ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან ჰყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“(მთ. 5,19). და წმიდა მოციქული იტყვის: „ძმანო, მოიხსენენით წინამძღვარნი თქვენი და ერჩდით მათ, რომელნი გეტყოდენ თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა“[ებრ. 13,7]. აწ უკუჱ საყვარელნო, მოძღვართაგან ჯერ არს სიყვარულით სწავლა მოწაფეთა და მოწაფეთა მიერ სიყვარულითავე მორჩილება მოძღვრისა, ვითარცა ანგელოსნი მორჩილ არიან ღმრთისადა და რათა მადლი მისცეს მსმენელთა მათ. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და კეთილგონიერი და სწავლის მოყვარე, სიტყვამადლიან. და ესვა მოწაფე მორჩილი, რომელსაცა ყოველსა მიმწუხრსა ასწავებდა სიტყვათა სულიერთა სიყვარულით და ლოცვითა წარგზავნიდა და იგიცა მორჩილებით და სიყვარულით ჰყოფდა სწავლასა მისსა. დღესა ერთსა მოვიდა ვინმე მთავარი ქრისტეს მოყვარე და მიიღო სწავლა სულიერი მამისა მის მიერ პატიოსნისა. და მივიდა მოწაფეცა იგი მორჩილი ჩვეულებისაებრ. და ვითარცა წარვიდა მთავარი იგი, ენება მამასა მას სულიერსა სწავლა ძმისა, გარნა მიეძინა. ხოლო მოწაფე იგი სდგა და ელოდა განღვიძებად და ლოცვისა მიღებად, და შუაღამესა ოდენ განიღვიძა. იხილა რა მოწაფე მუნვე მდგომარე, ჰრქუა მას: „რად არა განმაღვიძე, შვილო საყვარელო?“ ხოლო მან მიუგო: „რამეთუ ვეკრძალებოდი სიწმიდესა შენსა, პატიოსანო მამაო“. ლოცვა ჰყო და განუტევა ძმა იგი და თვით დასდგა ლოცვად. და, აჰა, მიეცა განკვირვებასა და იხილა პალატი დიდად შვენიერი და საყდარი შემკობილი კეთილად, და საყდარსა მას ზედა შვიდნი გვირგვინნი ბრწყინვალენი. და იკითხვიდა თუ: „ვისნი არიან ესე ნეტარისანი?“ და აუწყა მას ანგელოსმან, ვითარმედ: „ესე პალატი შენ მოგანიჭა ღმერთმან, ვინათგან სიყვარულით ჰმოძღვრი მოწაფესა შენსა. და ეგე საყდარი მოწაფესა შენსა მიმადლა, რამეთუ მორჩილებით ისმენს სწავლასა შენსა. ხოლო შვიდნი ესე გვირგვინნი ამას ღამესა მოიგნა მოწაფემან შენმან მოთმინებითა“. ესერა იხილა ღირსმან ბერმან, მოეგო თავსა თვისსა და მოუწოდა მოწაფესა და ენება ცნობად თუ რაჲ ჰქმნა, რომელ შვიდნი გვირგვინნი მოიგნა. და ჰრქუა: „ღმრთივსულიერო შვილო ჩემო საყვარელო, რაჲსა ჰყოფდი ამას ღამესა საქმით, ანუ სიტყვით, გინა გონებით?“ ხოლო მან მიუგო: „სხუასა არარას, ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, გარნა ესე რომელ შვიდგზის ვიიძულე წარსლვად თვინიერ ლოცვისა შენისა და შვიდგზის წინააღუდეგ გონებასა ჩემსა და არა წარვედ“. ესე რა ესმა კაცსა მას ღმრთისასა, გულისჴმა ჰყო ვითარმედ შვიდგზის იბრძოლა ეშმაკისაგან და არა იძლია. ხოლო მოთმინებისათვის და მორჩილებისა მიანიჭა ღმერთმან შვიდნი გვირგვინნი და ადიდებდა კაცთმოყვარებასა მეუფისასა. ამისთვის, გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! სიყვარულით ვმორჩილებდეთ მამათა სულიერთა და ვისმენდეთ სწავლათა მოძღვრისათა და აღვასრულებდეთ გონებითა კეთილითა, რათა ავმაღლდეთ ზეცისა სასუფეველსა და გვირგვინითა ბრწყინვალითა ვიხარებდეთ, დიდებითა და ელვარებითა განათლებულნი ვიშვებდეთ. განვეკრძალნეთ, ძმანო და ნუ ვერჩით მანქანებათა ეშმაკისათა, რათა არა ცოდვითა შევიბღალნეთ და შეკრულნი ჴელით და ფერჴით, მივეცნეთ „ბნელსა მას გარესკნელსა, სადაცა არს ტირილი თუალთა და ღრჭენა კბილთა და სატანჯველი საუკუნო“[მთ. 8,12; 22,13]. არამედ გევედრები, საყვარელნო, მორჩილ ვექმნეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა და მისისა სიყვარულითა დავემორჩილნეთ კაცთაცა სულიერთა. და აღვასრულებდეთ სამღთოთა მცნებათა ღმრთივშვენიერთა, რათა ბრწყინვალებითა შემოსილნი, ანგელოსთა თანა ვიხარებდეთ, და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და თაყვანისვსცემდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, დაუსრულებელად. ამინ.