შესავალი

წმიდა იოანე ოქროპირის სასულიერო ტექსტები X-XI საუკუნეში ქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა თარ¬გმნა. XVIII საუკუნის მიწურულს კი, მათგან ასი სწავლა წმიდა გაბრიელ მცირემ ერთ წიგნად შეკრა და კრებულს „ოქროს წყაროჲ“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრებული ქართული სასულიერო ლიტერატურის ოქროს ფონდს წარმოადგენს, მისი ფუნდამენტური, აკადემიური კვლევა არ იყო ჩატარებული. ამ ციფრული გამოცემით გთავაზობთ „ოქროს წყაროჲს“ აკადემიურად დადგენილ ტექსტს. „ოქროს წყაროჲს“ ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერი ნუსხების ურთიერთშედარების საფუძველზე. ამასთანავე, გაბრიელ მცირისეული ტექსტი შედარებულია მის პირველწყაროს - ეფთვიმე ათონელისეულ X-XI საუკუნეების ქართულ თარგმანს. ტექსტში გახსნილია ქარაგმები, გამართულია პუნქტუაცია. ბიბლიიდან მოტანილი ციტატები წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციასაა შედარებული. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად - კვადრატული. 2024 წელს დაისტამბა წიგნი: „წმინდა გაბრიელ მცირის შედგენილი კრებულის „ოქროს წყაროჲ“ აკადემიური გამოცემა“, რომელიც გამოსაცემად გიორგი კალანდაძემ მოამზადა. მის სქოლიოებში წარმოჩენილია ხელნაწერთა განსხვავებები, ტექსტის პირველწყაროსთან მიმართება, განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები. „ოქროს წყაროჲს“ ამ აკადემიურ გამოცემაში ასევე განხილულია სხვა არაერთი მეცნიერულად გამოკვლეული საკითხი, რომელიც ხსენებულ ნაშრომს უკავშირდება. მონოგრაფიას ასევე ერთვის კვლევებით მიღებული შედეგების ინგლისური თარგმანი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების საზღვარგარეთ პოპულარიზებასა და საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: მიხეილ ქავთარიამ გიორგი კალანდაძემ