სწავლა 14. თავი ე [5]. წმიდისა ზიარებისათვის
საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ, თუ რაჲ არს საკვირველი ესე საიდუმლო ამის ზიარებისა. ესე არს ფრიადისა სიყვარულისა სახე, რომელ ქრისტემან ჰქმნა, რათა უმტკიცესად სიყვარულად მისსა მოგვიყვანნეს ჩვენ და თვისიცა სიყვარული გვიჩვენოს, რომელი აქვს ჩვენდა მომართ.
და ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ: „ჴორცითა ჩემითა გზრდი თქვენ და თავსა ჩემსა წინაშე თქვენსა დაგიგებ, რამეთუ მნებავს, რათამცა თქვენ ყოველნი მთავარ და დიდებულ იქმნნეთ, და მიგცემ თქვენ სასოებათა კეთილთა საუკუნოსათა, რამეთუ რომელსა ესე აქავე თავი ჩემი მიმიცემიეს თქვენდა, არა უფროს მას საუკუნესა ვჰყოა ესე?! რომელმან ესე ვინებე ძმად თქვენდა ყოფად, ზიარ ვიქმენ თქვენთვის ჴორცთა და სისხლთა; კვალად ჴორცსა და სისხლსა მას მიგცემ თქვენვე, რამეთუ თქვენთვის ვიქმენ ზიარ მათდა”.
აწ უკუჱ, საყვარელნო ძმანო, ესე სისხლი ხატსა მას სამეუფოსა კეთილად გამოსახავს და განაბრწყინვებს ჩვენ შორის. ესე პატიოსნებასა მას სულისასა და მთავრობასა გვირგვინოსან ჰყოფს. ესე სისხლი იოტებს ეშმაკთა და შორს ჰყოფს ჩვენგან და მოუწოდს ანგელოსთა ჩვენდა და მეუფესა მას ანგელოსთასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი ესე სამეუფო, ივლტიან ეშმაკნი და მიისწრაფიან მუნ ანგელოსნი.
ესე სისხლი დაითხია რა, ყოველივე სოფელი განიბანა. ამან სისხლმან განსწმიდნა ცოდვანი. ესე არს ცხოვრება სულთა ჩვენთა, ამით განიბანების სული, ამით შეიმკობის, ამით გამოიხსნების; ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა; ესე ოქროჲსა უწმიდეს ჰყოფს სულსა; ესე სისხლი დაითხია და ცანი სავალად კაცთა იქმნა. ჭეშმარიტად საშინელ არს საიდუმლო ესე ეკკლესიისა.
ესე სისხლი არს სასყიდელი ყოვლისა სოფლისა; ამით მოიყიდა ქრისტემან ეკკლესია, ამით შეამკო იგი ყოვლით კერძო, რამეთუ ვითარცა კაცი, რომელი მოიყიდნ მონათა, ოქროჲ მისცის და უკეთუ შემკობა მათი ჰნებავნ, ოქროჲთავე შეამკვნის. ეგრეთვე ქრისტემან ჰქმნა: სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა და კვალად შემამკვნა ჩვენ სისხლითავე თვისითა.
და რომელნი ამის სისხლისაგან ეზიარებოდენ, იგინი ანგელოსთა თანა და მთავარანგელოსთა და ძალთა ზეცისათა მდგომარე არიან, და შეუმოსიეს სამეუფო იგი სამოსელი და საჭურველი იგი სულიერი და რად ესრეთ ვიტყვი, რამეთუ თავადი იგი მეუფე ყოველთა შეუმოსიეს.
ხედავაა, ვითარ დიდ არს საქმე ესე და დიდებულ? აწ უკუჱ უწყოდე, ვითარმედ რაოდენ ესე დიდ არს და საკვირველ, ეგრეთვე, უკეთუ სიწმიდით და ღირსებით მოუხდე მას, ცხოვრებად თავისა შენისა მისრულ ხარ. უკეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუხდე, დასასჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მოუხდები, რამეთუ „რომელი სჭამდეს და სმიდეს უღირსებით, იგი დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სვამს მას” [1 კორ. 11,27-29]. იხილე ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე, ვითარმედ: რომელთა არაწმიდითა გონებითა მიიღონ ჴორცი და სისხლი ქრისტესი, დაისჯებიან ბოროტად.
აწ უკუჱ, საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ, თუ ვითართა კეთილთა ღირს უქმნიეთ ჩვენ ქრისტესა ვმადლობდეთ მას და ვადიდებდეთ და ღირსებით ვეზიარებოდეთ წმიდათა საიდუმლოთა მისთა, ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, რათა ღირს ვიქმნეთ კეთილთა მათ საუკუნეთაცა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.