თხრობა სულიერი ბ [2]. სათნოებით განათლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! ბრწყინვალება მამისა, მზე სიმართლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს“(იო. 12,46). და ჩვენცა გვამცნებს მეტყველი: „ეგრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი, და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“(მთ. 5,16). საყვარელნო, ნათელმყოფელნი სულთა ჩვენთანი არიან საქმენი კეთილნი სათნოებისანი. ესე იგი არს: სიმდაბლე, სიმშვიდე, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, სიმართლე და მოწყალება. რომელნი ამათ ესევითართა ღმრთივშვენიერთა სათნოებათა მოიგებენ, აქაცა განათლებულ იქმნებიან და მას საუკუნესა უფროს მზისა განბრწყინდებიან. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი: მშვიდი, მდაბალი, წრფელი, უმანკო, მმარხველი, მლოცველი და მოწყალე, რომელიცა დღე და ღამე სამარადისოდ ილოცვიდა და ხელითა თვისითა მოქმედებდა და მით მოწყალებასა იქმოდა. და ყოვლადსახიერმან ღმერთმან ესე მადლი მოანიჭა ღირსსა მას და წმიდასა ბერსა, რომელ სენაკი მისი ყოვლადვე განათლებულ იყო. და ვითარცა დღისით იკითხვიდა წმიდათა წიგნთა და იქმოდა ჴელთსაქმარსა, ეგრეთვე ღამით განათლებულ იყო სენაკი მის ნეტარისა და უფროსღა გული და გონება მისი სამღთოს ბრწყინვალებითა. უგალობდა და აქებდა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა განმანათლებელსა თვისსა უფალსა, ვითარცა იტყვის: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა“(იო. 1,9). იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ სათნოებისა მოქმედნი აქავე პატივცემულ არიან და განათლებულ ღმრთისა მიერ, მომასწავებელად მერმისა მის დიდებულისა ბრწყინვალებისა. ვითარ იგი მზე სიმართლისა, უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისა ზეცათასა“(მთ. 13,43). ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო ძმანო! მოვიგოთ ჩვენცა სათნოება ნათელ­მყოფელი სულთა ჩვენთა: სიმდაბლე და სიმშვიდე გულისა, სიწმიდე სულისა და ჴორცთა, სიბრძნე და მეცნიერება გონებისა, სიმართლე და ჭეშმარიტება სიტყვისა, სრული სიყვარული ღმრთისა და მოყვსისა, მოწყალება და სიტკბოება ძმათა მიმართ. ხოლო ესენი რა ვჰქმნეთ კეთილითა გონებითა, საყვარელნო, აქაცა კეთილითა ცხოვრებითა წარვლოთ დღენი ჩვენნი და მუნ საუკუნოსა ბრწყინვალებასა და ნათელსა დაუღამებელსა შინა წმიდათა თანა ვიშვებდეთ, ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ, ღირსთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და მართალთა თანა სავანეობით ღმრთისა ბრწყინვალებითა განვნათლდეთ. ჱე, გევედრები ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ სიწმიდე გულისა და მოვიღოთ ღმრთისა მიერ ნეტარებაჲ, ვითარცა ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მთ. 5,8). და გულის წმიდით ვილოცვიდეთ, ძმანო, რათა ღმერთი ჩვენ შორის გამობრწყინდეს მცხინვარებითა ელვარებისა თვისისათა და ჩვენცა გამოვბრწინდეთ სასუფეველსა მისსა. და განათლებულის გულით ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვაკურთხევდეთ ჭეშმარიტსა ნათელსა თუალთშეუდგამსა, ელვარებასა განუცდელსა და ბრწყინვალებასა გამოუთქმელსა, მზესა მას სიმართლისასა, უფალსა და მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.