სწავლა 12. აღსაარებისათვისვე

მოვიხსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი, საყვარელნო, და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსაარებითა და სინანულითა. რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმერთსა აღსაარებისათვის, ვითარცა იტყვის: 1. „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რათა განმართლდე”[ეს. 43,26]. და კვალად იტყვის: „უსჯულოება ჩემი გითხრა შენ და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩემისა”[ფს. 31,5], რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსაარებაჲ მათი და ხსენება. 2. და კვალად არს სხუაცა წამალი ახოცისა მათისა, რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა, არამედ შეუნდობდეთ. 3. გნებავსაა, რათა მესამეცა გითხრა? ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რაჲსა იტყვის: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა ახოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა”[დან. 4,27]. 4. და კვალად არს სხუაცა გზაჲ ცოდვათა აღხოცისა, ესე იგი არს, ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღმრთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინისცემასა შენდობისასა. 5. ხოლო მარხვაცა, რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდეს, დაშრეტს მოწყინარეობასა რისხვისა ღმრთისასა, რამეთუ ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი. ამათ უკუჱ, ყოველთა გზათა ვიდოდეთ, რამეთუ, უკეთუ ამათ შინა ვჰყოთ სლვაჲ ჩვენი, არათუ ოდენ გარდასრულნი ცოდვანი განვიბანოთ, არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი. არა ვსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა, რამეთუ ესეცა ამისგან მოიწევის, რაჟამს არა გვაქვნდეს საქმე სათნოებისა, არამედ მოცალებით ვიყვნეთ. ხოლო ჩვენ, საყვარელნო, ვისწრაფოთ სათნოყოფად ღმრთისა აღსაარებითა და სინანულითა, რათა მცირედსა ამას ჟამსა დავშვრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.