სწავლა 33. წმიდათა წერილთა კითხვისათვის

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და აღმოვიკითხვიდეთ გულისჴმისყოფით; არა ფიცარსა ზედა ქვისათა, არამედ ფიცარსა ზედა გულისა ჩვენისათა დავიწერდეთ და აღსრულებად საქმითცა სურვიელ ვიყვნეთ. და აღუხოცელად გონებათა შინა ჩვენთა შთავწერნეთ ძალნი და სიტყვანი წიგნთანი. რამეთუ, უკეთუ სახლსა შინა, სადა წმიდა სახარება იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყვათა დამკვიდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკსა, არამედ ყოველსა ბუნებასა ცოდვისასა. ამისთვის, გევედრები, საყვარელო, წმიდა ჰყავ სული შენი, წმიდა ჰყავ ჴორცნიცა ამით სამღთოთა სიტყვათა გულთა შინა, და პირსა შენსა დამ­კვიდრებითა. რამეთუ უკეთუ ბოროტთა სიტყვათა მეტყველებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, ხოლო სულიერთა სიტყვათა წურთამან და კითხვამან და სმენამან არა განსწმიდოსაა პირიცა და სული და გონება, და დაამკვიდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისა?! სამღთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი. განვჰკურნეთ უკუჱ მათ მიერ სულნი ჩვენნი. ხოლო ესევითარ არა ბოროტ არს, რამეთუ მოყვარეთა სოფლისათა იციან მონაგებთა თვისთა ყოველი ბუნება: და ცხენთა თვითოეულისა პაპის პაპანი და ბუნებანი. და რომელნი აქა ეკკლესიასა შინა შემოჰკრბებით, არა იცით აქა შინა თქმულნი სიტყვანი, არცათუ რიცხვი და სახელი წიგნთა. არამედ გევედრები, განეშორენით ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს იქმნნეთ გულისჴმისყოფასა სამღთოთა სიტყვათა და საქმეთა, რათა ნაყოფიცა კეთილი გამოიღოთ და ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად საუკუნეთა მათ კეთილთა სასუფეველისათა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.