სწავლა 23. თავი ჱ [8]. მოწყალებისათვის

საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ: „ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა”(იო. 9,5). რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულისჴმა ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა სანთლისა ნათელსა მზის ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს, ესოდენ და ფრიად უმეტესცა, იგი ნათელი, მზის ნათელსა უმჯობეს არს და უდიდებულეს. ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ მზე დაბნელდეს მის ნათლისა დიდებულებისაგან. ხოლო უკეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შვენიერთათვის ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ არსა სრულიად ჴორცნიცა ჩვენნი მოვაკვდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რათა საუკუნესა მას მოვიგოთ საყოფელი დიდებული, სადა იგი ნათელი თუალთშეუდგამი არს? რამეთუ აქა ჭირი გვიხმს და შფოთნი, და სასჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ხდომა, არცა სარჩელი საზღვართათვის. და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭველად დატევება თანაგვაძს, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარხდეს, ხოლო იგი დაუძველებელ არს; და ამას, გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს, ხოლო მისი ორითა დანგითა შესაძლებელ არს მოგებაჲ, ვითარცა მან ქვრივმან ჰქმნა. ამისთვის მწუხარე ვარ, რომელ, ესოდენნი კეთილნი ჩვენდა წინამდებარე არიან და ჩვენ ესრეთ უდებ ვართ. და რათამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენნეთ მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გვნებავს, რათამცა მცირე საყოფელი მოვიგეთ. რამეთუ სადა გიყვარს ყოფაჲ შენ სოფელსა ამას – ქალაქსა სამეუფოსა, ანუ ადგილსა უდაბნოსა? არა სამეუფოთა მათ საყოფელთა შინა გირჩევიესა ყოფაჲ? ხოლო მე წარგიყვანო შენ ქალაქად, რომლისა ჴელოვანი და აღმაშენებელი ღმერთი არს. მუნ გევედრები, საყვარელო, რათა აღიშენო საყოფელი მცირედითა საფასითა და მცირედითა შრომითა სახლისა მის, რომელსა გლახაკთა ჴელნი აღაშენებენ და იგი არს ჭეშმარიტი მონაგები, ხოლო ამის სოფლისა ყოველივე ცუდ არს და ამაო, და საქმე უგულისჴმოებისა. მითხარღა, უკეთუმცა ვინ ქვეყანასა სპარსეთსა მიგიყვანა ხილვად ქვეყანისა მის, და მასვე ჟამსა მოქცევად, და მერმემცა გეტყოდა მუნ აღშენებად სახლთა და ტაძართა დიდთა, არამცა აბრალეა უგუნურებასა მისსა, რამეთუ ესრეთ ამაოსა წარსაგებელისა ყოფასა გაწვევს, ვითარ უკუჱ აქა იქმ, სოფელსა შინა, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად ხარ ამიერ?! ნუ იტყვი, თუ: „შვილთა დაუტეოო“, არამედ მათცა დატევებაჲ თანა­აძსთ ყოვლისავე მცირედისა შემდგომად შენსა. და ნუუკუჱ უწინარეს შენსაცა დაუტევონ; და არს ესე ყოველი შრომა ცუდი. ხოლო მუნ ესევითარი არარაჲ არს, არამედ შეურყეველ არს მონაგები იგი, რომელმან იგი მოიგოს, მის მონაგებისა მმარხველი ქრისტე არს, მას მონაგებსა ზრუნვანი და საურავნი არა უხმან, რამეთუ, რაჟამს ღმერთი იყოს მოქმედი საქმისა, რადღა სახმარ არს ზრუნვაჲ და ჭირი? ღმერთი ყოველსა საფასესა შენსა, რომელი მისცე გლახაკთა, აღიხვამს და აღგიშენებს მუნ სახლსა. და არა ესე ოდენ არს საკვირველი, არამედ უფროსად ესეცა, რომელ ესევითართა აღგიშენებს, ვითარი შენდა სათნო იყოს, რამეთუ ჴელოვანი არს კეთილი და ფრიად ეწყალვი შენ. და უკეთუ გლახაკი იყო და აღაშენებდე შენ სახლსა მას, არა მოიწიოს შენ ზედა სხუათა მიერ შური, რამეთუ არავინ ჰხედავს მას, მოშურნეთაგანი, არამედ ანგელოსნი ხედვენ მას, რომელთა ფრიად უხარის კეთილი შენი; და მეზობელ შენდა არა არიან კაცნი ბოროტნი, არამედ წმიდანი იგი და კეთილნი პეტრე და პავლე და იოანე და მსგავსნი მათნი წინასწარმეტყველნი, მოწამენი, ანგელოსნი, მთავარანგელოსნი და ყოველნი ზეცისა მხედრობანი, და რომელნი მოწყალებისა მიერ განბრწყინდენ. ამისთვის გევედრები, ჵ, ძმანო საყვარელნო, წარვაგოთ ჩვენი ყოველივე გლახაკთა ზედა, რათა ესევითარნი იგი საყოფელნი ვჰპოვნეთ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.