თხრობა სულიერი დ [4]. ძვირუხსენებელისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ვიდრე ნათელი გაქვს, გრწმენინ ნათელი, რათა ძე ნათლისა იყვნეთ“(იო. 12,36). საყვარელნო, ჭეშმარიტი ნათელი და ბწრყინვალება ქრისტე არს. და უკეთუ ჩვენცა იესოს მსგავსითა სათნოებითა ვიქცეოდეთ, ძე ნათლისა ვიქმნებით: სიმშვიდითა, სიმდაბლითა, სიტკბოებითა, სახიერებითა და ძვირუხსენებლობითა, ვითარცა ქრისტემან მეუფემან არავის აყვედრა, არცა ამხილა, არამედ ყოველივე თავს იდვა სიტკბოებით, ცხოვნებისათვის ჩვენისა. და აწ ჩვენცა, საყვარელნო! თანაგვაძს მსგავსად ქრისტესა, მოთმინება სულთა ჩვენთა ცხოვნებისათვის. და რომელმან დაჰფაროს შეცოდება ძმისა და არა განაცხადოს, დიდსა მადლსა და სასყიდელსა მიიღებს ღმრთისაგან და ქებასა კაცთა მიერ წმიდათა, და პატივსა ანგელოსთაგან, და იქმნების შვილ ნათლისა და მკვიდრ სასუფეველისა. რამეთუ იყო ვინმე ბერი ღირსი და პატიოსანი, მშვიდი, მდაბალი, წრფელი და ძვირუხსენებელი ყოვლადვე, ყოველთა მიმართ ტკბილი და მოყვარე ძმათა სულიერთა. დღესა ერთსა კაცმან ვინმე ცთომილმან ეშმაკისაგან, იპარა ვისგანმე ჭურჭლები და ბერსა მას მიაბარა ნამარხევად და თვით წარვიდა, რომელიცა არარაჲ უწყოდა ბერმან მან მართალმან. და შემდგომად გამოსჩნდა ჭურჭლები იგი ბერსა მას თანა და ეტყოდეს: „ბერო, შენ მოგიპარავს ჭურჭლები ესე!“ ხოლო მან თავს იდვა სიმშვიდით და მიუგის სიტკბოებით: „შემინდევით ღმრთისათვის, რამეთუ შევსცეთ“. და ოდეს მოვიდა, რომელმანცა იპარა ჭურჭლები, იგიცა აყვედრებდა ბერსა მას და ეტყოდა: „ბერო, შენ მოგიპარავს ჭურჭლები!“ ხოლო სანატრელმან ბერმან ქრისტეს მსგავსი სიმშვიდე და ძვირუხსენებლობა შეიმოსა – შეუვრდა მასცა და ჰრქუა: „შემინდევ, ძმაო საყვარელო, რამეთუ შევსცეთ“. ესე სათნოება რა იხილა კაცმან მან, ლმობიერ იქმნა და მოეგო თავსა თვისსა. შესტირა ღმერთსა და შეუვრდა წმიდასა მას ბერსა და შეინანა ჯეროვნად. და ჰმადლობდა სულგრძელებასა მის ბერისასა და ადიდებდა სახიერებასა ღმრთისასა. ისმინეთ, საყვარელნო! და გულისჴმა ჰყავთ სათნოებათა ძალი, თუ ვითარ სიმშვიდითა და სიტკბოებითა ულმობელთა და უგუნურთა მოაქცევენ წმიდანი ღმრთისა კაცნი და კეთილითა სძლევენ ბოროტსა მას და უკეთურებასა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მოვიგოთ ჩვენცა სიმშვიდე, სიმდაბლე, ძვირუხსენებლობა და სიტკბოება, რათა სათნოებითა ვერეოდეთ სიბოროტესა და მარადის კეთილსა ვიქმოდეთ. და ნუ ვსცემთ ბოროტსა ადგილ ჩვენ შორის, და რამეთუ ცეცხლი ზეთითა არა დაივსების, არამედ ცეცხლი წყლითა დაშრტების. და მრისხანება შურითა და ხდომითა არა განიკურნების, არამედ ამპარტავანება სიმდაბლითა განიდევნების და სინანულითა განთავისუფლდების სული მდაბალი. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! ვიქმოდეთ სათნოებასა და ვიყვნეთ შვილ ნათლისა! ვიქმნეთ მდაბალ გულითა წინაშე კაცთა, რათა გამოვბრწყინდეთ ღმრთივშვენიერად წინაშე ანგელოსთა ღმრთისათა. და ჩვენცა, ყოველთა სათნოებითა შემოსილთა, წმიდათა თანა ვადიდებდეთ ანგელოსთა მეუფესა, კაცთმოყვარესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადტკბილსა იესოს, მზესა მას სიმართლისასა, ბრწყინვალებასა დიდებისასა და ნათელსა ჭეშმარიტსა, ღმრთივშვენიერსა, რომლისა არს დიდება და სიმ­ტკიცე, თანა დაუსაბამოთ მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ, პირველ საუკუნეთა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.