ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე უბრძანებს მოშურნესა: „თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ“(მთ. 20,15). საყვარელნო, ღმერთი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე ყოვლადსახიერ არს და ზესთა სახიერი და არავინ არს მისებრ სახიერ, გარნა იგი მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი. და სიყვარულითა მისითა ჯერ არს ჩვენდა მორჩილება ღმერთშემოსილთა კაცთა, ცხოვრებისა მიმართ წინამძღვართა, ვითარცა ეკკლესიათა წინამძღვარი პავლე გვამცნებს მეტყველი: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა... რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის“(ებრ. 13,17). ამით სიტყვითა მოწაფეთა მორჩილება განუჩინა სამღთომან მოციქულმან და მოძღვართა მღვიძარედ ლოცვა დაუმტკიცა მორჩილთათვის. და ესე არს სამართალ და სათნო ღმრთისა. რამეთუ იყო მონასტერი შვენიერი და წინამძღვარი, ღმერთშემოსილი კაცი ღმრთისა და განათლებული მადლითა სულისა წმიდისათა, რომელსა ჰყვანდეს ღმრთივსულიერნი შვილნი კეთილად დამწყსილი. და ერთი მათგანი იყო ფრიად მორჩილ ყოველსა შინა საქმესა, და წარგზავნეს იგი სოფლად საჭიროსა საქმისათვის; და მუნ ყოფასა მისსა, შურითა ეშმაკისათა, შეემთხვია ცოდვა რაჲმე დიდი და მსწრაფლ მოვიდა მონასტრად; და ვითარცა აღიარა, მეყსეულად მოკუდა, თვინიერ სინანულისა; და პირი მის მკუდრისა ესრეთ განშავდა, ვითარცა ფსკერი ტაფისა. მაშინ ღირსმან და სულთმოყვარემან წინამძღვარმან შეჰკრიბნა ყოველნი ძმანი ეკკლესიად და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, ყოველთავე უწყით, რომელ ამას ძმასა ჩვენსა, მორჩილებისათვის ჩვენისა შეემთხვია ცოდვაჲ, და ჩვენ ვართ მიზეზი ამის წარწყმედისა. ამისთვის ჯერ არს ჩვენდა ფრიადი შრომა და ლოცვა მისთვის წინაშე სახიერისა და კაცთმოყვარისა ღმრთისა“. ყოველნივე დასცვივნეს პირსა ზედა მათსა და მხურვალითა ცრემლითა სტიროდეს, სამ დღე და სამ ღამე არარაჲსა გემოჲ იხილეს ყოვლადვე, არამედ სტიროდეს და ჰგოდებდეს საყვარელისა ძმისა სულისათვის. და ყოვლადღირსი იგი წინამძღვარი მიეცა განკვირვებასა, და იხილა ყოვლადსახიერი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოწყალე ქმნილად ღვაწლსა და ვედრებასა ზედა მათსა. ხოლო ეშმაკნი შეასმენდეს მიცვალებულსა მას და იტყოდეს: „მეუფეო მართლმსაჯულო, ჩვენი არს ესე, რამეთუ ჩვენ შევაცთუნეთ და ვაქმნიეთ ცოდვაჲ“. და გამობრწყინდა მაცხოვრისაგან ბრძანება ესევითარი, ვითარმედ: „ვინათგან მართლმსაჯულ ვარ, ჰშვენის ჭეშმარიტებისა ჰსჯაჲ და სამართალ არს – არა უგულებელსყოფაჲ ესოდენთა კაცთა წმიდათა ვედრებისა და ცრემლთა, რომელთა თავნი თვისნი სიკუდილად მიუცემიესთ ძმისათვის. ამისთვის ჯერ არს სმენა მათი, რამეთუ მოწყალე ვარ, სახიერ და კაცთმოყვარე“. ესერა ესმათ მეუფისაგან ეშმაკთა, ივლტოდეს სირცხვილეულნი. და მოეგო წინამძღვარი თავსა თვისსა განკვირვებისა მისგან და მოუთხრა ესე ყოველი ძმათა მათ. და კვალად განთეთრდა პირი მკუდრისა მის. და სარწმუნო იქმნეს, რომელ აცხოვნა ღმერთმან მოწყალებითა თვისითა და ლოცვითა წმიდათა მათ კაცთათა, ვითარცა წერილ არს: „არს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“[რომ. 10,12]. და მადლობით ადიდებდეს სახიერებასა მისსა. აჰა, საყვარელნო! გულისჴმა ვჰყოთ: სიმდაბლით მორჩილებამან ძმისამან და სიყვარულით ლოცვამან მამათამან და სახიერებით მოწყალებამან ღმრთისამან, თუ ვითარი დიდებული საკვირველება გამოგვიცხადა, რამეთუ წყალობამან ღმრთისამან დასძლო სჯასა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო! მოვიგოთ სიმდაბლით მორჩილება მოძღვართა მიმართ სულიერთა და ეკკლესიისა წინამძღვართა. და სასოება გვაქუნდეს, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა ჩვენთათვის და ჩვენცა მორჩილებასა შინა ვილოცვიდეთ, და მათთა მღვიძარედ ლოცვასა თანა შევერთნეთ. და უკეთუ სხუათა ჩვენ უბრძანებდეთ მორჩილებასა, ჰშვენის ჩვენდა მათთვის მღვიძარება და მხურვალედ ლოცვაჲ, რათა ორკერძოვე გვირგვინი ბრწყინვალე მოვიღოთ მადლითა ქრისტესითა. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო, მოვიხსენოთ, თუ რაოდენნი პირუტყვნი ველისანი და მფრინველნი ცისანი დამორჩილებულ არიან ჩვენდა ბრძანებითა დამბადებლისათა. ხოლო ჩვენ, საყვარელნო, პირმეტყველნი, ხატად ღმრთისა დაბადებულნი, დავემორჩილნეთ მცნებათა ღმრთისა ჩვენისათა, საცხოვნებელად სულთა ჩვენთა. რამეთუ იგი სახიერი სიტკბოებით გვამცნებს ურთიერთას სიყვარულით მორჩილებასა, რათა ღმრთივშვენიერთა მცნებათა მისთა აღმასრულებელნი, ჩვენცა, ყოველთა მართალთა თანა, ვითარცა მზე გამოვბრწყინდეთ სასუფეველსა ცათასა, და ვადიდებდეთ ყოვლადსახიერსა მამასა და თანამოსაყდრესა ძესა, და თანამფლობელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დასასრლი მეორისა თავისა