ამ წიგნით „მთაწმინდა“ იწყებს პუბლიკაციას გამოცემათა სერიისა: „ქართული სასულიერო მწერლობა“. მასში არ იქნება დაცული ქრონოლოგიური პრინციპი წერილობითი წყაროს შექმნის თარიღის მიხედვით. შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად წარმოჩინდება ტექსტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მწერლობის შესწავლა-განვითარებისათვის. პუბლიკაციები დაფუძნებული იქნება მეცნიერულ საფუძველზე. მათ შორის, ტექსტოლოგიური კვლევის თვალსაზრისით. ამჯერად გთვაზობთ წმიდა გაბრიელ მცირის (XVIII ს.) მიერ აღწერილ სასულიერო თხრობათა კრებულს: „სამოთხის ყუავილი“. ის 1895 წელს ეპისკოპოსმა სტეფანე კარბელაშვილმა გამოსცა, რითაც ხელი შეუწყო სასულიერო მწერლობის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნიმუშის გავრცელებასა და მომავალ თაობათათვის შემონახვას. დღეს იგი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, ხელმიუწვდომელია ფართო მკითხველისათვის. წინამდებარე გამოცემას საფუძვლად უდევს გაბრიელ მცირის „სამოთხის ყუავილის“ ყველაზე ადრინდელი, 1796 წლის ავტოგრაფი. იგი შეჯერებულია ამ თხზულების ყველა ცნობილ ხელნაწერს, ასევე - წმიდა სტეფანე კარბელაშვილის რედაქციით დასტამბულ გამოცემასაც. ტექსტში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები. სქოლიოში განმარტებულია: დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები; წარმოდგენილია არსებულ ხელნაწერთა შორის განსხვავებები. თუ განმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვნის. თხრობებში მოყვანილი ციტატები დადარებულია წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციას, მითითებულია მათი ადგილები. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად - კვადრატული. წიგნს ერთვის: მცირე მეცნიერული გზამკვლევი, სხვადასხვა წყაროებში არსებულ იდენტურ თხრობათა შედარებითი ცხრილი, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.