სწავლა 28. რათა არა მონახვეჭთაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა
საყვარელნო, ჩვენ რომელთა ესე სარწმუნოება ვიცით, აღვსდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა; ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, თუ არა, არღარა დიდება არს, არამედ გმობაჲ, უკეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ ვჰყოფთ. რამეთუ არა ესრეთ იგმობის ღმერთი წარმართთაგან ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე, თუ ბოროტი იყოს და უკეთური.
ამისთვის უკუჱ გევედრები, ძმანო, რათა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა. რამეთუ იტყვის: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისა იგმობოდის”[მთ. 26,24; მრკ. 14,21]. რამეთუ რაჲ წყალობა ვჰპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რათა სხუათა მივსცემდეთ მოწყალებასა და ჩვენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ – და უკეთუ უგლახაკეს ჩვენსაცა იყვნენ, და უფროსღა ქვრივ და ობოლ?!
აწ უკუჱ ნუმცა ვითარცა ბნელსა შინა ვართ, არამედ ყოვლისაგან ცოდვისა ვივლტოდეთ, რამეთუ, უკეთუ ღმერთი სტანჯავს მათ, რომელთა მშიარი არა გამოზარდონ და რომელთა შიშველი არა შემოსონ, დასჯის. რაჲმე ყოფად არს მათთვის, რომელთა შემოსილი განსძარცვონ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვონ და გლახაკთაგან მიიხვეჭდენ და მით მოწყალებასა და შესაწირავსა ჰყოფდენ? მსგავს არს ესევითარი, რომელმან შვილი ვისმე მისტაცოს და მასვე მამასა წინაშე დაუკლას და შესწიროს.
ამათ ესევითართა სიტყვათა თქმად არა დავსცხრები, ნუუკუჱ რომელთა დღეს არა გვისმინონ, ხვალე გვისმინონ და რომელნი ხვალე ურჩ იქმნენ, სხუასა დღესა ისმინონ და უკეთუ კულა ვიეთნიმე ურჩებასა შინა დაადგრენ, ჩვენ უბრალო ვიყვნეთ, რამეთუ ჩვენ ჩვენი გვიქმნიეს.
არამედ ნუმცა ვინ იქმნების თქვენგანი ურჩ, რათა არცა ჩვენ გვრცხვენეს, არცა თქვენ დაისაჯნეთ, არამედ ყოველნი კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ღმრთისასა, და ჩვენ ვიქადოდეთ თქვენთვის და ჩვენთა ბრალთა ნუგეშინისმცემელად გვაქვნდეს თქვენი სათნოება და ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.