ღმრთივსულირნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“[მრკ. 8,34]. საყვარელნო, უარყოფა თავისა თვისისა ესე არს, რათა კაცმან ნება თვისი დაუტეოს და მოძღვრის ნებასა შეუდგეს, და მორჩილებდეს კეთილითა გონებითა და შეუორგულებელითა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგება და გვირგვინი პირად პირადითა ყვავილითა შეთხზული, ჰაეროვანი და ფრიად შვენიერი. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და კეთილად გულისჴმისმყოფელი დამკვიდრებული უდაბნოსა, რომელსაც ძმა ვინმე ქრისტეს სიყვარულით შეუდგა და სიმდაბლით დაემორჩილა მას ნეტარსა. და ჰმსახურებდა უცილობელითა მორჩილებითა და სასოებითა დაუჭნობელისა გვირგვინისათა. და იყო უდაბნოსა ველსა ადგილსა მხალი კეთილი და მახლობელად მის მხლისა მკვიდრობდა აფთარიცა. დღესა ერთსა ჰრქუა მამამან სულიერმან მოწაფესა: „შვილო, წარვედ ადგილსა მას და მოიღე მხალი, რათა ვისეროთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, ყოვლისა კეთილის მომცემელსა“. მიუგო მოწაფემან: „და რაჲ უყო, მამაო პატიოსანო, აფთარსა მას?“ ხოლო მან ჰრქუა გამოსაცდელად: „შეკარ იგი და მოიყვანე აქა“. წარვიდა უკუჱ ძმა იგი უშიშითა გონებითა მიმწუხრი და ვითარცა იხილა აფთარმან, მოვიდა შეჭმად მისა. ხოლო მან მინდობითა ლოცვათა მამისათა, ჴელ ჰყო შეკრვად მისა. და ივლტოდა აფთარი იგი და ძმა იგი სდევდა და ეტყოდა: „სახელითა იესო ქრისტესითა გეტყვი შენ დასდეგ, რამეთუ მამასა ჩემსა უბრძანებიეს, რათა შეგკრა და მიგიყვანო მისა“. დაეწია, შეიპყრა და შეკრა იგი. ხოლო მამა მისი, წმიდა იგი ბერი, შეწუხებულ იყო დაყოვნებასა მისსა და დასდგა ლოცვად მისთვის. და აჰა, ესერა მოვიდა მოწაფე იგი და მოიყვანა აფთარიცა შეკრული. მაშინ გულისჴმა ჰყო კეთილგონიერმან ბერმან, ვითარმედ დიდსა საზომსა მიწევნილ არს ძმა იგი მორჩილებითა თვისითა. და რათა არა აღზუავნეს, ინება დამდაბლება მისი და ჰრქუა: „სულელო, ძაღლი ცოფი მოგიყვანიეს აქა და რად სახმარ არს ჩემდა!“ მეყსეულად განხსნა ძმამან და განუტევა იგი მშვიდობით. და თვით გულისა სიმდაბლითა ადიდებდა ღმერთსა. ესევითარი საკვირველება ამის მიერ იქმნების, საყვარელნო! უკეთუ ვინ პირველისა ადამის საზომსა მიიწიოს სათნოებითა და უვნებელობითა, მას ყოველნი მხეცნი დაემორჩილებიან, მეორისა ადამისა მადლითა, ვითარცა პირველსა ადამს მორჩილებდენ უწინარეს ცთომისა. ხოლო, უკეთუ მხეცნი დაემორჩილებიან წმიდათა კაცთა, რაოდენ უფროსად სათანადო არს ჩვენდა, რათა დავემორჩილნეთ ღმერთშემოსილთა კაცთა ღმრთისათა, სწავლასა ზედა კეთილსა საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! ვინათგან პირველი ადამ ურჩებისათვის ექსორია იქმნა სამოთხისაგან საშვებელისა, აწ ჩვენ, საყვარელნო, გულითა წრფელითა დავემორჩილნეთ მეორესა ადამს, და მის მიერ დადგინებულს მოძღვარსა სულიერსა და შევიდეთ სამოთხესა ზეცისასა. და უკეთუ დავიმორჩილნეთ პირუტყულნი ვნებანი ჴორციელნი, წარმწყმედელნი სულისანი, ვიქმნებით უვნებელ და არღარა დაგვაყენებს ჩვენ შესლვად სამოთხესა ხერუვიმი მოტყინარე და მახვილი იქცევისი. რამეთუ უფალი და მეუფე ჩვენი გვიბრძანებს: „შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21). ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! მორჩილებითა ქრისტესითა, შევიდეთ ადამის ურჩებით დახშულსა სამოთხესა შვენიერსა და საწადელსა დამორჩილებასა შინა. დამაშვრალთა განვისვენოთ საშვებელთა მათ სიტკბოებისათა. და ვიყნოსდეთ კეთილსუნნელთა ყვავილითა სამოთხისათა და ვიგემებდეთ ნაყოფთა ყოვლადსაწადელთა და ტკბილთა. და მუნ განვიცადოთ და ვიხილოთ ტკბილი უფალი. და ყოველთა მართალთა თანა ვიქცეოდეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა და ანგელოსთა თანა უგალობდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.