თხრობა სულიერი ია [11]. მორჩილებისათვის გვირგვინოსანისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „გარდამოვხედ ზეცით არა რათა ვჰყო ნება ჩემი, არამედ ნება მამისა ჩემისა“[იო. 6,38]. და სამღთო მოციქული იტყვის ქრისტესთვის: „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ, ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯვარისათა“[ფილ. 2,8]. საყვარელნო, ჭეშმარიტი მორჩილება მამისა სულიერისა, ქრისტეს მსგავსება არს, ვითარცა წერილ არს იესოსთვის, ვითარმედ: „და იყო დამორჩილებულ მათდა“(ლკ. 2,51). ამისთვის მორჩილება კეთილი ღმრთისა მიერ პატივცემულ არს, ანგელოსთაგან საქებელ და კაცთა მიერ სანატრელ და წმიდათა მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი და მრავალგზის საკვირველებათა მხილველი. დღესა ერთსა ილოცვიდა რა სანატრელი იგი, აღიტაცა გონებითა და იხილა ოთხი მწყობრი წმიდათა კაცთა ცათა შინა დიდითა დიდებითა და ბრწყინვალებითა განათლებულნი. და ჰკითხა ანგელოსსა, რომელი სდგა მახლობელ მისსა მეტყველმან: „ვინ არიან წმიდანი ესე? მომითხარ, გევედრები ღმრთისათვის“. და ჰრქუა ანგელოსმან: ა. „ერთი მწყობრი არს, რომელნი უძლურებასა შინა არიან, და მადლობითა ღმრთისათა ითმენენ. და რომელნი უძლურთა მსახურებენ, ვითარცა იტყვის უფალი: „უძლურ ვიყავ და მიხილეთ მე“[მთ. 25,36]. ბ. მეორე მწყობრი არს მათი, რომელნი უცხოთა და გლახაკთა შეიწყნარებენ, ვითარცა იტყვის: „უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე“(მთ. 25,35). გ. მესამე მწყობრი არს, რომელნი მარადის ილოცვენ ღმრთისა მიმართ, ვითარცა იტყვის მოციქული: „მოუკლებელად ილოცევდით“(1 თესალ. 5,17). დ. ხოლო მეოთხე მწყობრი არს მათი, რომელნი ჭეშმარიტნი მორჩილნი არიან მამისა მათისა სულიერისა, ვითარცა იტყვის: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა“(ებრ. 13,17). მიუგო ღირსმან მან ბერმან ანგელოსსა და ჰრქუა: „რაჲსათვის მეოთხე ესე მწყობრი უმეტეს არს სხუათა მათ დიდებითა და ბრწყინვალებითა? რამეთუ ჰმოსიეს მანიაკი ოქროჲსა და ზოსტერი ოქროჲსა და გვირგვინი შვენიერი“. ჰრქუა მას ანგელოსმან: „ამისთვის, რამეთუ სხუანი იგი თვისითა ნებითა ჰყოფენ სათნოებასა და სათნო არს წინაშე უფლისა, გარნა მორჩილება სხვისა ნებისა არს მყოფელი და მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი ღმრთისა მიერ“. ესერა ესმა წმიდასა მას ბერსა, მოეგო თავსა თვისსა და ადიდებდა ღმერთსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ უცილობელი და უდრტვინველი მორჩილება მოძღვრისა და მამისა ჩვენისა სულიერისა, რამეთუ მათი მორჩილება ჭეშმარიტებით ღმრთისა მორჩილება არს და მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი უოხჭნო. რამეთუ ქრისტეს მცნებისათვის და იესოს სიყვარულისათვის დაემორჩილება მოწაფე მოძღვარსა, სწავლასა ზედა სულიერსა და კეთილსა და არა ვნებასა. მორჩილებასა არა მას ვიტყვი, რომელი ცოდვისათვის იყოს წარსაწყმედელად სულისა, ნუ იყოფინ! რამეთუ წერილ არს: „მორჩილება ჯერ არს ღმრთისა, ვიდრეღა რა კაცთა ამაოთა“[საქ. 5,29]. არამედ მორჩილებასა ვაქებ ჭეშმარიტსა, კაცთა მიმართ სულიერთა და მოძღვართა სახიერთა მასწავლელთა კეთილისათა, საცხოვნებელად სულისა ჩვენისა და გვირგვინისა მინიჭებად სულთა მათთასა. ჱე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! ესევითარი მორჩილება მოვიგოთ: მეუფესა ჩვენსა ვმსახურებდეთ, და წმიდათა მოწამეთა შორის გვირგვინითა ბრწყინვალითა შემკობილნი ვზატიკობდეთ განათლებულნი. და ყოველთა წმიდათა თანა ვდღესასწაულობდეთ, რომელთა მორჩილებითა დაიმკვიდრეს ზეცისა სასუფეველი. ჩვენცა, ძმანო, კუალსა მათსა შეუდგეთ და სრბა ჩვენი კეთილად აღვასრულოთ. და მათ თანა სავანეობასა ღირს ვიქმნეთ და საუკუნოდ ვიხარებდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.