სწავლა 26 . თავი თ [9]. რათა არა ნატაცებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა
ვისწრაფოთ, ძმანო, ყოვლითა ძალითა ჩვენითა, რათა აღვხოცოთ ყოველი ბილწება სულისაგან ჩვენისა! რამეთუ განჰსწმედს პირველად ნათლისღებაჲ, ხოლო უკანასკნელ – სხუანი საქმენი კეთილნი. რამეთუ ღმერთმან კაცთმოყვარებითა თვისითა მოგვცნა ჩვენ შემდგომად ნათლისღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი არს პირველი მოწყალებაჲ, რამეთუ: „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“(იგ. 15,27).
ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყვი, რომელი ტაცებისა მიერ და მონახვეჭილთა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალება არს, არამედ უკეთურება. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცვაჲ და მეორისა შემოსაჲ?
რამეთუ, დაღაცათუ ყოველი მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელი იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა. ხოლო ჩვენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროსად განრისხნების იგი.
რამეთუ მითხარღა, ჵ, კაცო, უკეთუ ვითარი მომკუდარი გზასა ზედა ჰპოვო და მოითრივო და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველი შენ გეცინოდიანა? აწ უკუჱ მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალება ამისსა უსაძაგელეს არს. რამეთუ ყოველივე ცოდვა სიმყრალე არს ბოროტი; და ისმინე წინასწარმეტყველისა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი”(ფს. 37,5).
ხოლო შენ სიტყვით ევედრები ღმერთსა დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოიხსენებ. რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ; ანუ იტყვი შენ, ვითარმედ: „არა მოტაცებულსა მივსცემ, არამედ სხუასა, რომელნი თვით ჩემი იყოს“ და არა გულისჴმა ჰყოფ, ვითარმედ, დაღაცათუ სიმრავლესა საფასეთასა მცირედი უსჯულოებით მოგებული შთავარდეს, მას ყოველსა შეაბილწებს, – ვითარცა სკორე მცირე აღამღვრევს წყალსა წმიდასა და აღაყროლებს.
და ჩვენ ჴელთა ვიბანთ, მირავიდოდეთ ეკკლესიად, ხოლო გულთა –არა. და არა უწყით, ვითარმედ არათუ ჴელნი რას იტყვიან, არამედ სული იქმს ვედრებასა ღმრთისა მიმართ. რამეთუ ჩვენ უნდოთა საქმეთა და მცირეთა ვისწრაფით ქმნად და დიდთა შეურაცხ ვჰყოფთ. რამეთუ, უკეთუ უბანელითა ჴელითა ლოცვაჲ უწესოება არს, არა უფროსად შეგინებულითა სულითა ბოროტ არსა ლოცვაჲ? ამისთვის ჰურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ჴელთასა მოსწრაფე იყვნეს. ამისთვის ეტყვის მათ წერილი, ვითარმედ: „განიბანე უკეთურებისაგან სული შენი; ვიდრემდის იყვნენ შენთანა გულისსიტყვანი ბილწნი!”[იერ.4,14]
განვიბანოთ უკუჱ ნუ მწვირითა, არამედ წყლითა მოწყალებისათა, და ნუცა ანგაჰარებითა. პირველად განეყენე მოხვეჭასა და ტაცებასა და მერმე ჰქმენ მოწყალებაჲ. „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი”(ფს. 33,14; 36,27); [1 პეტ. 3,11]. დააყენენ ჴელნი ანგაჰარებისაგან და მოხვეჭისა და ესრეთ წარმართენ იგინი მოწყალებად.
უკეთუ მითვე ჴელითა, რომლითა ვსძარცვიდეთ სხუათა და სხუათა შევმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე ღმრთისა, რამეთუ კაენისათვისცა უმჯობეს იყო, უკეთუმცა არა შეეწირა. ხოლო, უკეთუ რომელმან უდარესი შესწირა, განარისხა ღმერთი; ხოლო რომელი სხვისასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსაა?! რამეთუ გრქვას შენ, ვითარმედ: „მე არა მოტაცება გასწავე და შენ მოტაცებულისა მიერ პატივმცემაა? ჰგონებ სამე, უსჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო?! აწ გამხილო და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი”.
გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთისაცა ჩვენგანისა ამის ჴმისა. არამედ გევედრები, ძმანო, რათა მოწყალება წმიდა ვჰქმნათ და საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.