თხრობა სულიერი ით [19]. სიმხნისათვის და გულსმოდგინებისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, მიგცემ თქვენ ჴელმწიფებასა და ძალსა მტერსა ზედა“[ლკ. 10,19]. საყვარელნო, მტერნი სულისა ჩვენისანი არიან ბოროტნი ეშმაკნი, რომელნი ყოველსა კეთილსა ზედა გვებრძვიან და ჰნებავსთ დახრწევა ჩვენი კეთილისაგან. ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, ძმანო, სიმხნე და გულსმოდგინებით ლოცვა ღმრთისა მიმართ. და იგინი მსწრაფლ განიდევნებიან ყოვლადძლიერითა ძალითა ქრისტესითა. რამეთუ იყო ვინმე ძმათაგანი დამორჩილებულ დიდისა ვისმე ბერისა სწავლასა ზედა სულიერსა. და ოდეს დასდგის ლოცვად, შეექმნის მრავალფერი სალმობა მანქანებითა ეშმაკისათა: სტკივინ თავი და წელი, და ახურვებნ. ხოლო კეთილგონიერმან ძმამან შეიმოსის სიმხნე და გულს­მოდგინება. და იტყვინ თავსა შორის თვისსა: „აჰა, ესერა ფრიად უძლურ ვარ და სიკუდილი ახლოს არს. აღვსდგე და ვჰყო მცირე იგი ლოცვა ჩემი საგზლად გზისა მისთვის საუკუნოჲსა“. და ამით კეთილითა გულისსიტყვითა განძლიერდის უძლურებისაგან და ილოცის გულსმოდგინედ. ხოლო ოდეს დასცხრის ლოცვისაგან, დასცხრის ყოველივე სალმობაცა მისი. და ოდეს მოიწიის ჟამი ლოცვისა, მოვიდის სენიცა იგი ხურვებისა. გარნა სანატრელი იგი ამითვე გულისსიტყვითა აღასრულებდა ლოცვასა თვისსა კეთილად. ამას ძმასა წარმოუდგა ეშმაკი და ჰრქუა ლიქნით: „რად იჭირვი, კაცო? მცირედ განისვენე, რამეთუ უძლურ ხარ და მოჰკუდები“. ხოლო მან კეთილგონიერებით მიუგო: „მეცა ამისთვის ვიჭირვი, რამეთუ ვიცი, რომელ მოვჰკუდები და უკეთუმცა არა მაქუნდა შიში სიკუდილისა, არამცა ვიჭირვოდე“. ამის ესევითარისა სასოებისაგან სირცხვილეულ იქმნა ეშმაკი. და განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლისაგან და ადიდებდა ღმერთსა. გულისჴმა ვჰყოთ საყვარელნო! რამეთუ, რომელნი კეთილად დაიმწყ­სებიან მამისა მათისა მიერ სულიერისა და მოძღვრისა მორჩილებითა, იგინი ადვილად მძლე ექმნებიან საცდურთა ეშმაკისათა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სათნოებათა მოსურნენო! სიწრფოებით დავემორჩილნეთ მამათა ჩვენთა სულიერთა და ჭეშმარიტებისა მოძღვართა სახიერთა. და სარწმუნოებით ვისმენდეთ და მორჩილებით აღვასრულებდეთ მათ მიერ ქადაგებულსა მცნებასა ღმრთისასა, რამეთუ სული წმიდა იტყვის პირით მათით. და გულსმოდგინებით ვიკითხვიდეთ და ვისმენდეთ სამღთოთა და წმიდათა წერილთა მოძღვრებასა, თაფლისა გოლეულისა უტკბილესთა მცნებათა ღმრთისათა, რომლისათვის ფსალმუნებს დიდი იგი მგალობელი დავით და იტყვის: „შევიყვარენ მცნებანი შენნი უფალო, უფროს ოქროსა და ანთრაკისა... და რამეთუ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა“[ფს. 118,127; 118,103]. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მხნე ვიყვენეთ და განვძლიერდეთ! დაღაცათუ უძლურ ვიყვენეთ ჴორცითა, გარნა გულსმოდგინე ვიქმნეთ სულითა. სიმხნით და სურვილით აღვასრულებდეთ ლოცვასა და სათნოებასა და მოსწრაფე ვიყვნეთ ყოველსავე კეთილსა, ვითარცა გვიქადაგებს ეკკლესიისა ჴმაშვენიერი მოძღვარი პავლე მოციქული, ვითარმედ: „სწრაფასა ნუ მცონარე ხართ“(რომ. 12,11). სადა ჯერ იყოს, საყვარელნო, სწრაფაჲ სათნოებისათვის, ნუ მომედგრდებით. და სადა ჰშვენოდეს მოთმინება, ნუ სულმოკლე ვიქმნებით. და ესრეთ წარვემატნეთ ყოველსა შინა კეთილსა მადლითა ქრისტესითა. და სათნო ვეყვნეთ ყოვლისა კეთილისა მიზეზსა და წარმმართებელსა ღმერთსა, რომელი იგი მამა არს მოწყალებისა და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინისცემისა. „რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს და სახიერ და მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“[ლკ. 6,35; მთ. 5,45]. ჵ, საყვარელნო ძმანო ჩემნო! ვიქმნეთ კეთილ და მოგვეფინოს შარავანდედი მზისა მის სიმართლისა და მოგვეცეს სიმხნე და ძალი, ვითარცა ჰგალობს დავით: „უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი“(ფს. 29,7). და მაშინ ვიქმნეთ ჰაერ კეთილოვან, ღმრთივშვენიერ ყვავილოვან, სულითა ნაყოფიერ და ელვარედ განათლებულ ბრწყინვალებითა იესო ქრისტესითა, რომელისა არს დიდება და დიდად შვენიერი ბრწყინვალება, რომელსაცა თაყვანისვსცემთ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.