წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი

წმიდა ქეთევან დედოფალი იყო აშოთან მუხრანბატონის ასული. იგი დაიბადა 1570 წლის ახლო ხანებში. ქეთევანი ცოლად გააყოლეს კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟს, დავითს. როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე მონაზვნად აღიკვეცა, ტახტზე დავითი ავიდა, რომელიც სულ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ქეთევანს ობლად დარჩა ქალ-ვაჟი: თეიმურაზი და ელენე. მონაზვნად აღკვეცილი ალექსანდრე კვლავ დაუბრუნდა სამეფო ტახტს. სამეფო კარზე არეულობის შიშით დედამ თეიმურაზი შაჰ-აბასთან გააგზავნა. შაჰ-აბასმა დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს კვლავ სამეფო ტახტზე დაბრუნება რომ შეიტყო, მის კარზე მყოფ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას დაავალა, წასულიყო კახეთში, დაეხოცა მამა და ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. კონსტანტინე-მირზამ შეასრულა შაჰის ბრძანება და მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, შაჰ-აბასს გაუგზავნა, გვამები კი აქლემზე გადაკიდებული დასამარხად ალავერდში გააგზავნა. მალე კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა. მაშინ ქეთევანმა შეკრიბა კახეთის დიდებულები და უთხრა: თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დავიცავთ, ქართლში დავბრუნდებიო. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ კონსტანტინე-მირზას და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა შაჰს სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ მიხედავდა სამეფოს. შაჰ-აბასს შეეშინდა, რომ კახეთი ქართლს არ შეუერთდეს და არ დავკარგოვო და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში. გაიხარა უფლისწულის დაბრუნებით ქვეყანამ. მეფე აკურთხეს და ქვეყანაში ერთხანს სიმშვიდე დადგა. თეიმურაზმა ცოლად გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე-დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული: ლევანი, ალექსანდრე და თინათინი შეეძინათ. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. თეიმურაზმა დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე გაგზავნა სპარსეთში, თან ქეთევანიც გააყოლა: ეგონა, ქეთევანის პატივით შაჰი ბოროტებას არ ჩაიდენდა. ვერაგმა შაჰმა თეიმურაზს ახლა უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შემოუთვალა: „რაკი ჩემი ერთგული ხარ, შენც მოდი და მნახეო”. ცხადი იყო შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარის ერთად მომწყვდევა და ერთიანად განადგურება. მაშინ თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბი შეითქვნენ და საერთო ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს. და, ამის შემდგომ დაიწყო უტრაგიკულესი პერიოდი საქართველოს ცხოვრებაში. შაჰ-აბასმა წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა გაანადგურა სამეფო კარი, წააბილწვინაა ეკლესია-მონასტრები, დააცარიელა სოფლები. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი და სამასი ათასზე მეტი ადამიანი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი სპარსელები ჩამოასახლეს. წმიდა ქეთევანი გადასახლებაში შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს. შირაზში გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა. ათი წელი იტანჯებოდა ტყვეობაში. უსჯულო შაჰმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა დედოფალს და ეს იმ დღეს, მოხდა, როცა ქეთევანმა შვილიშვილების ბედი შეიტყო. შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: თუ ქეთევანი არ გათეთრდება, აწამე და სასჯელით მოკალიო. შეწუხებულმა უნდილაძემ: თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი. მაგრამ შაჰ-აბასმა ბრძანების სასწრაფოდ შესრულება უბრძანა შირაზის ხანს. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო, მაგრამ ქეთევანმა უარი თქვა უნდილაძის წინადადებაზე. და წამებისთვის განემზადა ამ სიტყვებით: “მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღვთისაო, არა შვენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფა შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა.“ ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს წმიდა დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებს მხოლოდ ერთი რამ სთხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით”. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი... ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა. როგორც კი დასრულდა ქეთევან დედოფლის წამება, უფალმა განადიდა წმიდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც შეკრებილი იყო მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და წამებულის გვამს დაადგა. წმიდა ქეთევანის გვამი ქალაქს გარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე წინასწარ ამოთხრილ ღრმა ორმოში დაფლეს. პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები, რომლებიც მომსწრე გახდნენ ქეთევან დედოფლის წამებისა, დიდხანს ეძებდნენ მის საფლავს. და აი წამებიდან 3 თვისა და 13 დღის შემდეგ მამა ამბროსიო დუშ ანჟუშმა მიაგნო ქეთევან დედოფლის საფლავს. მან სპარსეთის ტყვეობაში მყოფ ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, სადაც აღმოჩნდა მხოლოდ ძვლები, ხორცი კი –მთლიანად დამწვარი იყო. ხორცი შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე. მისიონერებმა ძვლები გაწმინდეს და ერთ ყუთში ჩააწყვეს. ყუთი წაიღეს და დაასვენეს ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში შირაზში. დედოფლის წმიდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ და მრავალ სნეულს ჰკურნავდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ დედოფლის წმიდა ნაწილები თეიმურაზს გამოუგზავნეს. თეიმურაზმა მწარედ დაიტირა თავისი დედა და ძენი, შემდეგ კი პატივით და დიდებით დაკრძალა ალავერდის წმიდა გიორგის ტაძარში. ამჟამად წმიდა დიდმოწამის წმიდა ნაწილები დასვენებულია სამთავროს წმიდა ნინოს წმიდანთა ნაწილებიან ხატში, აგრეთვე ქ. თბილისის სიონსა და ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წმიდა ქეთევანის ხატებში.