ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი და ღმერთი იტყვის: „ვის მივხედნე, გარნა მშვიდსა და მდაბალსა, და რომელნი სძრწიან სიტყვათაგან ჩემთა“[ეს. 66,2]. საყვარელნო ღმრთისანო, კაცი მშვიდი, მდაბალი და წრფელი ფრიად კეთილ არს. მამისა სათნო არს, ძისა მიერ საყვარელ და სულისა წმიდისა სადგურ. და მიხედვითა ყოვლადბრწყინვალებითა და ღმრთივშვენიერებითა ღმრთისათა განათლდების: ანგელოსნი შეასხმენ, წმიდანი აქებენ და ბრძენნი ჰნატრიან, და რაჲმცა იყო უპატიოსნეს ამისსა. და რომელმან მოიგოს სამნი ესე სათნოებანი, სამებისა სათნონი, იქმნების ყოველთა სათნოებათა საუნჯე. რამეთუ იყო ვინმე მწიგნობარი ალექსანდრიისა ეკკლესიისა, სახელით კოზმან. კაცი ღმრთისა ყოვლადსაკვირველი და შემკული ყოვლითა სათნოებითა, რამეთუ შეეტკბო მას ნეტარსა პირველითგანვე სიმდაბლე, დედა იგი სათნოებათა, სიმშვიდე და სიწრფოება და აღმოცენებულ იყო მის შორის ყვავილი სათნოებისა და აღორძინებულ ნაყოფი სულისა: მარხვა, ლოცვა, მოთმინება, მოწყალება, შეწყნარება, სიმართლე, სიწმიდე, სარწმუნოება და სიყვარული. და ჰყვანდა ვინმე მეგობარი სარწმუნო და გულითადი, რომელმანცა ჰკითხა მას მეტყველმან: „გევედრები, საყვარელო, უფალო და ძმაო ჩემო! მარქუ მე, თუ რაოდენი წელი გაქუს ამას ესევითარსა სიმდაბლესა და სათნოებასა შინა?“ ხოლო იგი მცირედ სდუმნა და მერმე ჰრქუა: „ოცდაათი წელი არს, საყვარელო ძმაო, ვინათგან მიცნობიეს თავისა ჩემისა უნდოებაჲ და ვჰმონებ ქრისტესა მეუფესა ჩემსა“. კვალად ჰკითხა მეტყველმან: „ჰყავ სრული სიყვარული, უფალო ჩემო და მომითხარ, თუ რომელი სათნოება წარგიმართებიეს სიმდაბლისა მიერ შენისა ესოდენთა წელთა შინა?“ ხოლო მან სულთ ითქუნა სიღრმით გულისათ და სთქუა სიმდაბლით: „რაჲ ძალმიძს წარმართებად, ძმაო საყვარელო, მე გლახაკსა ამას კაცსა ერისაგანსა და უფროსღა სოფელსა შინა მყოფსა?“ ხოლო იგი შეუვრდა და ეტყოდა: „უწყის პატიოსნებამან შენმან, უფალო ჩემო, რომელ სარგებელისათვის სულისა გკითხავ და ნუ დაჰფარავ ჩემგან, გევედრები“. და ვითარცა ფრიად იძულებულ იქმნა, მაშინ ჰრქუა მას: „შემინდევ, ძმაო საყვარელო, რამეთუ სამი ესე ვიცი, რომელ წარმიმართებიეს მადლითა ქრისტესითა: არა ვისი განკითხვა ყოვლადვე, არცა ფიცი და არცა ტყუილი გამოსრულ არს პირით ჩემით“. ხოლო მსმენელი ამისი ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: „ეჰა, სახიერო და კაცთმოყვარეო ღმერთო, რაოდენნი საიდუმლო მონანი გყვანან დიდებად შენდა, კურთხეულო“. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო! მოვიგოთ ჩვენცა სამნი ესე დიდნი და პატიოსანნი სათნოებანი: სიმდაბლე, სიმშვიდე და სიწრფოება. და სათნო ვეყვნეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა მან ყოვლადსახიერმან ტკბილმან და მოწყალემან განგვისვენოს ყოვლადნეტარსა სავანესა მართალთასა. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! შევიტკბოთ ღმრთისა სათნო სიმდაბლე, მორჩილებისა მშობელი და ყოველთა სათნოებათა საფუძველი. და შევიყვაროთ ქრისტეს მსგავსი ტკბილი სიმშვიდე. და დავიმკვიდროთ ესეცა ქვეყანა მშვიდობით და ქვეყანაცა იგი მშვიდთა და მართალთა. და შევიმოსოთ სანატრელი სიწრფოება, და სათნო ვეყვნეთ სულსა წმიდასა. და იგი სახიერი მიგვიძღვეს ქვეყანასა მას წრფელსა. და ვითარცა მზე, გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა, ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვაქებდეთ და მართალთა თანა ვადიდებდეთ ყოვლადბრწყინვალესა ნათელსა მამასა, ყოვლადშვენიერსა სიმართლისა მზესა, იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდასა სულსა ცხოველსმყოფელსა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დასასრლი პირველისა თავისა