სწავლა 18. ქრისტეს სიყვარულისათვის

საყვარელნო, ყოვლადვე შევიყვაროთ ქრისტე და ვისწრაფოთ ხილვად პირისა მისისა ბრწყინვალებისა ტკბილად, დღესა მას განკითხვისასა. გევედრები, ძმანო, ნუმცა უკუჱ დავემხობით ესევითარისა დიდებისა და ბრწყინვალებისაგან, – რამეთუ არა ძნელ არს საქმე ესე, არცა მძიმე, უკეთუ ოდენ ჩვენ გვენებოს და მოვითმენდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველსავე, რათა მისთანაცა ვსუფევდეთ და ვიდოდეთ აქა იწროსა მას შინა გზასა, რამეთუ დაღაცათუ იწროდ სჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩვენდა. აღვიხილნეთ უკუჱ ზეცად თუალნი ჩვენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისა სიხარულით თავს ვიდვათ და ვერარამან საქმემან სოფლისამან დაგვიმონნეს. და რად ვიტყვი, თუ დაგვიმონნეს? უკეთუ ქრისტე შევიყვაროთ, არცაღათუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყვარულისა ძალი და ვსთქუათ ჩვენცა: „ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან”[რომ. 8,35] და შემდგომი ამისი. რამეთუ იხილე, ვითარ მოციქულმან არა სთქუა საფასენი, ანუ გულისთქმაჲ, ანუ სხუა ესევითარი რაჲმე. რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათვის სთქუა სიკუდილისათვის და დევნულებათა და ცეცხლისა და მახვილისა. და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არად შერაცხა სიყვარულისათვის ქრისტესისა. ხოლო ჩვენ საფასეთათვის და გულისთქმათა ბილწთა განვვარდებით ცხოვრებისაგან და ნათლისა. ხოლო პავლეს სიკუდილი და ცხოვრება და საწუთო და საუკუნო და ყოველივე არარად შეერაცხა ქრისტეს სიყვარულისა თანა. ხოლო ჩვენ მცირე გულისთქმაჲ ყოველსა მას დაგვავიწყებს და ვფუცავთ და ვიტაცებთ და ვახშსა მივსცემთ და ჴორცთა ბილწებასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიხსენებთ, არამედ თვითო ფერთა გზათა წარწყმედისათა ვეძიებთ. ხოლო მართალი იგი გზაჲ ცხოვრებისა დაგვიტევებიეს და არა მოვიხსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, რომელთა შთავარდებით, არცა კეთილთა მათ, რომელთაგან დავაკლდებით. რაჲსა იტყვის უფალი: „უკეთუ არა გარდაემატოს სიმართლე ჩვენი უფროს მწიგნობართა და ჶარისეველთასა, გეენიად მივალთ”[მთ. 5,20]. რაჲ სიტყვა უგოთ, უკეთუ მათ ოდენიცა არავე იყოს? არამედ ნუ, საყვარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფით! გარნა ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყვარნა ჩვენ, რათა ვჰპოვოთ საუკუნო განსვენება მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.