ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მზე მამისა აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“[მთ. 5,45]. საყვარელნო, ვითარცა ხილული ესე მზე აღმოვალს რა, განანათლებს ყოველთავე შარავანდედითა თვისითა კეთილთაცა და ბოროტთაცა, ეგრეთვე მზე იგი სიმართლისა, ბრწყინვალება მამისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გამობრწყინდა რა, ყოველნივე განგვანათლნა და ყოველთავე ზოგად გვიწოდს მეტყველი: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მე განგისვენო თქვენ“[მთ. 11,28]. განუმარტებიეს წიაღი თვისი სახიერებითა და გვიწოდს სიტკბოებითა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა სიმდაბლით და სიმშვიდით, არა განვაძო გარე“[იო. 6,37], არამედ შევიტკბობ სიყვარულით და განუსვენებ წიაღთა ჩემთა სიხარულით, ტკბილისა უღლისა ჩემისა მტვირთელთა. აწ უკუჱ, საყვარელნო! ქრისტეს ტკბილი უღელი სიმშვიდე არს, რამეთუ, ვითარცა „კრავმან უმანკომან და ტარიგმან ცოდვათა ამღებელმან“[იო. 1,29] იესო, სიმშვიდე ამცნო მოწაფეთა მეტყველმან: „აჰა, ვითარცა კრავთა მიგავლინებ შორის მგელთა“[მთ. 10,16]. და ვითარცა თვითცა ტკბილი და მშვიდი უფალი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა. ეგრეთვე ჰშვენის ჩვენდა ქრისტიანეთა, მსგავსად ქრისტესა სიმშვიდით თავსდება და სიტკბოებით სულთა სარგებელ ყოფა. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ფრიად მშვიდი, მდაბალი და ძვირუხსენებელი, რომელიცა დღესა ერთსა ვიდოდა იგი მოწაფითურთ თვისით. და შესცთენ გზასა და უნებლიეთ გარდალახეს ყანაჲ. გამოვიდა მუშაკი იგი ყანისა მის, აგინებდა მათ და ეტყოდა, ვითარ თქვენ მონაზონნი ხართ და ვითარ გეშინისთ ღმრთისა? უკეთუმცა გაქუნდათ წინაშე თუალთა თქვენთა შიში ღმრთისა, არამცა იქმოდით დათრგუნვასა ამის ყანისასა. მიუგო ბერმან ფრიადითა სიმშვიდითა და სიტკბოებითა: „კეთილად იტყვი, შვილო. გაკურთხოს შენ ღმერთმან! გარნა მცნებისათვის უფლისა შეგვინდევ ჩვენ, ძმაო საყვარელო, რამეთუ შევსცეთით უნებლიეთ“. ხოლო იგი კვალად განრისხებული აგინებდა. და წმიდა იგი ბერი კვალადცა ჰლოცვიდა და ეტყოდა: „მართლიად იტყვი მაგას, შვილო საყვარელო. უკეთუმცა ვიყვენით ჩვენ მონაზონ, არამცა ამას ვიქმოდით; გარნა შემინდევ ჩვენ უფლისათვის, რამეთუ ვსცოდეთ“. ამას ზედა განჰკვირდა და ლმობიერ იქმნა კაცი იგი – მოვიდა და დააგდო თავი თვისი ფერჴთა ქვეშე მის წმიდისა ბერისათა და ჰსთქუა: „ნამდვილვე ღმრთისა კაცნი ხართ და შემინდევით თქვენ შორის დამკვიდრებულისა ღმრთისა სიყვარულისათვის და წარმიყვანეთ მეცა თქვენ თანა“. მეყსეულად დაუტევა ყანა იგი და ყოველი მონაგები თვისი და შეუდგა მათ ნეტართა და იქმნა მონაზონ პატიოსან და წარჩინებულ. იხილეთ, საყვარელნო? აჰა, ესერა სიმშვიდემან და სიტკბოებამან, ვითარცა კრავისამან, ვითარ მოამდოვრა განძვინებული მგელი და აცხოვნა სული კაცისა – ხატად ღმრთისა დაბადებულისა, რამეთუ: „უფროს სათნო უჩნს ღმერთსა ცხოვნება ერთისა სულისა, ვიდრე ბევრეულნი ცანი და ქვეყანა“. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ ჩვენცა ტკბილი იგი და სანატრელი სიმშვიდე და დავიმკვიდროთ ქვეყანა მშვიდთა, ვითარ იგი უფალი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“(მთ. 5,5). ჱე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! შევიმოსოთ იესოს მსგავსი, ძვირუხსენებელი სიმშვიდე, და ყოველთავე შემაწუხებელთა ჩვენთა მიუტეოთ თანანადები მათი, რათა ჩვენცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი და გვრქუას ტკბილმან მან მეუფემან სახიერმან და კაცთმოყვარემან: „ვინათგან თქვენ შეიწყნარეთ ტკბილი იგი უღელი ჩემი სიმშვიდისა, მეცა შეგიწყნარებ თქვენ სასუფეველსა, რომელი განგიმზადე თქვენ პირველ სოფლის დაბადებისა, რათა მობაძავნი ჩემნი ჩემთანა იხარებდეთ დაუსრულებელად“. ჩვენცა გევედრებით, მეუფეო სახიერო და მოწყალეო, ტკბილო მაცხოვარო ჩვენო იესო! ამას საწადელსა ნეტარებასა ღირს ყოფა ჩვენი სათნო იჩინე, რომელი დიდებულ ხარ წმიდათა შორის შენთა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.