მირზა მაჰმუდის ზღაპარი, გიორგი კალანდაძე

I ერთ უდაბურ, მაღალ მთასთან ციცაბო და ცადაწვდილი, კლდე იყო და კლდეში – მღვიმე, თითქოს განგებ გამოთხრილი. ამბობენ, რომ იმ მღვიმეში ასეული წლების წინათ ვინმე ჭაბუკ მონადირეს – მირზა მაჰმუდს ჰქონდა ბინა. დილით ადრე სანადიროდ მიდიოდა ჩვენი გმირი, ნადირს ხოცდა ტყე-ღრეებში, ტყესთან იყო თანშეზრდილი. არა ჰყავდა არც ძმა, არც და, დაჰკარგოდა მამა, დედა; გულს უკლავდა მირზა მაჰმუდს მარტოობის შავი სევდა. თურმე, მეფის ჯალათები თავს დაესხნენ მირზას მშობლებს, შეიპყრეს და მოაკვდინეს, მირზა ბიჭი დააობლეს. ბავშვი იყო მაშინ მირზა, მეფემ მისი დასჯაც ბრძანა, მაგრამ ხალხმა მირზა ბიჭი ღამით ტყეში გადამალა. ოცი წელი მარტოდმარტო იზრდებოდა ტყეში ობლად, არვინ ჰყავდა ქვეყანაზე სიხარულის მახარობლად. მხეც-ნადირთა სამეფოსთან ბევრჯერ შეხვდა შეხლა-ომი, გაიზარდა, დავაჟკაცდა მკლავით – რკინა, გულით – ლომი... მზე დასავლეთს მიიწურა, ზეცა თალხით იმოსება, ტყე-ღრეებში შარიშურით შეღამების ბინდი წვება. შინ ბრუნდება მონადირე, მიეახლა ნაცნობ მღვიმეს, მძიმე ტვირთით მიდის მირზა ვის მიუტანს ნანადირევს? და რას ჰხედავს: მღვიმის კართან ცოცხით ეზოს ხვეტავს მელა. შედგა გმირი, გაიფიქრა: – ცდუნებაა უეჭველად. ხიფათს რასმე გადამკიდებს ეს ეშმაკი საოცარი!.. ჩამოიღო მხრიდან ტვირთი, მოიმარჯვა მშვილდ-ისარი. დაუმიზნა, სტყორცნა... მაგრამ, რა სცოდნია ზოგჯერ ისარს: დატრიალდა მღერით, სტვენით, უღალატა გმირის მიზანს. შორს დაეცა და ბუჩქებში სადღაც შეწყდა ისრის სტვენა, ხოლო მელამ საოცარმა ამოიდგა უცებ ენა. უთხრა მირზას: – ჰე, ძმობილო, შემიბრალე, არ გამწირო; მინდა ჭირში გამოგადგე, შენი სევდა ვინაწილო. ავად გახდე – მოგიარო, ცივ წყაროს წყალს მოგიტანდე: შენს მეგობრად მიგულებდე, შენთან დავრჩე სიკვდილამდე. დაუჯერა მირზამ მელას, მოეწონა ფიცი მისი. დატრიალდა მელა-კუდა, იწყო ვახშმის სამზადისი. გააჩაღა ცეცხლი დიდი, ნანადირევს უწყო ხარშვა; გაიშალა მყისვე სუფრა და შეექცნენ მდიდრულ ვახშამს. და ცხოვრობდნენ მეგობრულად, ერთმანეთის ფხიზელ მცველად. კარგი კვებით, კარგი ზრუნვით მომჯობინდა კუდა-მელა. მოემატა მუხლში ღონე, სითამამე, შნო და ეშხი. ორმა თვემ რომ გაიარა, სასეირნოდ მიდის ტყეში. მიდის, მისდევს ტყის ნაპირებს და ყურს უგდებს ფოთოლთ შრიალს, ხედავს: მის წინ შიმშილისგან დავრდომილი ლომი გდია. გდია ტყეში მხეცთა მეფე, მიხრწნილი და ფერწასული, ძალა არ აქვს წამოდგომის, განუტევოს ლამის სული. მელა-კუდამ მედიდურად ცხვირწინ თათი აუქნია, ჰკითხა: – ჰეი, მხეცთა მეფევ, მითხარ, ეგ რა დაგმართნია?! წამოდექი, ტყე-ღრეებში მიიარე-მოიარე, საზრდოს ნახავ, მომაგრდები, ნუ ხარ ბედზე მგლოვიარე! ლომმა უთხრა: – ჰე, ნათლიდედ, ნუ დამცინი, დამეთხოვე, სად არ ვიყავ, რა არ ვცადე და საკბილო ვერსად ვპოვე. გაიღიმა მელა-კუდამ და მიუგო ლომს უმალვე: – დიდება და დღეგრძელობა მირზა მაჰმუდს – ჩემს დიდ მფარველს. მას ვმსახურობ სულით, გულით, მსუყე ლუკმა არ მაკლდება, ვიცი შემწვარ-მოხრაკულის სანაქებოდ მომზადება. ჩემი დიდი მფარველისთვის ჩემი ცოდნა შემიწირავს, შიმშილისგან დავრდომილებს ნასუფრალით ვკვებავ ხშირად. გააჟრჟოლა მხეცთა მეფეს, მოერია ნდომის ნერწყვი: – ჰე, ნათლიდედ, ნუ გამწირავ, ხომ ხედავ, რომ სიკვდილს ვებრძვი! შენთან ერთად წამიყვანე, შენს მსახურად დავრჩე მუდამ. – გაგონილა ასეთი რამ? – გაიოცა მელა-კუდამ, – – ალბათ ფიქრობ, ჩემს დიდ მფარველს მტაცებლური გაჰკრა კბილი, დაგლიჯო და გადასანსლო, გამიმწარო დღენი ტკბილი! ლომმა უთხრა: – ნუ, ნათლიდედ, ნუ გაივლებ მაგას გულში, ჩემს სიცოცხლეს გავატარებ თქვენთან ძმობა-სიყვარულში. დე, კბილები სულ დამცვივდეს, დე, მოვშორდე ნათელს მზისას, თუ ბოროტი კეთილის წილ მე მივუზღო ჭაბუკ მირზას. მოეწონა მელა-კუდას ლომის ფიცი და მუდარა, წინ წაუძღვა სასომიხდილს და მღვიმეში მიიყვანა. მიუტანა ხორცი უხვად, შეექცა და გაძღა ლომი. ასე გახდა მხეცთა მეფე მელა-კუდას ქვეშევრდომი... მზე დასავლეთს მიიწურა, ზეცა თალხით იმოსება, ტყე-ღრეებში შარიშურით შეღამების ბინდი წვება. შინ ბრუნდება მონადირე, მიეახლა ნაცნობ მღვიმეს, – მძიმე ტვირთით მიდის მირზა, ვის მიუტანს ნანადირევს? და რას ხედავს: მღვიმის კართან საუბრობენ ლომი, მელა, შედგა გმირი, გაიფიქრა: – ცდუნებაა უეჭველად! თვალთმაქცია მელა-კუდა, ხვალ სხვას მომგვრის ვინმეს კიდევ, ეშმაკი და ოინბაზი ხიფათს რასმე გადამკიდებს. ან ორივე უნდა მოვკლა, ან აქედან გადვიკარგო, რომ დაბურულ ტყის სიღრმეში ვეღარავინ ვერ მომაგნოს. მხეცებმა კი მირზა ჭაბუკს ფიქრი აღარ დააცალეს, მიეგებნენ მეგობრულად, მხრიდან ტვირთი ააცალეს. მღვიმისაკენ წაიყვანეს მზრუნველობით, სულით, გულით, საგანგებოდ გაუფინეს ფეხქვეშ რბილი ბეწვეული. ივახშმეს და ისაუბრეს, სიტყვა უთხრეს ერთურთს ძმური, მაგრამ დღისით დაღლილ მირზას მოერია მალე რული. ორმა თვემ რომ გაიარა, ლომს ძალ-ღონე დაუბრუნდა, მელა-კუდას ტყე-ღრეებში სეირნობა კვლავ მოუნდა. მიდის, მისდევს ტყის ნაპირებს და ყურს უგდებს ფოთოლთ შრიალს, ხედავს: მის წინ შიმშილისგან დავრდომილი დათვი გდია. გდია თითქოს დაღლილი და დაქანცული დიდი ჯაფით და მთელი თვის უსმელ-უჭმელს ტუჩზე მოსდის თეთრი ქაფი. ღმუის, ღნავის საცოდავად, გასწყვეტია არაქათი. მელამ თითქოს ვერც კი იცნო, განგებ წაჰკრა თათზე თათი. უთხრა: – ძმაო, ვეღარ გიცან, რამ დაგრია ეგრე ხელი, წელს ხომ უხვი მოსავლისა და სიმდიდრის იყო წელი? ადე, ტყეში გაიარე, ხომ არ გადევს ფეხზე ხუნდი? – საზრდოს ნახავ, მომაგრდები, ეგრე როგორ დაძაბუნდი?! დათვმა უთხრა: – ჰე, დობილო, ნუ დამცინი, დამეთხოვე! სად არ ვიყავ, რა არ ვცადე და საკბილო ვერსად ვპოვე. მე შიმშილმა წამაქცია, მისი ბასრი კლანჭით ვკვდები; შენ მაძღარი, მე მშიერი, მენატრება შენი ბედი! გაიღიმა მელა-კუდამ და მიუგო დათვს უმალვე: – დიდება და დღეგრძელობა მირზა მაჰმუდს – ჩემს დიდ მფარველს! მე ჩიტის რძეც არ მაკლია, ვარ ხიზანი მირზას მღვიმის, ის მიზიდავს ნანადირევს, მის კერაზე ცეცხლი ღვივის. მისი ყმა და ერთგული ვარ, მსუყე ლუკმა არ მაკლდება; ვიცი შემწვარ-მოხრაკულის სანაქებოდ მომზადება. ჩემი დიდი მფარველისთვის ჩემი ცოდნა შემიწირავს, შიმშილისგან დავრდომილებს ნასუფრალით ვკვებავ ხშირად. გააჟრჟოლა დათუნიას, მოერია ნდომის ნერწყვი: – ჰე, დობილო, ნუ გამწირავ, ხომ ხედავ, რომ სიკვდილს ვებრძვი? შენთან ერთად წამიყვანე, შენს მსახურად დავრჩე მუდამ! – გაგონილა ასეთი რამ? – გაიოცა მელა-კუდამ, – ალბათ ფიქრობ, ჩემს დიდ მფარველს მტაცებლური გაჰკრა კბილი, დაგლიჯო და დამაობლო, გამიმწარო დღენი ტკბილი. დათვმა უთხრა: – ნუ, ნათლიდედ, ნუ გაივლებ მაგას გულში, ჩემს სიცოცხლეს გავატარებ თქვენთან ძმობა-სიყვარულში. დე, კბილები სულ დამემტვრეს, დე, მოვშორდე ნათელს მზისას, თუ ბოროტი კეთილის წილ, მე მივუზღო ჭაბუკ მირზას. მოეწონა მელა-კუდას დათვის ფიცი და მუდარა, წინ წაუძღვა სასომიხდილს და მღვიმეში მიიყვანა. მიუტანა საზრდო უხვად, შეექცა და გაძღა დათვი და გააბეს ლომთან ერთად მეგობრული მასლაათი... მზე დასავლეთს მიიწურა, ზეცა თალხით იმოსება, ტყე-ღრეებში შარი-შურით შეღამების ბინდი წვება. შინ ბრუნდება მონადირე, მიეახლა ნაცნობ მღვიმეს – მძიმე ტვირთით მიდის მირზა, ვის მიუტანს ნანადირევს? მღვიმის კართან დათვი ბობღავს და თათებს ხვევს ლომს და მელას, შედგა მირზა, გაიფიქრა: – ცდუნებაა უეჭველად! თვალთმაქცია მელა-კუდა, ხვალ სხვას მომგვრის ვინმეს კიდევ, ეშმაკი და ოინბაზი ხიფათს რასმე გადამკიდებს. ან სამივე უნდა მოვკლა, ან აქედან გადვიკარგო; შორს, დაბურულ ტყის სიღრმეში, მძებნონ, მძებნონ – ვერ მომაგნონ. მხეცებმა კი მონადირეს ფიქრი აღარ დააცალეს, მიეგებნენ მეგობრულად, მხრიდან ტვირთი ააცალეს. მღვიმისაკენ წაიყვანეს, წინ წაუძღვნენ სიხარულით, მზრუნველობით გაუფინეს ფეხქვეშ რბილი ბეწვეული. ივახშმეს და ისაუბრეს, სიტყვა უთხრეს ერთურთს ძმური, მაგრამ დღისით დაღლილ მირზას, მოერია მალე რული. და ცხოვრობდნენ მეგობრულად, ერთმანეთის ფხიზელ მცველად. ორმა თვემ რომ გაიარა, სასეირნოდ მიდის მელა. მოირბინა ველ-მინდვრები, უცებ შედგა და გაოცდა: შიმშილისგან ღონემიხდილს არწივს ხედავს მაღალ ბორცვთან. გდია ბორცვთან ფრინველთ მეფე, საცოდავი სანახავი, სამი კვირის უსმელ-უჭმელს აღარა აქვს ფრენის თავი. მელა-კუდამ თავმომწონედ კუდი მიარხ-მოარხია, ჰკითხა: – ფრენის ჯადოქარო, მითხარ, ეგ რა დაგმართნია? აბა, ერთი შენებურად გადუქროლე ტყეს და ველებს, საზრდოს ნახავ, მომაგრდები და შენს მოდგმას ასახელებ! არწივმა კი ძლივს შეჰკნავლა: – მელა-კუდავ, დამეთხოვე, სად არ ვიყავ, რა არ ვცადე და საკბილო ვერსად ვპოვე. აქ შიმშილმა წამაქცია, მისი ბასრი კლანჭით ვკვდები, შენ – მაძღარი, მე – მშიერი, მენატრება შენი ბედი! იღიმება მელა-კუდა, ეშმაკურად ნაბავს თვალებს: – დიდება და დღეგრძელობა მირზა მაჰმუდს – ჩემს დიდ მფარველს! მე ჩიტის რძეც არ მაკლია, ვარ ხიზანი მისი მღვიმის, ის მიზიდავს ნანადირევს, მის კერაზე ცეცხლი ღვივის. მას ვმსახურობ ჩინებულად, ლუკმა როდი მომაკლდება, ვიცი შემწვარ-მოხრაკულის სანაქებოდ მომზადება. ჩემი დიდი მფარველისთვის ჩემი ცოდნა შემიწირავს, შიმშილისგან დავრდომილებს ნასუფრალით ვკვებავ ხშირად. გააჟრჟოლა ფრინველთ მეფეს, მოერია ნდომის ნერწყვი: – ჰე, დობილო, ნუ დამტოვებ, ხომ ხედავ, რომ სიკვდილს ვებრძვი. შენთან ერთად წამიყვანე, შენს მსახურად დავრჩე მუდამ. – გაგონილა ასეთი რამ? – გაიოცა მელა-კუდამ, – ალბათ, ფიქრობ ჩემს დიდ მფარველს ამოჰკორტნო ორივ თვალი; კარგად ვიცი მტაცებლური შენი ჯიში, შენი გვარი! არწივმა სთქვა: – ნუ, დობილო, ნუ გაივლებ მაგას გულში, ჩემს სიცოცხლეს გავატარებ თქვენთან ძმობა-სამსახურში. დე, კლანჭები სულ დამცვივდეს, დე, მოვშორდე ნათელს მზისას, თუ ბოროტი კეთილის წილ მე მივუზღო ჭაბუკ მირზას. სამარცხვინო სიკვდილს დამხსენ, მიშველე რამ სასომიხდილს, დრო მოვა და შენს სიკეთეს ერთიასად გადავიხდი! შორსმჭვრეტელი მელა-კუდა მიეშველა ფრენის ოსტატს, წაიყვანა შინ და უხვი მასპინძლობით გააოცა... მზე დასავლეთს მიიწურა, ზეცა თალხით იმოსება, ტყე-ღრეებში შარიშურით შეღამების ბინდი წვება. შინ ბრუნდება მონადირე, მიეახლა კლდეს და მღვიმეს, – მძიმე ტვირთით მიდის მირზა, ვის მიუტანს ნანადირევს? მიდის, მიდის, მიიმღერის, უცებ შედგა გაოცებით: მღვიმის კართან მხეცთა შორის გაუშლია არწივს ფრთები. მირზამ გულში გაიფიქრა: – რა ვიღონო, სად წავიდე? ეს თვალთმაქცი მელა-კუდა ხიფათს რასმე გადამკიდებს! მხეცებმა კი მონადირეს ფიქრი აღარ დააცალეს, მიეგებნენ მხიარულად, მხრიდან ტვირთი ააცალეს. მღვიმისაკენ წაიყვანეს, წინ წაუძღვნენ სიხარულით, მზრუნველობით გაუფინეს ფეხქვეშ რბილი ბეწვეული. ივახშმეს და ისაუბრეს, სიტყვა უთხრეს ერთურთს ძმური, მაგრამ დღისით დაღლილ მირზას მოერია მალე რული... II ხანი გავიდა, ცხოვრობდნენ, მათი აუგი არ თქმულა. ერთხელ მელიამ მოუხმო არწივს, ლომსა და დათუნას. უთხრა: – ხომ გახსოვთ ანდაზა – ხალხური სიბრძნის ძირიო: „ხელმა რომ ხელი დაბანა, ორთავემ ერთად – პირიო?” ჩვენ ყველა მირზა ჭაბუკის ერთგული მეგობრები ვართ, ის გვარჩენს, ის გვასაზრდოებს, ძმებივით შევყვარებივართ. მოგეხსენებათ უცოლო არის ის ჩვენი მფარველი, მოვგვაროთ ვინმე მზექალი, საქმე ვქნათ გასახარელი. მსმენია, მერდინ-ქალაქში შვიდი წელია, ტყვედ არი ზინე: ტურფა რამ ასული, შავთვალა, სახით მზედარი. კოშკში ზის – კარს ვერ უნახავ, მთელი დღე გარს რომ უარო; მეფეს სურს ცოლად შეირთოს, ქალი ისტუმრებს უარით. ერთ ხელში თასი უჭირავს პირთამდე შხამით ავსილი, მეორე ხელში – მახვილი და სწვავს სამმაგი სახმილი. კოშკში ნათელი ჩამდგარა – ელვა კრთის მისი თვალისა; ახლოს არავის მიუშვებს, გარდა მსახური ქალისა. – თუ მომეკარეთ, – იძახის ქალწული გასაოცარი, – შხამს შევსვამ, მახვილს დავიცემ, არ დაგნებდებით ცოცხალი! წავიდეთ მერდინ-ქალაქში, უქმად შინ ჯდომა გვეყოფა, მეფეს მოვსტაცოთ ტყვე-ქალი, მოვჰგვაროთ ჩვენს დიდ მეგობარს. – წავიდეთ! – ლომმა იქუხა, – წავიდეთ! – ერთხმად დასძახეს, – შინ ნუღარ შემოვბრუნდებით, თუ ვერ მივაღწევთ საწადელს! წავიდნენ, ტყე-ტყე მიდიან, მიდიან, მიიმღრიან. დათვმა ორი ხე მოტეხა, მოურბენინა მელიას. ერთისგან კავი გამართეს, მეორე ხისგან – უღელი. მელამ ლომსა და დათუნას უთხრა: – ხართ ქედმოუღლელნი. თქვენ ამ უღელში შეებით, მე გუთნისდედა ვიქნები, გვაქვს ერთი დიდი მიზანი და მეგობრული ფიქრები! თქვა და მგზავრული დასძახა, მოძმენი გაახალისა... გამოჩნდა მერდინ-ქალაქი და კოშკი ზინე-ქალისა. არწივს უბრძანა მელიამ: – კოშკის ქონგურზე შემოჯექ, იქ იყავ, სანამ ქალაქის ახლოს ჩვენ გამოვჩნდებოდეთ. გვიხილვენ, ხმაურს ასტეხენ, იგრძნობს კედლებიც ციხეთა; ზინე ფანჯარას გააღებს, მზესავით გადმოიხედავს. მაშინ აფრინდი და ქალი ცად აიტაცე კლანჭებით, მირზას მღვიმისკენ გაფრინდი, არვინ იქნება დამჭერი. იქ დაგვახვედრე მზექალი, შენ, ჩვენი ძმობის ზიარო, მხოლოდ ფრთხილად, რომ კლანჭებით ზინე არ დააზიანო! არწივი კოშკზე აფრინდა, დაჯდა და ნიშანს ელოდა; მზე დაჰყურებდა მიდამოს ლაჟვარდის სამფლობელოდან. აპრილის თბილი დღე იყო, დაჰქროდა სიო საამო. ქალაქის ახლოს, მინდორზე, გაისმა „ხიო-მაამო”. ლომი და დათვი გუთანში შებმულან, ხნავენ ანეულს, მელია გუთნის დედაა, დახედეთ მხეცთა სამეულს! ქალაქში ატყდა განგაში, ხმა დაფდაფის და საყვირის, ზოგს მტრის თავდასხმა ეგონა, ფიცხლად იშიშვლა მახვილი. ხმები დაირხა, შეიქმნა შეხლა-შემოხლა, დაობა, ხალხი გამორბის, იხილოს ეს უცხო სანახაობა. მუსხინის ველზე სახნავად მხეცებს გუთანი გაუბამთ! – დგას ზინე გაკვირვებული, ისმენს მსახურის საუბარს. არ სჯერა სხვისი ნათქვამი, განცვიფრებული დამდგარა, სურს თავის თვალით იხილოს... და გამოაღო ფანჯარა. ამ დროს არწივი აფრინდა, – ელვა იყო, თუ რა იყო! ტყვექალს კლანჭები ჩასჭიდა, ცის ლაჟვარდებში წაიღო. დათვმა, ლომმა და მელიამ, ჭაპანს რომ სწევდნენ აქამდე, დასტოვეს კავი-გუთანი და მღვიმისაკენ გაქანდნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, არა ვარ ამის მთხრობელი; მღვიმეში ქალი დაუხვდათ მზესავით მანათობელი. . . . . . . . . . . . . . . . . . მზე დასავლეთს მიიწურა, ზეცა თალხით იმოსება, ტყე-ღრეებში შარიშურით შეღამების ბინდი წვება. შინ ბრუნდება მონადირე, მიეახლა კლდეს და მღვიმეს, – მძიმე ტვირთით მიდის მირზა – ვის მიუტანს ნანადირევს? მღვიმის კართან ფერხულია, სიმღერა და ტაშის ცემა, მხეცებს ლხინი გაუმართავთ, კოჩარს ცეკვავს კუდა-მელა. – ხიფათს რასმე გადამკიდებს, ცდუნებაა უეჭველად! – ფიქრობს მირზა. ასეთი რამ არ უნახავს არსად ჯერა. მხეცებმა კი მირზა მაჰმუდს ფიქრი აღარ დააცალეს; მიეგებნენ მხიარულად, მხრიდან ტვირთი ააცალეს. მყის მღვიმეში შეიყვანეს და რას ხედავს ამას თვალი: სუფთად გაშლილ ბეწვეულზე ზის თავდახრით ტურფა ქალი. ზის ქალწული შავთვალწარბა, სახე – მზე და კბილი – ბროლი, ღელავს ვერხვი გაზაფხულის ნიავისგან ანათრთოლი. თრთის ქალწული გაღიმებით, თრთიან შავი წამწამები; ღელავს მირზა, ოცი წელი მარტოობით ნაწამები: – შენ სალამი, ქალთა მზეო, ალვის რტოო, ნაზად ზრდილო, ჩემს მღვიმეში ჰურიების სამეფოდან მოფრენილო! მითხარ, რითი გემსახურო, პირად მზე და ტანად სარო, ოცი წელი ობლად დავალ, ვინძლო გული გამიხარო! ქალმა უთხრა: – მე არწივმა შენს საცოლედ მომიტაცა, ბედს ვუმადლი, შემახვედრა ვაჟკაცს მხნეს და ჭირში ნაცადს. შემდეგ ჭაბუკს უნებურად გაუწოდა ორივ ხელი: – მოდი, გვერდით ჩამომიჯექ, ჩემი ნაზი კოცნა გელის! მაშინ მირზამ მადლიერმა, გადახედა მხეცებს კრძალვით, თითქოს შერცხვა, რომ მათ დღემდე უყურებდა იჭვის თვალით. შემდეგ ქალწულს მოეხვია, დაუკოცნა ღაწვი, ბაგე. საქორწინო სუფრის გაშლა მყის უბრძანა ამხანაგებს. დატრიალდა მელა-კუდა და გაშალა უხვი სუფრა. არწივი ზის სუფრის თავში, ლომი მღერის, დათვი ბუქნავს. მირზა მაჰმუდს ქორწილი აქვს, ცოლად შერთეს ტურფა ზინე! მირზა მაჰმუდს ქორწილი აქვს! – ფეხზე დადგა ტყე და მღვიმე... III მერდინ-ქალაქში შეიქმნა მითქმა-მოთქმა და ყაყანი: მეფეს მოსტაცეს ტყვე-ქალი, ქალწული მზეთუნახავი! ვინ გააწბილა ხელმწიფე – საქმეა ძნელსაცნობელი. სიბრაზისაგან წვერს იგლეჯს მერდინ-ქალაქის მფლობელი. ბრძანებს: – დღეს ჩემი შერცხვენა თვითონ განგებამ ინება. ერთ ბათმან ოქროს ვაჩუქებ, ვინც დამიბრუნებს ზინე-ქალს. – მე დაგიბრუნებ! – აცხადებს ვიღაც ავსული, წყეული, ერთი უკბილო ბებერი, თვალმანჩხი, ჩონჩხადქცეული. დახეთ კუდიან დედაბერს და იმის მზაკვრულ განზრახვას! – ჯადოსნურ დერგზე გადაჯდა, ხელში გველი აქვს მათრახად. გადაჰკრა, გველმა იწივლა, დერგი გუგუნით გაფრინდა; თითქოს ურიცხვი ლაშქარი დაიძრა ზურნა-დაფითა. მიფრინავს დერგი ღრუბლებში, ტრიალებს, როგორც ბზრიალა; ცხრა ზღვა, ცხრა წყარო, ცხრა ღელე და ცხრა მთა გადაიარა. მირზას მღვიმესთან დაეშვა, ხარობს, საწადელს მიაგნო; დერგი ბუჩქებში დატოვა, გველი ხის ძირას მიაგდო. დააკაკუნა კარებზე, განა უმტყუნებს გუმანი? გამოიხედა მელიამ, არ ეჭაშნიკა სტუმარი. უთხრა: – რა გინდა, ავსულო, ჩემი შეცდენა ძნელია! ბებერი კვნესის: – ქარავანს ჩამოვრჩი, გზა ამერია. ან მგელი შემჭამს, ან – ტურა ღამით ტყე-ღრეში დარჩენილს, მიმიღეთ, ღამეს გავითევ, აგრემც დაგლოცავთ გამჩენი! მელამ მიუგო დედაბერს: – შენ რაც მოგივა, ახია! არ მიიკარა, გააგდო, სახელო ჩამოახია. მირზას შეჰბრალდა ბებერი, ბრძანა შინ მისი მიღება, იფიქრა: – ჩვენთან დარჩება, ზინეს გამრთობი იქნება. სტუმრად დედაბრის მიღებამ გული ატკინა მელიას, მაგრამ რა ექნა? – პატრონის განაწყენება ძნელია. . . . . . . . . . . . . . . მეორე დილას მშვილდ-ისრით მირზა კლდე-ღრეებს გაუყვა; კვლავ ნადირობა მოუნდა, შინ უქმად ჯდომა არ უყვარს. პატრონს თან გაყვნენ მხეცები: დათვი, ლომი და მელია. არწივი ფრენით მიჰყვებათ, მიდიან, მიიმღერიან. შინ დარჩენილი ბებერი ზინეს ნაწნავებს უვარცხნის; ვინ იცის, გულში რას ფიქრობს ჯადოქარი და გულღვარძლი. და უთხრა: – შვილო, თავს დაგბან, თებო რამ გაგჩენიაო, გავალ, წყლის ჭურჭელს მოვნახავ, სჯობს, რომ არ დავიგვიანოთ! გავიდა იგი მაცდური, ზინეს ეძახის გარედან: გამოდი, შინ რას უზიხარ, თითქოს ხარ მგლოვიარედა! გამოიტყუა ბუჩქებთან, დასხდნენ, ბაასი გამართეს; ბუჩქებში დერგი აგდია, დერგში რაღაცა ანათებს. ჯერ გაიოცა და შემდეგ მზეთუნახავმა ზინემა იმ უცნაურ და ჯადოსნურ დერგში ჩახედვა ინება. ბებერმა უცებ უბიძგა, არ ათქმევინა სათქმელი, ხელი ჰკრა, დერგში შეაგდო და მიახურა სარქველი. დახეთ კუდიან დედაბერს და იმის მზაკვრულ განზრახვას! დერგზე გადაჯდა და ხელში იგივ გველი აქვს მათრახად. ღრუბლების ზემოთ აფრინდა ავსულთა ავი სარდალი, მერდინ-ქალაქში დაეშვა, მეფეს მიჰგვარა ნადავლი. მეფემ იხარა, რა ნახა ქალი მზედ ამომავალი; ჯილდოდ უბოძა დედაბერს ოქრო და ვერცხლი მრავალი. მაგრამ მრისხანე მბრძანებელს ახლა სხვა ჰქონდა დარდები. თითქოს მიხვდაო ბებერი. უთხრა: – ქალს შეუყვარდები! თილისმით შევკრავ, შენს გარდა არ შეიყვაროს არავინ, ოღონდ მე შენი კალთის ქვეშ არ მომეშალოს კარავი! . . . . . . . . . . . . . . . მზე დასავლეთს მიიწურა, ზეცა თალხით იმოსება, ტყე-ღრეებში შარიშურით შეღამების ბინდი წვება. ხევში შხუის ნაკადული, აზიდულან ცამდის მთები, შორს უსაზღვრო ცის სივრცეში, აკიაფდნენ ვარსკვლავები. შინ ბრუნდება მონადირე, მიეახლა კლდეს და მღვიმეს, მძიმე ტვირთით მიდის მირზა, ვის მიუტანს ნანადირევს? ღია დახვდა მღვიმის კარი, ცარიელი დახვდა მღვიმე: არც უკბილო დედაბერი, არც მხეცები, აღარც ზინე! – ზინე!.. ზინე! – მირზას ძახილს იმეორებს ტყიდან ექო; ზინეს ვეღარ გააგონებს, თუნდ მეხივით დაიჭექოს. მხეცებმა კი მის ძახილზე მოირბინეს ტყიდან უცებ, ღრუბელივით შუბლშეკრული დგას მირზა და მხეცებს უცქერს. მელას უთხრა: – არ გისმინე, ჩემი თავის გავხდი მტერი, როცა სახლში შემოვუშვი ის ავსული დედაბერი. უპასუხა მელა-კუდამ: – თავს ნუ იკლავ, მეგობარო, ვინძლო შენი გულის სატრფო მალე შენვე ჩაგაბარო. მხოლოდ, ეს კი დაიხსომე – ჩემი დიდი თხოვნა არის: მეგობრების რჩევას მუდამ ყურადღებით მოეპყარი! გამჭრიახი მელა-კუდა ეთათბირა მხეცებს მყისვე, დაფა-ზურნით გაემართნენ ისევ მერდინ-ქალაქისკენ... ვარდისფერი დილა იყო, სიხარულით ცამდის სავსე, მერდინ-ქალაქს გაეღვიძა დაფა-ზურნის უცხო ხმაზე. ლომი ზურნას აჭყვიტინებს, დათვი ბობღავს, უვლის დავლურს, დოლზე უკრავს მელა-კუდა რაღაც უცხოს, რაღაც მგზავრულს. უცნაური ამბავია! – ხალხი გარბის დასტა-დასტად; არწივი კი შეუმჩნევლად გაჩნდა ზინეს ფანჯარასთან. ქალმა იცნო და შესძახა: – მირზა გმირის ნახვას ვნატრობ, თან მდიდრული მზითვი მომაქვს, ფრთა გაშალე უფრო ფართოდ! სამკაული ათასგვარი გადმოაწყო გამალებით, ქსოვილით და მარგალიტით დაუტვირთა არწივს მხრები. თვით ზედ შეჯდა ზინე ქალი, ხარობს, მღერის აღტაცებით და არწივმა ცის ლაჟვარდში მღვიმისაკენ გახსნა გზები. ლომმა, დათვმა, მელა-კუდამ მიატოვეს დაფა-ზურნა; არ მოშალეს მოძმისათვის საარაკო ფიქრი, ზრუნვა. გადირბინეს კლდე-ღრეები, მიეახლნენ მღვიმის კარებს და მზექალი უვნებელი მირზა ჭაბუკს ჩააბარეს. მირზამ თქვა: – ზინეს ალერსი ბედნიერებად მეყოფა! ფხიზელ დარაჯად დაუდგა მელია მღვიმის დედოფალს. თავს ევლებოდა არწივი, ნიავსაც არ აკარებდა, ღამის მცველებად დგებოდნენ ლომი და დათვი კარებთან. მირზა მაჰმუდის ამბავი ხალხში გავიდა არაკად! ნანადირევი მოჰქონდა, საზრდოდ ჩიტის რძეც არ აკლდათ... ერთხელ მელია მღვიმიდან გავიდა დილაადრიან, ამ კლდე-ღრეებში წინათაც მას ბევრჯერ უნავარდია. ეხლა კი მაღალ ბორცვიდან როცა მიდამოს გახედა, ნახა ისეთი სურათი, რომ გაოცებით გახევდა. და გაიფიქრა: – მირზასთან ვარ ცუდის მახარობელი!.. იცნო ურიცხვი ლაშქარით მერდინ-ქალაქის მფლობელი. მოდის მრისხანე სარდალი, ქვეყნად არვისგან ძლეული, მეგზურად დედაბერი ჰყავს, ის ჯადოქარი, წყეული. ჯარი ჯავშანში ჩამჯდარი მღვიმეს ერტყმება გარშემო, არც დამხვდურია ჯაბანი, თუ მეგობრობა არსებობს. მელა მღვიმისკენ გაიქცა, მხეცებს ამბავი აცნობა, უთხრა: – დღეს უნდა გამოჩნდეს ჩვენი ძალა და კაცობა. დრო აღარ გვიცდის, ვიჩქაროთ, ფიქრი არ გვქონდეს შიშისა, ათას-ათასი მებრძოლი ვიხმოთ ჩვენ-ჩვენი ჯიშისა. ლომებმა ცხენებს, მეომრებს, მუცლები უნდა დაფატრონ, დათვებმა ძვლები უმტვრიონ, არწივთ საკორტნად გახადონ. არწივნი ციდან დაესხნენ და ამოჰკორტნონ თვალები, მელებმა ცხენებს უმალვე გადუღრნან მოსართავები! – დროს ნუ ვაყოვნებთ, ვიჩქაროთ! – თქვეს და ნათქვამი ასრულდა: შემოკრბა მხეცთა ლაშქარი, დიდი დროც აღარ გასულა. დაიძრა მეფის მხედრობა, ომის გრიგალებს ჩვეული; წინ მიეგება მომხდურებს ლომების ათასეული. – ჰკა მაგასაო! – დათვებმა მოულოდნელად დასძახეს, მერდინ-ქალაქის მბრძანებელს დააწყებინეს ცახცახი. გათელეს წინა რიგები, გლეჯენ, ფატრავენ, უტევენ; ოხრად დაურჩათ, მომხდურებს შუბები, კატაპულტები. გრიგალქარივით დაჰქროდნენ, ფიცხლად და შეუსვენებლივ, არ დარჩენილან მტრის ვალში არწივები და მელები. სამი დღე-ღამე ისმოდა ბრძოლის ხმა გულშემზარავი; მეფის ლაშქრიდან ცოცხალი აღარ გადარჩა არავინ... მერდინ-ქალაქის აღება ამცნეს მტერსა და მოკეთეს, ბოროტ მეფეს და დედაბერს იმ დღესვე თავი მოჰკვეთეს. მირზა მაჰმუდი დანიშნეს სახალხო მამასახლისად და ზეიმობდა სიკეთე, ხარობდა გული ხალხისა. მირზას და ზინეს ქორწილი გადაუხადეს მეორედ, მეც დამპატიჟეს, იქ გახლდით, შვიდი დღე-ღამე ვღრეობდით. იქ სამი ვაშლი წითელი მიბოძეს ძვირფას ჯილდოდა; სახსოვრად ერთიც კმაროდა, სამივე მე რად მინდოდა! ერთი საჩუქრად მივართვი ბედნიერ ნეფე-დედოფალს, მეორე – ზღაპრის წამკითხველს, ზღაპრის მთქმელს – ერთიც მეყოფა.