თხრობა სულიერი ე [5]. ძვირუხსენებლობისათვისვე

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა, რათა იყვნეთ შვილ მამისა თქვენისა ზეცათასა“[მთ. 5,44-45]. საყვარელნო, ძვირუხსენებლობა ქრისტეს მსგავსება არს და შვილ ღმრთისა ჰყოფს მადლითა მომგებელთა მისთა, ანგელოსთა წინაშე პატიოსან არს და კაცთა შორის ბრძენთა ფრიად სათნო და ჩინებულ. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, სახიერი სულითა, წრფელი გულითა და ყოვლადვე ძვირუხსენებელი სიტყვითა. დღესა ერთსა წარვიდა რა ეკკლესიად ჩვეულებისაებრ, მეზობელი ვინმე მისი ძლეულ იქმნა ეშმაკისაგან და შევიდა სახლსა მის ბერისასა და წარიპარა წიგნები მისი. ხოლო მორავიდა ბერი ეკკლესიით, იხილა სახლი თვისი განკრეხული. და შევიდა მეზობლისა მიმართ თვისისა, რათამცა ჰრქუას განსაცდელი თვისი. და იხილა ყოველი იგი წიგნები თვისი მას შინა, რამეთუ მას წარეპარა და ჯერეთ არა დაეკრძალა. ხოლო ბერმან ტკბილმან და სახიერმან არა ამხილა, არამედ მიზეზ ჰყო გარე განსლვაჲ საქმისა რაჲსათვისმე, ვიდრე აკრიბოს ნაპარევი იგი. და მერმე შევიდა და იწყო სხუასა სიტყვასა თხრობად. და შემდგომად შეაჩნდა მპარაობა კაცსა მას და მისცეს იგი საპყრობილესა. და ძვირუხსენებელსა მას ბერსა ესმა ოდენ, ვითარმედ იგი ვინმე საპყრობილესა არს. და სთხოვა წინამძღვარსა წმიდა პური და კვერცხი და წარვიდა ხილვად მისა, მცნებისაებრ უფლისა, ვითარცა ბრძანებს: „საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“(მთ. 25,36). მივიდა და მიართუა ნუგეშინისცემად მისა, ხოლო მპარავმან იწყო ტირილად და აღსარებად, ვითარმედ: „მე ვარ, მამაო პატიოსანო, რომელმან წარვიპარე წიგნები შენი და მისთვის ვზი აქა შეყენებული“. და მან სანატრელმან მიუგო: „გრწმენინ ჩემი, ძმაო საყვარელო, მე არა უწყოდი ეგე. გარნა აწ წარვიდე და გიხსნა შენ მადლითა ღმრთისათა. რამეთუ წიგნთა ამისთვის მოვიგებთ, რათა მათ მიერ ვისწაოთ: სიმშვიდე, სიმდაბლე, ძვირუხსენებლობა, მოწყალება და კეთილისყოფა ყოველთა მიმართ“. ესერა ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან, წარვიდა და ევედრა დიდებულთა და განათავისუფლა პყრობილი იგი სათნოყოფად ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ ჩვენცა ძვირუხსენებლობაჲ და მოძულეთა მიმართ ვაჩვენოთ სიყვარული: ბოროტისმყოფელთა ჩვენთა კეთილსა უყოფდეთ და მწყევართა ჩვენთა ვაკურთხევდეთ; და ყოველთა თანა მშვიდობასა ვჰყოფდეთ, რათა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ მადლითა და სახიერებითა მისითა, რომელი ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“(მთ. 5,9). ჱე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! შევიყვარნეთ ესევითარნი სათნოებანი, რომელნიცა შვილ ღმრთისა გვყოფენ და ქრისტეს მობაძავ მადლითავე მისითა, და წინაშე კაცთა ბრძენთა – სათნო და პატიოსან. აქაცა მშვიდობით წარვლით ცხოვრებასა ჩვენსა და ვიქმნებით ყოველთა მიერ საყვარელ და მას საუკუნესა ანგელოსთა თანა ვიხარებთ, წმიდათა თანა ვიდიდებით და მართალთა თანა გვირგვინოსან ვიქმნებით. ხოლო მპარავნი და ბოროტისმოქმედნი – აქაცა შიშსა და ტანჯვასა შინა არიან და მას საუკუნესა დიდებისაგან ღმრთისა განვარდებიან, ვითარცა იტყვის: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს დიდება ღმრთისა“(ეს. 26,10). არამედ ჩვენ, საყვარელნო, ვიქმოდეთ სიმართლესა და მშვიდობასა, რათა ღმერთი მშვიდობისა იყოს ჩვენთანა და ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად ქვეყანასა მას მშვიდთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.