ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მეცნიერ იყვენით, ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი“[მთ. 10,16]. საყვარელნო, ჰშვენის ჩვენდა, ქრისტიანეთა ღმრთივსწავლულთა წმიდათა წერილისათა, რათა მარადის მღვიძარე ვიყვნეთ გონებითა და მეცნიერ გულისჴმისყოფითა. რათა არა გველისა მსგავსმან ეშმაკმან, გვაცთუნოს ჩვენ ვერაგობითა თვისითა, ვითარ იგი ძველ ოდესმე აცთუნა ევაჲ. არამედ უმანკო ვიყვნეთ, ვითარცა ანგელოსნი და ვნებათაგანი ვერარაჲ შემოგვეხოს. უკეთუ უმანკოებითა და სიწრფოებითა გულისათა ვმორჩილებდეთ წმიდათა კაცთა და სამღთოთა წერილთა მოძღვრებასა და ვერცა რაჲ გვავნოს ეშმაკმან მანქანებითა თვისითა. რამეთუ ძმა ვინმე მართალი, წრფელი, უმანკო და მორჩილი, მივიდა ბერისა ვისმე თანა, წმიდისა და კეთილგონიერისა და ჰრქუა: „ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო, მარქუ მე სიტყვა ცხოვრებისა“. მიუგო წმიდამან ბერმან: „წარვედ, შვილო, იქმოდე ჴელთსაქმარსა შენსა მყუდროებით და მწუხრითი მწუხრად მიიღებდე საზრდელსა“. და მან ჰყო მცნებისაებრ მამისა მის სულიერისა. ხოლო ბერმან ვითარცა იხილა გულსმოდგინება მისი და სიწრფოებით მორჩილება სათნოებისა მიმართ, მიუთხრა მას სხუაცა წესი და განგება ანგელოსებრივისა მოქალაქობისა, უვნებელისა მარხვისა, კანონიერისა ლოცვისა, ზომიერისა ჴელთსაქმრისა, უდრტვინელისა მორჩილებისა და გონებით მღვიძარედ ყოფნისა. ხოლო სიწრფოებით მსმენელი ამათი კეთილად წარემატა სათნოებითა, მადლითა ღმრთისათა და მორჩილებითა მის წმიდისა მამისათა. შემდგომად ამისა შურითა ეშმაკისათა იწყეს გულისსიტყვათა მისთა სიმაღლედ, ვითარმედ: „აჰა, ესერა ამაღლდი სათნოებითა და დიდ იქმენ პატივითა“. ხოლო მან კეთილგონიერებით მოიხსენნის თვისნი ბრალნი და ცოდვანი და დამდაბლდის. კვალად ეტყვიედ მას გულისსიტყვანი, ვითარმედ: „დიდად ცოდვილ ხარ და არა ეგების ცხოვნება შენი“. ხოლო მან სიბრძნით სასოება შეიმოსის და იტყვინ: „ვინათგან ფრიად ცოდვილ ვარ, ვჰყოფდე მცირესა მას ლოცვასა ჩემსა წინაშე ღმრთისა; და ვესავ ურიცხვთა მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელ შემიწყალოს მე ცოდვილი“. და ვითარცა ამით მეცნიერებითა ორკერძოვე იძლივნეს მტერნი იგი სულისა ჩვენისანი, გამოუჩნდეს მას ცხადად ეშმაკნი და ეტყოდეს: „მოგვეწყინა შენთანა, კაცო“. ხოლო მან ჰრქუა: „რად, ანუ რაჲსათვის?“ და მათ მიუგეს: „უკეთუ აღგამაღლოთ ზუაობად, შენ ივლტი სიმდაბლედ; და უკეთუ დაგამდაბლოთ სასოწარკვეთილებად, შენ აღისწრაფებ სიმაღლედ“. და ესრეთ მადლითა ღმრთისათა განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლათაგან ეშმაკისათა და წარემატა სათნოებითა და ადიდებდა ღმერთსა. იხილეთ, საყვარელნო! თუ ვითარ მორჩილებისა მიერ ადვილად წარემატებიან სათნოებასა შინა ღმრთისმოშიშნი; რამეთუ სიმდაბლე საფუძველი არს სათნოებათა, ხოლო მორჩილება კარი. და „რომელი შევალს კარით, იგი ჭეშმარიტ არს, და მეკარემანცა განუღის“[იო. 10,2-3], და შევიდის სასუფეველად სიხარულსა უფლისა თვისისასა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! პირველად მოვიგოთ სიმდაბლე, მტკიცე იგი საფუძველი სათნოებათა. და შევიმოსოთ მორჩილება, ვითარცა კარი ჭეშმარიტებისა, რომელისთვის ბრძანებს მწყემსი იგი კეთილი: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ჰსცხოვნდეს“(იო. 10,9). ჱე, გევედრები ძმანო, იესოს მიერ შევიდეთ მორჩილებასა შინა და აღვაშენოთ სიმდაბლისა საფუძველსა ზედა სახლი სათნოებათა და ყოვლითა სამკაულითა შევამკოთ და ლამპრითა ბრწყინვალითა განვანათლოთ, მოვირტყნეთ წელნი ჩვენნი ჭეშმარიტებითა, და აღვანთნეთ სანთელნი ჩვენნი სიწმიდითა და დავმატოთ ლამპართა ჩვენთა ზეთი მოწყალებითა; რათა, რაჟამს გვირეკოს უკუდავმან სიძემან, სიხარულით მივეგებნეთ მეტყველნი: „მოვედ, სიხარულო ჩემო, და მიხსენ მათგან, რომელთა გარემოუცავ მე“. ხოლო მან ტკბილმან და სახიერმან მეუფემან გვიბრძანოს: „ეჰა, კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო... შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“(მთ. 25,21) და იხარებდ საუკუნოდ. ესე ყოველი იქმნების, საყვარელნო, მორჩილებითა იესო ქრისტესითა, რომელისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.