სწავლა 35. თავი იბ [12]. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის
გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ჴმაჲ მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მას ვმორჩილებდეთ. ხოლო რაჲ არს ჴმა მისი: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი”[მთ. 5,3-8]. უკეთუ ამას ვიქმოდეთ, ქრისტესთანა ვართ და ეშმაკი ვერ შემოგვეხოს და უკეთუ მოგვეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ ქრისტე მეუფე არს ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ, რომელ სულსა თვისსა დასდებს ჩვენთვის და ძლიერი ყოველთა მეუფე და უფალი.
ხოლო ვინათგან ძლიერიცა არს და უყვართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩვენდა ცხოვრებად? არარაჲ, გარნა ჩვენი უდებებაჲ და იტყვის: „ვერ ძალგიძს ღმრთისა და მამონასა მონებაჲ”[მთ. 6,24; ლკ. 16,13]. აწ უკეთუ ღმერთსა ვმონებდეთ, მამონასა მძლავრება არა მოიწიოს ჩვენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა – სიყვარული საფასეთა, რომელი სავსე არს შურითა და ხდომითა, ბილწებითა, ანგაჰარებითა და სიმთვრალითა და აზნაურთა ჰყოფს მონა – არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა.
ჵ, მონება საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან და დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მათსა, და უფროსად არა ნებავსთ ცნობაჲ, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკეთუ ვის ენებოს ხსნაჲ მათი, განრისხებულ იქნებიან.
ჵ, კაცო! არათუ ამისთვის დაიბადე, რათა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არათუ ამისთვის შეგქმნა ღმერთმა ხატად თვისად, არამედ ამისთვის, რათა მარადის მას სათნო ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოსთა თანა იშვებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკანასკნელსა მას უნდოებასა შინა ესევითარისა პატივისა წილ?
რამეთუ ძმაჲ შენი, რომელი მისვე ემბაზისაგან შობილ არს, რომლისაგან შენ, იგი სიყმილითა განიხრწნების და შენ სიმაძღრითა განსქდები; იგი შიშველი განიყინების და შენ სამოსელთა ზედა სამოსელთა შესძინებ საჭმელად მატლთა? და არა უმჯობეს იყოა, უკეთუმცა გლახაკთა შემოსე, რათამცა განუხრწნელ და წარუპარველ იყო და საუკუნომცა ცხოვრება მოგენიჭა?
ანუ, არა გუამი ქრისტესი უპატიოსნეს არსა არტახისა და კიდობნისა? რამეთუ არათუ განუხრწნელად ოდენ დამარხავს სამოსელთა, არამედ უბრწყინვალესცა ჰყოფს. არცა კართა და მოქლონთა გიხმს შეკრძალვაჲ შიშისათვის მპარავთასა, რამეთუ ყოვლისაგანვე წარპარვისა უშიშ არს იგი, და არს დამარხულ ცათა შინა.
ამას ყოველსა მე არა დავსცხრები თქმად მარადის და თქვენ არა ისმენთ! არამედ ნუმცა არს ესე თქვენ ყოველთა ზედა, გარნა ისმინეთ ჩემი, მდიდარნო და გლახაკნო, რამეთუ გლახაკთაცა ძალუძს ენებოს თუ ქმნად მოწყალებისა, პურითა და გრილითა წყლითა და ხილვითა უძლურთათა და სიტყვითა ნუგეშინისცემისათა, და დადგენითა სახლსა შინა თვისსა უცხოჲსათა. რამეთუ არა სიმრავლესა საფასეთასა ვეძიებთ გლახაკთაგან, არამედ ამას მდიდართაგან ვეძიებთ, ხოლო გლახაკთაგან ქმნად ძალისაებრ თვისისა თვითოეულმან ქველისსაქმე და შეიწირავს მას ღმერთი.
რაოდენნი ინატრიან, რათამცა პოვნილ იყვნეს მას ჟამსა, რაჟამს ქრისტე იქცეოდა ქვეყანასა ზედა, რათამცა შეეწყნარა იგი სახლად თვისა. ხოლო აჰა, ესერა, შესაძლებელ არს აწცა ამის საქმისა ქმნაჲ, უკეთუ ვის ენებოს, რათა მოუწოდოთ მას სახლად თქვენდა და მიიღოთ კურთხევა მისგან და გესმას მას დღესა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქვენთვის უწინარეს სოფლის დაბადებისა, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი”(მთ. 25.34-35) და შემდგომი ამისი.
აწ უკუჱ, საყვარელნო, უკეთუ გვსურის ქრისტეს მცნებათა აღსრულებაჲ და უკეთუ გუნებავს, რათა ესე ჴმაჲ გვესმას, შევმოსოთ შიშველი, შევიწყნაროთ უცხოჲ, გამოვზარდოთ მშიარი, ვასვათ წყურიელსა, მივიდეთ სნეულისა და საპყრობილესა მყოფისა, რათა ვჰპოვოთ მას დღესა კადნიერება და შენდობა ცოდვათა და საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.