კითხვა-მიგებანი, ღირსი ალექსი შუშანია
ჭაბუკისა და ბერის დავა
ერთხელ ჭაბუკმან ვინმე მინახულა და დამიწყო შემდეგის სიტყვებით დავა და გამოცდა.
ჭაბუკი: როგორ ხედავ, მამაო, ქვეყნიერების მდგომარეობას?
ბერი: როგორ უნდა ვხედავდე, შვილო! რა საგანზე მეკითხებით?
ჭაბუკი: გეკითხებით ქვეყნიერებითი ცხოვრების რწმენა და ცნობაზედ.
ბერი: ეგ მრწამს, როგორც დაუბადებია და შეუქნია ღვთის სიბრძნეს და ვცნობ განწესებისაებრ თითოეულის თვისის მნიშვნელობის აღმასრულებელად.
ჭაბუკი: რა მნიშვნელობას ამბობთ და ანუ რა შესდგება ამაოების მეტი?
ბერი: მნიშვნელობა მიზნისადმი სარწმუნო არიან თვისივე მიმართულებით, რამეთუ ყოველნი არსნი მიიმართვიან დაუსრულებლობით მომავალის ახალ ცხოვრებისადმი იმ ერთის ბრძენის ღვთისა გამგეობითა სადიდებელად მისსა.
ჭაბუკი: სცდები, მამაო, ხსენებითა ღვთისათა, რომელ ესე ყოველი თავით თვისით, გინა ბუნების ძალით გაჩნდა.
ბერი: არა მე ვცდები, შვილო, არამედ შენ ცდები, ყალბის ჰსწავლით მჩემებელი მეცნიერებისა. მითხარ, აბა, ეგ მიზეზი ყოველთა არსებათა და წარმომჩენელი უწდომ საკვირველებათა გარეშე ღვთისა ვინ არის?
ჭაბუკი: ეგ ბუნების ძალაა, თვითმოქმედი.
ბერი: კარგი დაგემართოს! ვთქვათ ბუნების ძალაა მოქმედი და ეგ ძალა ეხლა აქვს თუ არა ბუნებას?
ჭაბუკი: რასაკვირველია, აქვს!
ბერი: მაშ თუ მაშინ, პირველ წამებში, როცა თქვენი სიტყვისაებრ აღმოხეთქა და აღმოშვა ბუნების ძალამ ეს ყოველი, რისთვის შემდეგ არასოდეს არ იქმნა მსგავსივე მოვლენა და არ განიმეორა მისი ძალა აღმოჩენისა და აღმოშობისა თვინიერ თესლთა მიდგომილებისა, ვინაიდგან ძალა, რაც ქონდა, არ მოჰკლებია?
ჭაბუკი: ეგ ჩვენი ცნობის გარეშეა და არ ვიცი, თუ რისთვის არ შესძინა, ხოლო ეს კი ვიცი, რომ ბუნების მოვლინებაა ყოველივე.
ბერი: ვიდრე იმ წამისა და დრო ჟამისა, ოდეს იქმნა აღმოშობა, გინა წარმოსჩენა არსთა, ჰქონდა თუ არა ამ თქვენგან ქადაგებულს ბუნების ძალას წინასწარ რამე განზრახვა, თუ ვითარ, ანუ რაგვარ აღმოეშობა?
ჭაბუკი: წინასწარ რა განზრახვა უნდოდა, ბუნება თვითმოქმედი საკვირველებითი ძალაა.
ბერი: საკვირველ არს ესე: ვითარ შესაძლო იყო წინასწარ განუსაზღვრელობა ესრეთის მიუწდომელი სიბრძნის აღსავსე ბუნების გაჩენისა, რომელ უკეთუ არა წინასწარ განზრახვით იქმნა, რისთვის ყველა მამალი არ გაჩნდა, გინა ყველა დედალი ანუ რაოდენიმე დედალ-მამალი და რაოდენიმე ერთ კერძო, გინა რომელიმე არა თესლოვანებით აღსაღორძინე, არამედ ბუნებით აღმოსაჩენი?
ჭაბუკი: მართალია, საკვირველი ქმნულებით სავსეა ცა და ქვეყანა, გარნა ეგ ბუნების სიმდიდრე და იგივე ძალა, ბუნება მოქმედობს საკვირველებით.
ბერი: მითხარ, უჭკუოისაგან ჭკვიანი დაიბადება თუ არა? ესე იგი თუ თითონ ჭკუა-გონების უქონი არსებაა, მისგან ჭკუა და გონების მექონი არსება დაიბადება თუ არა?
ჭაბუკი: ეგ უსათუოდ შეუძლებელია, რაც თითონ არა აქვს, ვერც სხვას გარდაცემს.
ბერი: მაშ თქვენგან ცნობილი მბადი ბუნება ჭკუიანია თუ უჭკუო, — გონიერია თუ უგუნური?
ამასზედ შეჩერდა ჭაბუკი, მიხვდა აზრსა და რა სთქვას: თუ სთქვას უჭკუო და უგუნურიაო — ქმნულობა ამტკიცებს ჭკუასა და სიბრძნეს, და თუ აღიაროს ჭკუიანი და გონიერიაო, ეს ხომ ღვთის არსებისა აღსარება იქმნებოდა, და შეჩერდა.
ბერი: რადგან ეგ ძალა, გინა ბუნება უგუნურია თუ გონიერი ვერა მომიგე, აი, მე აგიხსნი და შენ ისმინე:
უჭკუოდ, შვილო, ყოველისფერი მოქმედება დაუწყობელია, ხოლო რაც ხელოვნებაა და წესწყობილებაა, ყოველივე განგებულია სიბრძნე-გონიერებისაგან, რომელ როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომელსამე კარგს გაშენებულს ეკლესიას, გინა სახლს, გინა ორთქლმავალ გემებს და აგრეთვე სხვათა კარგ ხელოვნებათა, ვიტყვით: ბრძენი ოსტატის გაკეთებულიაო, რომლისა გამო იცნობება სიბრძნე გამკეთებელისა. ახლა აღიხილენ გონების თვალნი და განიხილე ცა და ქვეყანა და მას შინა სავსება — არა უაზროდ და უგუნურად არსებად მოსრული, არამედ გასაკვირი სიბრძნე და ხელოვანებით ხუროთმოძღვრისა, მაქებელად განგებული და წარმოჩენილი რომელ არცა ერთი რა მცირე, გინა დიდი არა არს სიბრძნის უმექონე, ყველასფერი ემორჩილება უმაღლესის ბრძანებას, თითქო განწესებულ არიან, ვითარცა მონანი თვისისავე დანიშნულებისადმი და ერჩიან საზღვრის დადებას წესს და კანონს. ვხედავთ ჭკუას და დიდ სიბრძნეს, ვხედავთ მართვას, ვხედავთ ძალას მარტივს, რომელიც ერთვის ყოველს არსებითსა მოძრაობას, ვხედავთ სიცოცხლეს და ჩვენ შორის დამატებულს სიბრძნე-მეცნიერებას და რომელმან დასდვა სიცოცხლე და მოსცა ნივთთა სიბრძნე-მეცნიერება, ნუუკუე თვით არა ბრძენ არს და ცხოველ? რასა იტყვი, შვილო, გაიგე თუ არა, რომ ჭკუა და სიბრძნე არსებობს გამგედ ცისა და ქვეყნისა?
ჭაბუკი: ამისი უარი, ვცნობ, რომ არ ძალმიძს, გარნა ამით რა უნდა დამარწმუნო შენ?
ბერი: მე ამას დაგარწმუნებ, რომ სიბრძნე და ჭკუა რადგან დაგიმტკიცე მოქმედად, ახლა ამას გკითხავ: სადაც ჭკუა და სიბრძნე არსებობს, იქ ხომ სიცოცხლე აღსარებულია, რომელ შეუძლებელ არს ცხოველი არ იყოს ის, ვისაც სიბრძნე და ჭკუა აქვს, რადგან სიბრძნე და ჭკუა მეცნიერებისა სიცოცხლეს უმისოდ არ იქნება, ეს ხომ ასეა?
ჭაბუკი: კარგი, მამაო, გარნა რა შესდგება ამისი ცნობით?
ბერი: ამის შემეცნებით მინდა, რომ გაგაგებიო და დაგიმტკიცო უმეცრება ღვთის მყოფობისა, უკვდაებისა და დაუსრულებლობისა, მით, რომ პირველად გავიგეთ და დავამტკიცეთ, რომ სიბრძნე და ჭკუა არსებობს მმართველად ქმნულებისა, მეორედ დავამტკიცეთ, რომ სადაც სიბრძნე და ჭკუა მეცნიერობს, იქ სიცოცხლეა უეჭველად და მესამედ დაგიმტკიცებ, რომ სადაც სიბრძნე და მეცნიერება უხორცოდ ცხოველობს, იქ უკვდავებაა და ყოველი უკვდავი დაუსრულებელია და ესე არს ღმერთი — უმაღლესი ბუნება, მიზეზი ყოველთა და შემოქმედი, და ესევე გადმოცემა მის მიერ ხატებისადმი გონებისა ჩვენისად საძიებელ არს და აღსარებულ უკვდავებითა. ეხლა რასა მეტყვი, შვილო, გულისხმაჰყავ თუ არა?
ჭაბუკი: თუმცა რამდენადმე გულისხმავყავ საიდუმლო გადმოცემა, მამაო, გარნა მძიმეა ესოდენი ხნის შეთვისებული აზრების, რაც ჩემ გონებას შეუწყნარებია, ერთბაშად რომ გარდაიწმინდოს.
ბერი: ვაი მათდა, შვილო, რომელნი გარდააქცევენ გზათა წრფელთა და უმანკო ახალნერგთა გონებათა ღუარძნილებად და ჰყოფენ მთხრებლ მავალ გონების ცთომითა სიბნელის წყვდიადად.
ჭაბუკი: ერთსაც გკითხავთ, მამაო! ეგ ეკლესია რა საჭიროა, რად უნდა მივიღოთ ესოდენი შრომა მაგაში სიარულით?
ბერი: თვით შენის სიტყვისაგან დაგიმტკიცო, შვილო, ეკლესიის ჭეშმარიტება. აი, შენ არა სთქვი ამ ჩვენის საუბრის დასაწყისში, რომ აგინებდი საზოგადოდ ფარისევლობას, შურისძიებას, მტერობას, ძმათუყვარულობას, თავმოწონებას, პირმოთნეობას, მელურ ზნე-ჩვეულებას, ამპარტავანებას, ესე იგი, ყველა იმას, რითაც ადამიანი დამდაბლებულია ზნეობით.
ჭაბუკი: დიახ, ესრედ ვსთქვი და მარადის ვიტყვი და ვკიცხავ ამას.
ბერი: უთუოდ საკიცხველია, ჭეშმარიტსა იტყვი. მაშ, დიდად საჭიროდ არა ჰხედავ, რომ იყვნენ დამცველნი სიმართლისა, აღმსარებელნი და მასწავლებელნი ჭეშმარიტებისა, სწავლა-განათლებულნი ანუ ზნეობით ამაღლებულნი, პირმოუფერებლად მამხილებელნი ხალხში, ვითარცა ფილოსოფოსნი ჰყოფდენ?
ჭაბუკი: უსათუოდ ძალიან საჭიროა და ესე არს სანატრულო ყველა ნასწავლი პირებისათვის, რომ იყვნენ, ესრეთი სულნი ძლიერნი.
ბერი: მაშასადამე, ვინ არის პირმთქმელი მოძღვარი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა, როგორც ეკლესია, რამეთუ ხელმწიფის და ყოველი დიდებულების წინ პირმოუფერებლად ღაღადებს, ამხილებს, კიცხავს, ჰყვედრის უთნოთა, მეძავთა, მემშურეთა, ამპარტავანთა, ფარისეველ გველ-ჭრელობათა, უწყალოთა, ძმათ უყვარულთა, ანგარმომხვეჭელთა, უძღებ მუცელღმერთთა, მემთვრალეთა, საწყალ-პირების უკადრისთა და ყოველსა ბიწიერების მომქმედთა, აგრეთვე დაუკვირდი და გულისხმაჰყავ, აბა რა სიმართლის კანონების და ქვეყნის სასარგებლო, ყოველგვარ ცხოვრების საჭირო და უცთომელ გზის მაჩვენებელია სული ეკლესიისა მეფეს და მონას, მდიდარს და ღარიბს, უბედურს და ბედნიერს, ძლიერს და უძლურს, თავისუფალს და ტყვეს, მტერს და მოყვარეს, ერთის სიტყვით, ყველას შესაბამს სწავლა-მოძღვრებას პირმოუფერებელად გადასცემს; არავის ეფერება, არავის ეშიშვის, არავის ემონება, არავის ეფარისევლება? აი, შვილო, შევედ ეკლესიაშიდ და იხილე მოძღვარი ჩვენი იესო ქრისტე, სიბრძნე ღვთისა, რას ჰქადაგებს? რომელი ფილოსოფოსის სწავლა და ნათქვი უდრის მას შესახებ საზოგადო ქვეყნის სამმართველო და სულით და ხორცით განათლების აღსავალისა, ვითარ სიყვარულისა, ერთობისა, მშვიდობისა, ზნეობით შინა განათლებისა, გარეშე წესიერებისა და სიმდაბლისა? სად უნდა გავიგონოთ ესრეთი მაღალი ჭეშმარიტება, როგორც ეკლესიაში? ვინ აღამაღლოს და გაახაროს საწყალი მონა და დაჩაგრულის გული ესრე, ვითარ ეკლესიამან, ოდეს მეფის და ბატონის გვერდით მდგომს ესმას: „თქვენ ყოველნი ერთ ხართო“(გალ. 3,28), „თქვენ ყოველნი შვილნი ღვთისანი და ძენი მაღალისანი ხართო“[ლკ. 20,36]. ვინ მონი და გლეხი გაუბედავს მეფეს და ბატონებს, რომ შენი თანასწორი ვარო! აწ მიხედენ ეკლესიას და სცანი სული ძლიერებისა და სული სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა, ვითარ წრფელია და უბიწო, პირმოუფერებელ და სიმართლის ნათელზნეობით ამაღლებული და ძლიერად დამთრგუნველი და მამხილებელი ამპარტავნობისა და ყოველგვარის ბოროტ ზნე-ჩვეულების განყოფილობისა და ბიწიერებისა, ვითარცა მონათა თანასწორად ხელმწიფეთა, რამეთუ სული ეკლესიისა არ ესათნოება მას მეფურის პატივის მიდრეკილი, არამედ იტყვის: „რომელსა უნდა დიდ ყოფა თქვენ შორის, იყავნ ყოველთა მსახური!“(მრკ. 10,43) „ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“(იგავნი 3,34; იაკ. 4,6) და სხვა! აგრეთვე მთელ ადამიანობას ეკლესია ერთ გვამად გამოჰხატავს და ასოთა სხვადასხვაობით სახეობას იგივე გვამთა შენაწევრებით არ არჩევს და არცა უპატიოსნეს ჰყოფს თვალსა, გინა თავსა, გინა ხელსა, არამედ იტყვის: „უდარესსა მას უმეტესსა პატივს ვსცემთო.“
ჰოი, სამართალი, ღვთიური და ჭეშმარიტი! აი, შვილო, დაუახლოვდი იესოს, დიდსა მოძღვარსა და დაემოწაფე და იქნები სულით ძლიერი, ვითარცა ამტკიცებს მისსა ძლიერებას მოწაფეთა მისთა მოქალაქობა და ყოველნი მისი შედგომილნი.
ჭაბუკი: ჭეშმარიტ არს, მამო, სიტყვა შენი! ღმერთმან ჰკითხოს მათ, ვინც მე ესრეთ გამიფუჭა ტვინი და დამასნეულა სულით!
ბერი: აი, შვილო, ასრეა და აწ უკეთუ მოყვარული ხარ სიბრძნისა და ფილოსოფოსობისა, გაიცან გულისხმისჰყოფით სული ეკლესიისა, სიტყვანი ძისა ღვთისანი სულისა მიერ წმიდისა გადმოცემულნი, რომელნი ათავისუფლებენ ადამიანს მონობისაგან და ანიჭებენ თავისუფლების აღსავალს შესვლად სუფევისადმი ძეობით ღვთისათანა შეერთებად და განათლებად. ეკლესია არის, შვილო, ზღვა უფსკრული ჭეშმარიტების მოძღვრებისა.
ეკლესია დავრდომილთა, გლახაკთა აღამაღლებს სკორეთაგან და დასვამს მთავართა თანა.
ეკლესია ღვთის სიბრძნისა ტაძარია და წარმომადგენელია ღვთის საიდუმლოების მნიშვნელობათა, ერთის სიტყვით, ეკლესია არის სული ღვთისა, სიცოცხლე და აღდგომა ჩვენი.
* * *
კითხვა: რაი არს ეკლესია?
მიგება: ეკლესია არის სახე ამ ხილული სოფლისა და იგავია, გამომხატველი პირველ უხილავი სოფლისა, გინა ზეციერის სუფევისა.
კითხვა: ვითარ არს ესე, ამიხსენი?
მიგება: შევედ ეკლესიაში და განაღვიძე სულიერი მხედველობა და დაუკვირდი: ფეხი რომ გიდგია იატაკზე, იგი სრულიად დედამიწად იგულისხმე, ხოლო გარშემო კედლობა გულბანდიან გარდათხმული ნიშნავს დედამიწის გარშემო ცის გარდათხმულობას. მაღლა კანდლები კიდულნი და სანთლები სახენი არიან ვარსკვლავთანი ხილულად, ხოლო უხილავად იგავნი და გამოხატვანი არიან ღვთის სამარადისო ნათლისა და მის გარემოს ანგელოზთა ყოფობისა. ესრედ გულისხმაყავ, რამეთუ კანდელები ხილულად ვარსკვლავთა სახენი არიან, ხოლო ვარსკვლავნი მნიშვნელობით გამოხატვანი არიან ღვთის ნათლისა და ანგელოზთანი, რომლებიცა ერთობით წმინდა არსობის გალობით უგალობენ ღმერთსა, რომლის მიმსგავსებით შევიკრიბებით ეკლესიად და უგალობთ ერთობით.
კითხვა: ქრისტეს სიტყვისგან არის თუ არა რამე დამტკიცება, რომ ეკლესია ცას ნიშნავს და ცა — ღვთისა ეკლესიას?
მიგება: ქრისტემ სთქვა: „ნუ ფუცავთ ცასა, რამეთუ საყდარი არს ღვთისა“[მთ. 5,34].
კითხვა: ღმერთი ყოველგან მყოფია, ყოველგან ისმენს ლოცვას და ეკლესია რით განსხვავდება?
მიგება: ღმერთი ყოველგან მყოფია მისი ძალშემოსილის სხივით, რომლითა ყოველგან სრულყოფს მისი ღვთაებრიობით ყოფობას, გარნა უაღმატებულეს ნათელსა შინა საყდარი მისი და სუფევა და სამართლის მსჯავრობა და გამოცხადება ანგელოზთა მიმართ, საღვთისმეტყველო სწავლაში გადმოცემულ არს სულისა მიერ წმიდისა და ესე სამსჯავრო საყდარი ქრისტემან დაამტკიცა შემდგომი სიტყვით: „ოდეს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა ზედა დიდებისა მეუფებისა მისისასა, განსჯათ ათორმეტთა ტომთა ისრაილისათა“[მთ. 19,28] და სხვა...
ამისთვისცა ხილული ესე საყდარი საკუთარ სახლად ღვთისა სამლოცველოდ განგებულ და კურთხეულ არს და რომ ეს ეკლესია სახლი ზეციერის მამისა არს სამლოცველო, ამას თვით ქრისტე ამტკიცებს და იტყვის: „სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სალოცველ ეწოდების“[ეს. 56,7; იერ. 7,11; ლკ. 19,46](მთ. 21,13; მრკ. 11,17). და განსდევნა მეკერმენი და მოვაჭრენი.
კითხვა: წირვა რას ნიშნავს?
მიგება: ადამის ექსორიობას, ქრისტეს განხორციელებას, ვნებას, ჯვარცმას, სიკვდილს, აღდგომას, კვალად მოსლვას და ადამიანთა განსჯას.
კითხვა: იტყვიან ზოგიერთი მწვალებელნი, რომ წირვა საჭირო არ არისო, ანუ კიდევ ქრისტემ ერთჯერ შესწირა თავი თვისი და ყოველთვის შეწირვა რა საჭიროაო!
მიგება: თვით ქრისტემ გვიბრძანა ესრედ: „ამას ყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“(ლკ. 22,19). „და რაოდენ გზისცა სჭამდეთ ხორცსა ჩემსა და სმიდეთ სისხლსა ჩემსა, სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ“[1 კორ. 11,26]. ცხადია, რომ ამ სიტყვებით დაგვიდგინა მოვალეობა აღსრულებად და ყოფად მარადის მოსახსენებელსა მისსა ჩვენდამი ნიჭებულის ამ დიდ საიდუმლოებით გამოხსნისა.
კითხვა: პური და ღვინო შესაწირავი ქრისტეს ხორცად და სისხლად რომ შეიცვალება და ამით ჩვენ რომ უნდა ვეზიაროთ, ამის დამტკიცებას ვითარ იტყვი?
მიგება: მოიღო პური ქრისტემან დიდ ხუთშაბათს წირვის პირველ დასაწყის სერობასა ზედა და მისცა მოწაფეთა თვისთა მეტყველმან: „მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“(მთ. 26,26) და მსგავსად სასმელი ღვინო მისცა მათ მეტყველმან: „სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი“(მთ. 26,27-28). აქ ორივე გამოაცხადა ქრისტემ, რამეთუ პური და ღვინო ხორცად და სისხლად სთქვა და რომ უნდა ვეზიაროთ. გვიბრძანებს მიიღეთო. და რომელმან სიტყვამ პირველ ყოველი არსად მოიყვანა და საიდუმლოებით შეამტკიცა, აწცა იგივე სიტყვა სამარადისო ძალით სრულყოფს, რამეთუ სთქვა და იქმნების. რად გიკვირს ესე, ძმაო, მაშინ, როდესაც პირველ საუკუნე მოიგონო და ყოველივე სიტყვითა ღვთისათა იხილო სრულყოფილი და აწცა სიტყვა იგი იტყვის: „პური, რომელსა მე მივსცე, ხორცი ჩემი არს“[იო. 6,51].
კითხვა ხორცისათვის რომ იტყვის: თქვენთვის განტეხილი, ხოლო სისხლისთვინ თქვენთვის და მრავალთათვის დათხეულიო, რად სთქვა უფალმან განყოფით, ხორცი საკუთრად ჩვენთვის და არა მრავალთათვის განტეხილი, ხოლო სისხლი ჩვენთვისაც და მრავალთათვისაც დათხეული?
მიგება წინასწარ გამოაცხადა მწვალებელთა განდგომილება და განყოფა მართლმადიდებლობისაგან, რამეთუ ქრისტეს ხორცთან არა აქვთ მათ ნაწილი მართლმადიდებლური და მით განაყენა ქრისტემან, რამეთუ ქრისტეს განხორციელების შესახებ მრავალწვალება შემოიღეს. თუმცა ქრისტედ ყველამ ირწმუნა, რომლითა ეწოდებიან ქრისტეანე: ფრანგთა, სომეხთა და სხვათა, გარნა მართალი და სრული აღსარება და სარწმუნოება არა აქვსთ ქრისტეს განკაცების შესახებ და ამას ნიშნავს განყოფითი ეგ სიტყვა ქრისტესი, რომ ჩვენ მართლმადიდებელნი ორივეში გვახსენა და ისინი, ქრისტეანედ წოდებულნი, მარტო სისხლში ახსენა.
კითხვა: ეს საიდუმლო ზიარება რომ დიდი საკრძალავია და უღირსებით მიახლება დასასჯელია, ამის შესახებ რა სთქვა ქრისტემან?
მიგება: ქრისტემ კრძალვა და პატივი, მსხვერპლის შეწირვა და [საიდუმლო] ზიარებისა დიდად გამოაჩინა და სთქვა: ოდეს „შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მოგეხსენოს, რამეთუ ძმა შენი გულძვირ რამე არს, დაუტევე შესაწირავი იგი და დაეგე ძმასა და ესრედ შემოვედ და შესწირე შესაწირავი იგი“[მთ. 5,23-25]. ამითი განაყენა უღირსი ზიარებისაგან და შემდეგ განწმედისა უბრძანებს, შევედ და შესწირე; ესე იგი, ეზიარე. აგრეთვე წერილ არს: „რომელი უღირსებით სჭამდეს და სმიდეს, იგი დასასჯელად თავისასა სჭამს და სვამს“[1 კორ. 11,29].
კითხვა: ზიარება რისთვის მოგვეცა მისაღებად?
მიგება: თვით ქრისტემ სთქვა, თუ რისთვის უნდა მივიღოთ, რამეთუ იტყვის: „მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა“. და კვალად იტყვის: „რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა“(იო. 6,56). აჰა, ორი უმთავრესი თვისება ზიარებისა, თუ რისთვის უნდა მივიღოთ: პირველი — ცოდვათა მიტევება და მეორე — ქრისტესთანა შეერთება.
კითხვა: რისთვის უთხრა ქრისტემ სამარიტელ დედაკაცს, რომ „არცა მთასა ამას და არცა იერუსალიმსა თაყვანისცემდეთ მამასა, არამედ მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყვანისმცემელნი თაყვანისცემდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“[იო. 4,21-23].
მიგება: დიახ, ნამდვილი ჭეშმარიტი მოძღვრება აღმოვიდა საღვთო ბაგიდან. აი, წმინდა და ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა და არა ის, ვითარ მაშინ ბრმანი და გაუნათლებელნი ფიქრობდენ: მხოლოდ გარეგანი თაყვანისცემით კმაყოფილებას, რამეთუ უკეთუ შეეხებოდენ სამარიტელნი მთასა მას და ისრაელნი იერუსალიმს თაყვანისცემით, მეტი სხვა სულით და გულით ღვთისადმი შემსჭვალვას და ისე ლოცვას არ ეძებდენ და არც ეგონათ, თუ საჭირო იყო და ცხოვრებითაც ყოვლად სიბოროტეში იმყოფებოდენ და განსაწმენდად მათდა მხოლოდ ნივთიერს ნაცვლად სულით სინანულისა, შესაწირავს ფიქრობდნენ შეწირვად და მით დარწმუნებული იყვნენ, ვითომ სრული ღვთისმსახურება და მათი ცოდვის განწმენდა სრულდებოდა.
აი, ამისთვის უთხრა ქრისტემ, რომ არცა მთა და არცა იერუსალიმიო; ესე იგი, არც ერთის თაყვანისცემა არ არი მართალიო, არამედ მოვალს ჟამი და აწვე არსო, რომ სულის ძლიერების ლოცვით და ჭეშმარიტი ცხოვრებით იქმნება თაყვანისცემა აწინდელ ქრისტიანეთა მიერო, როგორც წმინდა ტაძრებში, აგრე ყოველგანო. ტაძარი არ არი საჭირო და იქ სულით არ ილოცოთო, ამას არ ნიშნავს ეგ სიტყვა, არამედ ეკლესიაში სულით უნდა ლოცვა და არა ნივთითო, რომელსაც თვით ამბობს, რომ ტაძარი სახლი სამლოცველო არს: „სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდების“(მთ. 21,13; მრკ. 11,17). რომლითა ცხადათ დაგვიმტკიცა ეკლესია სახლად მისა და მას შინა სულით ლოცვა დაგვამოძღვრა და ცხოვრებაც ჭეშმარიტებით გვიბრძანა. ესე არს აზრი ზემოთქმულისა ნამდვილ სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა და არა ის, რომელსაც ტოლსტოვი ხსნის ეკლესიის განყენებით. და უკეთუ ეკლესიის განყენება ბრძანა ქრისტემ ერთჯერ ნუთუ მეორედ შეინანა და სთქვა: „სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სალოცველ ეწოდების“[ეს. 56,7; იერ. 7,11; ლკ. 19,46](მთ. 21,13; მრკ. 11,17). გინა რომ იტყვის საკურთხეველის შეწირვაზედ უგულძვიროდ; ესე იგი, წმინდა სულით შევედ და შესწირეო.
კითხვა: იტყვიან ზოგიერთნი, რომ პატიოსნად, სიმართლით, სიწმინდით ვიცხოვრებ და კეთილ საქმეებს აღვასრულებ და ლოცვა რა საჭიროაო?
მიგება: „ესე ჯერ არს აღსრულებად და იგი არა დატევებად“[მთ. 23,23].
კითხვა: თუ ესრედ იცხოვრებენ და ლოცვა დაუტევონ, ესე იგი, მიატოვონ, რა ცთომა იქნება?
მიგება: მაშ მოსპონ სიყვარული და მისი კანონიც!
კითხვა: როგორ? რა არი სიყვარული და მისი კანონის მოსპობა?
მიგება: სიყვარულს თავისა კანონი აქვს და ვისთანაც სიყვარული სუფევს, მას მისი კანონიც შეუდგება. რამეთუ ნიშანი სიყვარულისა არს საყვარელთან მუსაიფი. და ვისაც ღმერთი უყვარს, მას არ შეუძლია მისი ხედვის და მუსაიფის უმისოდ ცხოვრება. ეს სიყვარულის ჭეშმარიტი კანონია, მისგან შობილი და ვერავინ დახსნის ამ ჭეშმარიტებას.
აგრეთვე ჭკვიანი და გონიერი შვილი მამას ევედრება, რათა თანდათან უმაღლეს სწავლამდი მიაღწევინოს, რომლისათვის მამაც მხიარულებით უსმენს თხოვნას და აღიყვანს მაღალ განათლებისადმი. ამისგან შეისწავე ლოცვა-ვედრების საჭიროებაც, თუ რისთვისაა საჭირო? როგორც სიყვარული ითხოვს მუსაიფით ტკბილ ლოცვას, ეგრეთვე ჩვენი საჭიროებაც ითხოვს ვედრებას აღსლვად ღვთივ განათლებისადმი. თუ ვინიცობაა ძემან მამას რამე დაუშავა და აწყენია და მამამ მოაკლო შეწევნა სწავლისთვინ, მაშინ გონიერი შვილი ცრემლით შეუერთდება მამას და შეაბრალებს თავსა თვისსა და საყვარელი მამაც, თავის საყვარელ შვილს შეუნდობს და შეიტკბობს და მისცემს შეწევნას წინ წასლვისთვინ.
ასე სამ სახეობით ლოცვის მნიშვნელობა ჭეშმარიტი სიმართლეა და ვერვის ძალუძს გამტყუნება ამისი. და თუ გესმას, ძმაო, ვინმესგან, რომ ღმერთი მრწამს და ლოცვა არ არი საჭიროვო, მაშინ მოიგონე ეშმაკი, რომ იმასაც არ ძალუძს ღვთის უარისყოფა; იცის, რომ ღმერთი არის და სწამს, გარნა არ უყვარს და არცა ევედრება.
გინა ძიძამ შვილი გაზარდა და მამას მოუყვანა და ბავშვს უთხრა: ეგ მამაშენიაო და მან თუმცა იცნა და გაიგო, რომ მამამისი არს იგი, გარნა არ შეუყვარდა და არც მასთან სურდა მუსაიფი, არამედ სულ გარეთ დადიოდა. ამნაირია ის კაცი, ვისაც ღმერთი სწამს და არ ლოცვილობს.
ხოლო თქვენ ისმინეთ ცთომილნო ძმანო, რამეთუ მე აქ საღვთისმეტყველო წერილით არ გამტყუნებთ, არამედ თვით თქვენივე გვამში მყოფ ბუნების ძალით, რომლის სიმართლისგან გაქცევა შეუძლებელია.
კითხვა: კვალად იტყვიან მწვალებელნი ხატთა თაყვანისცემისთვის არა ჯერობას, რასა იტყვი ამისთვის?
მიგება: ყოველი ძვირფასი მეგობარი უყვარს კაცს და მისი სახის ხედვაც სასურველია მისთვის. როდესაც რამე შემთხვევით შორს იქმნება მეგობარი მისი, მაშინ სურათი მისი, რომელი არს ხატი, უკიდია კედელზე და ნაცვლად მისა შეყურებს ხშირად მას და ხელზე, გულზე და სახეზე ეამბორება, რომლითა ვითარცა პირისპირ გრძნობანი მოძრაობენ სიყვარულითა და სიამოვნებით შეიტკბობს სურათსა მისსა, რომელ არს ხატი მეგობარისა.
აწ რაოდენად უჭეშმარიტესად ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტეს მეგობრებს და მისდამი სიყვარულის შვილებს ქონდნენ ხატნი ქრისტესი და ყოველთა ქრისტეს მიერ ზეცის წმინდა სასიყვარულო კრებულისა, რათა ხშირად წარმოსადგენად ნამდვილ პირისა ხატი ესე შევიტკბოთ პატივისა და სიყვარულისა მისისათვის და თაყვანი ვსცეთ და ვეამბოროთ არა ნივთიერის ოდენ მხედველი, არამედ უხრწნელისა მის უნივთოისა სახისა მხედველი, რომლის თაყვანისცემა და ქონება თვით ქრისტემ ინება, ოდეს ავგაროს ედესიის მთავარს გაუგზავნა თავისი ხატი სამხილებელად მწვალებელთა, ვითარცა წინასწარმცნობელმან ხატთა მებრძოლთა და უარისმყოფელთა.
ესრედ სანამ მოციქულები ქრისტესთან იყვნენ, მას უჭვრეტდენ სიყვარულით და ოდეს განეშორათ საყვარელი მოძღვარი, მაშინ ხატი მისი გამოხატეს და კურთხევითა ზეგარდამო მადლის მოწოდებისათა შეიტკბეს ნაცვლად ქრისტესსა. რომელთა სარწმუნოებით მის წინ მლოცველთა უსმენდა ქრისტე ყოველს მათს სათხოველს და ესრედ მოგვიღებიეს ქრისტეანეთა ჭეშმარიტი თაყვანისცემა ხატისა ხედვითა უსხეულოის სახისათა.
კითხვა რას ნიშნავს სანთლის ანთება ხატების წინ?
მიგება სანთლები და კანდლები, როგორც ვახსენე ზემოთ, რადგან ეკლესია ხილული ცა და ქვეყნის სახეა, ამისთვის ვარკვლავების სახედ იქმნა სანთლები შემოღებულ გამოხატვითა ღვთის წინ სამარადისო ნათელობისა და ამასთანავე როგორც კაცობრივი აზრის შემწე და ღირსეულად მოსწავებული პირველ ნათლით შემოსილი კაცისა; მაგალითად, წმინდა სანთელი ნიშნავს უცოდველ, წმინდა გვამს ადამისას, ვიდრე ცთომამდე ყოფილს, ხოლო სანთლის გულზე ანთებული ნათელი მაშინდელი ჩვენი ნათლის გულობით შემოსილობას, რომლისათვის შეწირვა შემოღებლ იქმნა იმ რწმენით და გრძნობით, რომ ეს ჩვენგან შეწირული სანთელი შეიწიროს ღმერთმან და ნაცვლად შეგვმოსოს სიწმინდე და ნათელი. ამ განზრახვით იქმნა სანთლის ანთება და კიდევაც შეიწირვის წინაშე ღვთისა სიმართლედ, რამეთუ იტყვის წმინდა ოქროპირი: განზრახვასა ღმერთი მიითვალავსო. ამისთვის შემწირველი და აღმნთებელი სანთლისა გულში ზრახავს და თითქო ასე ეუბნება ღმერთსა: ღმერთო, ამ წმინდა სანთელს ავანთებ შენი სახელით ხატის შენის წინაშე და როგორც ეს წმინდა სანთელია, ისე ჩემი გვამი განწმინდე და წმინდაყავ და ვითარცა ამ წმინდა სანთლის გულს ნათელი ეკიდება, ისე ჩემი გული და სული გაანათლე. აი, ეს არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა სანთლისა.
საბერო ყმაწვილებისათვის
კითხვა: რა ვქნათ ამ ცხოვრებაში?
მიგება: უმჯობესი აღვირჩიოთ.
კითხვა: რაი არს უმჯობესი?
მიგება: სისრულის ძიება და მით ცხოვრება.
კითხვა: ვითარ იქმნება სისრულე?
მიგება: ვითარ ეტყვის მაცხოვარი ჭაბუკსა მას: „უკეთუ გინდეს სრულყოფა განაბნიე ყოველივე და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“[მრკ. 10,21].
კითხვა: ასე რო ვქნათ და ყოველი კაცი ბერად წავიდეს, ქვეყნიერება ხომ მოისპობა?
მიგება: ყოველი კაცის საქმე შენ არ გაბარია და არცა ვინ გკითხავს, არამედ შენი საქმე გაბარია და მას გკითხავენ და შენთვის უმჯობესი აღირჩიე.
კითხვა: ბერად რომ შევდგე, რა სასარგებლო ვიქმნები დედ-მამის და სამშობლოსი, რომლებთა მე აღმზარდეს?
მიგება: ქრისტე უფროს არს დედ-მამისა და ამასთან მაცხოვარი ბრძანებს: „სული უფროს არს ხორცისა“[მთ. 6,25; 26,41; ლკ. 12,23].
კითხვა: ბერობა რას ნიშნავს?
მიგება: ბერობა ნიშნავს პირველ სამოთხის ცხოვრებას და სულიერი ფილოსოფოსობა არს მაღლისა მხედველობით და ძლევა არს ხილულისა ბუნებისა და უხილავი მებრძოლისა და ანგელოზი არს ხორცით თანასწორი უხორცოსა.
კითხვა: ბერობა სიზარმაცეაო, იტყვიან?
მიგება: საგანი ბერობისა არ მიეწერა ზედშემოსრულ სიზარმაცეს, რამეთუ სიზარმაცე ვნება არს დახსნილობითი და ყოველ ადამიანს, ვით თავისი აჩრდილი, ესეცა თანა ახლავს, უკეთუ არა განკვეთს გულსმოდგინებით.
ხოლო ბერობა მამული არს ზეციერის ქალაქისა, და ვითარცა სხვა არს ქალაქი და სხვა არს მას შინა ვაჭარნი, ზოგნი კეთილ გულსმოდგინე და ზოგნი ზარმაცნი უკეთურნი, ესრედ ზეციერის ქალაქისა ამის ბერობისა ვაჭარნი, ზოგნი ზარმაცობენ და ზოგნი გულსმოდგინებენ, გარნა ბერობა უცვლელ არს თავისი მაღალსამოქალაქო კანონებით, რომლის ღირსად მოქმედნი და კანონთა გულსმოდგინედ აღმასრულებელნი მდიდრდებიან სულიერად, ხოლო ზარმაცნი და კანონთა განმგდებნი ზარმაცობითა საყვედრელად გლახაკდებიან.
და უკეთუ გამოვიძიებთ დაკვირვებით, ვპოვოთ სოფლიონი უფრო ზარმაცნი უჭეშმარიტესი შრომისადმი, ხოლო ჭეშმარიტი ბერი მტერად სიზარმაცისა. რამეთუ შრომა ხორციელი ხალისდების და სრულდების სარგებლობის ნიჭით და ინტერესი შეძენისა, სიმდიდრისა და კეთილცხოვრებისა მათ ახალისებს შრომისადმი და თან ამ შრომის ნაყოფით გემოვნებენ და ყოველი ხორციელი სურვილებით კმაყოფილდებიან, დღე შრომობენ და ღამე საკმაოდ განისვენებენ, ხოლო ჭეშმარიტი შრომისთვინ სრულიად ზარმაცნი არიან, რომელ არს თავისი გაწმენდა ვნებებისაგან. ამას ვინ ეძებს და ვინ შრომობს ამ მაღალ საშრომელს, რათა მიიღოს ძლევა ვნებათა ზედა და განათავისუფლოს თავი თვისი ცოდვათა მონებისაგან და შევიდეს სულიერი სიმდიდრისადმი, რომელსაც ესაჭიროება თავგანწირული სულიერი შრომა. ამას მისდევს მხოლოდ საწყალი ჭეშმარიტი ბერი; ამისი მუშაკი არს დღე და ღამე, რამეთუ ღამეცა განუსვენებელ არს და სრულად არ აკუთნებს სიზარმაცესა, არამედ შუაღამიდან ღაღადებს ხმითა ძლევისათა და იძულებულყოფს ბუნებასა და იოტებს უდებებასა და სიმძიმესა ძილისასა. და ესრედ დღე და ღამ აიძულებს იგი თავსა თვისსა, რამეთუ ახსოვს მას სიტყვა მაცხოვრისა: „რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ“(მთ. 11,12). ესე იგი არს, ვინც აიძულებს თავის თავს ბუნების ბრძოლად, იგი მიიზიდვის და ამაღლდების სუფევისადმი.
ეხლა შენ, საყვარელო ძმაო, რომელიც მართალია დიდად შრომობ, გარნა ყოველი ხორციელი გემოვნებით დღე ცხოვრობ და ღამე განისვენებ და სიყვარულსა ემონები, მიხედენ ბერსა, ვითარ დღე და ღამ წირვა-ლოცვით, მარხვით და ფიცხელი მოღვაწებით ტანჯავს თავსა და სიყვარულსა ცოდვისასა არა ემონება, არამედ ებრძვის და რომელმან შენ დაგიმონა და ბატონ გექმნა, იგი მას თვით ბატონობს და ძლიერსა მას სიყვარულსა ძლევს და იმონებს! მითხარ, ძმაო, შენ ხარ ზარმაცი თუ ის? შენ ხარ ძლიერი სულით და ხორცით, თუ ჭეშმარიტი ბერი?
გინა რომლითა ყოველი პირუტყვი და ცხოველნი შეკრულია და თვისებად მიცემია იმისი თანაზიარი და მქნელი კაცი უფროსია და ამა ყოველთა შემკრველი ბუნების მოთხოვნილებათა განმკვეთი და ზესთა ქმნული ამა ყოვლისა ხილულისა, მხოლოდ სულით მრონინე ხორცსა შინა ჭეშმარიტი ბერი? მითხარ, ძმაო, რომელი უფროს არს და რომელსა ეკუთვნის სიქადული?
ან შენ, რომელიც ორ-სამ თვე დიდად გიმძიმს თმენა ამ ბუნების სიყვარულისა, ვით ადარებ თავსა შენსა იმ კაცს, ვისაც თავის სიცოცხლეში ამ ცეცხლის დასაშრეტი ძალა მიუღია მაღლისაგან და არა უხილავს გემო მიდგომილებისა და არცა ათასი წელი იცოცხლოს, სურის მიახლებად.
გინა შევედ საბერო კარდახშულ კელიაში და სამი თვე ზაფხულისა დაითმინე დაყუდებით და ილოცე სამარადისოდ და ნახავ შენს ძალ-ღონეს, რამეთუ რომელიც დილიდან საღამომდი დაუღალავად ეხალისებოდი სოფლიო შრომას, აქ, ამ ცეცხლის კელიაში, ესე იგი, კარკეტილ ოთახში ერთი დღეც მოსწყინდები და გავარდები გარე.
კითხვა მაშ შენი სიტყვით გამოდის სოფლიო ცხოვრება პირუტყვობად?
მიგება მე ამას მიტომ კი არ ვამბობ, რომ საზოგადო ცხოვრება არ იყოს სათნო ღვთისა! ნუ იყოფინ. ფრიად კეთილ არს საზოგადო სიმართლით ცხოვრება, გარნა მსურის გაგაგებიო ჭეშმარიტი ბერის ასპარეზი: ბრძოლა, ძლევა, ხორცის მოკვდინება, სულის აღდგომა, აღსლვა ამაღლებითა და დაჯდომა მარჯვენით ღვთისა. ამით მსურის, შენ, რომელიც ზარმაცობას წამებ ბერობას, ძმაო, დაგიმტკიცო და გაგაგებიო, რომელსაც არ შეგიძლია ამათი ძლევა და დაგამდაბლო საღვთო სიმდაბლით და გაცნობო შენი ნაკლულევანება და გადიდებინო ჭეშმარიტი ბერობა.
კითხვა: სოფლიო ცხოვრება რომ არ იყოს, არცა ბერობა იქმნება, რამეთუ ჯერ სოფლიო მეუღლეობა შეადგენს ცხოვრებას და მერმე მათგან ნაშობი ბერობას.
მიგება: დასაბამად მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი იყო პირველარსებული ღვთისაგან და შემდეგ მათსა იქმნენ მზე, მთოვარე და ვარსკვლავნი, რომლებიცა ესე ყოველნი აღავსებენ ზოგად დიდებასა ღვთისასა და სრულყოფენ დანიშნულებასა მათსა, გარნა პირადად სხვა არს დიდება მზისა, და სხვა არს მთოვარისა, და სხვა არს ვარსკვლავთა, და სხვა არს დედამიწისა და ვითარცა ამა ყოველთა უპირველესი დიდება ეკუთვნის მზესა, ეგრეთ გულისხმაყავ ბერობისათვის, რამეთუ ბერობა არს მზეობა. გარნა მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არა ქუდი და ანაფორის ჩაცმით მარტო, არამედ შინაგანი ბერობის ნათელმოსილობით, ხოლო უკეთუ გწყურის შინაგანი და ჭეშმარიტი ბერობის სწავლა, იკითხე იოანე ფილოსოფოსის, სინა მთის წინამძღვრის სწავლა — წიგნი „კლემაქსი.“ და იქ პოვო სისრულით და ზედმიწევნით, თუ რაში მდგომარეობს და ვითარ არს შინაგანი ბერობა.
დიდი ნაშრომია, ძმაო, ის კაცი, ვინც მოერია სიფიცხეს, მრისხანებას, გულისთქმას, ამპარტავნებას, ანგარებას, მტერობას, შურს და სიძულილს და ესე ყოველი განდევნილ არს ჭეშმარიტი ბერისაგან და უმეტეს ამათსა რაოდენი იგი აქვს შეძენილი მაღლის ბუნებისა, იგი დავიდუმოთ. აწ შენ, რომელიც დილიდან საღამომდი დიდად შრომობ და ზემოთქმულებისგან თავისუფლებას არა მისდევ, მითხარ უმაღლესი შრომის წინ ზარმაცი ყოფილხარ, თუ არა? „სული უფროს არს ხორცისა.“ და ესე დაგავიწყდა შენ.