სწავლა 27. რათა არა ანგაჰარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა
საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ: „ეგრეთ ბრწყინვიდენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა”(მთ. 5,16). რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს საქმეთა კეთილთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ”[იგ. 4,18]. ხოლო ჰნათობენ არა თავთა თვისთა ოდენ, არამედ სხვათაცა განათლებად.
ამისთვის გევედრები, საყვარელნო, რათა არა დავაკლოთ ზეთი ლამპართა ჩვენთა, რათა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მოწყალებისა მარადის კეთილ არს, რამეთუ იტყვის: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი”(ოს. 6,6; მთ. 9,13; 12,7). რამეთუ მსხვერპლი ქებისა ესე არს, რომელი არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.
ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევსწიროთ ესევითარი ესე მსხვერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი ესე უპატიოსნეს არს მარხვისაცა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათასა, რამეთუ ესევითარი უყვარს მსხვერპლი ღმერთსა.
არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰარებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგან, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიიქცევს პირსა თვისსა მათგან. ამისთვის ვეკრძალნეთ, რათა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ ღმერთი. და უკეთუ კაინ, ვინათგან უდარესი შესწირა ღმერთსა, დაისაჯა, რაჲ ვჰყოთ ჩვენ, უკეთუ ანგაჰარებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა.
ამისთვის გევედრები, რათა არა მოხვეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდეთ ქველისაქმესა. უკეთუ ერთი გვლოცვიდეს და ერთი გუწყევდეს, რაჲ სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაჲ. ხოლო უკეთუ ვეკრძალებოდეთ და ყოველსა ზედა ნებასა ღმრთისასა აღსრულებად ვისწრაფდეთ, შეუძლოთ მიმთხვევად კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.