თხრობა სულიერ იე [15]. მორჩილებისათვის ქებულისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქმნა მორჩილ, ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „და იყო დამორჩილებულ მათდა“(ლკ. 2,51). და ჩვენ მორწმუნეთა მისთა სახე გვექმნა და წინამძღვარ მორჩილებისა. ამისთვის, საყვარელნო, მორჩილებისა უღელი ტკბილ არს და საწადელ, ვითარცა ბრძანებს ყოვლადტკბილი იესო: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ“(მთ. 11,30). და დიდი მადლი და გვირგვინი ბრწყინვალე მოენიჭების ღმრთისაგან, მორჩილებასა შინა მყოფთა, და აქავე ნაყოფსა სულიერსა წარმოაჩენენ, ცხადმყოფელად მერმისა მის ნაყოფმრავლობისა და პირად პირადთა ყვავილოვან ღმრთივშვენიერისა გვირგვინისა მისაღებელად. რამეთუ იყო ვინმე ძმათაგანი, სიმდაბლით მშვიდი, სიყვარულით სრული, სიწრფოებით უმანკო, მორჩილებით უზაკველი და უდრტვინელი გულითა, რომელიცა სამღთოს სურვილით წარვიდა მონასტრად და დაემოწაფა ბერსა ვისმე სულიერსა, დიდთა წმიდათაგანსა, და გულსმოდგინებით მორჩილებდა ყოველსავე ბრძანებასა მამისა მის სულიერისასა. ხოლო წმიდამან ბერმან ინება ცნობა, თუ ვითარსა საზომსა მიწევნილ არს მორჩილებისა მიერ. მოიღო შეშა ხმელი და დანერგა ქვეყანასა და ჰრქუა მოწაფესა მას: „ყოველთა დღეთა მორწყვიდე ამას, შვილო, ვიდრემდის გამოიღოს ნაყოფი“. ხოლო იყო წყალი ფრიად შორს ადგილისა მისგან. რომელ მწუხრი წარვიდის მოწაფე იგი და განთიად მოვიდის და დაასხის თითო ლაგვინი წყალი დღესა შინა. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! რამეთუ შემდგომად სამისა წლისა, წყალობითა ღმრთისათა და მორჩილებითა მის მოწაფისათა, განედლდა ხე იგი და ჰყო ნაყოფი. და აღიღო წმიდამან ბერმან ნაყოფი იგი ხისა მის და მოიღო წმიდად ეკკლესიად. და ჰრქუა ძმათ სავსებასა: „მიიღეთ და სჭამეთ ნაყოფი ესე მორჩილებისა“. ხოლო მხილველნი ამის საკვირველებისანი ადიდებდეს სახიერებასა ღმრთისასა და ჰნატრიდენ სიწრფოებით მორჩილებასა ძმისა მის საყვარელისასა. იხილეთ, საყვარელნო ძმანო! უკეთუ ჭეშმარიტმან მორჩილებამან ხმელი ხე განანედლა და ნაყოფი გამოიღო, რაოდენ უფროსად მადლმან მორჩილებისამან, ცოდვისა მიერ განმხმარი და უნაყოფო სული, ლმობიერ ჰყოს?! და ცრემლთა მიერ მორწყულმან ნაყოფი სულისა წარმოაჩინოს, რომელ არიან: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა და მოთმინება“(გალ. 5,22), სიტყვისაებრ მოციქულისა. ამისათვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მოვიგოთ მორჩილება მამისა მიმართ სულიერისა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა და სიყვარულად ქრისტესა, რამეთუ მოძღვართა მორჩილება ქრისტეს სიყვარულით იქმნების. ვითარცა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა და სახიერსა მოძღვარსა, სიყვარულით მორჩილებდენ წმიდანი მოციქულნი, ეგრეთვე ჩვენდა, ქრისტეანეთა, ჯერ არს მორჩილება მოძღვართა მიმართ სულიერთა, ვინათგან, ქრისტეშემოსილნი იგი, ქრისტეს საყდართა მსხდომარე არიან და ქრისტეს მცნება მოაქვთ სამოძღვრებელად ჩვენდა; და სული წმიდა იტყვის, პირითა მათით ღმრთივშვენიერთა სიტყვათა მათ მადლისათა. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! მორჩილებითა წმიდათა წერილისათა ლმობიერ ვჰყოთ გული ჩვენი, რათა დასთესოს სიტყვამან ღმრთისამან სიტყვა წმიდისა სახარებისა. და ჩვენ, ნაკადულითა ცრემლთათა, მოვრწყოთ იგი, რომელსა ზედა მოჰფინოს მზემან სიმართლისამან შარავნდედი თვისი და სულმან წმიდამან აღაორძინოს. პირველად აღმოაცენოს პირად პირადნი ბრწყინვალენი ყვავილნი სათნოებათანი კეთილსუნნელნი. და მერმე წარმოაჩინოს ღმრთივშვენიერნი ნაყოფნი სულისანი უტკბილესნი მანანაჲსა, რომელიცა მამამან ზეცათამან სათნო იყოს და შეიწიროს. და ჩვენ, მორჩილებით შრომისათვის და სათნოებათა მუშაკობისა, გვირგვინი დიდებისა მოგვანიჭოს. და ესრეთ, ბრწყინვალებითა განათლებულნი, ვიხარებდეთ დაუსრულებელთა მათ კეთილთა ზეცისათა, სადიდებელად ღმრთისა, რომელი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.