თხრობა სულიერი იზ [17]. მორჩილებისათვის პატიოსნისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს ყოველთა მსახურ“[მრკ. 9,35]. საყვარელნო, სიმდაბლით და მორჩილებით მსახურება ძმათა, ქრისტეს მსგავსება არს, ვითარცა თვით ბრძანებს: „არა მოვიდა ძე კაცისა რათამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“[მთ. 20,28]. ამისთვის სურვილით საწადელ არს, ძმანო, შვენიერ და პატიოსან სიმდაბლით მსახურება და მორჩილებით მოთმინება. და არს ესე ნამდვილვე ღმრთისმსახურება, ანგელოსთა მიერ საქებელ, წმიდათა გზაჲ უცთომელი, და კაცთაგან ბრძენთა სანატრელ. რამეთუ იყო ვინმე კაცი ღმრთისმოყვარე, დიდებული, ბრძენი და მეცნიერი, რომელმან მიიღო წმიდათა წერილთა კითხვითა სამღთო გულისჴმისყოფა და ყოველი მონაგები თვისი განჰყიდა და გლახაკთა განუყო, რათა ზეცისა დიდება დაიმკვიდროს. და წარვიდა მონასტრად და ბერსა ვისმე ღმერთშემოსილსა დაემორჩილა სიმდაბლით და ჰმსახურებდა სასოებითა საუკუნო განსვენებისათა. და ჰრქუა მას წმიდამან ბერმან: „მნებავს, შვილო ჩემო, რათა ჰმსახურებდე ძმათა დუმილით. ხოლო კაცმა მან საკვირველმან ესრეთ დაიდუმა ენა თვისი, რომელ ხუთსა წელიწადსა ყოვლადვე არარაჲ სთქუა სიტყვაჲ. და გონებითა მარადის ილოცვიდა ღმრთისა მიმართ, და ყოველსა მსახურებასა ძმათასა ჰყოფდა უცონელად. დღესა ერთსა წინამძღვარმან მონასტრისამან წარგზავნა იგი საქმისა რაჲსათვისმე იმიერ კერძო მდინარისა. და წარავლინა სხუა ძმაცა შემდგომად მისა, რათა იხილოს, თუ რაჲსა იქმს და ვითარ განვალს მდინარესა მას დიდსა. და ვითარცა მივიდა წიაღ მდინარესა, მოიდრიკნა მუხლნი და ჰყო ლოცვაჲ. და აჰა, ესერა მოვიდა ხვითქი (რომელ არს დიდი თევზი), და იტვირთა მორჩილი იგი კაცი ღმრთისა და განიყვანა იმიერ. და მან ჰყო საქმე იგი, რომელისათვის წარგზავნილ იყო, და კვალად იტვირთა ხვითქმან და მოიყვანა ამიერ კერძო. და მოვიდა ძმა იგი, რომელი წარვლენილ იყო ხილვად მისა და მოუთხრა ესე ყოველი წინამძღვარსა და ძმათა ყოველთა. და უკვირდათ მსმენელთა, და მრავალნი ჰნატრიდეს და ჰბაძვიდეს მორჩილებასა და სიმდაბლესა მისსა. ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა აღესრულა პატიოსნად სანატრელი იგი. და მივიდა ანგელოსთა წინამძღვრებითა წინაშე უფლისა, რომლისა სიყვარულით იყო დამორჩლებულ კაცთა, და გვირგვინი ბრწყინვალე მიიღო ღმრთისა მიერ დიდებად საუკუნოდ. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! დავიმდაბლოთ თავი ჩვენი, რათა აღვიმაღლოთ სული ჩვენი. ქრისტეს მცნებისათვის ვმორჩილებდეთ ურთიერთას შიშითა ღმრთისათა კეთილთა ზედა და სიმდაბლით ვჰმსახურებდეთ უპირატესთა. და უმეტესად სასოებითა ვჰმსახურებდეთ უძლურთა, რომელთა ქრისტემან ძმად თვისად უწოდა, ვითარმედ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“(მთ. 25,40). ამისთვის უცხოთა უძლურთა მსახურება ქრისტესდა მიიწევს და წინაშე ყოვლადდიდებულისა მის საყდრისა ცხადად წარმოსდგების სახილველად ყოველთა ანგელოსთა და კაცთა. და მაშინ მათ მაგიერად მადლობასა ქრისტე გვიბრძანებს ღმრთივშვენიერითა პირითა და ყოვლადბრწყინვალითა ჴმითა, ვითარმედ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“(მთ. 25,34), დამაშვრალნო უძლურთა, უცხოთა მსახურებითა და განისვენეთ სასუფეველსა. ვინათგან საქმეთა აბრაჰამისთა იქმოდით, წიაღთამცა აბრაჰამისთა განისვენეთ და იხარებდეთ საუკუნოდ. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! ნუ დავაკლდებით ამას სანა­ტრელსა და საწადელსა ჴმატკბილობასა. არამედ ვიქმნეთ მდაბალ გულითა, მორჩილ სმენითა, მსახურ სნეულთა მოთმინებითა, და ნუგეშინის ვსცემდეთ პყრობილთა ტკბილითა სიტყვითა. კურთხევით ვსთესოთ სათნოება და კურთხევითცა მოვიმკოთ ნაყოფი სულისა. და დავიუნჯოთ ცხოვრებად საუკუნოდ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.