ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“(მთ. 5,41). ესე არს საყვარელნო, უდვრტვინელი მორჩილება, ვითარცა მოციქული იტყვის: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა... რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის“(ებრ. 13,17). მორჩილება მამისა სულიერისა ყოველსა კეთილსა ზედა, ანგელოსთა მსგავსება არს, ძმანო! რამეთუ ვითარცა ანგელოსნი მსწრაფლ მორჩილ არიან წამისყოფასა ღმრთისასა, ეგრეთვე მოწაფეთა ჯერ არს მორჩილება მოძღვრისა მათისა ჭეშმარიტებასა ზედა. და ჭეშმარიტნი მორჩილნი საყვარელ არიან ღმრთისა, საქებელ ანგელოსთა და სანატრელ კაცთა მიერ ბრძენთა და მეცნიერთა. რამეთუ იყო ვინმე წინამძღვარი ღმერთშემოსილი, რომელსა ჰყვანდა ათნი ოდენ მოწაფენი, და ერთი მათგანი ფრიად მორჩილ იყო ყოველთავე. და იყო იგი ჴელოვნებით მწერალი, სახელით მარკოზ და მორჩილებისათვის მისისა ყოველთავე საყვარელ იყო და უმეტესად წინამძღვრისადა. დღესა ერთსა მოვიდნენ სხვისა მონასტრისა ბერნი და ჰრქუჱს წინამძღვარსა: „ღმერთშემოსილო მამაო, ვითარ კეთილად მორჩილ არს სიწმიდისა შენისა ძმა იგი მარკოზ?“ ხოლო მან ჰრქუა: „მოვედით, ღმრთივსულიერნო შვილნო, და იხილეთ მორჩილება მისი“. და ვითარცა მივიდენ კარსა მარკოზ მორჩილისასა, ჴმა უყო წინამძღვარმან ნელიად: „მარკე“.მუნთქვესვე მსწრაფლ გამოვიდა და თაყვანი სცა წინამძღვარსა, ხოლო მან წარგზავნა იგი საქმისა რაჲსათვისმე და თვით შევიდენ სენაკად მისსა და იხილეს ჴელთსაქმარი მისი, რამეთუ „ონი“ დაეწყო დასმად და ესმა რა ხმაჲ წინამძღვრისა, არღარა განასრულა „ონი“ იგი, არამედ მსწრაფლ დაუტევა კალამი და მორჩილ ექმნა მამასა თვისსა სულიერსა. ესერა იხილეს ძმათა მათ, განკვირვებულნი იტყოდეს: „ნამდვილვე სამართლად გიყვარს, მამაო წმიდაო, ძმა ეგე მარკოზ. და ჩვენცა გვიყვარს ჭეშმარიტად, რამეთუ ღმრთისაცა საყვარელი არს ეგევითარი მორჩილება, და ანგელოსნი გვირგვინსა შეუმზადებენ. და ნეტარ ხარ, მამაო პატიოსანო, რამეთუ ახარებს სულსა შენსა“. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოვიგოთ ჩვენცა უცილობელი მორჩილება მამისა მიმართ სულიერისა და მოძღვრისა ჩვენისა სახიერისა. რამეთუ იგინი გვეტყვიან სიტყვათა მათ ცხოვრებისათა და მღვიძარებით ევედრებიან ზესთა სახიერსა ღმერთსა სულთა ჩვენთა ცხოვნებისათვის. და მორჩილ ვექმნეთ წმიდათა წერილთა, რამეთუ მათ მიერ აღმოეცენების ჭეშმარიტი მცნება, წყარო ცხოვრებისა და ყოველივე სამღთო მოძღვრება მაუწყებელი სასუფეველისა სიტკბოებისა და განმაკრძალებელი ჯოჯოხეთისა სიმწარისაგან. ვევლტოდეთ, ძმანო, ურჩებასა სამღთოთა წერილთა და კაცთა სულიერთასა, რათა არა ვიქმნეთ შვილ გეენიისა. რომელთათვის მოიწევის რისხვა ღმრთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. არამედ მორჩილ ვექმნეთ ყოველთავე საყვარელნო კეთილთა საქმეთა ზედა. და ვისმენდეთ სიმდაბლით, რათა უფალმანცა ტკბილმან და სახიერმან შეისმინოს ლოცვა ჩვენი და იყვნენ ყურნი მისნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩვენისასა. ჱე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მონანი ვერჩდეთ უფალთა ჩვენთა და უფალნი მორჩილ იყვნენ წმიდათა წერილთა. და ყოველნივე ურთიერთას ვმორჩილებდეთ შიშითა ღმრთისათა და ქრისტეს მიერ სიყვარულითა, რათა ყოველნივე ერთობით ვიხარებდეთ ზეცისა სასუფეველსა, მოციქულთა თანა ვიშვებდეთ, მოწამეთა თანა გვირგვინოსან ვიქმნეთ და მართალთა თანა ვსუფევდეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ.