თხრობა სულიერი ჱ [8]. სიმშვიდით მოთმინებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“(მთ. 5,5). საყვარელნო, სიმშვიდით მოთმინება ღმრთისა სათნო არს, ანგელოსთაგან საქებელ, კაცთაგან ბრძენთა სანატრელ, ძმათა შორის საყვარელ და წმიდათა წერილთა შინა პატივცემულ, ხოლო ეშმაკთა შემაძრწუნებელ და უჩინომყოფელ. რამეთუ ორნი ძმანი იყვნეს ჴორციელნი, ურთიერთას მოყვარენი, სათნოებათა მუშაკნი და მრავალთა კეთილთა მოქმედნი: მარხვისა, ლოცვისა, ჴელთსაქმარისა, მოწყალებისა, შეწყნარებისა და ყოველსავე სათნოებასა მოსწრაფე იყვნეს აღსრულებად გულსმოდგინებითა კეთილითა. შეშურდა უკეთურსა ეშმაკსა კეთილი მათი და სიყვარული. და ივერაგა რათამცა განჰყარნეს იგინი სიძულილით. ღამესა ერთსა ვითარცა აღსდგეს იგინი ლოცვად და ჴელსაქმედ, აღანთო უმრწემესმან ძმამან ბაზმაკი. ხოლო კეთილის მოძულემან ეშმაკმან გარდააქცივა და შემუსრა საბაზმაკე იგი. განრისხნა უხუცესი იგი ძმა და ჰგვემა უმრწემესი ძმა თვისი. ხოლო მან სიმშვიდით მოითმინა და გონებითა მადლობდა ღმერთსა. და სიმდაბლით მუხლნი მოუდრიკნა მეტყველმან: „სულგრძელ იქმენ, ძმაო საყვარელო, და კვალად აღვანთო ეგე მადლითა ქრისტესითა“. ხოლო კაცთმოყვარემან ღმერთმან, სიმშვიდისათვის მისისა და მოთმინებისა, მოავლინა ანგელოსი თვისი ძლიერი ძალითა და სტანჯა ეშმაკი იგი ვიდრე განთენებადმდე. და ვითარცა განთენა, წარვიდა ეშმაკი იგი ბომონსა კერპთასა და მიუთხრა მთავარსა მათსა სატანას საქმე ესე. და ესმოდა თხრობა იგი ეშმაკისა ქურუმსა მას, მღუდელსა კერპთასა. გამოვიდა მასვე ჟამსა ქურუმი იგი და იქმნა ქრისტეანე. და ფრიად შეიტკბო სიმშვიდე და სიმდაბლე, ვითარცა ჰშვენის ქრისტეანეთა, მობაძავ ყოფად ქრისტესა. და იგი იტყოდა ვითარმედ: „სიმდაბლე დაჰხსნის ძალსა მტერისა სულთა ჩვენთასა, ვითარცა თვით მესმა მე პირისაგან ეშმაკთასა; იტყოდეს რა იგინი, ვითარმედ: „ჩვენ მივალთ ვერაგობითა და აღვაშფოთებთ ქრისტეანეთა და ჩვენ ვაქმნევთ ცოდვასაცა. და იგინი წარვლენ და მოუდრეკენ მუხლსა ერთი მეორესა სიმდაბლით და შემუსრვენ ყოველსავე ძალსა ჩვენსა და უჩინო-ჰყოფენ მანქანებასა. და ცოდვასა თუ შთავაგდოთ იგინი, მივლენ და აღუარებენ მოძღვარსა და მიიღებენ სინანულსა. ხოლო მეუფე მათი სახიერი არს, მიუტევებს მათ და ჩვენ უღონო ვიქმნებით“. ისმინეთ, ქრისტეს მოყვარენო, თუ ვითარ თვით ეშმაკნი აღიარებენ სათნოებათა კეთილობასა და სანატრელისა სიმდაბლისა პატიოსნებასა?! ამისთვის გლოცავ და გევედრები, ძმანო ჩემნო საყვარელნო, შევიტკბოთ სიმდაბლე სანატრელი, რომელი დიდებულთა ექმნების გვირგვინ და დიდებითი დიდებად აღმამაღლებელ და ცათა შინა განმსვენებელ. ხოლო მდაბალთა გლახაკთა ექმნების პატიოსნისა სამკაულისა შემმოსელ და თანამეინახე ქრისტესა ყოველთა მეუფისა. და ფრიად კეთილ არს ყოველსავე შინა სანატრელი სიმდაბლე, რამეთუ მით განვიოტებთ ეშმაკისა საცთურსა და სიბოროტესა მათსა. და სიმდაბლისათვის ჩვენისა მოვლენ მცველნი ჩვენნი ანგელოსნი და დაიბანაკებენ ჩვენ თანა და ფრთოვან-ჰყოფენ ლოცვასა ჩვენსა წმიდასა სიმდაბლით ღმრთისა მიმართ აღვლენილსა. ჱე, გევედრები, საყვარელნო! შევიჭურნეთ სიმდაბლითა და სიმშვიდითა, და სულგრძელებით მოთმინებითა. და თუ სადამე ეშმაკი გვებრძოლოს, სიმდაბლესა შინა ჩვენსა მომიხსენოს ჩვენ უფალმან. და ჩვენ წილ იგი ყოვლადძლიერი ჰბრძოდეს და სძლევდეს და სტანჯოს იგი. და წმიდათა ანგელოსთა აღსწერონ ღვაწლნი ჩვენნი და ქველის საქმენი, რომელნიცა წარმოგვიდგინონ ბრწყინვალედ და საჩინოდ დღესა მას სასჯელისასა. და ჩვენ განმართლებულნი გამოვბრწყინდეთ ძლევისა გვირგვინითა სასუფეველსა ღმრთისასა. და ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა, ვიშვებდეთ დაუსრულებელად, მადლითა და კათმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.