ამ კომპლექსის სრულყოფილად შესწავლა აუცილებელია. მყარი, მტკიცედ გაცნობიერებული სარწმუნოებრივი და ისტორიული ფუნდამენტის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სწორი გზით განვითარება.
VI საუკუნეში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გამოცხადებით, ანგელოზის ბრძანებით და წმიდა სვიმეონ მესვეტის (521-592) ლოცვა-კურთხევით, „ქუეყანით შუამდინარით“ საქართველოში ჩამოვიდნენ წმიდა იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები, რომელთა შორის იყო წმიდა დავით გარეჯელი. მან მრავალმთის უდაბნოში დააფუძნა მონასტერი, რომელსაც შემდგომ დავით გარეჯა, იგივე – დავითის ლავრა ეწოდა. მოგვიანებით წმიდა დავითის მოწაფეებმა – ლუკიანემ და დოდომ დააარსეს კიდევ ორი მონასტერი: წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა და დოდოს რქა.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის განვითარების ისტორიისთვის საყურადღებო ცნობებია გადმოცემული X საუკუნეში შეგმნილ თხზულებაში „დავით გარეჯელის ცხოვრება“: „და ვითარცა ნათელს-იღო ბუბაქრ, კუალად მოვიდა წინაშე წმიდისა დავითისსა შვილი იგი ნათლისაჲ. და თანა მიატანნა სათხარნი და მუშაკნი და შეუქმნა ეკლესიაჲ სალოცველად ძმათა, რომელი იგი უკუანაჲსკნელ წმიდამან და ღმერთშემოსილმან ილარიონ განავრცელა და აკურთხა, რომელსა შინა, სამხრით კერძო ეკლესიასა მას შექმნა ლუსკუმაჲ შუენიერი, რომელსა შინა დაკრძალულ არიან ნაწილნი წმიდისა მამისა ჩუენისა დავითისნი. და ვიდრე აქამომდე სამარხოჲსა მისგან აღმოდის სული სულნელებისაჲ და ყოველთა, რომელთა სარწმუნოებით მიიღონ მტუერი სამარხოჲსა მისგან წმიდისა, ჰკურნებს ყოველსა სენსა და უძლურებასა კაცთასა. ხოლო სამარხოჲ წმიდისა ლუკიანესი არს დამართებით წინა კერძო საკურთხეველისა. და არს იგიცა შემწე და ნუგეშინისმცემელი და ჴელისამპყრობელი ყოველთა მვედრებელთა მათთა“.
წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებული ცნობები ასევე „დავით გარეჯელის ცხოვრებაშია“ მოცემული: „ბრძანებითავე მამისა დავითისათა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემელისასა“. ხსენებული მონასტერი, რომელიც დავით გარეჯელის ბრძანებითაა დაფუძნებული, მის მოწაფეს – ლუკიანეს აუშენებია. ამის შესახებ ცნობები შემონახული აქვს ა. მურავიოვს, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნეში იმოგზაურა. მისთვის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს, სოფრონს უამბნია შემდეგი: წმიდა დავითის და მისი მოწაფეების უდაბნოში მოსვლის შემდეგ გარეჯას უდაბნო ხალხმრავალი გახდა. დავით გარეჯელის მოწაფემ, ლუკიანემ დააფუძნა აწ ჩვენი სამყოფელი – ნათლისმცემელი, სახსოვრად უდაბნოს დიდი მოყვარულის – იოანე ნათლისმცემლის სახელზეო.
ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის დაფუძნების მეტად მნიშვნელოვან დეტალზე მეტყველებს მასში აღმოჩენილი ქვის სტელა (ქვა-ჯვარი), რომელიც VI-VII საუკუნით თარიღდება. იგი მონასტრის ეკლესიის შესასვლელის წირთხლში იყო დატანებული (ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ინახება). მასზე წარწერაა: „ესე ჯუარი მე, მარვუზ ავმართე სალოცველად ჩემდა და ცოლისა და შვილთათვის“. ასეთ სტელას ეწოდებოდა „ჴელი“, რომელიც მიწის საკუთრებას ადასტურებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც აღმართული იყო. სამეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულია ამგვარი ქვა-ჯვრების მნიშვნელობა. მოყვანილი ფაქტით დგინდება, რომ მარვუზს შეუწირავს მიწა, სადაც შემდგომში მონასტერი უნდა დაფუძნებულიყო.
ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ეკლესიებს, კლდეში გამოკვეთილ სენაკებს, თავდაცვით ნაგებობებს, წყლის დასაგროვებელ სისტემებს და სხვა საჭიროებათათვის გამიზნულ შენობებსა და კონსტრუქციებს, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთშია აგებული. ვახუშტი ბატონიშვილი ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ უწყლობის გამო აქ შექმნილი იყო წყლის დაგროვების მექანიზმი, რომელიც კლდიდან ნაჟური წყლის შეგროვებას გულისხმობდა. კლდეშივე ჰქონდათ ნაკვეთი სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, რომლებიც საჭიროებისდა მიხედვით ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდებოდა.
ღირსი დოდო, დამფუძნებელი დოდოს რქად წოდებული მონასტრისა, წარმოშობით კახეთიდან ყოფილა, გვარად ანდრონიკაშვილი (532-623). მისი თაოსნობით კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგეს, მოგვიანებით კი ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი ააშენეს. ღირსი დოდო მისივე დაარსებულ მონასტერში ორმოცდათორმეტი წელი იყო წინამძღვრად. იგი იქვე, თავისსავე დაფუძნებულ მონასტერში დაკრძალეს, ხოლო XIX საუკუნეში დავით გარეჯელის სახელობის მონასტერში გადაასვენეს.
ზემოხსენებულ სამ მონასტერს დროთა განმავლობაში კიდევ ცხრა დაემატა და თორმეტი მონასტერი შეადგინა. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის წმიდა გაბრიელ მცირე: „ხოლო მამა ჩვენი დავით ნეტარი, მოვიდა რა ადგილთა ამათ უდაბნოთა, მრავლითა მოთმინებითა და მოღვაწებითა გამობრწყინდა და აღშენდეს ამათ კერძოთა ათორნი მონასტერნი, ვითარცა ათანასის მიერ ათონელისა მთასა წმიდასა. დაღაცათუ აწ ცოდვათა ჩვენთა ძლით ესე უკაცურ არიან, გარნა ადგილნი მხილველთა საცნაურ უყოფენ ჭეშმარიტებასა სიტყვათასა. და აწღა ჟამთა ამათ ჩვენთა [XVIII] დაშთომილ არიან ორნი, შემცირებულნი, ვითარცა ორნი თუალნი მნათობნი საქართველოჲსანი. მონასტერი დავით მამისა, რომელსა შინა დასამარებულ არს მრავალმოღვაწე გუამი მისი და მონასტერი ესე დიდებულისა და ნაშობთა უპირატესისა იოანე ნათლისმცემელისა“.
„დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ ნათლად არის წარმოჩენილი ქრისტეანობის დაცვისა და განმტკიცებისათვის გარეჯის მრავალმთის მნიშვნელობა. დიდად საყურადღებოა მასში აღწერილი შემდეგი ისტორიული ფაქტი: წმიდა დავითს იერუსალიმის მოლოცვა გადაუწყვეტია, მაგრამ იქ მისულს, თავი უღირსად მიუჩნევია და ქალაქში აღარ შესულა. იქვე აუღია სამი ქვა ისეთი გრძნობით, თითქოს ისინი ქრისტეს საფლავიდან აეღო. იერუსალიმის პატრიარქ მაკარს იმავე ღამით გამოცხადება ჰქონია, ანგელოზს უთქვამს: „მან [დავით] წარიღო სრულიად მადლი ქალაქისა წმიდისა იერუსალიმისა, არამედ აწიენ კაცნი და მოუღენ ორნი ქვანი და ერთი დაუტევე მისდავე“. წმიდა დავითს მალემსრბოლისთვის ორი ქვა დაუბრუნებია, მესამე კი გარეჯში წამოუღია. ამ ცნობით დასტურდება, რომ გარეჯის მრავალმთის უდაბნოს იერუსალიმის მადლის ერთი მესამედი რგებია წილად. ეს მეტად საყურადღებო ფაქტია. ამ ადგილის თითოეული მტკაველი მიწა სათუთად არის მოსავლელი.
მნიშვნელობა ტოპონიმისა „გარესჯა“ ახსნილია თხზულებაში „დავით გარეჯელის ცხოვრება“: „ესე წმიდაჲ მამაჲ ჩუენი დავით წარვიდა ადგილთა უდაბნოთა და ურწყულთა სჯად თავისა თჳსისა, რაჲთა წუთ ერთითა ჭირითა მოიპოოს საუკუნოჲ იგი და წარუვალი შუებაჲ და განსუენებაჲ; ამისთჳსცა აღირჩია აქა სჯაჲ გარეგან უდაბნოთა შინა. ამისთჳს ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯაჲ“. ამ ამონარიდიდან ირკვევა, რომ ტოპონიმს: „გარესჯა“ ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. იგი გამოხატავს მონასტრული ცხოვრების წესსა და მიზანს: მარხვით, განმარტოებით, საკუთარ თავში ჩაღრმავებით ვნებების დათრგუნვას და ამ გზით სულიერი სიწმიდის მოპოვებას.
საისტორიო წყაროებში მრავალმთის უდაბნოს კომპლექსს ასევე „გარეჯის მრავალმთის ათორმეტ მონასტრად“ მოიხსენიებენ. დროთა მსვლელობაში აქ მოქმედ მონასტერთა რიცხვი ხან მცირდებოდა და ხან იზრდებოდა, თუმცა სიგელ-გუჯრებში სახელწოდება – „ათორმეტნი მონასტერნი“ შეუნარჩუნდა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გარეჯის მონასტრები და სენაკები კლდეშია გამოკვეთილი. ისინი ზაფხულში გრილნი არიან, ხოლო ზამთარში – თბილნი. მოქმედი მონასტრებია: ნათლისმცემელი, დოდო, ჩიჩხიტური, დავით-გარეჯა და ბერთუბანი. იგივე წყარო გვამცნობს: „არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი, ვიდრე მწარე წყლამდე და მოწესითა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესითა მყოფი“.
პლატონ იოსელიანი გვაწვდის მრავალმთის უდაბნოში არსებულ მონასტერთა ჩამონათვალს: „დავითის ლავრა, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჰჯა და პირუკუღმარი“. ასევე თეიმურაზ თოდუას აქვს შესწავლილი მრავალმთის უდაბნოს კომპლექსი. იგი მონასტერთა შემდეგ ჩამონათვალს გვთავაზობს: „წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, დოდოს რქა, ლავრა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე (მაღაზანა), ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჰჯა, პირუკუღმარი და პატარა ქვაბები“. მონასტერთა ეს ჩამონათვალი დალაგებულია მათი განლაგების მიხედვით, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით საყურადღებო მონოგრაფიული კვლევები აქვთ ჩატარებული გიორგი ჩუბინაშვილს, მიხეილ ქავთარიასა და ბაბილინა ლომინაძეს, რაც დაინტერესებულ მკითხველს მეტად წაადგება.
VI საუკუნიდან გარეჯის მრავალმთის უდაბნოს მონასტრებმა მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარეს. ზოგიერთი მონასტერი ხან გაუკაცრიელდებოდა ხოლმე, ზოგჯერ კი აღორძინდებოდა და ჰყვავოდა სამონასტრო ცხოვრება. მრავალმთის უდაბნოს IX საუკუნის მოვლენებია ასახული „ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“. ამ ტექსტიდან ირკვევა, რომ ილარიონ ქართველი დავით გარეჯის მონასტერში 836 წელს, 14 წლის ასაკში მისულა, სადაც „მრავალნი კაცნი მოღვაწენი“ უნახავს და მახლობელ მთაში მდებარე მცირე ქვაბში დამკვიდრებულა. აქ მას მოგვიანებით სხვა ბერებიც შედგომიან. წმიდა ცხოვრებით მალე გაუთქვამს სახელი და რუსთველი ეპისკოპოსის ყურადღება მიუპყრია. გარეჯში ყოფნის დროს ეპისკოპოსს წმიდა ილარიონი მღვდლად უკურთხებია.
როგორც აღვნიშნეთ, დავით გარეჯელის მონასტერში ფერიცვალების ეკლესიის მშენებლობა რუსთავის ერისთავს ბუბაქარს უკავშირდება, ხოლო მისი გაფართოება – ილარიონ ქართველს. წმიდა ილარიონმა დააფუძნა დედათა მონასტერი, რომელიც გ. ჩუბინაშვილის აზრით, სოფელ აკურაშია. წმიდა ილარიონს დიდი ღვაწლი მიუძღვის გარეჯის მონასტრის აღორძინებაში, გაფართოებასა და წინსვლაში.
XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა მრავალმთის მონასტრები სახელმწიფო ბეგარისგან გაათავისუფლა. სამეფომ მონასტრების მოვლა-მფარველობა ითავა, რამაც ხელი შეუწყო მათ დაწინაურებას.
დავით აღმაშენებლის ძე დემეტრე გარეჯში აღიკვეცა ბერად. იგი იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ტაძარში სამონაზვნო შესამოსელშია გამოსახული. გარეჯში მისი აღკვეცა მრავალმთის უდაბნოს განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დაწინაურებაზე მიუთითებს.
1245 წლით დათარიღებულ შიომღვიმის შეწირულობის სიგელში ნახსენებია: „სამნივე უდაბნონი გარესჯისანი“, ხოლო 1259-1260 წლით დათარიღებულ რკონის მონასტრის შეწირულობის სიგელში მოხსენიებულია: „სამისავე უდაბნოჲსა გარესჯისა მოწესენი და ყოველივე ერთსულობით დაუმტკიცებთ“. ამ ამონარიდებიდან ირკვევა, რომ იმ დროს სულ მცირე სამი მონასტერი ყოფილა მოქმედი.
1265 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავით გარეჯა და მისი მიდამოები. მეფე დემეტრე თავდადებულის მეფობის დროს (1271-1289) სახელმწიფო მოხელემ – სადუნმა „მისცა ხალენი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქვეყანა გარესჯისა“. დემეტრე თავდადებულმა, როდესაც ურდოში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, შეკრებაზე მოუწოდა „უდაბნოთა გარესჯისა მღდელ-მონაზონთა“. ამ დროს დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდნენ პიმენ სალოსი, ლეკთა განმანათლებელი და მასთან ერთად მოღვაწე ანტონი მესხი, მეფეთა მამხილებელი. მათი ხსენების დღეა ძველი სტილით 16 მარტი.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობისას, გარეჯის მრავალმთის უდაბნოს პოლიტიკური გავლენაც ჰქონდა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვასა და ასევე, სამეფო დარბაზის მუშაობაშიც. „ჴელმწიფის კარის გარიგებაში“ მოხსენიებულია „გარეჯული ძღვენი“.
XIV საუკუნის ბოლოს საქართველოს უდიდესი განსაცდელი დაატყდა თავს. ქვეყანას მრავალგზის შემოესია თემურლენგი. მისმა ჯარებმა მოსახლეობის დიდი ნაწილის ამოწყვეტასთნ ერთად, დაანგრიეს და გადაწვეს შენობები, წაასხეს პირუტყვი, ძირფესვიანად დათხარეს და გაანადგურეს ბაღ-ვენახები. თემურლენგის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის წელში გატეხა და სულიერად გაპარტახება.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, გარეჯის მრავალმთის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრება საგრძნობლად შესუსტდა. ანტონ პირველი წერს: „ხოლო ბარბაროსნი მოოჴრებად ქართლისა განეფინნეს და რაჲმეღა დაშთეს ვნებანი, რომელი არა მიიღო მაშინ ქართლმან, რამეთუ წმიდანი ეკლესიანი და ყოველნი პალატნი ცეცხლითა და დარღვევითა აღისჴნეს, მონასტერნი მოცეცხლნეს ყოველნი, და მონაზონნი და მოწესენი და ქალწულნი მახჳლისა მიმართ და ტყუჱობისა მივიდეს. მაშინ მღუდელნი, დიაკონნი უწყალოდ მოიკლეოდეს და ჩინებულება და პატიოსნება ნათესაობითი თჳთოეული მივიდა უპატივობად“.
მეფე ალექსანდრე (დიდი) პირველის ძალისხმევით და შემწეობით მრავალმთის უდაბნოს მონასტრებმა კვლავ დაიწყეს აღორძინება. 1424 წელს მან გარეჯში მოქმედი მონასტრები მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას დაუქვემდებარა. აქვე მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს, რომელებიც გარეჯის მრავალმთის მონასტერთა ირგვლივ იმდროინდელ ვითარებას ცხადყოფს: „ჩუენთა პაპათა და ნათესავთაგან გამართულნი უდაბნონი გარესჯისანი ჟამთა ვითარებითგან აგარიანთ ჴელისაგან მოშლილ იყო (1428 წ.); „ჟამთა ვითარებისა და შლილობისაგან მცხეთისა და გარესჯისა უდაბნოთა მამულთა მთანი მემზღურენი შემოეცალნეს“(1438 წ.).
სიგელ-გუჯრებიდან ირკვევა: რომ 1443 წელს დავით გარეჯისა და დოდოს სახელობის მონასტრები მოქმედნი იყვნენ; რომ საქართველოს კათოლიკოსი შიო იყო; რომ მეფე ალექსანდრემ 1479 წელს ახალი გუჯრებით დაუმტკიცა მონასტრებს კუთვნილი ქონება. 1503 და 1513 წლების დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ დროს გარეჯის მამულის შემოსავლის ნახევარი მცხეთას მიეკუთვნებოდა. მეფე ალექსანდრე, რომელიც ცდილობდა ხელი შეეწყო მრავალმთის მონასტრების წინსვლისთვის, ბოლოს დავით გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა სახელით – ათანასე. ანტონ პირველი მის სასულიერო მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევს: „თჳთ მონაზონ იქმნა და სახელ იდვა ათანასი და გაბრწყინდა ღვაწლითა მონაზონებისაცა“.
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარეჯში მოღვაწე ბერთა რაოდენობის შესახებ წერს: „მეჩვიდმეტე საუკუნეს წინეთ ამ მრავალ მთის უდაბნოში იყვნენ უმეტეს თორმეტი ათასის კაცისა, აღვსებულთა კეთილითა და პატიოსანის ცხოვრების მოღვაწეობით“.
XVII საუკუნე საქართველოსთვის მძიმე გარემოებებით დაიწყო. სპარსეთში გამეფდა შაჰ-აბასი, რომელმაც სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს. მას სურდა ქართველობა გაემუსულმანებინა, გადაეჯიშებინა და ამოეჟლიტა; ქალები და ბავშვები ირანში გადაესახლებინა და საქართველოში ჩამოესახლებინა ირანელები. სამი წლის განმავლობაში (1614-1617) მხოლოდ კახეთში მტარვალმა ასი ათასი კაცი მოკლა, ორასი ათასი კი ირანის სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლა.
შაჰ-აბასის სისასტიკე მრავალმთის უდაბნოსაც შეეხო. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია გარეჯა. 1616 წლის აღდგომა ღამეს შაჰ-აბასი მრავალმთის უდაბნოში დაბანაკებულა. მას ღამე მწკრივად მოძრავი შუქი შეუნიშნავს. ეს იყო დავით გარეჯში ლიტანიობაზე მყოფი ბერების სანთლებიდან გამომკრთოლვარე შუქი. როდესაც შაჰს აუხსნეს საქმის ვითარება, მან ბერების ამოხოცვა ბრძანა. ამის შესახებ ანტონ კათოლიკოსი წერს: „მაშინ უღმრთოთა მათ აღაოჴრნეს ყოველნი მონასტერნი, რამეთუ მომზრახობენ მათგან მოოჴრებულთა მათ ათორმეტ მონასტრად, რომელნიცა გარეჰსჯისა უდაბნოსა შინა და კიდეთა მცირისა ალაზნისათა შენნი იყუნეს... მრავალი მათგანნი მოჰწყჳდნეს შინაგან წმიდისა ეკლესიისა, რომელნიმე წმიდასა შინა საკურთხეველსა და რომელნიმე დაჰკლნეს თჳთ წმიდასა ზედა ტრაპეზსა უწყალოდ“. გადმოცემით, გარეჯის მრავალმთაში შაჰ-აბასმა აღდგომა დღეს 6000-მდე ბერი მოკლა. ბერთა მარტვილობის შესახებ 1639 წელს მეფე თეიმურაზ პირველის დაწერილი დოკუმენტიც გადმოგვცემს.
6000 წამებულ ბერთა წმიდა ნაწილების შესახებ გაბრიელ მცირე შემდეგს მოგვითხრობს: „ვითარცა გვასმიეს წმიდათა მიერ წერილთა, ოდეს მოოხრდეს მონასტერნი ესე უსჯულოთაგან, მუნ დავითის მონასტერსა შინა მოსრნეს იგი მამანი, ხოლო აქა, ნათლისმცემლის მონასტერსა – ესე მამანი. და შემდგომად კახთა მეფემან ალექსანდრე მესამემან შეამკუნა სამარტვილოჲთა ნაწილნი იგინი მუნ და ესენი აქა და ორგანვე ერთ სახედ ეკკლესიასა შინა ჩრდილოეთით კერძო მსგავსად საწნახელისა აღაშენა და მათ შინა დაასვენნა ნაწილნი იგი პატივით“. ხოლო საძვალის მდებარეობის შესახებ წმიდა გაბრიელი გვაუწყებს: „ამის მონასტრისა [ნათლისმცემლის] მცირედ უშორეს, ძველ მონასტერში“ არის დაკრძალული და რომ „გვასმიოდა უმრავლესობაცა მუნ ნაწილთა წმიდათა“ (იგულისხმება, რომ ხსენებულ მონასტერში უფრო მეტი წმიდა ნაწილია დაკრძალული, ვიდრე დავით გარეჯელის სახელობის მონასტერში).
მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ გაბრიელ მცირის ეს ცნობა და ამის გამო, მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო წამებულის მონასტერში მდებარე მოწამეთა საძვალის დღევანდელ მდგომარეობაზე.
2018 წლის 2 აპრილს ვიყავი გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში, სადაც ამ დროისთვის მოღვაწეობს ბერი ნეოფიტე (ჯობავა). გაბრიელ მცირის მიერ გადმოცემული ცნობების საფუძველზე, ბერ ნეოფიტესთან ერთად მოვიძიეთ ადგილი, სადაც მარტვილ ბერთა წმიდა ნაწილები უნდა ყოფილიყო დაკრძალული. იქ აღმოჩნდა ორი ადამიანის სამარხი და არა ის საძვალე, რომელიც გაბრიელ მცირეს აქვს მოხსენიებული.
2018 წლის 21 ოქტომბერს ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ჩამოვიდნენ შესაბამისი სპეციალისტები ამ სამარხის დასათვალიერებლად. მათი პირველადი შეფასებით, ის იმგვარადაა მოწყობილი, როგორც დავით გარეჯელის სამარხი. ეს გარემოება მიუთითებს მის სიძველესა და მნიშვნელობაზე.
2018 წლის 27 ოქტომბერს მოვინახულეთ წამებულის მონასტერი, რადგან ნათლისმცემლის მონასტერში მცხოვრებმა სიმონ გულედანმა მიამბო იქ ნანახი ძვლების შესახებ. თან მახლდნენ კოსტანტინე ბლიაძე და პავლე მახარობლიშვილი. ადგილზე მისულებმა მცირე გამოქვაბულში მართლაც ვნახეთ მიწაზე ამოყრილი ძვლები. მიწის ზედაპირულად დათვალიერების შემდეგ თვალსაჩინო გახდა, რომ ეს ქვაბი იყო საძვალე, რომელშიც მრავალი ადამიანის ნეშტი იყო დასვენებული; სწორედ ის, რომლის შესახებაც წმიდა გაბრიელი „ჯუარშემოსილში“ იუწყებოდა.
ამ საძვალესთან დაკავშირებით იმავე დღეს ვესაუბრე ეპისკოპოს ვახტანგ ლიპარტელიანს და არქიმანდრიტ იოანე კიკვაძეს. მოვლენების თვალსაჩინოებისთვის გადავიღე ფოტოები.
ამ საკითხის ირგვლივ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, 20 წლის წინ ზაზა სხირტლაძეს ჰქონია სტატია გამოქვეყნებული, მაგრამ მას განვითარება არ მოჰყოლია.
2018 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მივმართე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სადაც დამპირდნენ შესაბამისი ჯგუფის გაგზავნას და ობიექტის შესწავლის დაწყებას. 26 დეკემბერს მივიღე მათგან წერილობითი პასუხი, სადაც მატყობინებდნენ, რომ საძვალის მდგომარეობა უცვლელია და კვლავაც მიადევნებდნენ ყურადღებას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოს წარმომადგენლებთან საუბრისას ცხადი გახდა, რომ იურიდიულად მათ მეტის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, რადგან მიწა საპატრიარქოს კუთვნილება იყო და ამ საკითხის ირგვლივ ზრუნვა მასვე ევალებოდა.
2019 წლის იანვარში დავუკავშირდი მიტროპოლიტ დავითს (მახარაძე) და მოგვიანებით შევხვდი დეკანოზ ბესარიონს (მენაბდე), რომელთა აზრით საჭირო იყო აღნიშნული საკითხის საპატრიარქოში, სპეციალურ კრებაზე განხილვა. ამ კრებაზე, რომელსაც მეუფე დავითი ხელმძღვანელობდა, დეტალურად ვისაუბრე გარეჯის მონასტერთა საძვალეების სათანადოდ შესწავლისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ, კერძოდ კი – წამებულის მონასტერში მდებარე საძვალის მოვლა-პატრონობაზე. კრებამ დაადასტურა საძვალის მოვლისა და დაცვის აუცილებლობა.
2019 წლის მარტსა და ოქტომბერში, ასევე 2020 წლის აპრილსა და ოქტომბერში კვლავ გახლდით გარეჯში. წამებულში მდებარე წმიდა საძვალე ისევ მოუვლელი იყო, რაც მეტად დასანანია. გარეჯში ჩვენი წმიდა ბერების საძვალეთა მოვლა-პატრონობა გადაუდებელი საქმეა. ამ მხრივ თითოეული დაგვიანებული დღე შეიძლება მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
ახლა კი კვლავ XVII საუკუნეში გარეჯის მრავალმთაში განვითარებული მოვლენების შესახებ:
1639 წელს თეიმურაზ პირველის დაწერილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 6000 ბერის დახოცვის შემდეგ გარეჯში კიდევ დარჩენილან მოღვაწე ბერები, და რომ მრავალმთის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრება კვლავ მიმდინარეობდა. მეფე თეიმურაზი იქვე აღნიშნავს: რადგან მტერთა შემოსევების გამო სამეფო დასუსტებულია და მონასტერშიც მონაზვნების რიცხვი მცირეა, მხოლოდ იმდენ შესაწირს გავცემ, რამდენიც ამ ეტაპზე თქვენთვის საკმარისი იქნებაო; ხოლო, როდესაც მონაზონთა რიცხვი გაიზრდება, ჩვენ წინაპარ მეფეთა მიერ განწესებულ შესაწირს სრულად აღგიდგენთო.
იგივე დოკუმენტიდან ვგებულობთ, რომ თეიმურაზ მეფეს დავით გარეჯის წინამძღვრად მარკოზი განუწესებია. მარკოზ წინამძღვრის შესახებ გაბრიელ მცირეც გვაწვდის ცნობებს: „მითხრობდეს ყოვლადღირსისა და პატიოსნისა წინამძღვრისა ვისთვისმე სახელად მარკოზ წოდებულისა, ვითარმედ: მცირედნი ოდენ ძმანი ჰყვნეს და წმიდათა დიდთა მარხვათა შინა იღვწიდეს კეთილად“.
1661 წელს ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მისულან ნეტარხსენებული ბესარიონი, მისი ძმა სვიმონი და ონოფრე ჩივაძე და იქ სამშენებლო სამუშაოები დაუწყიათ. როგორც ჩანს, სამონასტრო ცხოვრების აღდგენისთვის ასეთი სამუშაოები აუცილებელი იყო.
1664 წელს კახეთში არჩილი გამეფდა. იგი დიდად უწყობდა ხელს გარეჯის მრავალმთის მონასტერთა განვითარებას. შემორჩენილია არჩილ მეფის საბუთი, საიდანაც ჩანს, რომ გარეჯელები და ჩერქეზები მთის შესახებ დაობდნენ. 1672 წლის საბუთით არჩილმა გარეჯის მონასტრებს შემოსავალი დაუმტკიცა. იგი ორგანიზაციულ საქმეებშიც ერეოდა და ცდილობდა სიძნელეების დასაძლევად საუკეთესო გამოსავალი ეპოვა ხოლმე. 1673 წელს დავით გარეჯის მონასტერში ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ანდრონიკაშვილი)ჩასულა და მთელი დიდმარხვა იქ გაუტარებია. ეს ფაქტი მონასტრის გამართულად მოწყობაზე მეტყველებს.
XVII საუკუნის ბოლოს „ხუცეს-მონაზონი სიმონ [ორბელიანი] და მისი ძმა დიაკონი ბესარიონი [შემდგომ კათოლიკოსი], მონაზონი შილა და ბერი ონოფრე ჩივაძე მივიდნენ ნინოწმინდელ იოსებთან [1655-1705, არაგვის ერისთავის ძე] და შემწეობა სთხოვეს. რადგან იოსებმა უარი უთხრა, „ჰყვედრა და აგინა“ კიდეც, ბერ-მონაზონნი მივიდნენ ნიკოლოზ სამებელთან (1675-1705, ჩოლოყაშვილი, შემდეგ ალავერდელი). ნიკოლოზმა ბერ-მონაზვნებს ჭეშმარიტად მამობრივი ზრუნვა აღმოუჩინა და დაეხმარა „განწმედითა და განახლებითა ეკკლესიისა და მონასტრისათა, ეკკლესიის სამსახურებელის ნივთებითა ყოვლითავე და წიგნებითა, შესამოსლითა და საზრდელითა“. ამ მიზეზით „გამოეხვა მონასტერი იგი ნინოწმინდელთა და ჰმართვიდენ მას კაწრელნი-სამებელნი“.
მრავალმთის უდაბნო სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო. „ილარიონ ქართველის ცხოვრების“ მიხედვით, იგი რუსთავის ეპარქიაში შედიოდა. შემდეგ ნინოწმინდელის და სამებელის დაქვემდებარებაში იყო. სხვადასხვა დროს კი ასევე ექვემდებარებოდა ბოდბის, ალავერდისა და ნეკრესის ეპარქიებს.
1690 წლის 12 მარტს კათოლიკოსმა იოანე დიასამიძემ დავით გარეჯის წინამძღვრად განაწესა ონოფრე მაჭუტაძე, ძმა მაქსიმე ბოვნელ ეპისკოპოსისა (1696-1712), რომელმაც განაახლა უდაბნო და მოუპოვა ბევრი ძვირფასი წიგნი, სამკაული და შემოსავალი. ჰიმნოგრაფმა ნიკოლოზ მაღალაშვილმა მას გარეჯის მეორედ აღმშენებელი უწოდა.
დაახლოებით 1691 წელს ლეკები თავს დაესხნენ დავით გარეჯის მონასტერს და ბერები დახოცეს. მარტვილნი ონოფრე მაჭუტაძეს დაუსვენებია დავითის საფლავის სამხრეთით და დაუწესებია მათი ხსენების დღე – 1 ივნისი.
XVII საუკუნის ბოლოს მეფე ერეკლე პირველის ხელშეწყობით, ონოფრე მაჭუტაძემ დავით გარეჯის მონასტერზე გალავანი შემოარტყმევინა და თავდაცვითი ნაგებობები ააშენებინა. ეს სამუშაოები 1695 წლისთვის დაუსრულებიათ.
წინა საუკუნეებთან შედარებით XVIII საუკუნის ცნობები გარეჯის მრავალმთის შესახებ მდიდარია. XVIII საუკუნეში გარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ.
1702 წელს საეკლესიო კრებას შემდეგი გადაწყვეტილება მიუღია: თუ ბერი მრავალმთის რომელიმე მონასტერში მივიდოდა საცხოვრებლად, მაშინ მას გარეჯის სხვა მონასტერში გადასვლა ეკრძალებოდა. ამ დოკუმენტში იხსენიება მრავალმთის ოთხი მონასტერი: დავით გარეჯა, ნათლისმცემელი, დოდო და ბერთუბანი. აქედან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ზემოხსენებული ოთხი მონასტერი იმ დროისთვის მოქმედი იყო.
ვახტანგ მეექვსე დიდი ყურადღებით ეპყრობოდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსს. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მან აღადგინა მტკვრიდან გარეჯში გამოყვანილი სარწყავი რუ, რომელიც IV საუკუნის მეორე ნახევარში თრდატ რევის ძემ ბოსტან-ქალაქიდან (რუსთავი) უდაბნომდე გაიყვანა. ქალაქ რუსთავის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს: რუს თავი (არხის საწყისი ადგილი).
გარდა წერილობითი დოკუმენტებისა ამ ფაქტის შესახებ არსებობს თვალსაჩინო მასალა, მათ შორის რუკები, რომელნიც საქართველოს იმ მიწებს ასახავს, სადაც ეს არხი გამდინარეობდა. ის გადიოდა საკმაოდ ღრმად, ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრის ქვემოთ, დაბლობზე, ტერიტორიაზე, რომელიც დღეს უყურადღებობით თუ დაუდევრობით სადაოც კი გამხდარა.
დიდ ინტერესს იწვევს არსებული რუკები, რომლებშიც დავით გარეჯის უდაბნოა ასახული. ეს რუკები საშურ მასალას მოიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის ისტორიის შესასწავლად, რაც სერიოზული მეცნიერული კვლევის საგანია. ჩვენ კი, მაგალითისათვის წარმოგიდგენთ 1723 წლით დათარიღებულ რუკას, რომელიც გიიომ დელილმა სპარსეთის საელჩოს ელჩების მონაწილეობით გამოსცა პარიზში. ამ რუკაზეც აღნიშნულია მრავალმთის მონასტრები და მის შემოგარენში არსებული საქართველოს მიწები.
გარეჯის მრავალმთაში, კლდეში ნაკვეთ მონასტერ – უდაბნოს კომპლექსში, ნაპოვნია მოზრდილი საწნახელი. ცნობილია, რომ მრავალმთის უდაბნოს მიწებს არა მარტო საძოვრებად იყენებდნენ, არამედ იქ მეურნეობასაც მისდევდნენ. ამის დოკუმენტური დასტურია „გარეჯული ძღვენი“, რომელიც ოდითგანვე მეფეებს მიერთმეოდათ. მათ შორის – მოსავალი, რომელიც უწყლო ადგილას ვერ მოვიდოდა. ნაწილობრივ ესეც უნდა ყოფილიყო ხსენებული არხის დანიშნულება. ცხადია, ქართული სამეფო კარი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ გაიყვანდა სარწყავ არხს.
ვახტანგ მეექვსის მითითებით შეუდგენიათ მონასტერთა სხვადასხვა შენობების გეგმები. ვახტანგ მეფეს პოეტურ ნაწარმოებშიც აქვს გამოხატული ამ წმიდა ადგილისადმი თავისი დამოკიდებულება. მასში წარმოსახულია გარეჯის მნიშვნელობა საქართველოს სიმტკიცისათვის:
„ამას უკან სულისათვის უდაბნონი მოილოცე,
წმიდას დავითს თაყვანი ეც, ერთი მადლი გაიოცე,
ბერთუბანო ჩიჩხიტურით, ცოდვა ჩემი ამიხოცე!
და ნათლისმცემლით წამებულო, დოდოვ, მტერი დამიხოცე!“
ამ პოეტური პასაჟიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მასში ჩამოთვლილი მონასტრები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სულიერი აღმავლობისა და სიმტკიცისათვის.
XVIII საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებულად დაწინაურდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი, იმდენად: „რომ თავისი შესაძლებლობებით დავითის ლავრასაც კი გაუსწრო. ამბობენ, რომ მაშინ იქ 1200-მდე სენაკი იყოო“.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართლ-კახეთში რთული მდგომარეობა შეიქმნა ლეკთა თარეშის გამო. მრავალმთის მონასტრებშიც ასევე სახიფათო გამხდარა დარჩენა. ამის გამო ბერების ნაწილი დროებით მონასტრიდან წასულა.
XVIII საუკუნის შუა წლებიდან საუკუნის ბოლომდე მეფე ერეკლე II და მისი ვაჟი გიორგი მოვლა-მზრუნველობას არ აკლებდნენ მრავალმთის უდაბნოს. სამეფო კარის ხელშეწყობით განუახლებიათ მონასტრის გალავანი და ნაგებობები. მეფე ყოველმხრივ ეხმარებოდა მონასტერს; იქნებოდა ეს თავდაცვისთვის საჭირო ტყვია-წამალი, სამშენებლო მასალა თუ სხვა რამ.
მეფე ერეკლეს გუჯრიდან ჩანს, რომ იმ დროს მხოლოდ ორი მონასტერი ყოფილა მოქმედი – დავით გარეჯელისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის. დანარჩენი ათი მონასტრის შეკეთების სურვილიც ჰქონდა მეფეს. იგივე საბუთიდან ჩანს, რომ ერეკლე მეორეს დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნო ნინოწმინდელის დაქვემდებარებაში იყო.
დავით გარეჯის წინამძღვრის, გერმანესადმი ერეკლე მეფის 1773 წელს დაწერილ გუჯარში კარგადაა გამოხატული მეფის განწყობა გარეჯის მონასტრებთან დაკავშირებით: „ერთი ბერი რომ არ დადგეს, მე მაგ მონასტერს არ დავცლი და არც უკაცოდ გავუშვებ. ბერი რომ არავინ დადგეთ, ერისკაცს და ხუცესს ხომ ბევრს ვიშოვი, რომ დავაყენო ღმრთის შეწევნით“.
მეფე ერეკლე უფრთხილდებოდა მონასტრის ქონებას. ცნობილია მისი ბრძანება, რის თანახმადაც მან აკრძალა საეკლესიო ქონების გაყიდვა. გაყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ უნდა ეცნობებინათ მონასტრის წინამძღვრისათვის; ხოლო წინამძღვარს მეფისგან უნდა აეღო ნებართვა. თუ ვინმე საეკლესიო ქონებას ნებართვის გარეშე გაყიდდა, მყიდველს ჩამოერთმეოდა ნაყიდი, ხოლო გამყიდველი ხიზნობას მიეცემოდა.
XVIII საუკუნის სამოციან წლებში, ლეკთა შემოსევების გამო, დოდოს სახელობის მონასტერი დაიკეტა. მისი მოძრავი და უძრავი ქონება დოდოს მონასტრის აღდგენამდე დავით გარეჯის მონასტერს გადაეცა.
XIX საუკუნე გარეჯის მრავალმთაში მოქმედ მონასტერთათვის შედარებით მშვიდი იყო, თუმცა მათ ლეკები დროდადრო მაინც ესხმოდნენ თავს. მშვიდობიანობის მიუხედავად, მონასტრებმა ძველებურად ნაყოფიერი მუშაობა ვერ განაგრძეს და ნელ-ნელა დამცრობა დაიწყეს. ამ დაღმასვლას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა.
1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი მეფე გარდაიცვალა. ექვსი დღით ადრე რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერიასთან ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების მანიფესტს, რითაც უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია მოახდინა.
1802 წლის 12 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს რუსეთის იმპერიის გადაწყვეტილება რუსეთთან საქართველოს სამეფოს შეერთების, საქართველოს ანექსიის შესახებ. ამ დროიდან დაიწყო ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრების დევნა.
1811 წლის 30 ივნისის ბრძანებით, რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული ეკლესია რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა გააუქმეს. ამ დროიდან საქართველოს ეკლესიას მართავდა რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნული ეგზარქოსი. რუსეთიდან დანიშნული სასულიერო და საერო პირები მეტწილად კეთილგანწყობილნი როდი იყვნენ ქართველების მიმართ, დევნიდნენ კიდეც ქართულ ენასა და კულტურას.
1818 წელს დავით გარეჯის მამულები სახელმწიფო ხაზინაში გადავიდა.
ყურადღებას იპყრობს შემდეგი ისტორიული ფაქტი: 1851 წლის 19 ივლისს დავით გარეჯის მონასტერში შეიპარა ოცამდე ლეკი, რომელთაც იქ მყოფი ბერები ამოწყვიტეს. ეს წმიდა სავანე არაერთხელ გამხდარა ურწმუნოთა, მძარცველთა და შემოსეულ მტერთა თავდასხმის ადგილი. ამ თავდასხმებიდან განსაკუთრებით მძიმე ყოფილა შემოსეულ მტერთა თარეში: „1) მეთექვსმეტე საუკუნეში, 2) 1772 წელში, 3) 1851 წელში და 4) 1857 წელში“.
1858 წლის 5 იანვარს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად გაბრიელ ქიქოძე აკურთხეს. იმავე წლის 6 დეკემბერს იგი გორის ეპისკოპოსად დაადგინეს.
დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან წამოღებული ქვის შესახებ, რომელზედაც უკვე გვქონდა საუბარი, საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ტარასი არქიმანდრიტი და კალისტრატე მღვდელ-მონაზონი. პირველი წყაროს ცნობით, 1811, ხოლო მეორის – 1816 წელს, დავით გარეჯის მონასტერში ეკლესია განუახლებია არქიმანდრიტ ილარიონს (ვაჩნაძე). საჭიროებისდა მიხედვით გაუსწორებია კანკელის ოთხკუთხიანი სვეტი, რომელიც წმიდა დავითის საფლავის ფერხთა მიმართულებით მდებარეობდა. ამ სვეტის ნახევრის ჩამოქცევისას გამოჩენილა კედელი, რომელზედაც წმიდა დავით და დოდო იყვნენ გამოსახული, მხიარული სახით ერთმანეთის ხელებზე ამბორისმყოფელნი, წარწერით: „ხატი წმიდა დავითისა, იერუსალიმიდამ მოსულისა“.
ამ კედლის უკან სხვა კედელიც აღმოჩენილა, ასევე – თახჩა და მასში არსებული მცირე ღრმული, რომელშიც იერუსალიმიდან წამოღებული მადლის ქვა იყო ჩაბრძანებული. ეკლესიის ადგილას, ნიადაგში ადგილი იყო ამოკვეთილი. ღირსი მამა დავითი იქ ცხოვრობდა, იქვე აღესრულა და იქვე დაკრძალეს. შემდგომ სწორედ ეს ადგილი გარდაქმნეს ეკლესიად.
1857 წელს დავით გარეჯის მონასტერი კვლავ ლეკებს აუკლიათ. ტყვედ წაუყვანიათ მღვდელ-მონაზონი მიტროფანე და ორი მორჩილი. ნაძარცვთან ერთად იერუსალიმიდან წამოღებული ქვაც წაუღიათ. მამა მიტროფანეს შეუნიშნავს, თუ სად დამალა შინ მისულმა ლეკმა ქვა. როდესაც იგი ლეკებისგან განთავისუფლებულა, სამალავიდან წმიდა ქვა აუღია და მონასტერში დაუბრუნებია.
ტარასი არქიმანდრიტისა და კალისტრატე მღვდელ-მონაზონის ცნობით, ამ ქვას მხოლოდ წმიდა დავითის ტაძრის დღესასწაულზე გამოაბრძანებდნენ ხოლმე. მათივე თქმით, ეს დღესასწაული აღესრულება „ყოველთვის ამაღლების სწორედ დღესა ხუთშაბათსა“. ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ 1895 წლის ნოემბრის გაზეთი „ივერია“ ამცნობდა მოსახლეობას: დავით გარეჯის მონასტერში აღვლენილ წირვაზე მადლის ქვა გამოაბრძანესო.
სხვადასხვა მომხდურთა, მათ შორის ლეკთა, შემოსევებისა და დარბევების გამო, გარეჯის მრავალმთის მონასტრებს უჭირდათ სამონასტრო საქმიანობის სათანადოდ წარმართვა. 1864 წელს ტარასი არქიმანდრიტის ცნობით, მრავალმთაში მხოლოდ ორი მონასტერი – ლავრა და ნათლისმცემელი იყო მოქმედი.
გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს თაოსნობით, 1880 წელს დავით გარეჯში ეკლესიის კედლები შეუკეთებიათ. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა გიორგი.
1880 წლის 16 მარტს, მიხეილ საბინინის მოწადინებით, წმიდა დოდოს ნაწილები დოდოსრქიდან დავით გარეჯელის მონასტერში გადმოუსვენებიათ. ამ დროს ხსენებული მონასტერი მოქმედი აღარ ყოფილა. ჩამონგრეული ყოფილა წმიდა დოდოს სამარხის სამხრეთი მხარეც და საფლავში წყალი ჩადიოდა.
კალისტრატე მღვდელ-მონაზონი მრავალმთის უდაბნოს 1884 წლის მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერს: „დღეს მხოლოდ არსებობს ეს პირველად დაარსებული წმიდა დავითის უდაბნო, როგორც უწინარეს ყოველთა დაარსებული და მეორე – ნათლისმცემლის უდაბნო; ხოლო სხვანი ყოველნი, სამწუხაროდ, იხილვებიან უქმად და ბუდედ ორბთა, ღრმად წარმომადგენელნი სიძველეთა მათთა“. ამ დროს დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი იყო საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის წევრი, არქიმანდრიტი გრიგორი (დადიანი). იქვე მოღვაწეობდნენ: სამი მღვდელ-მონაზონი, ორი იეროდიაკონი, ოთხი მორჩილი, ექვსი შეგირდი, ერთი ჩაფარი და სამი მოსამსახურე.
1897 წლიდან 1898 წლის 17 აპრილამდე მღვდელ-მონაზონი ლეონიდე გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი იყო. იმ დროს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ორი მღვდელ-მონაზონი და სამი მორჩილი იყო. 1902 წელს კი, დოდოს სახელობის მონასტერში აღარავინ დარჩენილა.
წმიდა სინოდის 1900 წლის 10 აპრილის ბრძანების საფუძველზე, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად ნახარებაოს მონასტრის სქემმღვდელ-მონაზონი ბენედიქტე დანიშნეს და იღუმენის წოდება მიანიჭეს. 1901 წლის აგვისტოში ავადმყოფობის გამო, ასევე წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მამა ბენედიქტე სამეგრელოში, ხობის მონასტრის უშტატო წევრად გადაიყვანეს.
1902 წლის 16 მარტს რუსეთის სინოდის განკარგულებით, გიორგი ალადაშვილი იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად შეიყვანეს და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1905 წლის 29 აგვისტოს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი გიორგი ეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანეს.
1909 წლის 29 მაისს პიროსი ოქროპირიძე იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად შეიყვანეს და დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩიეს, ხოლო 1915 წლის 10 დეკემბერს იგი ალავერდელი ეპისკოპოსი გახდა.
1910 წლის იანვრიდან ანტონ გიორგაძე გარეჯში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1911 წლის 7 ივნისს იგი თბილისის ფერიცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს; შემდეგ კი, ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს.
საბჭოთა მმართველობის პირობებში, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ეკლესიებსა და სამონასტრო კომპლექსებს უყურადღებოდ, მტრულადაც კი ეკიდებოდნენ. ამ დროს დაანგრიეს მრავალი ეკლესია-მონასტერი, ბევრი მათგანი დააზიანეს, შეილახა არაერთი ფრესკა და გაიძარცვა საეკლესიო სიმდიდრე.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 1948 წელს გიორგი ჩუბინაშვილის შესანიშნავი წიგნის – „დავით-გარეჯის გამოქვაბულთა მონასტრები“ გამოცემის პარალელურად, დავით გარეჯში საარტილერიო პოლიგონი გახსნეს. ამ დროიდან პოლიგონზე სროლების შედეგად წარმოშობილი რხევის ტალღები აზიანებდა მონასტრებსა და მიმდებარე ნაგებობებს. სამხედროები ზოგჯერ მიზანმიმართულადაც ესროდნენ ჭურვებს მონასტრებს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი განადგურების შემდეგ იმ ადგილას პოლიგონის არსებობა აღარ მიიპყრობდა ყურადღებას. ხშირად ფრესკებს განგებ აზიანებდნენ – მათზე სახელებსა და წინადადებებს კაწრავდნენ, ზოგჯერ კი სამიზნედ იყენებდნენ.
ეს სიბოროტე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მრავალმთის კომპლექსს გამოუჩდნენ დამცველები, რომლებიც სამხედრო საწვრთნელი ბაზის გაუქმებას ითხოვდნენ. ამ პრობლემის წინააღმდეგ შემდგომში, სხვებთან ერთად, დაიწყო ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.
ფაქტები სავალალო იყო. 1976 წლის მარტში გ. აბრამიშვილი წერდა, რომ 1956 წელს პოლკოვნიკმა ანდრეევმა სამიზნე ობიექტად გამოიყენა ბერთუბნის მონასტერი, რაც გამოიკვლია ძეგლთა ინსპექციის წარმომადგენელმა. იგი აღნიშნავდა: 1952 წელს, როდესაც ვნახე თამარის და ლაშა-გიორგის ფრესკები, ბევრად კარგ მგომარეობაში იყო, ახლა კი – 1976 წელს, ისინი თითქმის ჩამოშლილიაო.
1975 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭომ იმსჯელა გარეჯის მრავალმთის უდაბნოს მონასტრების შესახებ და მიიჩნია, რომ მათი მოვლა-პატრონობა, დაცვა და პოპულარიზაცია არ იდგა სათანადო სიმაღლეზე. მეტიც, ზოგ შემთხვევაში ძეგლები დარღვეული იყო, ფრესკები – შეგნებულად დაზიანებული, გამოქვაბულები და ტაძრები გადაქცეული ჰქონდათ პირუტყვის სადგომად, მიმდებარე მიწებს კი საძოვრებად იყენებდნენ. ამის გამო გადაწყვიტეს: კომპლექსების მიმდებარე ტერიტორია გამოცხადებულიყო მუზეუმ-ნაკრძალად, გახსნილიყო სამეცნიერო-სარესტავრაციო უბანი, მოგვარებულიყო წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემები, ყოველწლიურად გამოეყოთ თანხა ძეგლების აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, გაკეთებულიყო კეთილმოწყობილი გზა და სატელეფონო ხაზი.
მიუხედავად ამისა, 1975-1976 წლებში სამხედრო ვანდალებმა გაააქტიურეს თავიანთი უმსგავსო მოქმედება მრავალმთის უდაბნოში. 1974 წლის ოქტომბერში ვ. ბაცაცაშვილი დანიშნეს დავით გარეჯის მუზეუმის დირექტორად. იგი 1976 წელს წერდა, რომ მიზანმიმართულმა ჭურვებმა დააზიანეს მონასტრები. 1975 წლის 6 აგვისტოს ნასროლი ჭურვების აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი ჩიჩხიტურის, ლავრისა და წამებულის ტერიტორიებზე, რისი მოწმეც მე გახლდითო, – წერდა იგი. 1975 წლის 5 სექტემბერსაც სროლის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელმაც კინაღამ მოსპო ჩიჩხიტური, ლავრა და ნათლისმცემელიო, – წერდა ო. თაქთაქიშვილი.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ქართული კულტურის მოამაგეთა მცდელობით, კომუნისტების დამოკიდებულება ეკლესია-მონასრტების მიმართ გადასხვაფერდა. ახლა ისინი ეკლესიებსა და მონასტრებს განიხილავდნენ როგორც ისტორიულ ნაგებობებს და ამდენად, მათი დაცვისა და შემონახვის აუცილებლობას ხედავდნენ.
1980, 1981, 1983-1987 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა. 1991 წლის აპრილში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებას მრავალმთის უდაბნოში საბჭოთა პოლიგონის გაუქმების თაობაზე. მოგვიანებით საბჭოთა ჯარმა დატოვა პოლიგონი.
გარეჯის მრავალმთის კომპლექსი გამოირჩევა დიდი მზრუნველობითა და ღრმა ქრისტეანული ესთეტიკით შესრულებული შემკულობებით. კომპლექსში მოღვაწე ბერები, ასევე სამეფო კარი, ზრუნვას არ აკლებდნენ ამ უდიდეს ქრისტეანულ კერას.
მდიდარია გარეჯის მრავალმთის კომპლექსთა მოხატულობა. მეცნიერნი დღეისთვის შემორჩენილ ზოგიერთ ფრესკას IX საუკუნით ათარიღებენ. XIX საუკუნის მოგზაურს, მურავიოვს აღწერილი აქვს გარეჯის მრავალმთის უდაბნოს ეკლესიათა ფრესკები, საიდანაც ნაწილი დღეს ჩამოშლილია. მურავიოვის აღწერილობიდან ჩანს, რომ თითქმის ყველა ეკლესიაში, რომელიც მან მოინახულა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ მრავლად იყო შემორჩენილი ფრესკები. მიხეილ ქავთარია აღნიშნავს: „გარეჯული სკოლის ნაწარმოებები, რომლებიც ნაწილობრივაა დღესაც შემორჩენილი, მიუთითებენ სამხატვრო სკოლის დიდ ტრადიციებზე, შემსრულებელთა მაღალ და დახვეწილ გემოვნებაზე. ეს სამხატვრო სკოლა სტიმულს აძლევდა მთელ ქართულ ხელოვნებას“.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის მთავარ ტაძარში გამოხატულია დავით გარეჯელი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, დავით სოსლანი და ლაშა გიორგი, რომელთა ფრესკები იმდენად დაზიანებულია, რომ ისტორიული ჩანაწერებით ხერხდება მათი იდენტიფიცირება. ლავრაში გამოხატულია დავით გარეჯელი და ლუკიანე. დასახელებული ფრესკები დღეისთვის ცუდად არის შემონახული, მაგრამ მათ შესახებ ცნობები აქვს ჩაწერილი ექვთიმე თაყაიშვილს.
იგივე ვითარებაა ბერთუბნის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც ღმრთისმშობლის ცხოვრების აპოკრიფული ციკლია წარმოდგენილი. XX საუკუნის მიწურულს ტაძრის სამხრეთ ნახევარი ჩამოინგრა, რამაც ფრესკების დიდი ნაწილი გაანადგურა. საბედნიეროდ, შემორჩენილია ძველი ფოტოები. მათი წყალობით ხერხდება ტაძრის სურათის აღდგენა.
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ნეგატივები, რომლებიც შალვა ამირანაშვილის მიერ მეოცე საუკუნის ოციან წლებშია გადაღებული. მათზე ასახულია იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი.
გარეჯის მრავალმთის უდაბნოს გამოქვაბულ სამონასტრო კომპლექსებში მრავლადაა შემორჩენილი კლდეზე ამოკაწრული ნახატი, თუ წარწერა. მეცნიერთა მიერ ისინი სხვადასხვა დროით თარიღდება. კლდეზე ამოკაწრულია: მოვლენები, რომელნიც აღწერილია წმიდა წერილში; დავით გარეჯელის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდი; ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები – ირემი, ლომი, კურდღელი, ხარი, ფოცხვერი, ცხენი, მტრედი, კაკაბი, ფარშავანგი; ასევე გვხვდება თევზის, გველის და მორიელის გამოსახულებები. კლდეზე ამოკაწრული კომპოზიციები ძვირფას ცნობებს გვაწვდის საქართველოს იმდროინდელ ცხოვრებაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ მხრივ სათანადო, საფუძვლიანი კვლევა არ არის ჩატარებული.
გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ამ უდაბნოში არიან დაცულნი თითნი იოანე ნათლისმცემლისა ნაწილნი და მრავალნი [წმიდა ნაწილები] სხვათა ქართველთა მოწამეთა“. აქვე დაკრძალული არიან ქართველი მეფეები: ალექსანდრე პირველი ბაგრატიონი, რომელიც ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა (1442); მისი შვილი დიმიტრი, რომელიც ასევე დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა (გარდაიცვალა 1532 წელს); აქვე განისვენებს საქართველოს მეფის, გიორგი XII-ის მეუღლე ქეთევან ანდრონიკაშვილი (გარდაიცვალა 1782 წელს); აქვე განისვენებენ მღვდელმთავარნი: ნინოწმინდის მიტროპოლიტი იოსები (1711), ნიკოლოზ ნინოწმინდელი, ბოდბის მიტროპოლიტი იონა, რუსთავის მიტროპოლიტი დომენტი, ბოდბის მიტროპოლიტი დავითი, ქართლის მთავარეპისკოპოსი რომანოზი (1700) და სხვანი.
ქართველი მეფენი და სასულიერო პირნი, შემდგომ კი ჩვენი სახელოვანი მეცნიერნი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ გარეჯის მრავალმთის უდაბნოს მოღვაწეობას ქრისტეანობის დაცვის, განათლებისა და ქართული ლიტერატურის განვითარების თვალსაზრისით.
ივანე ჯავახიშვილი ბრძანებს: „ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო, საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოშია შენახული და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარი მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადაურჩნენ, რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა, რამდენად დაწინაურებული ქართული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე“
აკადემიკოსი ლეონ მელიქსეთ-ბეგი მრავალმთის უდაბნოზე წერს: „წარწერების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების მხრივ ამ რაიონს [მრავალმთის უდაბნო], შეიძლება თამამად ითქვას, ცალი არ ჰყავს მთელ საქართველოში, ისევე, როგორც კედლის მხატვრობის სიმდიდრითა და მაღალხარისხოვნობით-სიძველით იგი ერთადერთია არამცთუ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში... ეს კუთხე საქართველოს ისტორიისა, არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობისათვის ისეთი განძია, რომელსაც დიდებული ვარძია და უფლისციხე ვერასგზით ვერ შეედრება“.
გარეჯის კომპლექსის დაფუძნებიდან დღემდე ამ უძველესმა ქრისტეანულმა კერამ მრავალი ქარტეხილი გამოიარა. ისტორიული ფაქტები და დღემდე შემორჩენილი წერილობითი დოკუმენტები თვალნათელს ხდის იმ ურთულეს გარემოს, რომელშიც ამ კომპლექსში მოღვაწე პირებს უხდებოდათ ცხოვრება. მიუხედავად ამისა, აქ თავდადებით იცავდნენ მართლმადიდებლობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქართულ კულტურას, ეწეოდნენ საგანმანათლებლო საქმიანობას. ფასდაუდებელ არქიტექტურულ ძეგლებთან და მაღალი სულიერებით გამორჩეულ მხატვრობასთან ერთად, აქ შეიქმნა უმაღლესი ლიტერატურული ხარისხის არაერთი ნაწარმოები, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაში.