სწავლა 36. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე
ქრისტესა მეუფესა ვჰბაძვიდეთ, საყვარელნო, რომელმან არათუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ჰურიათაგან, არამედ ბევრეულნი კეთილნიცა უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა მათთვის და ჯვარს აცვეს რა, მათთვის მამასა ევედრებოდა.
ჩვენცა უკუჱ, ძმანო, ვბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს ქრისტეს მცნებისა აღსრულებაჲ და მოწაფე ყოფა მისი, რათა კაცი მშვიდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშვიდე ვითარ მოვიგოთ, უკეთუ ცოდვათა ჩვენთა არა ვიხსენებდეთ და ვიგლოვდეთ და ვსტიროდეთ? რამეთუ სადა გლოვა იყოს, მუნ მრისხანება ვერ დაიმკვიდრებს, სადა შემუსრვილება გულისა არს, მუნ გულფიცხელობა არა იპოვების. რამეთუ რაჟამს გონება იტანჯებოდინ გლოვისა მიერ და ყოვლადვე ვერ შემძლებელ არნ განრისხებად, არამედ ქვედადრეკილი იგლოვნ და სტირნ. რამეთუ ტირილისაცა არს საწუთო ესე და გლოვისა, ვინათგან მრავალთა მიერ ცოდვათა შებღალულ ვართ საქმითცა და სიტყვით, რომელთათვის მიგველის გეენიაჲ ცეცხლისა და განვრდომა სასუფეველისაგან, რომელი ესე უბოროტეს არს ყოვლისავე.
და ვინათგან ესე ესრეთ არს, ვითარ იკადრებ შენ სიცილსა და განცხრომასა, რომელსა ეგე რისხვა მეუფისა გესმის და სდგა უდებებით და არა სძრწი? არა გესმისაა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: „მას დღესა ჰრქუას მეუფემან მან მარცხენითთა, წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი”(მთ. 25,41-42) და შემდეგი ამისი.
ისმინე იგავი ქალწულთა მათ, ვითარ განვარდეს სასძლოსა მისგან, ვინათგან ზეთი წყალობისა არა აქუნდა [მთ. 25,1-13].
ისმინე წინასწარმეტყველისა, ვითარ იტყვის: „შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა”(ფს. 50,1), რამეთუ ეგრეთვე ჩვენ თანაგვაძს მოწყალება მოყვსისა, ვითარცა ჩვენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ. რამეთუ მოწყალება კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩვენისა მივსცემდეთ. და უკეთუ კულა ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი წყალობა ჰპოვოთ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან.
რამეთუ უკეთუ ქალწულთა მათ ესოდენთა შრომათა და მოღვაწებათა შემდგომად არარაჲ ჰპოვეს ნუგეშინისცემაჲ, რაჲ ვჰყოთ ჩვენ საწყალობელთა ამათ, რაჟამს ესრეთ გვაყვედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“(მთ. 25,42), „და რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთგანსა, არცა მე მიყავთ”[მთ. 25,45]. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირე ოდენ მორწმუნე იყოს და არა ვჰყოთ მის თანა წყალობაჲ, ესე სიტყვა გვესმას ჩვენ.
ძმანო, რაჲსა ძნელსა ეძიებს ჩვენგან მეუფე და არა იტყვის, თუ უძლურ ვიყავ და არა აღმადგინე, არამედ – არა მიხილეო. არა იტყვის, თუ საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ, არამედ – არა მოხვედით ჩემდაო. რაზომცა უკუჱ მსუბუქ არიან მცნებანი ესე ქრისტესნი, ესეზომცა მძიმე არიან სატანჯველნი მათთვის, უკეთუ არა აღვასრულნეთ.
რამეთუ რაჲ არს უადვილეს საპყრობილესა მისლვისა, ანუ უმჯობეს, სადაცა იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიარნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი, დაღაცათუ ქვაჲ იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რა საქმენი იგი კაცობრივნი, და საუკუნოცა სატანჯველი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომა და გულისთქმა და სიყვარული საწუთოჲსა და გულისჴმა ჰყო, ვითარმედ, უკეთუ კაცთა მიერ ესევითარნი შიშნი და ტანჯვანი და სასჯელნი არიან, რაჲმე ყოფად არს წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა? ამისთვისცა ბრძენი იგი იტყოდა: „კეთილ არს შესლვა სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიხარულისასა”[ეკლ. 7,2].
გევედრები, საყვარელნო ძმანო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი და აღვასრულნეთ იგინი მიხედვითა სნეულთათა და შესლვად საპყრობილესა, რათა გვესმას ჴმა იგი სანატრელი, ვითარმედ: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა”(მთ. 25,21; 25,23), რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.