სწავლა 100. საშინელისა მისთვის სასჯელისა
ჵ, ჩემდა დღისა მისთვის საშინელისა! ჯერ იყო ჩვენდა, საყვარელნო, სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ხსენებაჲ. ხოლო აწ ჩვენ, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა უფროსად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქნებით, ოდეს ვახსენოთ იგი, ანუ თუ მე შემემთხვევის ესე, ხოლო თქვენ მოხარულ ხართ ხსენებითა მისითა.
ესე უწყი, ვითარმედ ოდეს სიტყვანი ესე მესმოდინ, ძრწოლა შემედვის და მწარედ ვჰგოდებ, და სიღრმეთაგან გულისად სულთ ვითქუამ, რამეთუ უწყი, ვითარმედ: არა მაქვს ნაწილი მათთანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოსნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ, არამედ სხუათა მათ თანა ზიარ ყოფად ვარ, რომელნი იხსენებიან სულელთა მათ თანა ქალწულთა, და მონისა მის, რომელმან დაფლა ქანქარი უფლისა თვისისა, და სხუათა მათ თანა ცოდვილთა.
ამისთვის ვიგლოვ და ვსცრემლოჲ, ოდეს მოვიხსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვარდებით ჩვენ ცოდვილნი და ვითართა კეთილთა და საშვებელთაგან საუკუნეთა და წარუალთა, მცირედისა და უნდოჲსა შრომისათვის.
რამეთუ უკეთუმცა ჭირი დიდი გვიხმდა, და სჯულიმცა მძიმე დადებულ იყო, ჯერ იყო ეგრეთცა დადებაჲ თავისა თვისისა სიკუდილად და არა გამოხვებად დიდებისა მისგან. გარნა ვსთქუა, თუ გვაქვნდა მცირედ რაჲმე მიზეზი, რათამცა ვსთქუთ, თუ: „ფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ, რამეთუ შრომა დიდ იყო და ჟამი გრძელ და ტვირთი მძიმე“. მიზეზი ესე არა რაჲმე არს, გარნა ვსთქუათ თუ მცირედ რაჲმე სიტყვა გვეპოებოდა.
ხოლო ესევითარი სიტყვა და მიზეზი არარაჲ გვეპოების. და ესე არს მწარე და ძნელ. და ამას საქმესა ეგულების უძვირეს გეენიისა წერტაჲ მაშინ გულთა ჩვენთა. ოდეს მცირედისა ჟამისათვის და კნინოდენისა შრომისათვის, სასუფეველი ცათა დაგვჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქმელნი და მოუგონებელნი. რამეთუ ნამდვილვე ჟამი მცირე არს და მოკლე, და შრომა კნინოდენი და ფრიად მსუბუქი. ხოლო ჩვენ დახსნილ ვართ და სრულიად ქვე მწოლარე.
ჵ, კაცო! მოღვაწება შენი ქვეყანასა ზედა არს და გვირგვინი – ცათა შინა. ჭირი შენი კაცთა შორის არს და პატივი – ღმრთისაგან. სრბაჲ შენი ორ დღე არს და სასყიდელი – საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა. ბრძოლა ჴორცითა ამით განხრწნადითა არს და ნიჭი იგი – უხრწნელ და წარუვალ.
აწ უკუჱ, დაღაცათუ ქრისტესთვის არა ვინებოთ მოღვაწებაჲ, თავთა თვისთათვის იგივე შეგვემთხვევის, რამეთუ დაღაცათუ ქრისტესთვის არა თავს იდვა სიკუდილი, თვით ბუნებით სიკუდილი თანაგაძს. უკეთუ ქრისტესთვის არა დაუტევნე საფასენი მცირედღა, და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცალიერი განხვიდე.
აწ უკუჱ სახიერი იგი და ტკბილი უფალი მას ეძიებს შენგან, რომელსა იგი თვინიერ ნებისა შენისა სიკუდილი მიგიღებს და მას გენუკვის ნებსით თქმად, რა იგი უნებლიეთცა შემთხვევად არს შენდა. ამას ოდენ გეტყვის, რათა უნებელი იგი თანანადები ნებსით ჰქმნა მისისა სიყვარულისათვის.
ხედავაა, ძმაო, ვითარ ადვილ არს ღვაწლი ესე და ტვირთი ესე მსუბუქ? რომელი იგი უეჭველად შემთხვევად არს შენდა, იგი ნებსით ჰქმენ ჩემთვისო, გეტყვის ტკბილი იგი და სახიერი მეუფე, და კმა არს ესე ჩემდა მორჩილებად. რომელი ეგე სხუასა ავასხებ საფასესა, მე მავასხე და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე. ჴორცთა მაგათ, რომელთა სხუასა დაამონებ, მე დამამონე და შრომაჲ შენი არა იქმნას ცუდ, რამეთუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლისა გარდახდითა.
აწ, საყვარელო, ესე სიტყვანი მეუფისანი ყურად იხვენ და გულისჴმა ჰყავ. რაჲ არს ესე, რომელ ყოველსა საქმესა ზედა მას პატივ სცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს, გინათუ Iსესხება იყოს, გინათუ IIვაჭრობაჲ, გინათუ IIIმხედრობაჲ.
Iუკეთუ სესხება იყოს, რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ; IIუკეთუ ვაჭრობა იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდეს, მას ეზავები; IIIუკეთუ მხედრობა იყოს, რომელიცა უხვი და კეთილად მიმნიჭებელი მეფე იყოს, მას შეეწყნარები.
ხოლო ქრისტე, უმეტეს ყოველთასა მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა, მცირედისა და არარაჲსა შრომისა წილ, და უნდოჲსა წარსაგებელისა წილ. არა გთნავსა სესხებაჲ ესე, გინა ვაჭრობაჲ, გინა მხედრობა მისი? რაჲ არს ესე სისულელე და რაჲ არს ესე უგუნურებაჲ!
კვალად გეტყვის ტკბილი უფალი: „რაჲსათვის ქვე დაჰფლავ საფასესა შენსა და მიწასა არწმუნებ საუნჯესა შენსა? მომეც მე ნამარხევად, არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქვეყანაჲ? მან მრავალგზის არცათუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებითურთ მოგცე, და რომელ მე მარწმუნე, ამის ჯერისათვის დიდი კეთილი გიყო, რამეთუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყვარებ მათ.
აწ უკუჱ ჩემდა მომართ დასდევ ნაწილი შენი და რაჲსაცა იქმოდე, ჩემ მიერ ჰქმენ და ნეტარ იყოს შენდა. უკეთუ სესხებაჲ გნებავს, მე მავასხე; უკეთუ შენებაჲ გნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე, მე მიგცე ადგილი უსასყიდლოდ; უკეთუ სამკაული გნებავს, ჩემი მიიღე; უკეთუ საჭურველი გიხმს, ჩემი შეიმოსე; უკეთუ შიშველ ხარ, ჩემი შთაიცუ; უკეთუ საზრდელი გიხმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ; უკეთუ სლვაჲ გნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე; უკეთუ სამკვიდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკვიდრო; უკეთუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ჴელოვანი და მაშენებელი მე ვარ. რამეთუ მე, რომელსაცა მოგცემ, სასყიდელსა არა ვეძიებ, არამედ უფროსღა სასყიდელი მიგცე. ამისთვის მებრ, უკეთუ ყოველი ჩემი იხმარო, და სხვისა არავისი იქმნა მოქენე.
ამის სიყვარულისა უმეტესი რაჲ ეგების, ჵ, კაცო! მე გექმნა მამაჲ, მე ძმაჲ, მე სიძე უხრწნელებისა, მე მეგობარ სარწმუნო, მე სადგურ, მე სამკაულ, მე საფასე, მე საფუძველ. რაჲცა გნებავს, ყოველი კეთილი გეპოვოს ჩემთანა.
ნუ სადა იჭირვი. მოვედ ჩემდა, მე განგისვენო, მე შენთვის მონებად მოვედ, მე შეგიყვარე, მე ასოდ ჩემდა გიწოდე და ძმად და დად და დედად. მე შენთვის დავგლახაკენ, შენთვის ჯვარსა ვეცვი, შენთვის სიკუდილი თავს ვიდევ, და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქვესკნელით ზეცას. შენთვის მეოხ ვარ მამისა მიმართ. ქვეყანად შენთვის მოვედ, მამისა მიერ, შუამდგომელად.
აწ უმეტესი ამისი რაჲ გიხმს, ანუ რაჲსათვის მელტვი მე, რომელმან ესრეთ შეგიყვარე? რად დამიტეობ მე და სოფელსა ამას ჰმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რაჲსათვის ჭურსა განხვრეტილსა შთაასხამ? რამეთუ ესრეთ არს, რომელი სოფელსა ამას ჰმონებდეს. რაჲსათვის ცეცხლად შთააბნევ შრომათა შენთა? რაჲსათვის ჰაერსა სცემ? რაჲსათვის ამაოდ ჰრბი? არა ყოვლისავე ჴელოვნებისა აღსასრული არსაა? ჰე, ჭეშმარიტად!
აწ უკუჱ მიჩვენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერარაჲ ძალგიძს ჩვენებად, რამეთუ „ამაოება ამაოებისა – ყოველივე ამაო არს”[ეკლ. 1,2]. ხოლო უკეთუ ჩემთანა დასდვა ნაწილი შენი, და ჩემთვის იყოს შრომა შენი, მიგცე შენ სამკვიდრებელად სასუფეველი ცათა და ჰსუფევდე ჩემთანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა“.
ძმანო ჩემნო საყვარელნო, არა გესმისაა სიტყვანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად, ამას ყოველსა მეტყვის ჩვენ და ფრიად უმრავლესსა. უკეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩვენდა; უკეთუ ურჩ ვიქმნეთ, ვაებაჲ საუკუნო მოგვეცეს.
ეჰა, საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისა და გულისთქმანი ბილწებისანი, საწადელ არიან ჩვენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი!
განვიდეთ, ჵ, კაცო, სამაროვანად , მიჩვენე მამა შენი და დედა შენი, ანუ სხუა თვისთაგანი. გულისჴმა ჰყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა! სადა არს აწ, რომელი იგი ოქროჲთა შემკულ იყო და ოქროქსოვილი ემოსა? რომელი იგი ეტლთა ზედა ოქრო ქანდაკებულთა ამხედრებულ იყო და მხედრობა ათასეული წინაშე უვიდოდა? და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთამე სცემდა, რომელთამე მოსწყვედდა, რომელთამე შეაწყუდევდა, სხუათა ანიჭებდა, სხვათა ადიდებდა და სჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისა.
აწ შთახედეღა საფლავსა მისსა და მიჩვენე დიდება მისი. ვერარასა ვხედავ, გარნა მატლთა და წუთხსა, ძვალთა და ნაცარსა და მტვერსა! იგი ყოველივე დიდება აჩრდილი იყო და წარხდა, ზღაპარი იყო, და საკიცხველ იქმნა. ჰე, თუმცა აქამომდე იყო სიძნელე მათი, ამაოება ოდენ და დავიწყებაჲ.
ხოლო უძვირესი ესე არს, რომელ დიდება იგი და პატივი და შვება და ბრწყინვალება აჩრდილი იყო და განქარდა. ხოლო მათ მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ჩვენთა ცოდვაჲ, არა აჩრდილებრ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩვენთანა ჰგიეს საუკუნესა მას და გამოსცხადდებიან წინაშე ქრისტესა: მტაცებლობანი ჩვენნი და ანგაჰარებანი, სიძვანი და მრუშებანი და სხუანი იგი ბოროტნი, ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოსდგენ წინაშე ჩვენსა.
რომლითამე თუალითა მივხედნეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა? რამეთუ წარდგომა გვიხმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა და შესაძრწუნებელისა, და ყოველთავე საქმეთა ჩვენთა გამოძიება ყოფად არს გამოწვლილვით, ჭეშმარიტებით და მართლმსაჯულობით.
აწ უკუჱ, საყვარელნო, ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ და სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი ჩვენნი, რათა არა სირცხვილეულ ვიქმნეთ წინაშე ღმრთისა და ანგელოსთა და კაცთა, არამედ კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა.
ჰე, გევედრები, ძმანო, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, ვიღვაწოთ დამარხვად, რა იგი გვამცნო უფალმან, რათა იყოს იგი ჩვენთანა, ვითარცა აღუთქუა მოციქულთა, ვითარმედ: „აჰა, ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”(მთ. 28,20).
ჵ, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყვარეო, ნუ განმეშორები ჩვენგან, ნუცა დამიტევებ, ნუცა დაგუაგდებ ჩვენ, არამედ ჩვენთანა ჯერიჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩვენ ზედა.
აღხოცენ ჴელით წერილნი ცოდვათა ჩვენთანი, გვიხსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩვენ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ქმნად ყოვლადწმიდასა ნებასა შენსა და ღირს გუყვენ ყოველნი მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რათა მივემთხვივნეთ კეთილთა მათ, მოუგონებელთა და გამოუთქმელთა ზეცისა სასუფეველსა.
რამეთუ შენ ხარ „რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა“(1 ტიმ. 2,4) და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, და შენდა ჰშვენის ყოველი პატივი, მადლობა და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.