თხრობა სულიერი ა [1]. სიმდაბლით განათლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო აღმოსავლეთისა ეკკლესიისანო! ღმერთმან სთქუა: „იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი“(დაბ. 1,3). კვალად სთქუა მამამან ძისა და სულისა წმიდისა მიმართ: „ვჰქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა“[დაბ. 1,26]. საყვარელნო ღმრთისანო, ხატება ღმრთისა მოგვიღებიეს თავისუფლებითა, ხოლო მსგავსება ღმრთისა სათნოებით არს. იხილეთ და გულისჴმა ჰყავთ, თუ რაოდენნი სათნოებანი არიან მსგავს ღმრთისა მყოფელნი ჩვენდა, რომელთაგანი ერთი არს ღმრთივსანატრელი ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, ვითარცა ბრძანებს მზე სიმართლისა, უფალი და ღმერთი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“(მთ. 11,29). არა ანგელოსთაგან, არცა მთავარანგელოსთაგან და არცა წინასწარმეტყველთაგან, არამედ ჩემგან, რომელი ესე სიყვარულითა თქვენითა, ჵ, კაცნო, გარდამოვხედ ზეცით, სიმდაბლე შევიმოსე თქვენთვის და ფერჴნი დაგბანენ, რამეთუ სახე მიგეც ჭეშმარიტისა სიმდაბლისა და აწ თქვენ გამცნებ სიყვარულით: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, რათა ჰპოვოთ საუკუნო განსვენება სულთა თქვენთა“[მთ. 11,29]. აწ უკუჱ საყვარელნო, ვისმინოთ შემოქმედისა ჩვენისა, მორჩილ ვექმნეთ დამბადებელსა ჩვენსა და შეუდგეთ წინამძღვარსა ცხოვრებისა ჩვენისასა იესოს. შევიმოსოთ ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, ძმანო! რამეთუ სიმდაბლე ღმრთისა სათნო არს, ანგელოსთაგან პატივცემულ და კაცთაგან ბრძენთა სანატრელ, აქაცა დიდებულ და მუნ უბრწყინვალეს მზისა საჩინო. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი განშორებული ქალაქთაგან, ფრიად მდაბალი გონებითა და ყოვლითა სათნოებითა შემკობილი და მარადის მლოცველი ღმრთისა მიმართ. ამას ღირსსა მამასა გამოუცხადა ანგელოსმან, ვითარმედ ქალაქსა შინა წმიდათაგანი ვინმე მიიცვალების უფლისა მიმართ, მივედ და იხილე იგი, რათა გესმას სანატრელი ჴმაჲ უფლისა, ვითარმედ: „უძლურ ვიყავ და მიხილე მე“[მთ. 25,36]. ხოლო წმიდა იგი ბერი არა წარვიდა დღისით, რათა არა იდიდებოდეს კაცთაგან, არამედ ღამით გამოვიდა ქვაბისა მისგან და წარვიდა სიმდაბლით. ხოლო ყოველთა გულთა მეცნიერმან ღმერთმან სათნო იყო სიმდაბლე გონებისა მისისა და მოუვლინა ორნი ანგელოსნი, რომელთა ეპყრათ ლამპარნი, წინაუძღოდეს ღირსსა მას ბერსა და უნათობდეს. რამეთუ კაცთამიერსა დიდებასა ევლტოდა, ხოლო ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნა სანატრელი იგი. და მის ზედა საქმით აღესრულა ბრძანება იგი მაცხოვრისა, ვითარმედ: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“(ლკ. 18,14). ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოვიგოთ ჩვენცა სანატრელი სიმდაბლე და დავნერგოთ გულთა შინა ჩვენთა, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. შევიმოსოთ პატიოსანი სიმდაბლე, რათა ქრისტე შევიმოსოთ! რამეთუ სიმდაბლე საფუძველი არს და მშობელი ყოველთა სათნოებათა, – ვითარ იგი უფალმან ამისგან იწყო ქადაგებად და სწავლად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“(მთ. 5,3). შევიტკბოთ, ძმანო, ქრისტეს ტკბილი უღელი სიმდაბლისა და შემუ­სრვილის გულით, მსგავსად მეზვერისა ვიტყოდეთ: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“(ლკ. 18,13). და მივემსგავსნეთ ამით სათნოებითა ქრისტესა მეუფესა ჩვენსა. და განვაგდოთ ჩვენგან საძაგელი უღელი ამპარტავანებისა, რომელი ეშმაკთა თანა დაგვსჯის ბოროტად, რამეთუ კაცთა შორის მაღალი, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. და ნუცა ვიქადით ორისა დღისა მარხვასა ზედა მსგავსად ჶარისეველისა, რამეთუ „უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“(იგ. 3,34; 1 პეტ. 5,5). ჱე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! დავიმდაბლოთ თავნი ჩვენნი, რათა აღვიმაღლოთ სულნი ჩვენნი. და სიმდაბლითა გულისათა ვილოცვიდეთ, რათა შეისმინოს ღმერთმან ლოცვა ჩვენი, ვითარცა საკმეველი, და ავმაღლდეთ სასუფეველსა ცათასა და ქრისტეს თანა ვსუფევდეთ, მადლითა და კაცთ­მოყვარებითა მისითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.