ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15). საყვარელნო, მცნებანი მაცხოვრისანი არიან: სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, მოთმინება, მოწყალება და სხვანი, რომელთა წმიდანი წერილნი მოგვითხრობენ. აწ, უკუჱ, ძმანო! ჯერ არს ჩვენდა, ქრისტეანეთა, მორჩილება წმიდათა წერილთა, რომელთაგან აღმოეცენებიან ყოველნი კეთილნი და ცხოვნება სულისა. უკეთუ ღმერთმან რაჲდგან დაჰბადა დიდი ესე მნათობი, მზე, მფლობელად დღისა, მიერითგან მორჩილებს ბრძანებასა მისსა და უცთომელად წესისაებრ და განწესებისა ღმრთისა აღმობრწყინდების განთიად და დავალს მიმწუხრი, ვითარცა ჰგალობს დავით: „მზემან სცნა ჟამი დასლვისა თვისისა“(ფს. 103,19). რაოდენ უფროსად ჩვენ, ხატად ღმრთისა დაბადებულთა სიტყვიერთა სულთა და გონიერთა, თანაგვაძს მორჩილება შემოქმედისა ჩვენისა და აღსრულება მცნებათა მისთა. ხოლო მორჩილება არა ნებისაებრ ჩვენისა ჯერ არს, ძმანო, არამედ ნებისაებრ მოძღვართა ჩვენთასა. დაღაცათუ მცირე იყოს ბრძანებაჲ, განუკითხველად ვმორჩილებდეთ, ვითარცა უფალი ბრძანებს: „მცირესა ზედა სარწმუნო, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“[ლკ. 16,10]. რამეთუ წმიდა და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი, დიდი ვასილი, მზე იგი კესარიისა და მნათობი ეკკლესიისა, აღვიდა ოდესმე მონასტრად, საღმრთოთა სურვილითა, და განანათლნა მონაზონნი სწავლითა და მოძღვრებითა ღმრთივშვენიერითა. მერმე ჰრქუა წინამძღვარსა: „მამაო პატიოსანო, გყავსაა მოწაფე, რომელსა აქუნდეს ჭეშმარიტი მორჩილება?“ ხოლო მან მიუგო: „ჱე, ყოველნივე მონანი არიან სიწმიდისა შენისანი, მეუფეო წმიდაო“. და მოიყვანა ძმა ერთი და დაადგინა წინაშე მისა და ინება წმიდამან ვასილი გამოცდა ძმისა მის. ხოლო შემდგომად სერობისა უსხა წყალი ძმამან მან წმიდასა ვასილის და დააბანინა ჴელნი. მერმე ჰრქუა წმიდამან ვასილი ძმასა მას: „მომეც აწ, შვილო, წყალი ეგე, რათა მე გისხა და შენ დაიბანე ჴელნი“. ხოლო მან, ყოველსა შინა ჭეშმარიტმან მორჩილმან, მისცა წყალი უცილობელად და ვასილი უსხმიდა და ძმა იგი იბანდა ჴელთა. მაშინ ჰრქუა, წმიდამან ვასილი ძმასა მას: „ოდეს აღვიდე, საკურთხეველად მსხვერპლისა შეწირვად, მოვედ შენცა, შვილო, რათა გაკურთხო, რამეთუ სული ღმრთისა განისვენებს შენ ზედა, მორჩილებისათვის შენისა“. და აკურთხა იგი ქრისტეს მიერ დიაკონად მორჩილებისათვის და პატიოსნად მღუდლადცა, ღმრთივშვენიერად სადიდებელად ღმრთისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ ჭეშმარიტი მორჩილება წმიდათა მღუდელთმთავართა და ეკკლესიისა წინამძღვართა და მამისა ჩვენისა სულიერისა მოძღვრისა, რამეთუ ღმერთი მათ მიერ გვამცნებს ჭეშმარიტებასა ყოველსა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა, და ღირს ვიქმნებით სამღთოსა კურთხევასა, ვითარმედ: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34). და სარწმუნოებით დავემორჩილნეთ წმიდათა წერილთა, რამეთუ წერილნი გვაუწყებენ ნებასა ღმრთისასა და მოგვითხრობენ ცხოვრებასა წმიდათასა და გვამცნებენ სათნოებათა სარგებელსა და განგვაკრძალებენ ეშმაკისა საბრხეთაგან. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მორჩილებად! ვჰსცეთ ყურნი ჩვენნი გლახაკთა და ვისმინოთ ვედრება მათი, რათა ღმერთმანცა ისმინოს ლოცვა ჩვენი და მოგვანიჭოს სასუფეველისა დიდება და დიდადშვენიერი ბრწყინვალება, რომელი განუმზადებიეს მორჩილთა სამღთოთა წერილისათა და მოყვარეთა ყოვლადწმიდისა სახელისა მისისათა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე დამკვიდრებად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.