სწავლა 30. ვითარმედ სათნოება განაბრძნობს კაცსა

საყვარელნო, ვისწრაფოთ, რათა ყოველი უკეთურება განვსდევნოთ სულთაგან ჩვენთა და არა ოდეს ვიქმოდეთ ზაკვასა. რამეთუ გულარძნილთა მიმართ გულარძნილნი გზანი მიავლინნეს უფალმან ღმერთმან და წმიდა იგი სული ღმრთისა ივლტის ზაკვისაგან და ზრახვათა ბოროტთა. რამეთუ არარაჲ ესრეთ ცოფ ჰყოფს კაცსა, ვითარ უკეთურებაჲ და არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ. რამეთუ ჰყოფს კაცსა სათნოება მადლიერ, კაცთმოყვარე, მშვიდ და ტკბილ და რაჲმცა იყო ესევითარისა მის უბრძნეს? რამეთუ წყაროჲ და ძირი სიბრძნისა სათნოება არს, ვითარცა იგი ყოვლისა უკეთურებისა დაწყებაჲ უგუნურებისაგან არს. რამეთუ ამპარტავანი და მრისხანე ნაკლულევანებისაგან ცნობისა იძლევის ვნებათაგან. ამისთვისცა წინასწარმეტყველი იტყოდა: „არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა პირისაგან უგუნურებისა ჩემისა”[ფს. 37,3]. რათამცა გვიჩვენა, ვითარმედ: ყოველი ცოდვა დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს. ხოლო სათნოებით შემოსილი კაცი და მოშიში უფლისა, უბრძნეს ყოველთასა არს, რამეთუ: „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა“(იგ. 1,7; 9,10). ხოლო უკეთურსა შიში უფლისა არა აქვს, სიბრძნისაგან სადამე გამოხვებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა. და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ, რამეთუ ავნებენ სხვათა ჴელოვნად და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაჲ. რამეთუ, რომელი სხუასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თვისსა გულსა განიწონს მახვილსა და ვერ გულისჴმა ჰყოფს და ესე არს დიდი უგუნურებისა სასწაული. არამედ ჩვენ ნუმცა ჭირვეულთა და სხუათაგან ვნებულთა სახელ ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა. რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნი ღმერთსა მბრძოლად აღიდგენენ თავთა თვისთათვის და ბევრეულთა შესმენათა პირსა აღუღებენ და დიდსა სასჯელსა განიმზადებენ ჯოჯოხეთს შინა. ხოლო, რომელნი ჭირვეულნი იყვნენ და მოითმენდენ, მათ ღმერთიცა ჰსწყალობს და ყოველნი კაცნი, და ამასცა სოფელსა სიბრძნესა თვისსა აჩვენებენ, და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ჰპოვებენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.