სწავლა 13. აღსაარებისათვისვე

მოვედით, საყვარელნო ძმანო, და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისსა, არამედ გვეშინოდენ ღმრთისაგან, რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არარაჲ დაეფარვის და მუნ სტანჯავს უნანელთა. რამეთუ ჩვენ, რომელსა იგი ეგულების სჯაჲ, არა გვეშინის მისგან. ხოლო გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა უწყით, ვითარმედ, რომელმან არა აღიაროს და შეინანოს თვისნი ბოროტნი, მას დღესა არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა, არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადებიან. რამეთუ მუნ დასჯდების მართლმსაჯული იესო და თვითოეულისა საქმენი, ვითარნიცა იყვნენ კეთილნი ანუ ბოროტნი. გულისჴმა ჰყავ, ჵ, კაცო, თუ რაჲ გიქმნიეს ბოროტი, ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე, გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ, და შენ კაცისაგან გრცხვენის და ღმრთისა შიშსა არა მოიგონებ?! გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ ვერცა კაცთა დაეფარო მას დღესა შინა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი, ვითარცა გამოხატულნი, დასდგენ წინაშე ჩვენსა, რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ, ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თუალთა მისთა ; და რომელი იგი საძაგელ უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა. ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევიდეთ თვითოეული გონებასა ჩვენსა და დავსდგათ სამსჯავროჲ და წარმოვადგინნეთ შორის ცოდვანი ჩვენნი. და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვიკურნნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსაარებითა და დავსდვათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი, რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნება წყლულებათა ჩვენთა. ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „უკეთუ მიუტევნეთ, მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი”[მთ. 6,14], ეგრეთ ვიქმნეთ, უკეთუ გვენებოს აღსაარებისა და სინანულისა მიერ. ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რათა პირველად განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთასა და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსაარებითა. და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა . და უკეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისა. და უკეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისა. უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა, აჩვენე კვალად სიყვარული. და ესრეთ ვიქმოდეთ თვითოეულსა ზედა საქმესა და ნუმცა თანაწარ¬ვხდებით ცოდვათა ჩვენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა. ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს”(ფილ. 4,5). ნუ ზრუნავთ, რომელნი მოღვაწებათა და ჭირთა შინა ხართ, ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქვენ ესრეთ გეტყვი: „უფალი ახლოს არს, ჰზრუნევდით, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული”(ფილ. 4,5); [1 პეტ. 4,7]. და უკეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს”, არა აწ უფროსად ახლოს არსა? უკეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღმრთისათა და განვი¬წმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსაარებითა. რამეთუ ოდეს არა უწყოდეთ და უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს”[ლკ.17,26-29]. რამეთუ მყისსა შინა მოიწიოს, ვითარცა სალმობა შობადისა, უცნაურად მყისსა შინა ეწიოს დედაკაცსა, რაჟამს არა მოელოდის მრავალჟამ. და ამისთვის გლოცავ და გევედრები, ძმანო, ვიყვნეთ მარადის მზაჲ აღსაარებითა, რამეთუ მრავალგზის არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ”(ფს. 6,5). არამედ აქავე შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი, რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვჰპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.