სწავლა 29. თავი ი [10]. სათნოებისათვის

საყვარელნო, გულისჴმა ვჰყოთ, რამეთუ, რომელთა იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მორაიღეს სული წმიდა, მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახვილისა და ცეცხლისა და მხეცთა და ზღუათა და ყოვლისა ჭირისა. და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესევითარი სიბრძნე და კადნიერება მოიღეს, ვიდრეღა ყოველი განაკვირვნეს, რამეთუ თიხისანი იყვნეს და რკინად გარდააქცივნა იგინი სულმან წმიდამან და ვერარამან სძლია მათ, რამეთუ ესევითარი არს მადლი სულისა წმიდისა. უკეთუ დაჰხსნილებაჲ ჰპოვოს, განიოტებს; უკეთუ გულისთქმა ბოროტი ჰპოვოს, განლევს; უკეთუ მოშიშება ჰპოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა, და ამისთვისცა არღარა ვის მათგანსა აქუნდა რაჲ თვისად, არამედ ყოველნი იყვნეს ლოცვასა შინა სიხარულითა გულისათა, რამეთუ: „ნაყოფი სულისა ესე არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სარწმუნოება, სიმშვიდე“[გალ. 5,22]. მოვიგოთ უკუჱ, საყვარელნო, სათნოება, რათა ჩვენზედაცა მოვიდეს უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისა წმიდისა, დამარხვითა მცნებათათა. და არცა ანგელოსთა უდარეს ვიყვნეთ, რამეთუ ანგელოსთაცა თვისისა გონებისა სიკეთითა აქუს ესევითარი დიდება და არათუ მათ არა უხმს კრძალულებაჲ, უკეთუმცა არარადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი მათგანი. გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონება თვისი, უარეს კაცთა უკეთურთასა და პირუტყვთასა იქმნა. და კვალად ყოველთა წმიდათა ქვეყანასა ზედა მყოფთა ჴორცთა შინა ჰქმნეს, რა იგი ჰქმნეს კეთილი და სათნოება, – რამეთუ, ვითარცა მწირნი და უცხონი, იყვნეს ქვეყანასა ზედა, და მოქალაქობა მათი იყო ცათა შინა. ამისთვის უკუჱ ნუ იტყვი, თუ: „ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტვირთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა“. ნუ აბრალებ ამათ სიტყვათა მიერ შემოქმედსა. რამეთუ იხილენ ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა შინა იყვნეს, რაჲ ჰყვეს: რამეთუ პავლე არა დააყენეს ჴორცთა ყოფად რაჲ იგი ჰქმნა, არცა პეტრე დააყენეს მიხმად კლიტეთა სასუფეველისთა და ენუქ ჴორცითა მიიცვალა და ილია ეგრეთვე ჴორცითა აღიტაცა და აბრაჰამ და შვილი მისი ისაკ, და იაკობ, ძე ისაკისი ჴორცითა გამობრწყინდეს მოქმედ სათნოებათა და იოსებ ჴორცითა ბრძოლა უყო სიძვის მოყვარესა მას დედაკაცსა. და რად ვიტყვი ჴორცთა ოდენ, რამეთუ დაღაცათუ ჯაჭვიცა ვინ შემუსროს ჴორცითა, არას ევნების მოგებად სათნოებათა და რად ჯაჭვსა ვიტყვი? ვერცა საპყრობილე, ვერცა საკრველნი ძლიერნი დამხრწეველ ექმნებიან სათნოებათა! რამეთუ საკრველი სულისა არა რკინისა არს, არამედ – გულისთქმა ბოროტი, შიში უჯეროჲ და სხუანი ყოველნი ვნებანი; იგინი შეჰკვრენ სულსა! დაღაცათუ ჴორცნი ხსნილ იყვნენ. არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ: „ესეცა ვნებანი ჴორცთაგან იშვებიანო“. გარნა ამაოება არს ესე სიტყვა და მიზეზი ცუდი, რამეთუ, უკეთუმცა ჴორცთა იყო ცთომაჲ, ყოველთა ზედამცა მოიწეოდეს იგინი, რამეთუ ვითარცა ჭამა და სმაჲ და ძილი ყოველთა ზედა არს, ეგრეთვე ესემცა იყო ყოველი, ვინათგან მრავალნი განერნეს მათ. საცნაურ არს, ვითარმედ არა სადმე ჴორცთაგან არს, არამედ უდებებისაგან სულისა. ხოლო ჩვენ უდებება მოვიწყვიდოთ, საყვარელნო, და გულსმოდგინედ ვიქმოდეთ სათნოებასა. და ნუმცა ჴორცთა ზედა დავსდებთ მიზეზსა, არამედ დაუმორჩილნეთ ჴორცნი სულსა, რათა ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.