სწავლა 19. ქრისტეს სიყვარულისათვისვე

საყვარელნო, ვინათგან უკუჱ დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა ჩვენ. აწ ვინათგან მეგობარ ქმნილ ვართ, დავადგრეთ მეგობრობასა შინა ქრისტესსა და სიყვარულსა. ქრისტემან გვიწოდა, ხოლო ჩვენ არა შეუდეგით მას. არა თავისად სარგებელად უყვართ, რამეთუ არარაჲ ვისგან ეხმარების, არამედ ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხოლო ჩვენ თავთავე ჩვენთა სარგებელისათვის არა შევიყვაროთა ქრისტე? ჩვენ მტერ ვიყვენით და მან შემიყვარნა. ხოლო ჩვენ, რომელსა იგი უყვართ, არა შევიყვაროთა სახიერი იგი ტკბილი მეუფე? არამედ, აწ ესერა, წინააღმდგომსა ვიქმთ, რამეთუ მარადღე ჩვენ მიერ ღმერთი იგმობის მტაცებლობითა და ანგაჰარებითა ჩვენითა. და ნუუკუჱ ვინმე თქვენგანმან მრქუას მე, ვითარმედ: „აჰა, ესერა მარადღე ანგაჰარებისათვის გვეტყვი ჩვენ.“ არამედ ნეტარ, თუმცა არა მე ოდენ გეტყოდე, არამედ მეუღლენიცა და მეგობარნიცა და შვილნი და მონანი და მეზობელნი; და კედელნი და ქვანი, უკეთუმცა შესაძლებელ იყო, ღაღადებდეს ამის საქმისათვის, რათა მცირედ რაჲმე დავსცხერით. რამეთუ ყოველი სოფელი დაიპყრა ანგაჰარებისა სენმან და ყოველთავე სულნი დააბნელნა და დიდ არს მძლავრება იგი მამონასი. ეჰა, საკვირველი! ქრისტემან შემიყვარნა და ქრისტეს მიერ ვიხსნენით, და ჩვენ ოქროჲ შევიყვარეთ და ოქროსა ვჰმსახურებთ ! ქრისტეს მეუფებასა ვქადაგებთ და ოქროსა ვჰმონებთ და რაჲცა გვიბრძანოს ოქრომან, ყოველსავე მოსწრაფებით ვიქმთ და ვმორჩილებთ. ხოლო მეგობრობაჲ ქრისტესი და სიყვარული და სჯული ღმრთისა, ყოველივე უგულებელს ვჰყავთ. ამისთვის არავინ აღიხილავს ზეცად, არავინ მოიხსენებს საუკუნესა მას სასჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყვათაგან იყოს სარგებელი, „რამეთუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ”(ფს. 6,5). სასურველ არს ოქროჲ და საშვებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ქრისტე და ზეცისა სასუფეველი. რამეთუ მდიდარი ამის სოფლისა მრავალთა მიერ საძულველ არს, ხოლო რომელი სათნოებასა შინა იყოს, პატივ სცემენ ყოველნი და უყვარს . უკეთუ კულა ვინ სთქუას, ვითარმედ: „გლახაკი საკიცხველ არს ყოველთა მიერ, დაღათუ სათნო იყოს“, არამედ გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ არა კაცთა მიერ, არამედ პირუტყვთა მიერ არს საკიცხელ, ხოლო კაცისა ბრძნისა უფროსად საქებელ. რამეთუ, უკეთუ ქვეყანისა მეფე გვაქებდეს ჩვენ, არღარა ვისგან ვეძიებთ სხუასა ქებასა; ხოლო უკეთუ ანგელოსთა მეუფე გაქებდეს შენ, ჵ, კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიებაა ქებასა?! რამეთუ ამათსაცა უდარეს არიან კაცნი იგი მოყვარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი. ვიდრემდის ვიქცევით მწვირესა შინა, ვიდრემდის ვჰყოფთ თავთა ჩვენთა საქებელ კაცთა ნაყროვანებითა სავსეთა? – რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე მეცნიერ არიან, ხოლო სათნოებისა მიმართ უგულისჴმო. ხოლო შენ, ჵ, კაცო, რომელსა გნებავს სათნოებისა ქებაჲ, კაცთა უმეცართა სათნოებითა ეჩვენებიაა? ამისთვის ვეროდეს წარემართები. არამედ გევედრები, საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ ესე ყოველი, მოვიძულოთ ოქროჲ და შევიყვაროთ ქრისტე, ვეძიებდეთ ქებასა ღმრთისაგან და ნუ ვეძიებთ საფასეთა ცუდთა, ნუმცა ბოროტად შეგვირაცხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის სიგლახაკე, რამეთუ ყოვლისავე სიბრძნისა და მოთმინებისა მასწავლელ გვექმნების. რამეთუ ლაზარეცა გლახაკობასა შინა იყო და მიიღო გვირგვინი ღმრთისაგან; და იაკობს პურითა ოდენ განძღომად სუროდა, და იოსებ უკანასკნელსა სიგლახაკესა შინა იყოფოდა და არა მონა ოდენ იყო, არამედ პყრობილიცა, და ამისთვის უკუჱ გვიკვირს საქმე მისი. და არა ესრეთ ვაქებთ, რაჟამს იგი განუყოფდა იფქლსა, ვითარ რაჟამს იგი იყო საპყრობილესა შინა, არცა რაჟამს გვირგვინი ემოსა, არამედ რაჟამს ჯაჭვი; არცა რაჟამს საყდართა ზედა მჯდომარე იყო, არამედ რაჟამს განისყიდებოდა. აწ უკუჱ, ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და ჩვენცა ყოველივე მოვითმინოთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რათა დავთხზათ გვირგვინი იგი სათნოებათა. ნუ სიმდიდრესა და შვებასა და პატივსა და ძლიერებასა ვეძიებთ, არამედ სიგლახაკესა და ჭირსა და მოთმინებასა სათნოებისასა ქრისტეს სიყვარულისათვის. რამეთუ აღსასრული მათი სავსე არს შფოთითა და ამბოხებითა ფრიადითა. ხოლო აღსასრული სათნოებათა არს ცაჲ და კეთილნი იგი ცათანი, რომელი „არცა თუალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუხდა, რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“(1 კორ. 2,9), რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.