სწავლა 34. წმიდათა წერილთა კითხვისათვისვე
საყვარელნო, უკეთუ გულსმოდგინედ გამოვეძიებდეთ წმიდათა წერილთა გამოწვლილვით და არა ლიტონად, შეუძლოთ პოვნად ცხოვრებაჲ სულთა ჩვენთა. უკეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყვათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისა და ცხოვრება კეთილი.
ვისმენდეთ უკუჱ სიტყვათა წერილისათა! ჵ, საყვარელნო, დაღაცათუ სხვისა წიგნისა მიერ განვნათლდეთ, არამედ უფროსღა წმიდასა სახარებასა ვისმენდეთ და ზედას ზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყსეულად განრააღოთ წიგნი, იხილოთ მას შინა სახელი ქრისტესი დაწერილი. და გესმას მეყსეულად, იტყოდის რა, ვითარმედ: „იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო”(მთ. 1,18).
და კვლავ იხილო და აღმოიკითხო, იტყოდის რა იგი, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29). არა სურვიელ იქმნეა ტკბილისა მის უღლისა? კვალად ისმინო, ვითარმედ: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“(იო. 14,15), „და რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი“(იო. 14,21), „და მოვიდეთ მე და მამა ჩემი და მის თანა სავანე ვჰყოთ”(იო. 14,23).
არა გსუროდისა ამათ სიტყვათა ტკბილისა მის მეუფისათა? და მერმეცა იხილო და აღმოიკითხო, ვითარმედ: შენთვის შეიკრა და ჯვარსა მოეკიდა და სიკუდილისა გემო იხილა. არა შეიკდიმოა და ლმობიერ იქმნა შენანებად ცოდვათა შენთა?
აჰა, ესერა ესოდენნი და უმრავლესნი კეთილნი და სარგებელნი აღმოეცენებიან წმიდათა წერილთა კითხვისა და სმენისაგან.
ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და მათთანა გულისჴმისყოფასაცა, რათა გულისჴმა ვჰყოფდეთ სიტყვათა მათ და დავსწერდეთ მათ გონებათა შინა ჩვენთა დამტკიცებად სიტყვათა მათ, რათა ესრეთ შეუძლოთ ცხოვრებისა ამის ჩვენისა წმიდა ყოფაჲ და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელნი მოცემულმცა არიან ჩვენდა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.