ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხემდეთ“[მრკ. 16,17]. საყვარელნო, ყოვლადძლიერი და ღმრთივშვენიერი სახელი ქრისტესი ძალსა მრავალსა იქმს სარწმუნოებით მოსავთა მიერ. სახელი ქრისტესი ეშმაკთა განასხამს, სიმდაბლე იესოსი ძალსა მათსა მოაუძლურებს და სრულიად უჩინო ჰყოფს. რემეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა, ფრიად მდაბალი გონებითა და მაღალი სათნოებითა, მლოცველი მარხვითა, გულისჴმისმყოფელი სიბრძნითა და განშორებული სოფლისაგან. და მარტოებით მხოლოჲ მხოლოსა ღმერთსა ზრახვიდა სამარადისოჲთა ლოცვითა და ადიდებდა ყოვლადწმიდასა სახელსა მისსა. და მოეცა ღმრთისა მიერ ძალი და ჴელმწიფება განსხმად ეშმაკთა. მადლითა ღმრთისათა შეჭურვილმან ამან ბერმან დღესა ერთსა ჰკითხა ეშმაკსა და ჰრქუა: „გეტყვი შენ, ბოროტო სულო! ვიცი, რომელ მტყუარ ხარ დასაბამითგან და რამეთუ მამაცა შენი მტყუარი არს. გარნა აწ ჭეშმარიტი სთქუ, თუ რომლითა საქმითა შეხვალთ თქვენ კაცთა შორის?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ კაცთა შორის შესლვისა ჴელმწიფება არა გვაქვს, არცაღა თუ ღორთა. არამედ, რაჟამს კაცნი იქმან ცოდვასა – ამპარტავნებასა, არაწმიდებასა, კაცის კულასა, გმობასა და სხუასა რომელსამე უკეთურებასა, მაშინ ჩვენცა შევალთ მათ შინა“. ჰრქუა მას ბერმან: „და რომელი სათნოება გძლევს თქვენ – მარხვაა?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ ყოვლადვე არცა ვსჭამთ და არცა ვსუამთ“. ჰრქუა მას ბერმან: „მღვიძარებაა?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ ყოვლადვე არა დავიძინებთ“. ჰრქუა მას ბერმან: „განშორებაა?“ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ ყოვლადვე უდაბნოთა შინა ვიქცევით“. ჰრქუა მას ბერმან: „თვით შენ სთქუ: რომელი სათნოება განგასხამს თქვენ?“ მაშინ მიუგო ეშმაკმან: „ჩვენ გვძლევს და განგვასხამს სიმდაბლე ჭეშმარიტი. გარნა შენცა მომითხარ, ბერო, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ თიკანნი?“ მიუგო კეთილგონიერმან ბერმან და ჰრქუა: „ესე უწყი, რომელ თიკანი მე ვარ, ხოლო ცხოვარი ქრისტემან უწყის“. ესმა რა ეშმაკსა სახელი ქრისტესი და სიმდაბლე ბერისა, ვითარმედ თიკანი მე ვარო, უჩინო იქმნა ეშმაკი იგი ძალითა ქრისტესითა. ხოლო ბერმან უმეტესად შესძინა სიმდაბლესა თვისსა და ადიდებდა ყოვლადწმიდასა სახელსა ღმრთისასა. იხილეთ, საყვარელნო, თუ ვითარ ეშმაკნიცა სძრწიან სიმდაბლისაგან და აღიარებენ პატიოსნებასა მისსა. და ანგელოსნიცა ჴმითა მაღლითა და ბრწყინვალითა ჰქადაგებენ ყოვლადშვენიერებასა სიმდაბლისასა. და ყოველნი წმიდანი მოგვითხრობენ კეთილობასა სანატრელისა სიმდაბლისათვის. და თვით თავადი ღმერთი სიმდაბლესა გვამცნებს საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მოვიგოთ ჩვენცა ღმრთივშვენიერი და სულთა ჩვენთა გვირგვინით და პატივით აღმამაღლებელი სიმდაბლე. და ქრისტეს თანა მეინახე ვიქმნეთ და სულისა წმიდისა სავანე. სათნოებითა და შემუსრვილის გულით ვილოცვიდეთ მამისა მიმართ სახიერისა. და რაჲცა ვითხოოთ სახელითა მისითა, უეჭველად მოგვეცემის, ვითარცა ბრძანებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ“(მთ. 7,7). ვითხოოთ სარწმუნოებით, საყვარელნო, სასუფეველი ცათა, რომლისათვის ჰგალობს დავით: „ერთი ვითხოვე უფლისაგან და ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა“(ფს. 26,4), რომელ არს სასუფეველი ღმრთისა. ჱე, გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო! ვითხოოთ სასუფეველი სიმდაბლით და არა უგულებელს გუყოფს ღმერთი სახიერებით, არამედ წყალობით და კაცთმოყვარებით მოგვანიჭებს ყოვლადდიდებულსა, ფრიად ბრწყინვალესა და ღმრთივშვენიერსა ნათლისა სავანესა, რომლისათვის ბრძანებს ქრისტე: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“(იო. 14,2). რომელი განუმზადებიეს იესო ტკბილსა მსგავსად თვისისა სიმდაბლისა შემტკბობელთათვის და მოყვარეთა სახელისა მისისათა, ვითარ იგი აღგვითქვა მეტყველმან: „მე წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი... რათა, სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ“(იო. 14.2-3) და ჰხედვიდეთ დიდებასა ჩემსა და ადიდებდეთ მამასა სულით წმიდითურთ, რომელი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.