გარეჯის მრავალმთის მონასტრების მწიგნობრული ტრადიციები
გარეჯის მრავალმთის მონასტრებში სხვადასხვა დროს მოღვაწე მწიგნობრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაში. XVII-XVIII საუკუნეში მრავალმთის მონასტერთა მწიგნობრული მოღვაწეობის მნიშვნელობა საქართველოსთვის განსაკუთრებულად გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს გარეჯა ლიტერატურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის მხრივ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქართული საგანმანათლებლო ცენტრი იყო.
წმიდა პოლიევქტო კარბელაშვილის შეფასებით: „გიორგი მთაწმინდელის შემდეგ ათონის ივერიის მონასტერს ამა უდაბნომ [მრავალმთის] ჩამოართვა ყრმათა აღზრდის საქმე საქართველოში“.
XVII-XVIII საუკუნეებში გარეჯის მრავალმთის მონასტერთა კომპლექსში აღადგინეს ძველი ქართული საგანმანათლებლო კერების ტრადიციები. სწორედ ეს მიაჩნია მიხეილ ქავთრიას იმის მიზეზად, რომ „დავით გარეჯის უდაბნო გახდა მემკვიდრე ძველი ქართული სამწიგნობრო სკოლებისა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ გვიანფეოდალურ ეპოქაში ქართული საეკლესიო მწერლობისა და კულტურის მედროშეობა და წინამძღვრობა დაეკისრა გარეჯის სკოლას“.
არსებობს მეჩვიდმეტე საუკუნეზე ადრინდელი ლიტერატურული მასალა, რომელიც გარეჯის მრავალმთის უდაბნოს უკავშირდება და ასახავს იმ წინარე დროს, როდესაც გარეჯის ლიტერატურული სკოლა ფუძნდებოდა და ძალას იკრებდა. ამასთანავე შესაძლოა, რომ ადრეული ნაშრომების ნაწილი გარეჯში იყოს შექმნილი, ან იქიდან იღებდეს სათავეს. ამიტომ გარეჯის ლიტერატურული სკოლის შეძლებისდაგვარად სრული სურათის შექმნისათვის საჭიროდ ჩავთვალეთ ასეთი მასალის წარმოჩენა.
დღეისათვის შემონახული ყველაზე ძველი ლიტერატურული წყარო, რომელიც მრავალმთის უდაბნოს შესახებ გვაწვდის ცნობებს, არის „დავით გარეჯელის ცხოვრება“. ეს ტექსტი სამი რედაქციითაა ცნობილი:
X საუკუნეში დაწერილი, რომელიც მოკლე რედაქციად ითვლება (ხეც A 199) და სავარაუდოდ, ქართლის კათალიკოს არსენ მეორის (955-980) მიერაა შექმნილი. არსებობს აზრი, რომ ხსენებული ტექსტი უფრო ადრინდელია და არსენ კათოლიკოსს არ უნდა ეკუთვნოდეს.
მეორე, ვრცელი, მეტაფრასტული რედაქცია XII საუკუნეშია შექმნილი. მისი ავტორი არაა ცნობილი. თხზულების სრული სათაურია: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ დიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისაჲ“. მას ერთვის შესავალი, რომელშიც ამ ნაშრომის დაწერის მიზეზია მოხსენიებული: „სულთა მწყემსისა ონოფრესითა, რომლისა იძულებითა ჴელ ვყავ აღწერად წინამდებარისა ამის თხრობისა“. სავარაუდოდ, ტექსტში მოხსენიებული ონოფრე დავით გარეჯის წინამძღვარი იყო.
მესამე რედაქცია ეკუთვნის XVIII საუკუნის მოღვაწეს, რომანოზ მიტროპოლიტს (ერისთავი). თხზულება მას გარეჯის მონასტერში ყოფნის დროს დაუწერია. მისი ტექსტი მანამდე არსებულ წყაროებზეა დაფუძნებული. ყოფილა ასევე თხზულება „დავით გარეჯელის ცხოვრება“, მისი თანამედროვეების მიერ აღწერილი, მაგრამ ეს რედაქცია დღეს არ იძებნება.
„დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ წარმოჩენილია VI საუკუნის მოვლენები: თუ როგორ დააფუძნა წმიდა დავითმა მრავალმთაში მონასტერი; თავდაპირველად როგორ ცხოვრობდნენ ის და ლუკიანე; სასწაულები, რომლებიც დავით გარეჯელმა აღასრულა; მონასტრის კრებულის გამრავლება; წმიდა დავითის მოგზაურობა იერუსალიმში და მისი დაბრუნება; დოდოს მონასტრის დაფუძნება და სხვა.
გარეჯში, IX საუკუნეში მომხდარ მოვლენებს ეხება „ილარიონ ქართველის ცხოვრება“. ამ ტექსტის რამდენიმე რედაქციაა ცნობილი. მათ შორის: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ“, რომლის ავტორად ეფთვიმე ათონელს მიიჩნევენ; ილარიონ ქართველის ცხოვრებას შეეხება ასევე თეოფილე ხუცესმონაზვნის 1074 წლით დათარიღებული ტექსტი; ასევე არსებობს მოკლე თუ ვრცელი მეტაფრასტული და სვინაქსარული საკითხავები ილარიონისა (XIII-XIV, XVIII სს.), რომლებიც ზემოხსენებული ორი რედაქციიდანაა წარმომდგარი.
„ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ აღწერილია გარეჯის მონასტერში ილარიონ ქართველის მისვლა, იქ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები; მონასტრის გავრცობა და იქ ძმათა გამრავლება; ასევე, წმიდა ილარიონის მოგზაურობა პალესტინაში, რომში, კონსტანტინოპოლში, თესალონიკესა და ბითვინიის ოლიმპზე.
გარეჯის მრავალმთის კომლექსის შესახებ გვხვდება ცნობა X საუკუნის დასაწყისის ხელნაწერში (N/Sin 50), რომელიც სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში ინახება. მასში დაცულია ცნობები გარეჯის, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის მფლობელობაში არსებული ნივთების შესახებ. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის მონასტერში 45 წიგნი იყო. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამონასტრო კომპლექსში X საუკუნეშივე ჰქონდათ მოწესრიგებული და აღნუსხული იქ არსებული ლიტერატურული მასალა.
გარეჯის უდაბნოს ირგვლივ არსებულ მასალაში ზოგჯერ გვხვდება პიროვნებათა სახელები, რომელთა ვინაობა და კავშირი გარეჯის უდაბნოს მწიგნობრებთან ცალკე კვლევის საგანია. მაგალითად, ხეც A 1103 ნომრით დაცულ ხელნაწერში, რომელიც XI საუკუნით თარიღდება, არის მინაწერი: „მომიჴსენეთ სულიერი ძმაჲ ჩემი იოვანე გარერჩელი წმიდასა ლოცუასა თქუენსა“(291v). სხვადასხვა ხელნაწერში და ისტორიულ დოკუმენტში ნახსენებ პირთა სახელების საძიებელი დიდად წაადგებათ ლიტერატურის მკვლევართ.
გარეჯში ლიტერატურული მოღვაწეობის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია 1160 წლით დათარიღებული, ქართულ ენაზე შექმნილი ასკეტურ-ჰომელეტიკური კრებული, რომელიც ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული (Vien.Geo. 4). ეს კრებული გადაწერილია გარეჯში, ნიკოლაოს ნიკრაის მიერ. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ XII საუკუნეში გარეჯის მონასტერთა კომპლექსში ლიტერატურულ საქმიანობას სათანადო ყურადღება ექცეოდა. 1274 წლის სომხური წყაროც იხსენიებს გარეჯში მოღვაწე მღვდლებს. ცხადია, ეს კერა ცნობილი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
ლიტერატურული თვალსაზრისით გარეჯის მრავალმთის კომპლექსის მონასტერთა განსაკუთრებულად დაწინაურება XVII საუკუნეში დაიწყო. XVIII საუკუნეში კი ის ყველაზე მძლავრი ქართული მწიგნობრული კერა იყო. აქ, მონასტერთა წიაღში მოღვაწეობდნენ: სულხან-საბა ორბელიანი (1725+), ონოფრე მაჭუტაძე (1733+), ნიკოლოზ ორბელიანი (1735+), ბესარიონ კათოლიკოსი (1737+), გაბრიელ საგინაშვილი, გრიგოლ დოდორქელი, ნიკოლოზ მაღალაშვილი, ზაქარია მონაზონი, ბერი იობი, იოსებ არაგვის ერისთავის შვილი (XVII-XVIII), იოანე მანგლელი (1751+), ტიმოთე გაბაშვილი (1764+), ანტონ კათოლიკოსი (1788+), დავით ვაჩნაძე, რომანოზ გიორგის ძე ერისთავი, მღვდელ-მონაზონი გაიოზი, იოანე კახმდივანიშვილი (XVIII), პორფირი (1801+), გაბრიელ მცირე (1802+) და სხვანი.
გარეჯის მონასტრებში სამწიგნობრო სამუშაოებს მიხეილ ქავთარია სამი ძირითადი მიმართულებით განიხილავს: ჰაგიოგრაფიულ-ჰიმნოგრაფიული, დოგმატიკურ-პოლემიკური და ხელნაწერების გადაწერა-გამრავლება. გარეჯის მრავალმთის მონასტერთა კომპლექსში სასულიერო ლიტერატურის თვალნათლივ წარმოჩენისათვის გთავაზობთ ზემოხსენებული სამი მიმართულების მოკლე მიმოხილვას.
არსებული მასალის საფუძველზე ჩანს, რომ XVII-XVIII საუკუნეებში გარეჯის მრავალმთაში მოღვაწე სასულიერო პირებს აუცილებლად მიუჩნევიათ ქართველი წმიდანების ცხოვრებათა კრებულების შექმნა-შედგენა. იმ წმიდანთა ცხოვრების ირგვლივ, რომელთა შესახებ ნაწარმოებები ადრევე არსებობდა, იძიებდენ და სწავლობდნენ მასალას. არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ქმნიდნენ ახალ ტექსტებს. ზოგ შემთხვევაში, განავრცობდნენ არსებულ წყაროს და მკითხველს იმგვარად სთავაზობდნენ, რომ ადვილად გასაგები ყოფილიყო. იმ წმიდანებზე, რომელთა შესახებ თხრობები არ არსებობდა, ქმნიდნენ ორიგინალურ ნაშრომებს. ამგვარად, მათ შთამომავლობას შემოუნახეს ღირსეულ წინაპართა, ქართველ წმიდათა ცხოვრების აღწერილობა, რომელთა მაგალითზე შემდგომ თაობები გაიზარდნენ.
1699 წელს ონოფრე მაჭუტაძის წამოწყებით და ხელმძღვანელობით, რომელსაც მ. ქავთარია „დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის გეზის და მიმართულების მიმცემს და მამათმთავარს“ უწოდებს, გარეჯში შეადგინეს ქართველთა ჰაგიოგრაფიული კრებული (ხეც A 160). ეს იყო პირველი ნაშრომი, რომელშიც მხოლოდ ქართველ წმიდანთა საკითხავებია გაერთიანებული. მოგვიანებით, დომენტი კათოლიკოსმა, მეფე ვახტანგ VI ძმამ, შექმნა ქართველი წმიდანების ცხოვრების უფრო ვრცელი კრებული, რომელიც გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწე გაბრიელ საგინაშვილმა გადაწერა (ხეც A 130, H 1557).
დომენტი კათოლიკოსის თანამოსაყდრე იყო ბესარიონ ორბელის ძე, შემდგომ – კათოლიკოსი. ბესარიონი გაბრიელ საგინაშვილის მოძღვარიც ყოფილა. სწორედ მისი თაოსნობით შექმნეს ქართველ წმიდანთა ცხოვრების შევსებული კრებული, რომელსაც წინამორბედ კრებულთან შედარებით ხუთი საკითხავი აქვს დამატებული (A 170). ბესარიონ ორბელისძეს შეუქმნია ორიგინალური ნაშრომები: „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“; „შესხმა წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყება წამებისა მათისა“. ბესარიონის ავტორობას ამტკიცებს ანტონ კათოლიკოსი თავის „მარტირიკაში“.
წმიდანთა ცხოვრების შემდეგი კრებული, რომელსაც „მარტირიკა“ ეწოდება (ხეც A 1484, H 178, H 907, H 2326, H 2854, Q 11, Q 78, Q 304, Q 764, S 2988 და სხვა) ანტონ კათოლიკოსს ეკუთვნის. მისი ყველაზე ადრეული პირის გადაწერა 1769 წლის 19 ნოემბერს არის დასრულებული. „მარტირიკას“ ეტაპური მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაში. მართებულად აღნიშნავს მიხეილ ქავთარია, რომ „ანტონის შრომამ დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო ხანის მწერლობაზე. მისი შრომით თავდება ქართული ჰაგიოგრაფიული კრებულის განვითარების ისტორია“.
გარეჯში, მრავალმთის უდაბნოში, დოდორქის მონასტერში, XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწეობდა გრიგოლ ვახვახიშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გრიგოლ დოდორქელი. მას ეკუთვნის თხზულება: „თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ". ეს ჰაგიოგრაფიული ნაშრომი 1703-1713 წლებით თარიღდება. გრიგოლ დოდორქელს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე საგალობელი. ეს ჰიმნოგრაფიული ნაშრომები რომ ნამდვილად გრიგოლისაა, ირკვევა ხეც S 3269 ნომრით დაცული ხელნაწერის კიდეებზე არსებული მინაწერებიდან. აღნიშნული საგალობლები შემდგომში ფართოდ გავრცელდა.
დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელია XVII-XVIII საუკუნის მოღვაწე ნიკოლოზ მაღალაშვილი. იგი ძირითადად მცხეთაში მოღვაწეობდა, 1697-1702 წლებში კი – გარეჯში. მას ეკუთვნის: „ცხოვრება და შესხმაჲ ახლად მოწამედ გამოჩენილისა შიოსი და ხუთთა მონაზონთა, რომელნი დახოცეს დავით გარეჯას ლეკთა უღთოთა". ეს შრომა, რომელიც 1700 წლის ახლო ხანებშია დაწერილი (ხეც A 1367), გარეჯის ლიტერატურული სკოლის მნიშვნელოვანი ძეგლია. ნიკოლოზ მაღალაშვილმა გარდა მოწამეთა აღსრულების გადმოცემისა, ასევე ძვირფასი ცნობები დატოვა დავით გარეჯელის მონასტრის წინამძღვრის ონოფრე მაჭუტაძის შესახებ.
1775 წლის პირველი ნახევრიდან გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად ევთიმი მჭედლიშვილი დაადგინეს. მას გაბრიელ მცირე აღწერს, როგორც ყოვლადღირსს და ღმრთის კაცს. ევთიმი მჭედლიშვილს ეკუთვნის საგალობელი – „გიხაროდენი, თქმული ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ნინა ქართველთა განმანათლებელისა“(ხეც H 1283). იგი შედგება 24 მუხლისგან და წმიდა ნინოს მეტაფრასტულ რედაქციაზეა დაფუძნებული. ეს საგალობელი ევთიმს საბა ნინოწმინდელის დაკვეთით დაუწერია. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ევთიმი წმიდანად შერაცხა. ხსენების დღე – ახ. სტ. 21 აგვისტო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის შუა ხანებში იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში წმიდა ნინოს ცხოვრების ახალი რედაქცია შექმნეს, რომელის ავტორი (სავარაუდოდ) არქიმანდრიტი სოფრონ ერისთვიშვილია.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში უკანასკნელი ქართული ჰაგიოგრაფული ნაშრომი დაწერა სპირიდონ გრძელიშვილმა, სახელწოდებით: „ცხოვრება და მოღვაწეობა სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზვნისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიც სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლიმცემლისასა, გარესჯად წოდებულსა, თავსა ყარაიისასა“. ნაშრომი 1880 წელს მიხეილ საბინინის თხოვნითაა დაწერილი. ქრისტესია მონაზონი 1871 წელს აღესრულა. ხსენებული თხზულების ნუსხები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ნომრებით: A 1036, A 1072, H 40.
გარეჯში სათანადო ყურადღება ექცეოდა დოგმატურ საკითხებს, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლათა დაცვას და არასწორ სწავლებათა გამოაშკარავებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბესარიონ კათოლიკოსის მიერ შექმნილი ნაშრომი „გრდემლი“, რომელიც ლათინების ცრუსწავლებას გმობს. იგი 38 თავისგან შედგება და მასში 13 ძირითადი საკითხია განხილული.
„გრდემლი“ დაწერილია 1712-1724 წლებში. ამ დროს ლათინები ცდილობდნენ გადაებირებინათ მოსახლეობა. მათ საქართველოში წარმოგზავნილი ჰყავდათ კათოლიკე მისიონერები, რომლებიც აქტიურად ქადაგებდნენ არასწორ მოძღვრებას, მატერიალური საშუალებით ცდილობდნენ ზეგავლენის მოხდენას და ზოგჯერ იბირებდნენ კიდეც გულუბრყვილო ადამიანებს. „გრდემლის“ დაწერის მიზეზებზე თვით ბესარიონ კათოლიკოსი გვატყობინებს: „აწინდელთა ამან და ახალთა ამათ ფილოსოფოსთა, რომელი ენამჭევრობენ... შეიტყუებენ უმანკოთა და უსწავლელთა“.
ამდაგვარი კრებული ანტონ კათოლიკოსსაც აქვს დაწერილი, სახელწოდებით – „მზამეტყველება“. მასში ლათინთა განქიქებასთან ერთად მონოფიზიტობის ცრუსწავლებაც არის დაგმობილი. ამ წიგნის შესახებ კორნელი კეკლიძე აღნიშნავს: „ეს თხზულება არაჩვეულებრივ მოვლენად უნდა ჩაითვალოს არამცთუ ქართულ მწერლობაში, არამედ მთელ აღმოსავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარების ისტორიაში“. ზემოთ ნახსენები „გრდემლი“ და ანტონ კათოლიკოსის „მზამეტყველება“ ბევრ საკითხში ერთმანეთის მსგავსია. ჟურნალი „მწყემსი“ 1885 წელს, ალბათ, ამის გამო იუწყებოდა: „მზამეტყველების“ დაწერა „გრდემლისაგან“ არის გამოწვეულიო.
გარეჯის ლიტერატურულ სკოლას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მუსულმანური სწავლების რაობაც. ამ საკითხს შრომები მიუძღვნა ტიმოთე გაბაშვილმა, რომელიც 1757 წელს მოგზაურობიდან საქართველოში დაბრუნებული დავით გარეჯის მონასტერში დასახლებულა. მისი მოძღვარი ყოფილა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ბესარიონი, რომელიც შემდგომ კათოლიკოსი გახდა. ტიმოთე გაბაშვილის შრომა, რომელიც მუსულმანობის სწავლებას ეხება, არის: „გარდამოცემული ერთობისათჳს და სიყვუარულისა წმიდათა ეკლესიათასა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა აღმომდინარისა მის ტკბილნაკადულისა წყაროჲსა, განწმედილისა გულისხმის ყოფათასა წმიდათა წერილთაგან”(ხეც S 3244).
ეს ნაშრომი 15 თავისაგან შედგება. მეცხრე თავის სახელწოდებაა „აგარიანთათჳს“ და იგი მაჰმადიანურ სწავლებას განაქიქებს. ტიმოთე გაბაშვილს სხვა შრომებიც აქვს. კერძოდ: „მოხილვა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთის ადგილთა”, „მარწუხი“, „დღესასწაულისათჳს ღმრთისმშობლისა მარიამისა”. ეს ბოლო ნაშრომიც მუსულმანური სწავლების მცდარობას ეხება. ტიმოთე გაბაშვილი გარდაიცვალა ქალაქ ასტრახანში1764 წელს.
სულხან-საბა ორბელიანს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში წარმოუთქვამს ქადაგება: „სწავლა გიორგობის დღისა და ქართველების თათრობისათჳს“. ამ ქადაგებაში მკაცრადაა დაგმობილი იმ ქართველთა ქცევა, რომლებმაც ვერ დაითმინეს გასაჭირი, უღალატეს ქრისტეს და გამაჰმადიანდნენ. სულხან-საბა ორბელიანის ორმოცდაექვს ქადაგებას მოიცავს წიგნი სახელწოდებით „სწავლანი“(ხეც A 479), რომელიც დავით გარეჯის უდაბნოშია შექმნილი.
როგორც ამ დოკუმენტური მასალიდანაც ჩანს, გარეჯის მრავალმთის უდაბნოს მკვიდრნი და აქაური ლიტერატურული სკოლა მაჰმადიანობის გავრცელებას წერილობით თუ ცოცხალი სიტყვით ებრძოდა. მით უმეტეს, რომ გამაჰმადიანების პრობლემა მძაფრად იდგა ჩვენი ქვეყნის წინაშე; ირანი და ოსმალეთი ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქრთველთა გადაბირება-გამუსულმანებისათვის.
გარეჯში მოღვაწე მწიგნობრები ყურადღებით ეკიდებოდნენ ლიტურგიკულ მწერლობას. ტიპიკონ-სადღესასწაულოები ახლიდან იქნა რედაქტირებული და შევსებული. XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დამდეგს სლავურიდან აიღეს პროლოგ-სვინაქსარები და ამით შეავსეს სადღესასწაულოები. იმ დროისთვის ეს სიახლე იყო და მნიშვნელობაც ჰქონდა. ბესარიონ ორბელაშვილს აუღია XII საუკუნით დათარიღებული საბაწმინდური ტიპიკონი და შეუსწორებია XVII საუკუნის სლავური ტიპიკონის საფუძველზე. თავად ბესარიონის ხელნაწერი, სადაც ჩატარებული სარედაქციო საქმიანობა იქნებოდა წარმოდგენილი, დღეისთვის არ იძებნება, მაგრამ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში A 59 ნომრით არის დაცული ტექსტი, რომელიც მამა ბესარიონს ეკუთვნის. მის პირველ ნაწილში შესულია ძლისპირები, ხოლო მეორში – სადღესასწაულოები. აღნიშნულ ტექსტებში შესამჩნევია სლავური გავლენა.
ბესარიონ კათოლიკოსის შრომაზე დაყრდნობით და დომენტი კათოლიკოსის თაოსნობით ახალი წიგნი შეუდგენიათ (ხეც A 425). ეს წიგნი საკამოდ განსხვავდება ბესარიონ კათოლიკოსის წიგნისგან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. იგი შევსებულია ქართველ წმიდანთა საკითხავებით, ნაწერია ხუცურად და ჩართულია მინიატურები.
ბესარიონ და დომენტი კათოლიკოსების შრომებმა ბიძგი მისცა გარეჯში ახალი სადღესასწაულოების შედგენას. XVIII საუკუნის პირველ ათეულში იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში ბერად აღიკვეცა ეფთვიმე ბარათაშვილი. ერისკაცობაში მას ზაზა ერქვა და დეკანოზ იესეს (სიონში მსახურობდა) შვილი იყო. მას თურმე გარდაეცვალა მთელი ოჯახი – მეუღლე, ვაჟი და ასული, რის შემდეგაც მონასტერში წავიდა.
ეფთვიმეს ეკუთვნის ნაშრომები, რომლებიც ამჯერად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში A 111 და A 515 ნომრებითაა დაცული. A 111 ნომრით დაცული ხელნაწერის შედგენისას მან ისარგებლა გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაცული ძველი ნუსხით და გიორგი მთაწმინდელის ხელნაწერებით. აქედან გამომდინარე, A 111 ნომრით დაცული ტექსტი დაფუძნებულია ძველ ქართულ რედაქციებზე და სხვაობს ბესარიონისა და დომენტის რედაქციებისგან. A 515 ნომრით დაცული ხელნაწერის შექმნისას ეფთვიმეს თავისი მიდგომა შეუცვლია და ამჯერად ძველ ქართულ სადღესასწაულოში რუსული პროლოგ-სვინაქსარების მასალა შეუტანია. შეიძლება ითქვას, რომ ეფთვიმემ გააგრძელა გარეჯის ლიტერატურული სკოლის დაწყებული საქმე და შექმნა შერეული ტიპის სადღესასწაულო.
ზემოაღნიშნულმა სამუშაოებმა საფუძველი დაუდო სადღესასწაულეოების კიდევ ახალ რედაქციებს. მათი შემქმნელები გახლდნენ ანტონ კათოლიკოსი და ალექსი მესხიშვილი. ანტონ კათოლიკოსის მიერ შედგენილ სადღესასწაულოში ტექსტების ნაწილი პირდაპირ რუსულიდან არის თარგმნილი, ხოლო ქართველ წმიდანთა სადიდებელი საგალობლები თავად ანტონს ეკუთვნის. ალექსი მესხიშვილის ტექსტი კი, უფრო მეტად ძველ ქართულ რედაქციებს ეფუძნება.
XVIII საუკუნის ბოლოს გარეჯის ლიტერატურული სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია წმიდა გაბრიელ მცირე. მას ეკუთვნის ორიგინალური თხზულებები: „მღუდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყველებითი“, „ცხოვრება და მოქალაქობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა ცქემოსან ონისიჶორესი“, „სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი“, „განმარტება მამაო ჩვენოსი“, „განმარტება მაზარისა“, „მოთხრობა პორჶირისათვის“, „ეპიტაჶია სტავროჶორესი საფლავსა ზედა პორჶირისსა“. მან 1801-1802 წლებში ხსენებული თხზულებები გააერთიანა ერთ კრებულში და მას „ჯუარშემოსილი“ უწოდა.
წმიდა გაბრიელი ორიგინალურ ნაშრომებთან ერთად რედაქტორ-შემდგენელობით სამუშაოებსაც აწარმოებდა. მან ცნობილ საეკლესიო მამათა ნაფიქრალ-ნააზრევის მიხედვით XVIII-XIX საუკუნეებში საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული შვიდი წიგნი შეადგინა: პატერიკების კრებულები „სამოთხის ყუავილი“ (ხეც S 128, 1796 წ.) და „გჳრგჳნი“ (ხეც A 228, 1795 წ.); იოანე ოქროპირის „ოქროს წყაროჲ“ (ხეც S 3650, 1795 წ.) და „კლიტე“ (ხეც S 127, 1794 წ.); ბასილი დიდის „სუფევა“ (ხეც H 906, 1798 წ.); გრიგოლი ღმრთისმეტყველის, ბასილი დიდის და მაქსიმე აღმსარებლის „სამასეული“ (ხეც A 224, 1797 წ.) და შესხმათა კრებული „მანანა“ (ხეც H 1748, XVIII ს.). ეს ხელნაწერი წიგნები კომპოზიციურად იმდენად მტკიცედ არის შეკრული, რომ რაიმეს დამატება ან გამოკლება დაარღვევდა მათ სტრუქტურულ მთლიანობას. კრებულები თემატურად და შინაარსობრივად იმგვარადაა აგებული, რომ დედააზრი კარგად აღწევს მკითხველის გულსა და გონებას.
„ხელნაწერთა კვლევის ცენტრისა“ და გამომცემლობა „მთაწმინდის“ ხელშეწყობით, ტირაჟირებისათვის გამზადდა წმიდა გაბრიელ მცირის ორიგინალური ნაშრომები და შედგენილი კრებულები; ჩატარდა ტექსტოლოგიური კვლევები, დადგინდა მათი აკადემიური ტექსტი.
გარეჯის მონასტრებში მოღვაწე პირები ზრუნავდნენ წიგნთსაცავების გამდიდრებისთვის. ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ მნიშვნელოვანი წიგნები, რომლებიც მონასტერს აკლდა, შემდეგ გადაეწერათ და გაემშვენებინათ ისინი. გარეჯში მოღვაწე მწიგნობრები გადაწერილ ნუსხებს სხვა მონასტრებს, ან პიროვნებებსაც ჩუქნიდნენ, რათა გამტკიცებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება. იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე წიგნი მტერთა შემოსევის, ან სხვა მიზეზის გამო, მონასტერში აღარ იყო. მათ მოსაპოვებლად მონასტერი ელჩობას აგზავნიდა იქ, სადაც სასურველი წიგნი ეგულებოდათ. ასეთი შემთხვევა მოთხრობილია ხეც Ad 1039 ნომრით დაცულ დოკუმენტში.
გარეჯში, მონასტრიდან გატანილი წიგნები აღირაცხებოდა. დგებოდა შესაბამისი საბუთები, სადაც მოხსენიებული იყო, თუ ვინ წაიღო იგი. დაბრუნების შემდეგ წიგნი მოწმდებოდა და თავის პირვანდელ ადგილს უბრუნდებოდა, წამღები კი თავისი ვალდებულებისაგან თავისუფლდებოდა. გარეჯში დაცული წიგნები აღნუსხული იყო, ჩამონათვალი რამდენიმე პირად ინახებოდა. ერთი პირი წიგნთა ჩამონათვალისა ბიბლიოთეკაში იყო, მეორე მონასტრის გუჯრებთან. შემორჩენილია ერთნაირი დოკუმენტები, სადაც ერთი და იგივე წიგნებია ჩამოთვლილი: ხეც Ad 307 და Ad 367, Ad 180 და Ad 351. ხელნაწერების გადაწერა-გამრავლება მეტწილად მაღალკვალიფიციურად ხდებოდა. გადამწერთ ჰქონდათ რამდენიმე პირველწყარო. მათი ერთმანეთთან შედარების საფუძველზე იქმნებოდა ახალი ნუსხა.
წიგნთა გადაწერა-გამშვენებაში მრავალი მოღვაწე იყო ჩართული. მათ შორის იყვნენ:
ზაქარია მონაზონი – მისი ხელნაწერი ოთხთავია შემორჩენილი (H 1030, 1696 წ.). ამ წიგნის ანდერძიდან ირკვევა, რომ ზაქარია მონაზონს რამდენიმე წყარო გამოუყენებია ტექსტის დადგენისთვის;
გაბრიელ საგინაშვილი – XVII-XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი მოძღვარი იყო ბესარიონ ორბელაშვილი. გაბრიელის მიერ გადაწერილ წიგნებს ერთვის ანდერძ-მინაწერები, რომლებიც თავისთავად მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით (ხეც A 130, A 624, Q 85). მასვე ეკუთვნის ისტორიული დოკუმენტებიც;
იობი – იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ბერი, რომელიც ბესარიონთან ერთად მოღვაწეობდა (A 68ბ, A 105, A 121, A 198, A 636, A 1348);
დავით ვაჩნაძე – გადაწერა „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლი ღმრთისმეტყველისა მუჴლები იამბიკო სასწავლოსა წილ წარმართთა, რომლისაგან განაყენნა ქრისტეანნი ივლიანე განდგომილმან, ზედ წარწერილი თვით მისივე“ (ხეც A 415);
იოსებ არაგვის ერისთავი – ათი წლის ასაკში იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მიიყვანეს. მისი მოძღვარი იყო ბესარიონ ორბელაშვილი. მოძღვრის დავალებით გადაწერა ბასილი დიდის თხზულებანი (A 100). ანდერძები, რომლებიც იოსებმა დაურთო თავისივე გადაწერილ ხელნაწერებს, მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით.
გერმანე – დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი. თ. ჟორდანიას აზრით, მან გადაწერა „ქართლის ცხოვრება“. აღსაღნიშნავია გერმანეს მიერ სიტყვების განმარტებანი, რაც A 256 ნომრით დაცულ ხელნაწერზეა მიწერილი;
რომანოზ გიორგის ძე ერისთავი – შემორჩენილია „დავითნი“, რომელიც მან 1715 წელს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაწერა;
ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1735) – გადაწერა ქართველ წმიდანთა „ტროპარნი”, „კონდაკი” და სხვა საეკლესიო წიგნები. 1715 წელს ნიკოლოზმა მროველობა მიიღო, მოგვიანებით კი ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში;
პორფირი – გაბრიელ მცირის სულიერი შვილი. დაიბადა 1774 წელს. 10 წლის ასაკში მიიყვანეს გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. 1790 წელს აკურთხეს დიაკვნად. 1794 წელს აღკვეცეს ბერად. მას მწიგნობრობა გაბრიელ მცირემ ასწავლა. შემონახულია მის მიერ გადაწერილი ხელნაწერები (ხეც H 211, H 902, H 1433, H 2436). გარდაიცვალა 1801 წელს. დაკრძალულია იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში;
ნიკოლოზ ვაჩნაძე – წარმოშობით კახეთიდან იყო. მას მრავალი ხელნაწერი აქვს გადაწერილი (ხეც ხეც A 172, A 403, A 1398, Q 269, Q 300, H 805, H 1247, H 1248, H 1398, S 4624). ხელნაწერი, რომელიც ხეც H 1398 ნომრითაა დაცული, მან შუამთის ეკლესიას მიუძღვნა; ხოლო ხეც Q 269 ნომრით დაცული – თავის დას, ეკატერინეს;
გაიოზი – მოღვაწეობდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. მან გადაწერა ხეც H 256, H 559, H 891, H 1012, H 2281 ნომრით დაცული ხელნაწერები;
მიხეილი – მოღვაწეობდა დავით გარეჯისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრებში. გადაწერა ხეც S 367 ნომრით დაცული ხელნაწერი;
იოანე კახმდივნიშვილი – XVIII საუკუნის შუა წლებში მოღვაწეობდა. გადაწერა ხეც A 167 და A 176 ნომრებით დაცული ხელნაწერები;
იოანე დიაკონ-მონაზონი – მოღვაწეობდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. გადაწერა ხეც S 364 ნომრით დაცული ხელნაწერი;
გრიგოლ სქემმონაზონი – გადაწერა ხეც A 1358 ნომრით დაცული ხელნაწერი;
გრიგოლი – სავარაუდოდ, დოდოს მონასტერში მოღვაწეობდა. გადაწერა ხეც A 177 ნომრით დაცული ხელნაწერი;
იოანე ოთარყოფილი – იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. გადაწერა ხეც A 418 ნომრით დაცული ხელნაწერი;
იოანე ბერი – გადაწერა ხეც A 1363 ნომრით დაცული ხელნაწერი;
შიო – გადაწერა ხეც A 160 და A 1364 ნომრით დაცული ხელნაწერები;
პანტელეიმონ ბეჟან მდივანბეგის ძე – მოღვაწეობდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. გადაწერა S 1360 ნომრით დაცული ხელნაწერი;
ბერი ნიკოლაოზი – გადაწერა A 126 ნომრით დაცული ხელნაწერის ნაწილი;
ნიკოლოზ ენისელთმოურავის ძე (ჯორჯაძე) – XVIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. გადაწერა ეფრემ ასურის თხზულებანი (ხეც A166) და კონდაკი (ხეც A 398).
იოსებ ნიკოლოზის ძე უთრუთისშვილი – მოღვაწეობდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. გადაწერა „სწავლანი სულიერნი“(ხეც A 1318, 1793).
აღათონი – მოღვაწეობდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. გადაწერა ხეც H 1751 ნომრით დაცული ხელნაწერი.
ბერი მაკარიოსი – XVIII საუკუნის მეორე ნახევრის და XIX საუკუნის დასაწყისის მოღვაწე. გადაწერა „საგალობლები“ (ხეც A 1394, 1796 წ.), „წინამძღვარი“(ხეც A 200) და ხეც A 1403, რომლის მხოლოდ სამი გვერდია შემორჩენილი.
გერონტი სოლაღაშვილი – XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწეობდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. იოანე ბატონიშვილის ცნობით, გერონტი ყოფილა განსწავლული ფილოსოფიაში და საუკეთესო მგალობელი, რომელმაც ხუთასამდე „ჭრელი“ იცოდა. გერონტიმ გადაწერა: ხეც A 1355 და Q 593 ნომრით დაცული ხელნაწერები; 1797 წელს პეტრე მოგილას თხზულება „აღსარება მართლისა სარწმუნოებისა“(ხეც A 135); ასევე – „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“(A 184, 1799 წ.), „მეტაფიზიკა“(ხეც S 1734, 1800 წ.), „ლოღიკა“(Q 597, 1800 წ.). მისი დაკვეთით ბეჟან მდივანბეგის ძეს გადაუწერია „ძლისპირ-გულანი“ (ხეც S 1360). „ნაცვალსიტყვაობა“ გერონტის ორიგინალური ნაშრომია, რომელშიც კითხვა-მიგების ფორმითაა გადმოცემული სხვადასხვა სასულიერო საკითხი (ხეც S 151, 1801 წ.). გერონტის შეუწირავს წიგნი „დიალეკტიკა“(ხეც A 185) მონასტრის ბიბლიოთეკისთვის;
ნეოფიტე მღველ-მონაზონი – ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. გადაწერა „გვირგვინი“(A 1052, 1795 წ.) და საგალობელ საკითხავთა კრებული (ხეც A 1050, 1801 წ.);
ნიკოლოზ კიკნაძე – გადაწერა „ნაცვალსიტყვაობა“(ხეც H 296, 1801 წ.) და დოგმატურ-კანონიკური კრებული (ხეც A 1046, 1817 წ.);
დავით ჯანდიერისშვილი – ნათლისმცემლის მოღვაწე. გადაწერა: „დასდებელნი და ძლისპირნი აღდგომისანი“(S 179, 1814 წ.);
თეოფანე ხუცესმონაზონი – გადაწერა: საეკლესიო კრებების დადგენილებანი (ხეც A 476, 1815 წ.) და „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა ისმაილტთაჲ“(ხეც S 126, 1815 წ.);
მიხაილ ხანდალოვი – ნათლისმცემლის მოღვაწე. გადაწერა: „სტეფანეს წამება“( ხეც A 1044, 1830 წ.).
სოფრონ ერისთავიშვილი – გადაწერა ხეც H 215 და H 221 ნომრით დაცული ხელნაწერები.
სოლომონ ბულუჯოვი – გადაწერა ხეც S 55 ნომრით დაცული ხელნაწერი.
ქრისტეფორე – გადაწერა ტიმოთე გაბაშვილის „მარწუხი“ (ხეც A 120).
ზემომოყვანილ პიროვნებათა და მათ მიერ შექმნილი, თუ გადაწერილი თხზულებების ჩამონათვალი არ არის სრული, მაგრამ წარმოჩენილი მასალიდანაც ჩანს, თუ როგორი ინტენსიური სამწიგნობრო მოღვაწეობა მიმდინარეობდა მრავალმთის უდაბნოში.
გარეჯის მრავალმთის უდაბნოს სამონასტრო ცხოვრების წარსულ დროში განფენილი თითოეული მონაკვეთი აღსავსეა რწმენით, თავდადებითა და ნათელი შემოქმედებით. ამით ამაყობს ქართველი კაცი, მაგრამ მისი მოვლა და დაცვა უძნელდება. ეს სიძნელე საზოგადოების ერთიანი ძალისხმევითა და სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვით გადაილახება.
გადაუდებელი საქმეა: სამონასტრო მფლობელობათა და მისი შემოგარენის სისრულით დადგენა, არსებული თუ თითქმის განადგურებული ნაგებობების აღდგენა, აქ დაკრძალულ წმიდა ბერთა, მეფეთა, სასულიერო და საერო მოღვაწეთა განსასვენებლების მოვლა-პატრონობა, აქ შექმნილი მწიგნობრობის, მხატვრობისა და არქიტექტურის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაფუძნება, წიგნთსაცავისა და საგანმანათლებლო დაწესებულების აღდგენა.