სწავლა 15. წმიდისა ზიარებისათვისვე

აჰა, ესერა, საყვარელნო, ჴორცი და სისხლი ქრისტესი წინამდებარე არს ჩვენდა; არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმელადცა და სასმლად, უკეთუ გვენებოს მოუცემიეს ჩვენდა. მოუხდეთ უკუჱ სარწმუნოებით, რათა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩვენნი. უკეთუ „რომელნი ფესუსა სამოსლისა მისისასა შეეხნეს, ესრეთ სარგებელ ეყო“[მთ. 14,36]. რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოს, რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორის თვისთა, უკეთუ ოდენ ღირს იქმნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად? რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტესა მოუხდებით, დაღაცათუ ჴმაჲ მისი არა გვესმის და უფროსღა გვესმის ჴმაცა მისი დღითი დღედ სახარებისა მიერ. აწ უკუჱ შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობა იგი არს, რომელსა შინა თავადი ინახით მჯდომარე იყო, და არა რაჲთა განყოფილ არს ესე მისგან, – რამეთუ, ვითარცა იგი მაშინ ქრისტემან შემზადა, ეგრეთვე აწ ამას, იგივე შემზადებს. ამისთვის გეტყვი, საყვარელო: ოდეს იხილო, რომელ მღუდელი გაზიარებდეს წმიდასა საიდუმლოსა, ნუ ჰგონებ, თუ მღუდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ჴელი ქრისტესი განმარტებულ არს მოცემად შენდა, ჴორცსა და სისხლსა მისსა. რამეთუ ვითარცა იგი ნათელ იღებდე რა, არათუ მღუდელი იგი ნათელ გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი და არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი, არცა სხუა ვინ იკადრებს მიახლებად. ეგრეთვე აქაცა იგი არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა. რამეთუ არა ანგელოსთადა ურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი: რამეთუ, რომელმან უმეტესი ჰქმნა, უდარესიმცა უღირს იჩინაა? რომელმან თავი თვისი მოგვცა საჭ¬მლად, ჴელითამცა თვისითა არა ჯერიჩინაა განყოფად პატიოსნისა მის ჴორცისა და სისხლისა მისისა მოყვარეთა მისთა? ვისმინოთ უკუჱ მღუდელთაცა და ყოველმან ერმან, თუ ვითარსა პატივსა ღირს ქმნულ ვართ და შევძრწმუნდეთ. წმიდისა ჴორცისა და სისხლისა მისისა ზიარ მყვნა ჩვენ, თავი თვისი დაკლული წინაშე დაგვიდვა. რაჲმე უკუჱ მიუგოთ, რომელნი ესევითარსა საიდუმლოსა ზიარ ქმნულ ვართ და ესრეთ წარმდებებით ვსცოდავთ? რომელნი კრავსა მას ღმრთისასა მოვიღებთ და არა შევიკდემთ. მგელთა მიმსგავსებულად, რომელნი ტარიგსა მას მოვიქვამთ ამხმელსა ცოდვათა სოფლისათა და ვართ მხეც მტაცებელ. ესე საიდუმლო ნიჭი არს მშვიდობისა, განმწმედელი ყოველთა ცოდვათაგან, ღირსად მიმღებელთა მისთა და არა ჰნებავს, რათა ყოვლადვე უფლებულ ვიყვნეთ ვნებათაგან შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაჰარებისა, ანუ თუ გულისთქმისაგან ბოროტისა. რამეთუ, უკეთუ ქრისტემან ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა არა ჰრიდა თავსა თვისსა სიკუდილად მიცემად, ჩვენ ვითარ უგულებელს ვჰყოფთ ცხოვრებასა ჩვენსა? არამედ, საყვარელნო ძმანო, წმიდითა გულითა ვეზიარებოდეთ წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, რათა საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.