თხრობა სულიერი ვ [6]. სიმდაბლით ამაღლებულისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს დიდებით მოსლვისათვის თვისისა, ვითარმედ: „მზე დაბნელდეს და მთუარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი“(მთ. 24,29). საყვარელნო, არა თუ ხილულსა ამას მზესა ნათელი თვისი მოაკლდების, არამედ ესოდენ გარდაემატების მზისა მის სიმართლისა იესოს ნათელი და ბრწყინვალება, რომელ ამას მზესა ბნელად აღმოაჩენს; და ნეტარ ვინმე ღირს იქმნების მის დიდებულისა ნათლისა ხილვად. და ვის მიხედავს ყოვლადბრწყინვალე ქრისტეს ღმრთივშვენიერი პირი მაკურთხეველად, გარნა მშვიდსა და მდაბალსა და რომელნი სძრწიან სიტყვათაგან ღმრთისათა და კეთილად აღასრულებენ მცნებათა მისთა. რამეთუ ესევითარი იყო მზე იგი დაყუდებისა, ღმერთშემოსილი მამა ჩვენი დიდი არსენი: მშვიდი, მდაბალი, მყუდრო, მარადის მლოცველი და საკვირველებათა მხილველი, რომელიცა დღესა ერთსა ილოცვიდა რა, განკვირვებასა მიეცა. 1. და იხილა შავი ვინმე, რომელი სჭრიდა შეშასა და შეჰკრვიდა ტვირთად. ენების აღკიდება და ვერ შეუძლის სიმძიმისაგან. და არა მოაკლის, არამედ უფროსად სჭრის და დამატის მასვე. 2. და იხილა სხუა კაცი, რომელი ჯურღმულისაგან წყალსა აღმოივსებდა და შთაასხმიდა ჭურსა განხვრეტილსა და მყრალსა. 3. და კვალად იხილა ტაძარი დიდი და შვენიერი. და ორთა კაცთა ეტვირთად ძელი, და ენებათ შესლვად ტაძარსა მას. და მივიდიან ორნივე სწორად და არა დაუმდაბლდეს ერთი მეორესა, რათამცა პირველ ერთი შევიდეს და მერმე მეორე და ორნივე გარეგან ტაძრისა დაშთეს. ესე საკვირველება იხილა მამამან არსენი და ევედრა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს, თუ რაჲ არს ხილვა იგი; და, აჰა, მოვიდა მისა ანგელოსი უფლისა და ჰრქუა: 1. „კაცი იგი შეშის მჭრელი არს ცოდვილი, რომელსა არა ჰნებავს სინანული, არამედ უფროსღა დამატის ცოდვასა ზედა ბოროტი. 2. ხოლო რომელი აღმოივსებდა წყალსა, იგი არს, რომელსა აქუნდის კეთილნი საქმენი და შეურივის ბოროტიცა საქმე და მით წარსწყმიდის კეთილიცა თვისი. 3. და რომელთა ძელი ეტვირთად, იგინი არიან, რომელთა უტვირთავს უღელი სიმართლისა ამპარტავანებით და არა დაიმდაბლებენ თავთა მათთა, რათამცა შეუდგენ ჭეშმარიტსა მას გზასა, ქრისტეს სიმდაბლისასა და ამისთვისცა დაშთებიან გარეგან სასუფეველისა ღმრთისა. გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ ვითარ ბოროტ არს ამპარტავანება და განგდებულ სასუფეველისაგან და საძაგელ წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა; და ვითარ შვენიერ არს ღმრთივსანატრელი სიმდაბლე მსგავს ქრისტესა მყოფელი ჩვენდა და საქებელ ანგელოსთაგან. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მოვიძულოთ ამპარტავანება, რომელმან ეშმაკნი ზეცით გარდმოჰყარნა და ჯოჯოხეთსა შინა დასაჯნა, რომლისათვის იტყვის დავით: „მიაგოს მათ უფალმან, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა“[ფს. 30,24]. არამედ შევიყვაროთ, ძმანო, და შევიტკბოთ ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე, რომლისათვის იტყვის: „დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე“(ფს. 114,6). რამეთუ სიმდაბლისა მიერ ავმაღლდებით ზეცისა სასუფეველსა და ქრისტეს მიერ საყვარელ ვიქმნებით და გვიბრძანებს ტკბილითა და ყოვლადსაწადელითა ჴმითა: „მოვედ სულო მდაბალო, და დაიმკვიდრე მაღალი საყდარი დიდებისა და გვირგვინითა ბრწყინვალითა იხარებდ საუკუნოდ!“ ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! შევიმოსოთ სიმდაბლე ქვეყანასა ზედა, რათა გვირგვინშემოსილთა განვისვენოთ ცათა შინა და სასუფეველსა ღმრთისასა, ვითარცა მზე, გამოვბრწინდეთ სავანესა მართალთასა. და ღმრთივშვენიერად განვნათლდეთ მწყობრსა წმიდათასა და სიხარულით ვჰგალობდეთ გუნდსა თანა ანგელოსთასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, პატივი და სუფევა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.