სწავლა 10. მღუდელთა მიმართ

გეტყვი შენცა, ჵ, მღუდელო, მწყემსო ქრისტეს ცხოვართაო და მდგომარევ წინაშე საშინელსა მისსა ტრაპეზსა, ყოველთათვის მორწმუნეთა ვედრებისა შემწირველო ღმრთისა მიმართ. განიშორე სიმთვრალე, რამეთუ შეამწიკვლებს ვედრებასა შენსა. და ნუ აღრევ სიტყვასა შენსა ერისა მიმართ ლიტონისა. იხილე, რამეთუ ღმრთისა თანამზრახველ ხარ. ჴორცნი შენნი წმიდად დაიმარხენ. უწყოდე, რამეთუ შუამდგომელი ხარ ღმრთისა და კაცთა. სლვაჲ მშვიდი აქუნდინ ფერჴთა შენთა, ვინათგან ადგილსა წმიდასა სდგახარ. დაიცავ ჴელი შენი ყოვლისაგან არაწმიდებისა, რამეთუ მათ მიერ მოიღებ ჴორცსა ქრისტესსა. სიმდაბლე მიიღე, რამეთუ მდაბალთა მოხედავს ღმერთი. წმიდად გაქვნდინ ენაჲ ყოვლისა კაცისა განკითხვისაგან, რამეთუ მით ადიდებ ღმერთსა ანგელოსთა თანა. განეშორე შფოთსა ერისასა, რათა არა შემაშფოთებელ გექმნას გონებაჲ, არამედ წმიდასა ლოცვასა ღმრთისა მიმართ აღავლენდეს. მოწყალე იქმენ გლახაკთა ზედა, რამეთუ მოწყალენი ჰპოვებენ წყალობასა ღმრთისა მიერ. მოუხდე რა წმიდასა მას ტრაპეზსა, წარიხადენ, ვითარცა მოსე, შიში უჯერო და მწუხარება მსოფლიო და არაწმიდანი გულისსიტყვანი გულისაგან შენისა, რამეთუ „ადგილი, რომელსა ზედა შენ სდგა, წმიდა არს“[საქ. 7,33]. მოიხსენენ წმიდათა შესაწირავთა შინა ძმანი შენნი სულიერნი და ჴორციელნი. ნუ სცვალებ ვედრებასა უჯეროდ, ნუცა ჴმასა უწესოდ. იკითხვიდე გულსმოდგინებით ცხოვრებასა და მოძღვრებასა წმიდათა მამათასა. ნუ ლაღობით, არამედ მეცნიერებით ასწავებდ თავსაცა შენსა და სხუათაცა კეთილად. და ბრძანებისაებრ უხუცესისა შენისა და ნუ შენ მიერ, რათა არა კადნიერებისა მახვილითა დაეცე. ნუ განიძღებ მუცელსა შენსა ფრიად, რათა არა ოხრვიდე უშვერად და განსდევნო ფშვინვითა სული წმიდა გარდამომავალი ნიჭსა ზედა. და დგომასა შენსა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, ნუ წამ-წამ იხედავ, არამედ ოდენ აღიხილევდი თუალთა მხოლოჲსა ღმრთისა მიმართ, რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, და თაყვანის სცემდ. მშვიდობასა ჰყოფდე უკანასკნელადმდე და ყოველთათვის კურთხევასა და წყალობასა ითხოვდე. დასდეგ წინაშე საკურთხეველისა, თვინიერ განკითხვისა, აღიპყრენ ჴელნი ფრთეთაებრ სერაჶიმთასა. კვალად გეტყვი შენ, ჵ, მსახურო ქრისტესო: ეკრძალე სასმელსა, რამეთუ სერაჶიმი ხარ ჴორციელი და უშვერ არს შენდა მიდევნება სასმელისა. და უჯერო მონაგებთა სიყვარული და საძაგელ ამპარტავანებაჲ, განმკითხველობაჲ, ზუაობაჲ, სილაღე და გულისთქმა სიძვისა. ესე ყოველნი ანგელოსთა მხედრობათაგან უცხო არიან, რომელთა წესი მოგიგიეს, ჵ, მღუდელო, და მსახურებ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა და უფროს მათსა შეერთები, რამეთუ იტყვი: „აწ ძალნი ცათანი უხილავად ჩვენთანა მსახურებენ”. ამისთვის, მღუდელო, იყავ კეთილგონიერ და გულისჴმა ჰყავ, თუ რაჲ ხარ, ანუ რაჲსა ჰმსახურებ. ჰსცან თავი შენი და ჰმონე უფალსა შიშით და სიყვარულით, და ყოველი ჩვეულება ამაო განაგდე და ანგელოსებრივი მსახურება მოიგე. შიშით და სიყვარულით და კრძალულებით იპყარ საიდუმლონი, რათა იქმნე ცათა შინა მედღესასწაულე ანგელოსთა თანა და ყოველთა წმიდათა დაუსრულებელსა მას კეთილსა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად და დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება და სიმტკიცე სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.