სწავლა 16. წმიდისათვისვე ზიარებისა

საყვარელნო, განიცადეთ და იხილეთ, თუ რაბამ ტკბილ და სახიერ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე; რამეთუ ჴორცითა თვისითა გუზრდის და სისხლსა თვისსა არა ჰრიდებს დათხევად ჩვენთვის. ხოლო ჩვენ არცათუ პურსა მივსცემთ მისთვის, არცა სასმელსა წყლისასა. ქრისტემან წიაღთა თვისთა შეგვიტკბო და შეგვიწყნარა, ხოლო ჩვენ არცათუ ძმათა ჩვენთა უცხოთა შევიწყნარებთ სახლთა. ჵ, ესე უწყალოებაჲ! ღმერთმან ძე თვისი მისცა სიკუდილად ჩვენთვის და ჩვენ პურსაცა არა მივსცემთ მისთვის! ჩვენისა სიყვარულისათვის ჯვარს ეცვა ძე ღმრთისა და ჩვენ არა გვნებავს ძმათათვის სიყვარულისა ყოფაჲ. ჵ, ესე უგუნურებაჲ! ქრისტესთვის თანაგვედვა სიკუდილი და ჩვენ არცა მოწყალებასა მივსცემთ და არავე უკუდავ ვართ, რომლისა ნებსით არა გვნებავს მიცემაჲ, ესე უნებლიეთ დაუტეოთ. რაჲმე სიტყვა მიუგოთ ქრისტესა, რამეთუ მან ჴორცი და სისხლი თვისი ყოვლითურთ მოგუცა?! ხოლო ჩვენ უმტკიცეს ქვისა ვართ და სიხარბესავე შინა დავადგრებით. გარნა იგი ტკბილი ესრეთ მეტყვის ჩვენ, ვითარმედ: „არარაჲსა ვითხოვ დიდსა, არამედ ჴორცსა და სისხლსა ჩემსა მიგცემ თქვენ და პურსა და წყალსა ვითხოვ. სასუფეველსა აღგითქვამ და შეწყნარებასა ვითხოვ თქვენგან. არა გეტყვი შენ, ჵ, კაცო, ვითარმედ: დაიხსენ სიგლახაკე ჩემი და მომეც სიმდიდრე შენი, არამედ ვითხოვ მცირედსა პურსა ნუგეშინის საცემელად სიყმილისა ჩემისა. საპყრობილესა რა ვიყო, არა გაიძულებ შენ განხსნად საკრველთა და გამოყვანებად, არამედ გთხოვ, რათა მოხვიდე და მიხილო მე ტკბილად. სნეულ რა ვიყო, არა გეტყვი, თუ: განმკურნე და აღმადგინე, არამედ მოვედ და მიხილე ტკბილითა სიტყვითა ნუგეშინისცემისათა. უფროს ამით სახითა მნებავს სასყიდლისა მიცემად შენდა და გვირგვინოსან ყოფად. ამათ უნდოთა წილ მნებავს, რათა წინაშე ყოვლისა სოფლისა გაქო გამომზრდელი ჩემი და კურთხეულ გიწოდო მამისა ჩემისა მიერ და შორის ანგელოსთა და მთავარანგელოსთა განვაწესო სავანე შენი, რამეთუ მე ფრიად მიყვარ შენ.“ ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და ვეძიებდეთ წყალობასა თვისისა ცხოვრებისასა. ამათ ესევითართა კეთილთა საქმეთა მიერ შევამკვნეთ თავნი ჩვენნი და გულითა წმიდითა ვეზიარნეთ უკუდავმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რათა ღირს ვიქმნეთ მის თანა დგომად, ვითრცა იტყვის: „რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა”(იო. 6,56). რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.