სწავლა 37. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვისვე

ჵ, ძმანო საყვარელნო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ იტყვის: „უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით”(იო. 14,15). რაჲ არს მცნება მისი? ესე იგი არს ჭმევა Iმშიართა, სმევა IIწყურიელთა, შემოსა IIIშიშველთა, შეწყნარება IVუცხოთა, ხილვა Vსნეულთა, მისლვა VIსაპყრობილესა მყოფთა. უკეთუ კულა იტყვი, ვითარმედ: „საპყრობილესა შინა, არათუ კაცნი სამღთონი არიან, არამედ კაცის მკვლელნი და ავაზაკნი და მპარავნი“. არამედ ჩვენდა არათუ ბრძანებულ არს, რათა კეთილნი გვეწყალოდენ და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ. რამეთუ იტყვის უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თვისსა ცოდვილთა ზედა და მართალთა”[ლკ. 6,36; მთ. 5,45]. და შენცა უკუჱ ნუ ხარ უწყალო მსაჯული, არამედ გულისჴმა ჰყავ, რამეთუ ჩვენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემ­ძლებელ არიან ჩვენდა შთაგდებად არა საპყრობილესა, არამედ ჯოჯოხეთსაცა! რამეთუ მრავალგზის ძმათა მიმართ „ცოფ და რაკა“[მთ. 5,22] გვითქვამს და დედათა მიმართ გულისთქმით მიგვიხედავნ, რომელ ესე მრუშება არს, და მრავალგზის უღირსებით ვზიარებულვართ?! ესევითარითა ცოდვითა შებღალულნი, რომლისადა ანგელოსნი ვერ იკადრებენ შეხებად, რომელ ესე ჩვენთვის უძვირეს არს ყოვლისავე. ნუმცა უკუჱ სხუათა ბრალთა გამოვეძიებთ, არამედ თავთა თვისთა ცოდვათა მოვიხსენებდეთ, რამეთუ ქრისტე არა მართალთა თანა ოდენ იქცეოდა, არამედ ცოდვილთა თანაცა, ვითარცა იგი ქანანელსა და სამარიტელსა და მეძავსა მას და სხუათა მრავალთა. და ჩვენ, შებღალულნი მრავალთა მიერ ცოდვათა, შეურაცხ ვჰყოფთ მათ, რომელნი იგი მისვე მიწისაგან ქმნულ არიან, ვინაჲცა ჩვენ. რაჲსა იტყვის საპყრობილესა შინა ბოროტნი კაცნი არიანა, ხოლო ქალაქსა შინა ყოველნი კეთილნი არიანა? რამეთუ არა მცირედნი არიან უკეთურნი ქალაქთაცა და ჩვენ ყოველნი ცოდვათა თანამდებ ვართ. რაჲსათვის უკუჱ დაუტეობთ თვისთა ცოდვათა და სხუათასა ვხედავთ, და სადა კაცთმოყვარებისა ჟამი იყოს, გამოვეძიებთ უკეთურებასა. არამედ ვიხილნეთღა თავნი ჩვენნი, თუ ვითარ ვიყვენით ოდესმე ჩვენცა და ესრეთ ვიქმნნეთ სახიერ, რამეთუ ჩვენცა ვიყვენით ოდესმე ურჩ, უგუნურ და შეცთომილ მონა თვითო სახეთა მათ გულისთქმათა, უკეთურ, მოძულე ძმათა და შვილ რისხვისა. ხოლო ღმერთმან იხილა რა, ვითარსა საპყრობილესა შინა ვიყვენით და ვითარითა ჯაჭვითა შეკრულ, არა სირცხვილ იჩინა, არამედ მოვიდა საპ­ყრობილედ და ჩვენ გამოგვიყვანნა მიერ და მიგვიყვანნა სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რათა ჩვენცა ძალისაებრ ჩვენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რა ეტყოდა, ვითარმედ: „უკეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღვარმან, თქვენცა თანაგაძსთ ურთიერთას ფერჴთა დაბანაჲ, რამეთუ სახე მიგეც თქვენ, რათა, ვითარცა მე ვჰქმენ, ეგრეთცა თქვენ იქმოდეთ”[იო. 13,14-15]. არათუ ფერჴთა დაბანისათვის ოდენ ჰსთქუა, არამედ ყოვლისათვისვე, რათა მარადის მას ვჰბაძვიდეთ და მცნებათა მისთა ვიქმოდეთ. ეგრეთვე უკუჱ ჩვენ, გინათუ ბოროტი ვინ იყოს, გინათუ კეთილი, კეთილისყოფასა ნუ დავაცხრობთ და მრავალგზის იპოვისცა კაცი დიდ წინაშე ღმრთისა. რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა და მერმე შეიწყნარნა ანგელოსნი. ეგრეთვე ჩვენცა მივემთხვივნეთ კაცთა მაღალთა. უკეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდეთ, დაღაცათუ აქა არა მივემთხვივნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცისა, თუ ვისთვის ვიქმთ მოწყალებასა?! ესე ყოველი გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, და მარადის აღვასრულებდეთ ქრისტეს მცნებასა და ვიქმოდეთ ქველისსაქმესა ჭირვეულთა ზედა და მივიდოდეთ საპყრობილესა შინა მყოფთა, რათა მათცა ვარგოთ და ჩვენცა ვირგოთ უმეტესი და ღმერთი იდიდოს ჩვენთა ზედა სათნოებათა და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.