სწავლა 25. მოწყალებისათვისვე
ისმინეთ, საყვარელნო, ვითარმედ: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა“[იგ. 19,17] და ვერავინ შემძლებელ არს მიტაცებად მისსა, არამედ იქმნების კეთილ დამარხულ მისთვის და განმრავლებულ, რამეთუ არცა კაცი უგულებელს ჰყოფს და შესწორებულად მიაგებს ნიჭსა. არა უფროსად და უმეტესად ქრისტემან მიანიჭოსა? რამეთუ რომელი არა ავასხებს, მასცა მისცემს, ხოლო რომელმან ავასხოს, მას არა მისცესა?
ისმინე სოლომონისი, თუ ვითარ იტყვის: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა”. ჰხედავა საქმესა ყოვლადდიდებულსა ვასხისასა? სხუა არს, რომელი აღიღებს და სხუა არს, რომელი ავასხებს და ჴელთ უდებს, რამეთუ არა სთქუა, თუ რომელი სწყალობდეს გლახაკსა, მისცემს ღმერთსა, არამედ – ავასხებს ღმერთსაო, რათა არა ლიტონად თვისი მიიღოს, არამედ მრავლითა სარგებელითა.
ხოლო ჩვენ მათ ვავასხებთ, რომელნი უფროს მოგვაგებენ. და ვეძიებთ მშვიდთა, და დაუტეობთ მშვიდსა და კეთილმეცნიერსა ღმერთსა, სამწილად მომგებელსა და უფროსღა ათასწილად, და ცხოვრებისა საუკუნოსა მომნიჭებელსა იესოს. და მივანდობთ მიწასა, რამეთუ რაჲ მოგვაგოს ჩვენ მატლმან მრავალთა განმხრწნელმან, ანუ თოხმან, ბარმან და წერაქვმან?
ხოლო რაჲ არიან ცუდად მზუაობრობაჲ, გარნა შური და სიბოროტე. რაჲ არს გემოთმოყვარებაჲ, გარნა მწუხარება და ამაოებაჲ. ხოლო რაჲ არს სიძვაჲ, გარნა გეენია და მატლნი დაუძინებელი. ესე არიან მდიდართა და უწყალოთა ღირსნი: აქაცა ბოროტი მათი და მერმესა მას მწარე სატანჯველი.
რამეთუ არა ტყუილ არს მეტყველი, ვითარმედ: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ”(მთ. 6,33). ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვიქმოდეთ მოწყალებასა და ვავასხოთ ღმერთსა, რამეთუ იტყვის: „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა”.
ამას ვასხსა შეიტკბობაა, უფალო, ჩვენ მიერ, რომელი გლახაკთა მიმართ ვჰყოთ წყალობაჲ? არამედ ოდეს მომაგო ჩვენ, მომითხარ ესეცა, მეუფეო წმიდაო: „ოდეს დაჯდესო ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა“[მთ. 19,28] და დაადგინნეს მოწყალენი მარჯვენით მისსა, ხოლო ანგაჰარნი და უწყალონი მარცხენით და ჰრქუას მოწყალეთა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისად, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე“(მთ. 25,34-36).
და რაჲსათვის, უფალო, არარასა სხუასა სახესა შემოიღებდ ხსენებად, გარნა მოწყალებისა? და ჰსთქუას: „არა ვსჯი შეცოდებულთა, არამედ უნანელთა; არა დავსაჯნე მდიდარნი, არამედ უწყალონი; და მათ ვამხილო, ვითარმედ აქუნდა ესევითარი შემწე ცხოვრებისა, ესე იგი არს მოწყალებაჲ, რომლითა ყოველნი ცოდვანი მოისპობიან, და ესოდენნი კეთილისა საქმენი უგულებელს ჰყვნეს“.
ისმინე და შეძრწუნდი, ჵ, კაცო! რამეთუ არა ესე სიმდიდრე მონაგებისა მოგიღებიეს, რათა ჭამასა და სიმთვრალესა შინა წარაგო იგი ყოველი, არამედ, რათა სწყალობდე გლახაკთაცა. უმჯობეს არს, რათა წარგზავნო ეგე მას საუკუნესა, ჴელითა გლახაკთათა და მოწყალებასა შინა განაბნიო.
ნუუკუჱ ჰგონებ, თუ შენი არს ეგე, არამედ გლახაკთა განსაყოფელად მოცემულ არს შენდა. ღმერთი თვის თვისად ჰყოფს მონაგებსა, ანუ არა ძალედვაა ღმერთსა მოღებად შენგან და მიცემად გლახაკთა? არამედ არა ჰყოს ეგრეთ, რათა შენ გყოს გლახაკთა მიმართ პატივის მოყვარე, და მოწყალებისა მიერ სასუფეველი დაგიმკვიდროს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.